რა არის ანემია? - სიმპტომები და მკურნალობა
ანემია ხშირად ჩუმად ახდენს გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე: ადამიანი უფრო მარტივად იღლება, კიბეზე ასვლა ჩვეულებრივზე მეტად ახშირებს სუნთქვას, საღამოობით კი ამ ყველაფერს თავბრუსხვევაც ემატება. ამ ნიშნებს ხშირად ბევრნაირ მიზეზს ვუძებნით - დაძაბული სამუშაო, უძილობა, სტრესი, არასწორი კვება, ზოგადად ფიზიკური დატვიღტვის ნაკლებობა - და სწორედ ამ „ლოგიკური ახსნების“ მიღმა გვრჩება მთავარი: ორგანიზმს შესაძლოა უბრალოდ ჟანგბადი არ ჰყოფნის.
ამ მდგომარეობას ვეძახით ანემიას - როცა სისხლში ჰემოგლობინისა და/ან ერითროციტების დონე იმდენად ქვეითდება, რომ ქსოვილები საკმარის ჟანგბადს ვერ იღებენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ანემიას გლობალურ საზოგადოებრივ პრობლემად აფასებს: 6–59 თვის ბავშვების დაახლოებით 40%, ორსულების - 37% და 15–49 წლის ქალების დაახლოებით 30% მსოფლიოში ანემიური იყო ბოლო წლების მონაცემებით, რაც მკაფიოდ აჩვენებს, რამდენად ფართოდ არის ეს მდგომარეობა გავრცელებული.
ანემია უბრალოდ ერთი დაავადება კი არა, ხშირად კომპლექსური პროცესების ნიღაბია - ქვეითდება ჰემოგლობინი, მაგრამ ამ ყველაფრის უკან შეიძლება კვებითი დეფიციტი, ქრონიკული სისხლდენა, ნუტრიენტების ათვისების დარღვევა ან ქრონიკული ანთებითი დაავადება იდგეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ანემია და სიმპტომები, რითაც ისაა გამოხატული, ერთმანეთს უშუალოდ დავაკავშიროთ არა როგორც ერთი ეპიზოდი, არამედ როგორც ერტი დიდი სურათი: ორგანიზმი რაღაცას გვეუბნება, ჩვენ კი უნდა შევხედოთ ამ სიგნალებს, დროულად დავაზუსტოთ მიზეზი და ავირჩიოთ სწორი გზა - ჯერ მისი დიაგნოსტიკა და, თუკი დადასტურდა, რომ ეს არის ანემია - მკურნალობა.
როდის ჩნდება ანემია და სიმპტომები როგორ შეიძლება გამოიხატოს?
როგორ ამოვიცნოთ ანემია? - სიმპტომები, ჩვეულებრივ, საწყის ეტაპზე ბუნდოვანია. ადამიანი ამბობს, რომ ადვილად იღლება და ძილის შემდეგაც არ ივსება ენერგიით. ამას შემდეგ ნელ-ნელა ემატება ქოშინი მცირე დატვირთვაზეც - რამდენიმე სართულის ავლისას ან სწრაფი სეირნობისას თითქოს ჰაერი არ გყოფნით. თავბრუსხვევა ხშირდება წამოდგომისას, გულიც თითქოს უფრო სუსტდება. ასეთ ფონზე ხშირად იცვლება სახის ფერიც: კანი უფერულდება, ცივი ტონალობის ხდება, ტუჩებიც ღიავდება; პარალელურად თმაც კარგავს ელასტიურობას, ხშირია ცვენა, ფრჩხილები მტვრევადი ხდება.
ეს ყველაფერი ქმნის სურათს, რასაც ყოველდღიურად ვხვდებით და დაღლილობას, სტრესს, სხვა ათას მიზეზს ვაბრალებთ, თითქოს არაფერია „დრამატული“. მაგრამ ორგანიზმი ცდილობს, გვიკარნახოს, რომ ენერგია აღარ არის იგივე. სწორედ ახლა არის დრო, დავუკავშირდეთ ექიმს და შესაბამისი ანალიზებით დავადასტუროთ ეჭვი - არის ეს ანემია? სიმპტომები რაიმე სხვაზეც შეიძლება მიანიშნებდეს.
