ანემიის სიმპტომები, ნიშნები და მკურნალობა

ანემია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30% ანემიის რომელიმე ფორმით არის დაავადებული.
ანემიის დროს სისხლში მცირდება ერითროციტების რაოდენობა ან ჰემოგლობინის კონცენტრაცია, ამიტომ ორგანოები საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვეღარ იღებს. რას ნიშნავს ეს მდგომარეობა და რა იწვევს მას, დეტალურად განვიხილეთ სტატიაში რა არის ანემია. აქ კი ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ ვლინდება ანემია, რით გამოირჩევა მისი სხვადასხვა ფორმა, როდის არის მდგომარეობა კრიტიკული და როგორ იმკურნალება.
ანემიის სიმპტომები: ძირითადი ნიშნები
ანემიის სიმპტომები არასპეციფიკურია: მისი ნიშნები ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც შეიძლება ახასიათებდეს. ძირითადი სიმპტომებია:
- საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, უენერგიობა, ძილიანობა
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა
- კანისა და ლორწოვანი გარსის სიფერმკრთალე
- კანის ქავილი
- ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა
- გულის რიტმის დარღვევები
- ქოშინი
- დისკომფორტი და ტკივილი ქვემო კიდურებში
ამ სიმპტომებს ანემიასთან ხშირად ვერ აკავშირებენ. ზოგჯერ დაავადება ნელა ვითარდება და პაციენტი მდგომარეობას ეჩვევა, ამიტომ ანემიის ნიშნები შეიძლება თვეების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩეს.
როდის არის ანემია კრიტიკული?
მძიმე ან სწრაფად განვითარებული ანემია, განსაკუთრებით სისხლდენის ფონზე, შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებდეს. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღენიშნება:
- ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში
- ტკივილი ან სიმძიმე გულმკერდის არეში
- გულისცემის მკვეთრი აჩქარება
- გულის წასვლა ან ძლიერი თავბრუსხვევა
- სისხლდენის ნიშნები, მათ შორის შავი ფერის განავალი
რკინადეფიციტური ანემია: სიმპტომები და მიზეზები
რკინა ჰემოგლობინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია. მისი ნაკლებობისას ორგანიზმი სათანადო რაოდენობის ჰემოგლობინს ვერ წარმოქმნის და ვითარდება ანემია. რკინადეფიციტური ანემია, სხვა ფორმებთან შედარებით, ყველაზე გავრცელებულია.
რკინის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს არასაკმარისმა მიღებამ, შეწოვის დარღვევამ, სისხლის დაკარგვამ ან გაზრდილმა მოთხოვნილებამ, მაგალითად, მომწიფების, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ამ ბოლო მიზეზის გამო რკინადეფიციტური ანემია უფრო ხშირად ქალებს ემართებათ.
ზოგადი სიმპტომების გარდა, რკინის დეფიციტს თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს: ლტოლვა საკვებად უვარგისი ნივთიერებებისადმი, განსაკუთრებით ყინულისადმი, მტვრევადი და ჩაზნექილი ფრჩხილები, ნახეთქები პირის კუთხეებში. ორგანიზმში რკინის მარაგს ფერიტინის ანალიზი აჩვენებს.
B12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტის ნიშნები
B12 ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა (B9) ერითროციტების წარმოქმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ რომელიმე მათგანის ან ორივეს დეფიციტი ანემიის კიდევ ერთი მთავარი მიზეზია. მათი საკმარისი რაოდენობით მიღება საკვებიდან ზოგჯერ ვერ ხერხდება. პაციენტთა ნაწილს კი ნაწლავის დაავადებების ან კუჭის პათოლოგიების გამო მათი შეწოვაც უჭირს.
ზოგადი სიმპტომების გარდა, B12 ვიტამინის დეფიციტს შეიძლება ახლდეს კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, წონასწორობის დარღვევა, ენის ანთება და მეხსიერების გაუარესება. ანემიის სხვა ფორმების შესახებ იხილეთ სტატიაში ანემიის მიზეზები და სახეები.
ანემია ბავშვებში: რას მივაქციოთ ყურადღება
ანემია, განსაკუთრებით რკინის დეფიციტით გამოწვეული, საკმაოდ ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სხეულის სწრაფი ზრდაა: ორგანიზმი მეტ რკინას მოიხმარს და მის ანაზღაურებას ზოგჯერ დროულად ვერ ახერხებს.
