როზაცეა და მისი მკურნალობა

20/09/2026

როზაცეა და მისი მკურნალობა

როზაცეა კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც უმეტესად სახის ცენტრალურ ნაწილს აზიანებს. ის შეიძლება გამოვლინდეს მუდმივი ან პერიოდული სიწითლით, გაფართოებული სისხლძარღვებით, ანთებითი გამონაყარითა და თვალის სიმპტომებით. როზაცეის საბოლოოდ განკურნების მეთოდი ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა სწორად შერჩეული მკურნალობითა და კანის მოვლით დაავადების ეფექტიანად კონტროლი შესაძლებელია. 

ის, რაც უნდა იცოდეთ: 

  • როზაცეა ქრონიკულია - მკურნალობის მთავარი მიზანი სიმპტომების მართვა და პროცესის კონტროლია;
  • მზის სხივები, სიცხე, სტრესი, ალკოჰოლი და ცხარე საკვები მდგომარეობას ამწვავებს, თუმცა ტრიგერები მაინც ინდივიდუალურია;
  • ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა მნიშვნელოვანია. ეს თავიდან აგარიდებთ ისეთ მძიმე გართულებებს, როგორიცაა რინოფიმა (კანის გასქელება) და თვალის დაზიანება. 

 

რა არის როზაცეა და ვის უვითარდება?

როზაცეა კანის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა, რომელიც ძირითადად სახის ცენტრალურ ნაწილს (ლოყებს, ცხვირს, შუბლსა და ნიკაპს) აზიანებს. დაავადება შეიძლება პერიოდულად გამწვავდეს და შემდეგ ნაწილობრივ შემცირდეს.

 

როზაცეა შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, თუმცა უფრო ხშირად გვხვდება საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებში. აღსანიშნავია, რომ ღია ფერის კანზე სიწითლე უფრო ადვილად შესამჩნევია.

 

ზოგჯერ როზაცეას „ვარდისფერ აკნეს“ უწოდებენ, რადგან დაავადების დროს სახეზე შეიძლება გაჩნდეს აკნეს მსგავსი წითელი ან ჩირქოვანი გამონაყარი. თუმცა ეს აკნე არ არის და მკურნალობის მიდგომაც განსხვავებულია.

 

როზაცეას სიმპტომები 

დაავადება ეტაპობრივად ვითარდება და დროთა განმავლობაში სიმპტომები შესაძლოა შეიცვალოს. დაავადება თავდაპირველად შეიძლება სახის პერიოდული სიწითლით გამოვლინდეს.

ხშირი სიმპტომებია:

  • სახის მუდმივი ან პერიოდული სიწითლე;
  • კანზე ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება;
  • მცირე ზომის ხილული სისხლძარღვები;
  • წითელი ან ჩირქოვანი გამონაყარი;
  • მგრძნობიარე, ადვილად გაღიზიანებადი კანი;
  • კანის შეშუპება;
  • ცხვირის ან სახის სხვა ნაწილში კანის გასქელება;
  • თვალების სიმშრალე, სიწითლე, წვა ან უცხო სხეულის შეგრძნება.

სიმპტომების ერთობლიობა და გამოხატულობა ინდივიდუალურია. მაგალითად, ერთ პაციენტს შეიძლება ძირითადად მუდმივი სიწითლე ჰქონდეს, მეორეს - გამონაყარი, მესამეს კი ხილული სისხლძარღვების პრობლემა. მკურნალობის კურსიც სწორედ ამის შესაბამისად ინიშნება. 

 

სახეზე როზაცეა - რით განსხვავდება აკნესა და კუპეროზისგან?

სახეზე როზაცეა ხშირად ერევათ აკნეში, რადგან ორივე შემთხვევაში შეიძლება კანზე წითელი ფერისმჭამელების მსგავსი გამონაყარი გაჩნდეს. თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. როზაცეას დროს ხშირად აღინიშნება სახის მუდმივი ან პერიოდული სიწითლე. აკნესთვის კი დამახასიათებელია კომედონები - შავი და თეთრი წერტილები, რომლებიც როზაცეას დროს, როგორც წესი, არ გვხვდება. 

 

კუპეროზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სახეზე წვრილი, გაფართოებული სისხლძარღვები მკვეთრად ჩანს და კანი სიწითლისკენ არის მიდრეკილი. კუპეროზი და როზაცეა ერთი და იგივე მდგომარეობა არ არის. როზაცეას დროს ხილული სისხლძარღვები შეიძლება ერთ-ერთი ნიშანი იყოს, თუმცა დაავადებას ხშირად სხვა სიმპტომებიც ახლავს. მაგალითად, მუდმივი სიწითლე და ანთებითი გამონაყარი. 

