სისხლის საერთო ანალიზი - ჰემატოლოგიური გამოკვლევა

24/06/2024

თოდუას კლინიკის სისხლის საერთო ანალიზი და გამოკვლევა

სისხლის საერთო ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი პირველი  რიგის კვლევაა, რომელიც  მისი სიმარტივის  მიუხედავად, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დიაგნოსტიკის პროცესში. ეს ტესტი გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის, ინფექციების, ანემიის, ანთებების და სხვა დაავადებების შესახებ.

 

დიაგნოსტიკის გარდა, სისხლის  ანალიზი ამა თუ იმ დაავადებების მონიტორინგის განუყოფელი ნაწილია.

 

👉 ჩექაფის სერვისი  თოდუას კლინიკაში – ჩაიტარე ჰემატოლოგიური გამოკვლევები უახლესი თაობის ჰემატოლოგიურ ანალიზატორზე.

 

 

სისხლის საერთო ანალიზის პარამეტრები

 

სისხლი კომპლექსური  თხიერი ქსოვილია, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. მათი კოორდინირებულად მუშაობა ადამიანის ზოგად ჯანმრთელობას განაპირობებს და უმნიშვნელოვანესია ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისთვის.

 

სისხლის საერთო ანალიზი განსაზღვრავს სისხლის სხვადასხვა კომპონენტის რაოდენობასა და მათ ნორმასთან შესაბამისობას. გამოკვლევის ძირითადი პარამეტრებია:

●   ლეიკოციტები
●   ერითროციტები
●   ჰემოგლობინი
●   ჰემატოკრიტი
●   ერითროციტის საშუალო მოცულობა
●   ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა ერითროციტში
●   ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია  ერითროციტში
●   თრომბოციტი
●   თრომბოციტის საშუალო მოცულობა
●   ერითროციტების დალექვის სიჩქარე
●   რეტიკულოციტი

 

👉 გაიცანი ჩვენი კლინიკის ექიმები და გაიარე სრულფასოვან კონსულტაცია.

 

ლეიკოციტები

 

ლეიკოციტები, იგივე სისხლის თეთრი უჯრედები (WBC) უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იმუნური სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში. მისი მთავარი დანიშნულება ორგანიზმის პათოგენებისგან, მათ შორის, ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან, სოკოსგან და პარაზიტებისგან დაცვაა.

 

არსებობს ლეიკოციტების სხვადასხვა ტიპი, ესენია: ნეიტროფილები, ლიმფოციტები, მონოციტები, ეოზონოფილები და ბაზოფილები. თითოეულ მათგანს განსხვავებული ფუნქცია აკისრია, თუმცა მათი კოორდინირებული მუშაობა ეხმარება ორგანიზმს ამა თუ იმ პათოგენთან ბრძოლასა და მათ განეიტრალებაში.

 

ლეიკოციტების რაოდენობის მომატებას ლეიკოციტოზი ეწოდება. ის შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ისე პათოლოგიური პროცესებით. ფიზიოლოგიური ლეიკოციტოზი  გვხდება ახალშობილებში, 10 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ორსულებში.

 

მან, ასევე, შეიძლება თავი იჩინოს საკვების მიღების შემდეგ, ფიზიკური დატვირთვისას, ცხელი ან ცივი აბაზანის მიღებისას, მენსტრუაციის წინა პერიოდში, სტრესის დროს და ა.შ. პათოლოგიური ლეიკოციტოზი  კი შეიძლება განვითარდეს ინფექციური დაავადებების, ინფარქტების, დამწვრობის, დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვის, ავთვისებიანი სიმსივნეების, თირკმლის დაავადებების, ტრავმებისა და სხვა პათოლოგიების დროს.

 

ლეიკოციტების  შემცირებას ლეიკოპენია  ეწოდება. ფიზიოლოგიურად ის შეიძლება გამოიწვიოს შიმშილმა, ხოლო პათოლოგიური ლეიკოპენია უმთავრესად განპირობებულია ვირუსული და ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციით. ის შეიძლება გამოწვეული იყოს მედიკამენტების მოქმედებითაც.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ლეიკოციტების  რაოდენობა მერყეობს ასაკისა და სქესის მიხედვით, ამიტომ მაჩვენებლების შეფასებისას, აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ზემოთ ნახსენები ფაქტორები.