დაავადების სიმპტომების ინტენსივობა და გამოვლენის სიჩქარე დამოკიდებულია მიზეზზე. ზოგი ანემია ნელა ვითარდება - სხეული ეჩვევა ჟანგბადის დეფიციტს და გვიან გვაძლევს მკვეთრ სიგნალს; სხვა შემთხვევებში კი ცვლილება სწრაფად მოდის, განსაკუთრებით მაშინ, თუ სისხლის დაკარგვა მიმდინარე პროცესია. სწორედ ამიტომ ანემიის სიმპტომები ყოველთვის არ არის ხმაურიანი: ხშირად ესაა ჩუმი, მაგრამ გამუდმებული დისკომფორტი, რომელიც გვაიძულებს ყოველდღიურ რიტმში დავთმოთ ის, რაც ადრე მარტივი იყო.
რკინადეფიციტური ანემია - ყველაზე გავრცელებული პრობლემა
მკაფიო სურათისთვის უნდა ვთქვათ, რომ ყველა ანემია ერთნაირი არ არის. ყველაზე ხშირად სამედიცინო პრაქტიკაში გვხვდება რკინადეფიციტური ანემია - მდგომარეობა, როცა ორგანიზმს რკინა არ ჰყოფნის ჰემოგლობინის შესაქმნელად. მიზეზები სხვადასხვაგვარია: საკვებ რაციონში რკინის ნაკლებობა (განსაკუთრებით თუ მცენარეულ რაციონზე ვართ და ცხოველურ წყაროებს იშვიათად ვიღებთ), ნუტრიენტების ათვისების დარღვევა (ცელიაკია, ნაწლავის ქრონიკული ანთებები) და ქრონიკული სისხლდენა (ძლიერი მენსტრუალური დენა, კუჭ-ნაწლავის წყლული, ჰემოროიდული კვანძები). ქალები რეპროდუქციულ ასაკში და ორსულები ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან.
ამ ფორმის ანემიის დროს ხშირად ჩნდება უცნაური ლტოლვა საკვებად უვარგისი ნივთიერებებისადმი, განსაკუთრებით ყინულის მიმართ. ეს დეტალები თითქოს არაფერია, მაგრამ ექიმს სწორ მიმართულებას აძლევს. საბოლოოდ, დიაგნოსტიკა სისხლის ანალიზებით და რკინის მარაგების შეფასებით (ფერიტინი, ტრანსფერინი) ადასტურებს სურათს და განსაზღვრავს თერაპიის გზას.
რკინადეფიციტური ანემია - სიმპტომები და ყველაზე ხშირი მახასიათებლები
როგორ ამოვიცნოთ რკინადეფიციტური ანემია? - სიმპტომები და ერთგვარი „ხელწერა“ დაავადების ამ სახეს თავისი აქვს: უფერული კანი, ადვილად დაღლა და ქოშინი, პულსის აჩქარება მცირე დატვირთვაზეც კი, მუდმივი სისუსტე დღის მეორე ნახევარში, თავბრუსხვევა და კონცენტრაციის გაძნელება: ხშირად სწორედ ეს ნიშნები გვაიძულებს, ბოლოს და ბოლოს, ექიმთან მივიდეთ და ვიკითხოთ, ხომ არ არის საქმე უფრო სერიოზული, ვიდრე უბრალოდ გადაღლა.
კლინიკური გაიდლაინები ხაზს უსვამენ, რომ რკინის დეფიციტი მსოფლიოში ანემიის ყველაზე ხშირი მიზეზია; მისი დასტური ფერიტინის დაქვეითებულ დონესა და ანემიის ლაბორატორიულ ნიშნებს ეყრდნობა, ხოლო ეფექტური მართვა გულისხმობს როგორც ეტიოლოგიის აღმოჩენას (სად ვკარგავთ რკინას), ისე მარაგების მიზანმიმართულ შევსებას.
ანემიის მკურნალობა - თანამედროვე და პრაგმატული მიდგომა
თერაპიის მთავარი პრინციპი მარტივია და მკურნალობა პრობლემის სირთულეზეა დამოკიდებული. ანემიის მკურნალობა რკინადეფიციტური ფორმის დროს, როგორც წესი, იწყება რკინის შემცველი მედიკამენტებით. თანამედროვე რეკომენდაციები გვიჩვენებს, რომ სწორად შერჩეული დოზითა და სიხშირით მიღებული რკინა ჰემოგლობინს რამდენიმე კვირაში ამაღლებს, თუმცა, მარაგების სრულად შესავსებად თერაპია უფრო ხანგრძლივად, ხშირად რამდენიმე თვესაც კი გრძელდება. მკურნალობისას ექიმი აკვირდება ჰემოგლობინის მატების დინამიკას და წყვეტს, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდეს დანამატების მიღება იმისთვის, რომ ფერიტინიც დაბრუნდეს სამიზნე არეში.