 

ამიტომ მხოლოდ სიწითლის არსებობა დიაგნოზის დასმისთვის საკმარისი არ არის. დერმატოლოგი აფასებს კანის მდგომარეობას, თანმხლებ სიმპტომებს და იმ ფაქტორებს, რომლებიც სიწითლეს აძლიერებს.

 

რა იწვევს როზაცეას - ძირითადი ტრიგერები

როზაცეას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. მისი განვითარება დაკავშირებულია კანის იმუნურ და სისხლძარღვოვან რეაქციებთან, კანის ბარიერის თავისებურებებთან და სხვა ფაქტორებთან. ანთებით პროცესს შესაძლოა დემოდექსის ტკიპების რაოდენობის მატებაც აძლიერებდეს, თუმცა მათი არსებობა დაავადების ერთადერთ მიზეზად არ ითვლება.

სიმპტომებს ხშირად აძლიერებს:

  • მზის სხივები;
  • სიცხე და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება;
  • ცხელი აბაზანა ან შხაპი;
  • ცხარე საკვები;
  • ძალიან ცხელი სასმელები;
  • ალკოჰოლი, განსაკუთრებით წითელი ღვინო;
  • ემოციური სტრესი;
  • ზოგიერთი კოსმეტიკური ან თმის მოვლის საშუალება;
  • ძლიერი ქარი და სიცივე.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ქრონიკული დაზიანება მოითხოვს ყურადღებას, რათა ისეთი სერიოზული პათოლოგიები გამოირიცხოს, როგორიცაა კანის კიბო. 

 

როზაცეა და მისი მკურნალობა - კრემი, მალამო, მედიკამენტები და ლაზერი

როზაცეას მკურნალობის კურსი ინდივიდუალურად შეირჩევა. მეთოდი დამოკიდებულია იმაზე, რომელი ნიშნებია წამყვანი და რამდენად გამოხატულია ისინი.

 

მსუბუქი და საშუალო ფორმების დროს ექიმმა შეიძლება დანიშნოს ადგილობრივი საშუალებები, რომლებიც ამცირებს ანთებას ან აკნეს მსგავს გამონაყარს. გარკვეულ შემთხვევებში გამოიყენება პერორალური პრეპარატებიც.

 

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ერთი უნივერსალური საშუალება არ არსებობს. მაგალითად, როზაცეას მალამო ან როზაცეას კრემი. კონკრეტული პროდუქტი დერმატოლოგმა სიმპტომებისა და კანის მდგომარეობის მიხედვით უნდა შეარჩიოს.

 

როზაცეას ანტიბიოტიკითაც შეიძლება უმკურნალონ. გახსოვდეთ, მისი გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე არ არის რეკომენდებული. ზოგიერთ შემთხვევაში ანტიბიოტიკი გამოიყენება ძირითადად ანთების შესამცირებლად.

 

ხილული სისხლძარღვებისა და მუდმივი სიწითლის დროს შესაძლოა განიხილონ ლაზერული ან IPL თერაპია. ასეთი პროცედურები სისხლძარღვოვანი ცვლილებების შესამცირებლად გამოიყენება.

 

კანის მკვეთრი გასქელების დროს, შესაძლოა ქირურგიული ან ლაზერული მეთოდებით ზედმეტი ქსოვილის შემცირება გახდეს საჭირო. 

 

ყოველდღიური მოვლაც მნიშვნელოვანია. მათ შორის, მზისგან კანის დაცვა. რეკომენდებულია ნაზი გამწმენდი საშუალება, დამატენიანებელი და მზისგან დამცავი კრემი გამოიყენოთ.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითმკურნალობისგან თავის შეკავება. ჰორმონული მალამოების თვითნებურად გამოყენებამ შეიძლება როზაცეას მიმდინარეობა გააუარესოს.

 

როზაცეას განკურნება შეუძლებელია, მაგრამ სწორად შერჩეული მკურნალობით მისი კონტროლია შესაძლებელი. 

 

როზაცეა და დიეტა - რა უნდა შევზღუდოთ?

სისხლძარღვების გაფართოება და ანთების პროვოცირება შეიძლება გარკვეულმა პროდუქტებმა გამოიწვიოს. როზაცეა და დიეტა ერთმანეთს ამიტომაც უკავშირდება. თუმცა, არ არსებობს ერთი უნივერსალური კვების რეჟიმი, რომელსაც ყველა პაციენტი უნდა მიჰყვეს.

 

ზოგიერთ ადამიანს სიმპტომებს უმძაფრებს ცხარე საკვები, ძალიან ცხელი სასმელები, ალკოჰოლი, განსაკუთრებით წითელი ღვინო, ან სხვა კონკრეტული პროდუქტები.