 

👉 მრავალპროფილური კლინიკა თბილისში – ესტუმრე თოდუას ცენტრს და სიღრმისეულად გამოიკვლიე  ჯანმრთელობის  ნებისმიერი  პრობლემა.

 

ერითროციტები

 

ერითროციტები, იგივე სისხლის წითელი უჯრედები (RBC) სისხლის ძირითად მასას წარმოადგენს. მათი უმთავრესი დანიშნულება ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებაა ფილტვებსა და სხეულის სხვადასხვა ქსოვილში. ერითროციტები უზრუნველყოფს ორგანიზმში ჟანგბადის ადეკვატური დონის შენარჩუნებას და, შესაბამისად,  უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ზოგად ჯანმრთელობასა და სხეულის ეფექტურად ფუნქციონირებაზე.

 

სისხლში ერითროციტების რაოდენობის მომატებას ერითროციტოზი ეწოდება. ფიზიოლოგიურად ის თავს იჩენს ახალშობილებში, სიმაღლეზე ასვლის დროს, ფიზიკური დატვირთვის, ჭარბი წონისა და სხვა ფაქტორების დროს. პათოლოგიური ერითროციტოზი კი განპირობებულია კონკრეტული დაავადებით, როგორებიცაა ერითრემია, ფილტვის დაზიანებები, თირკმლის  სიმსივნე, გულის დაავადებები და სხვა. ცალკე გამოყოფენ შეფარდებით ერითროციტოზსაც, როდესაც პლაზმის შემცირების ფონზე (მაგალითად, დეჰიდრატაციის, ემოციური სტრესის, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების, დამწვრობის, პირღებინებისას სითხის დაკარგვის გამო) ერითროციტების მატების სურათი იქმნება. ასეთ დროს მაპროვოცირებელი  ფაქტორების გაქრობასთან ერთად, ერითროციტების რაოდენობა თავისთავად უბრუნდება ნორმას.

 

სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება ანემიის ერთ-ერთი ნიშანია. ანემიების გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია: სისხლდენა, სხვადასხვა პათოლოგიით განპირობებული ერითროციტების დაშლა, ძვლის ტვინში ერითროციტების წარმოქმნის პროცესის დარღვევა.

 

👉 დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და გაიარე კონსულტაცია თოდუას კლინიკის  მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან.

 

ჰემოგლობინი

 

ჰემოგლობინი ჟანგბადის გადამტანი ცილაა და ერითროციტების  ძირითად შემადგენელ კომპონენტს  წარმოადგენს. მისი მაჩვენებლების დაქვეითება უმთავრესად სხვადასხვა ტიპის ანემიითაა განპირობებული, ამიტომ სისხლში მისი კონცენტრაციის განსაზღვრა ანემიების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სადიაგნოსტიკო საშუალებას წარმოადგენს. ჰემოგლობინის მაჩვენებელი, ასევე, შეიძლება დაქვეითდეს მწვავე და ქრონიკული სისხლდენებისა და სხვა ფაქტორების გავლენითაც. სისხლში ჰემოგლობინის კონცენტრაციის მატებას კი შეიძლება განაპირობებდეს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ემფიზემა, თირკმლისა და ღვიძლის სიმსივნე, გულის უკმარისობა და სხვა. ასევე, ჰემოგლობინის მატება ხშირად აღენიშნებათ მწეველ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებს. 


ჯანმრთელობის შეფასებისა და სხვადასხვა სამედიცინო პრობლემის დიაგნოსტიკისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ერითროციტის საშუალო მოცულობის, ერითროციტებში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობისა და საშუალო კონცენტრაციის განსაზღვრა.

 

თრომბოციტი

 

თრომბოციტები სისხლის უჯრედებია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სისხლის შედედებაზე.

 

თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითებას თრომბოციტოპენია ეწოდება, მათი ფუნქციის დარღვევას კი – თრომბოციტოპათია. ორივე პათოლოგიის დროს ადამიანს აღენიშნება სისხლდენისადმი მიდრეკილება. თრომბოციტების  მომატებას კი თრომბოციტოზი ეწოდება. სისხლში თრომბოციტების დონის განსაზღვრას ხშირად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროული დიაგნოსტიკისთვის.