ყველა პაციენტისთვის რკინის ამ ფორმით მიღება კომფორტული პროცესი არ არის - ზოგისთვის კუჭ-ნაწლავის გვერდითი მოვლენებია უსიამოვნება, ზოგიერთში კი ათვისების პრობლემა უშლის ხელს შედეგს. ასეთ სცენარებში ექიმი არჩევს ინტრავენურად რკინის მიღებას. მწვავე, სიმპტომური ანემიისას კი (განსაკუთრებით აქტიური სისხლდენით ან ძალიან დაბალი ჰემოგლობინით) საჭირო შეიძლება გახდეს ერითროციტული მასის გადასხმა. მიზანი უცვლელია: კლინიკურ სიმპტომებზე კონტროლი, ჟანგბადწარმოების აღდგენა და, საბოლოო ჯამში, ანემიის მიზეზის აღმოფხვრა.
კვება ამ შემთხვევაში მეორე მნიშვნელოვანი ფატქორია. რკინის ზოგიერთი წყარო (ხორცი, თევზი, ქათამი) უკეთ შეიწოვება, ხოლო ზოგიერთი საკვები ვიტამინ C-სთან კომბინაციაში მუშაობს უკეთესად. ამავდროულად, ჩაი და ყავა, აგრეთვე დიდი დოზით კალციუმი, შეიძლება უშლიდეს ხელს რკინის შეწოვას, ამიტომ პრაქტიკული რჩევაა: რკინის შემცველი მედიკამენტები მივიღოთ ცალკე, საკვების წინ ან ულუფებს შორის, და თავიდან ავირიდოთ ხელის შემშლელი ნივთიერებები იმავე პერიოდში. ეს პრაგმატული, მაგრამ მცირე ცვლილებები ხშირად დიდ ცვლილებას გვაძლევს და თერაპიას მეტად შედეგიანს ხდის.
რისკის ჯგუფები და პრევენცია
ანემიის განვითარების რისკი მაღალია ბავშვებში, ორსულებსა და რეპროდუქციული ასაკის ქალებში - ზუსტად იმ ჯგუფებში, რომლებიც გლობალურ სტატისტიკაშიც ყველაზე ხშირად არიან წარმოდგენილნი.
აქ პრევენციას განსაკუთრებული ფასი აქვს: დაბალანსებული კვება, პროფილაქტიკური დანამატები ორსულობისას, პერიოდული სკრინინგი ბავშვებში და ადრეული ინტერვენცია სიმპტომების გაჩენისთანავე. როცა ეს რუტინად იქცევა, ანემია ნაკლებად პრობლემატური და უფრო მართვადი ხდება.
უყურადღებოდ დატოვებული ანემია მარტო დაღლილობა არ არის. ხანგრძლივმა ჟანგბადდეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები გულის მუშაობაში, გაზარდოს არითმიების და გულის უკმარისობის რისკი; ორსულებში ის დაკავშირებულია ნაადრევი მშობიარობისა და დაბალი წონის ახალშობილების გაჩენის უფრო მაღალი ალბათობასთან; ბავშვებში კი ზემოქმედებს ზრდასა და კოგნიტიურ განვითარებაზე. ეს მიზეზები საკმარისია, რომ დავასკვნათ: ექიმთან დროული ვიზიტი მხოლოდ სიმპტომების მართვას კი არა, გრძელვადიანი გართულებების თავიდან აცილებასაც ნიშნავს.
თუკი სიმპტომები გაწუხებთ, დაჯავშნეთ ვიზიტი ექიმთან
როცა ენერგია თანდათან იკლებს, სუნთქვა ადვილი საქმის კეთების დროსაც გვიჭირს, თავი გვტკივა, თავბრუ გვეხვევა და კანი უფერული ხდება - ეს სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. ეს ნიშნები ორგანიზმის სიგნალია, რომ რაღაც რიგზე არ არის.
სისხლის ანალიზი და ოჯახის ექიმთან/ჰემატოლოგთან კონსულტაცია ყველაზე მარტივი გზაა იმის გასაგებად, ვდგავართ თუ არა ანემიის წინაშე და რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯები.
თუკი დიაგნოზი დადასტურდა, ნუ შეჩერდებით - ანემიის მკურნალობა შედეგს იძლევა მაშინ, როცა ვპოულობთ წარმოშობის მიზეზს, ვაბალანსებთ კვებას, სწორად და რეგულარულად ვიღებთ დანამატებს და თვალს ვადევნებთ ლაბორატორიულ დინამიკას. სწორედ ასე ვუბრუნებთ სხეულს იმ ენერგიას, რომელიც თითქოს ყოველდღიურმა რუტინამ გამოგვაცალა.