არც B12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობით გამოწვეული ანემიაა უცხო ბავშვებისთვის. მას ხშირად საკვები ნივთიერებების არასაკმარისი მიღება უწყობს ხელს, შესაძლოა გამოიწვიოს ქრონიკულმა და აუტოიმუნურმა დაავადებებმაც. ბავშვებში ანემიაზე შეიძლება მიუთითებდეს სიფერმკრთალე, მომატებული დაღლილობა, გაღიზიანებადობა, მადის დაქვეითება და ზრდის შენელება.
თუ გსურთ დაავადების დიაგნოსტიკა, დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 57 57 57.
ანემია ორსულებში
ორსულობა ანემიის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის: დედის ორგანიზმი ნაყოფის გამოსაკვებად ჩვეულებრივზე მეტ რკინას, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინებსა და მინერალებს გასცემს. როცა ორსულს ამ ნივთიერებების საჭირო მარაგი არ აქვს, ანემიის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.
ორსულებშიც ყველაზე გავრცელებული რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიაა. განსაკუთრებით საყურადღებოა ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, რადგან ის ნაყოფში მძიმე პათოლოგიას, ნერვული მილის დაზიანებას იწვევს. ამიტომ ორსულებს ფოლიუმის მჟავა ხშირად პროფილაქტიკის მიზნითაც ენიშნებათ. არანაკლებ მნიშვნელოვანია B12 ვიტამინი, რომელიც დნმ-ის სინთეზსა და ნაყოფის ნერვული სისტემის ფორმირებაში მონაწილეობს.
რომ ნაყოფის განვითარება არ შეფერხდეს და დედის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, ორსულობისას მნიშვნელოვანია რეგულარული პროფილაქტიკური კვლევები და პრობლემის დროული აღმოჩენა.
როგორ დავადასტუროთ ანემია?
ანემიაზე დროული ეჭვისთვის ჯანმრთელ ადამიანებსაც 6–12 თვეში ერთხელ სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება ურჩევენ. ის აჩვენებს ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობას. ხშირად ინიშნება რკინისა და ფერიტინის ანალიზიც. ეს პროცესი მნიშვნელოვნად გაგიმარტივდებათ თოდუას კლინიკის Check-Up სერვისით, რომელიც პროფილაქტიკურ კვლევებს აერთიანებს.
ანემიაზე ეჭვის შემთხვევაში დიაგნოსტიკაში ჰემატოლოგი ერთვება. სრული სურათისთვის მან შეიძლება დამატებითი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები დანიშნოს.
იკურნება თუ არა ანემია? ანემიის მკურნალობა
ანემიის უმეტესი ფორმა იკურნება, თუ დროულად დადგინდა მიზეზი. მკურნალობის ტაქტიკა ანემიის ტიპსა და სიმძიმეზეა დამოკიდებული.
ნივთიერების ნაკლებობისას მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება და რკინით, B12-ითა და B9-ით მდიდარი საკვები: ხორცი, ღვიძლი, ზღვის პროდუქტები, ზოგიერთი პარკოსანი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ხილი. რკინადეფიციტური ანემიისას სასურველია C ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღებაც, რადგან ის რკინის შეწოვას უწყობს ხელს.
სახლის პირობებში, მხოლოდ კვებით ანემიის მართვა ხშირად საკმარისი არ არის. დეფიციტური ნივთიერების მარაგის შესავსებად ექიმი შესაბამის პრეპარატებს ან ინიექციებს ნიშნავს. რკინის პრეპარატების თვითნებური მიღება ანალიზების გარეშე არ არის რეკომენდებული: ჯერ საჭიროა დადასტურდეს, რომ ანემია მართლაც რკინის დეფიციტითაა გამოწვეული. მძიმე შემთხვევებში შეიძლება სტაციონარული მკურნალობა ან სისხლის კომპონენტების გადასხმა გახდეს საჭირო.
სრულფასოვანი მკურნალობის დასანიშნად და ანემიის ეფექტიანად სამართავად მიმართეთ თოდუას კლინიკის ჰემატოლოგს, ანა მაყაშვილს.