 

ამიტომ მკაცრი შეზღუდვების დაწყებამდე უმჯობესია დააკვირდეთ საკუთარ მდგომარეობას. ამისთვის შეგიძლიათ რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩაიწეროთ, რას მიირთმევთ და როდის გიმძაფრდებათ სიწითლე ან სხვა სიმპტომი.

 

ასეთი ჩანაწერი ექიმსაც დაეხმარება ინდივიდუალური ტრიგერების დადგენაში.

 

როზაცეა ბავშვებში

როზაცეა ბავშვებსა და მოზარდებში ძალიან იშვიათად გვხვდება. ამ ასაკში დაავადებამ შეიძლება კანის გარდა თვალებიც დააზიანოს.

 

ბავშვებში სახის სიწითლესა და გამონაყარს ბევრი სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ თვითდიაგნოსტირება არ არის რეკომენდებული.

 

თუ ბავშვს სახის განმეორებითი სიწითლე, გამონაყარი, თვალების სიწითლე, სიმშრალე ან წვის შეგრძნება აქვს, საჭიროა მდგომარეობა დერმატოლოგმა შეაფასოს. თვალის გამოხატული ჩივილების დროს შესაძლოა ოფთალმოლოგის ჩართვაც გახდეს საჭირო.

 

როდის მივმართოთ დერმატოლოგს?

ნუ გადადებთ სპეციალისტთან ვიზიტს, თუ შეამჩნევთ შემდეგ ნიშნებს:

  • თვალის ტკივილი;
  • სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • მხედველობის დაბინდვა ან სხვა ცვლილება;
  • სახის სიწითლე აღარ ქრება და იღებს მუდმივ ხასიათს.

პირველად ვიზიტზე ექიმი ჩაატარებს დერმატოსკოპიას, გამორიცხავს მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებებს და შეადგენს ინდივიდუალურ თერაპიულ გეგმას. 

 

აღსანიშნავია, რომ როზაცეას დასადასტურებლად სპეციალური სისხლის ანალიზი არ არსებობს. დიაგნოზი ძირითადად კანისა და თვალების მდგომარეობის შეფასებით ისმება.

 

დერმატოლოგიური პრობლემების შემთხვევაში თოდუას კლინიკაში მოგვმართეთ. პაციენტებს ჩვენი სამივე ფილიალი ემსახურება. დერმატოლოგი დიღომში, ვერისა და ცენტრალურ ფილიალებში დაგხვდებათ. მათ შორის, კონსულტაციას ატარებს ნათია თოდუა, დერმატოვენეროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

გახსოვდეთ, რომ როზაცეას სიმპტომების გაკონტროლება შესაძლებელია. რაც უფრო სწორად განისაზღვრება დაავადების ტიპი და გამომწვევი ფაქტორები, მით უფრო მარტივია შესაბამისი რუტინისა და მკურნალობის შერჩევა. ამაში კი დერმატოლოგის კონსულტაცია დაგეხმარებათ. 

 

 

გაწუხებთ სახის სიწითლე ან კანის მგრძნობელობა? ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას. დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 57 57 57 და ჩაეწერეთ დერმატოლოგთან თოდუას კლინიკაში.

 

ხშირად დასმული კითხვები

 

შესაძლებელია თუ არა როზაცეას სრულად განკურნება?

როზაცეა ქრონიკული დაავადებაა და მისი საბოლოოდ გაქრობა ყოველთვის ვერ ხერხდება. თუმცა შესაბამისი მკურნალობით შესაძლებელია სიმპტომების შემცირება, გამწვავებების კონტროლი და კანის მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

როგორ გავარჩიოთ როზაცეა აკნესგან?

როზაცეას დროს შეიძლება გაჩნდეს აკნეს მსგავსი წითელი ან ჩირქოვანი გამონაყარი, თუმცა მისთვის დამახასიათებელი არ არის ჩვეულებრივი კომედონები. ხშირად ერთვის მუდმივი ან პერიოდული სახის სიწითლეც. ზუსტი მდგომარეობა დერმატოლოგმა უნდა შეაფასოს.

 

შეიძლება თუ არა როზაცეას დროს მაკიაჟის გამოყენება?

დიახ, მაკიაჟის გამოყენება ნებადართულია, თუმცა კოსმეტიკა უნდა იყოს არაკომედოგენური, ჰიპოალერგიული და მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი. სასურველია მწვანე პიგმენტის შემცველი ტონალური საშუალებების გამოყენება, რომლებიც წითელ ფერს ვიზუალურად აბალანსებენ.

გაზიარება