 

👉 გაქვს სამედიცინო დაზღვევა? – ისარგებლე თოდუას კლინიკაში არსებული ყველა ლაბორატორიული და სტაციონარული  სერვისით

 

ერითროციტების დალექვის სიჩქარე

 

ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ESR, ედს-ი) საერთო ბიოლოგიური მდგომარეობის მაჩვენებელია. მისი განსაზღვრა, ასევე, მნიშვნელოვანია ანთებითი პროცესების დიაგნოსტირებისა და, ზოგადად, ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგისთვის.

 

გასათვალისწინებელია, რომ ანემიების დროს, როცა ერითროციტების რაოდენობა იკლებს, ისინი უფრო სწრაფად ილექებიან, რის გამოც იმატებს ედს-ის მნიშვნელობა. ერითროციტოზის დროს კი, პირიქით, ერითროციტების რაოდენობის მომატება მათი დალექვის სიჩქარეს ამცირებს. სხვადასხვა ინფექციის დროს იცვლება პლაზმის ცილოვანი შემადგენლობა, რაც ასევე ცვლის ედს-ის მაჩვენებელს. ფიზიოლოგიურად ედს-ი იმატებს ორსულობისას, შიმშილის დროს, ვაქცინაციის  შემდეგ და ა.შ.

 

აღსანიშნავია, რომ მისი მაჩვენებელი დამოკიდებულია ასაკსა და სქესზე, მაგალითად, ის უფრო მაღალია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში და იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. 


რეტიკულოციტი

 

რეტიკულოციტები ერითროციტების ახალგაზრდა ფორმებია. მაშინ, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნა ძლიერდება, ერითროციტები ვერ ასწრებენ მომწიფებას და ნახევრად მოუმწიფებელი ფორმები ანუ რეტიკულოციტები სისხლში გადმოდიან. ეს პროცესი, ძირითადად, ანემიების, ჰემოლიზური კრიზისა და სისხლის დაკარგვის დროს შეინიშნება. ასე რომ, რეტიკულოციტები სისხლის საერთო ანალიზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  პარამეტრია და დიდ როლს ასრულებს სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის პროცესში.

 

👉 იხილეთ თოდუას კლინიკაში ხელმისაწვდომი სერვისები სრულად.

 

სისხლის საერთო ანალიზის აღების წესი

 

თოდუას კლინიკაში ჰემატოლოგიური გამოკვლევები რეგიონში ანალოგის არმქონე, უახლესი თაობის ჰემატოლოგიურ ანალიზატორზე (CBC+DIFF) სრულდება. ის ერთ სისტემაში აერთიანებს სხვადასხვა მოდულს, აღჭურვილია ანთებითი პროცესების დიაგნოსტიკის ახალი მაჩვენებლებით, ახდენს ანომალიური უჯრედების კლასიფიკაციას, უზრუნველყოფს თრომბოციტების გამოთვლის მაქსიმალურ სიზუსტეს და გამოირჩევა სხვა ინოვაციური მახასიათებლებით. 

 

იმისათვის, რომ სისხლის საერთო ანალიზმა სწორი შედეგები მოგვცეს, დაცული უნდა იყოს შესაბამისი წესები. სასურველია, სისხლის ანალიზი უზმოზე გაკეთდეს ან იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მსუბუქად არის ნასაუზმევი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სისხლის შემადგენლობაზე გავლენას ახდენს ზოგიერთი მედიკამენტი. სისხლი ასევე იცვლება ალკოჰოლური სასმელების მიღების, ფიზიოთერაპიული პროცედურებისა და რენტგენოლოგიური კვლევების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ სისხლის საერთო ანალიზის პასუხებზე გავლენას ახდენს მენსტრუალური ციკლიც, რადგან ამ დროს ზოგიერთი პარამეტრი გარკვეულ ცვლილებას განიცდის.

 

👉 გაიგეთ რა როლს ასრულებს კლინიკური კვლევები დაავადების დიაგნოსტირების პროცესში. 

 

გაითვალისწინეთ ისიც, რომ სასურველია, სისხლის საერთო ანალიზი ჩატარდეს არა მხოლოდ ჩივილების შემთხვევაში, არამედ პროფილაქტიკურად, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში კი, აუცილებელია, მონაცემები გადამოწმდეს 6 თვეში ერთხელ.

გაზიარება