მზე, ხალები და როგორ დავიცვათ კანი

07/08/2020

 

 

რა ზეგავლენას ახდენს მზის სხივები კანზე, როგორ უნდა მიაქციოთ ყურადღება ხალებს და პიგმენტურ ლაქებს, რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია:

 

ხალების ტიპები

 

არსებობს ხალების სხვადასხვა ტიპი – მრგვალი და ბრტყელი, ოდნავ ამობურცული და ზოგჯერ თმიანი, ღია და მუქი ყავისფერი, უცნაური ფორმის და ზომის, ფერშეცვლილი ხალები. მათი უმეტესობა უსაფრთხოა, თუმცა სხვადასხვა გარემო ფაქტორების გამო შესაძლებელია მათი „ბუნება“ შეიცვალოს, ან მექანიკური დაზიანება მოხდეს, დაითვალიერეთ ხშირად კანის ზედაპირი, თუ რაიმე უმნიშვნელო ცვლილებაც შენიშნეთ,  აუცილებელია სპეციალისტს ესტუმროთ და ადრეულ ეტაპზე მოხდეს ნებისმიერი რისკის განსაზღვრა.

 

სისტემა, რომელიც გაფრთხილებთ

 

საეჭვო ხალების  გამოსავლენად სპეციალური სისტემაც არსებობს, რომელიც მარტივად გამცნობთ ექიმთან ვიზიტის აუცილებლობას, ე.წ. „ABCDE“  სისტემა:

A (Asymmetry) –  ხალი როგორც წესი, მრგავლი, ოვალური ფორმის უნდა იყოს, ასიმეტრია კი ნამდვილად საყურადღებოა.

B (Border Irregularity) – ხალის ე.წ. საზღვრები გაურკვეველი და ბუნდოვანი არ უნდა იყოს.

C (Color) – ნორმალური ხალი ერთფეროვანია, თუ ფერის ცვლილება, გამუქება, გაღიავება, ან გადასხვაფერება შენიშნეთ, ესეც გამაფრთხილებელი ნიშანია.

D (Diameter) – თუ ხალი ზომაში ზრდას იწყებს, არც ამ შემთხვევაში დატოვოთ უყურადღებოდ.

E (Evolving) – ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ხალის ბუნებრივ იერს არ ჰგავს, საყურადღებოა.

 

მოერიდეთ მზეს

 

ხალების სიმრავლე თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ულტრაიისფერ სხივებს მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ.

  • 10:00 – 17:00 საათამდე მოერიდეთ მზის სხივებს
  • გახადეთ მაღალი ფაქტორის მქონე მზის დამცავი საცხები თქვენი განუყოფელი ნაწილი, რეგულარულად დაიტანეთ კანის ზედაპირზე, განსაკუთრებით წყალში ყოფნის შემდეგ
  • სოლარიუმში სტუმრობა დაუშვებელია.

 

მიმართეთ ექიმს!

 

უჯრედების არასწორი განვითარების საფუძველზე შესაძლებელია განვითარდეს კანის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები – ბაზალურუჯრედოვანი, ბრტყელუჯრედოვანი კიბო და აგრესიული ფორმა – მელანომა. თუ დროულად მიმართავთ სპეციალისტს, შესაძლებელია მკურნალობის თანამედროვე მეთოდების საშუალებით, ადრეულ სტადიაზე აირიდოთ ჩამოთვლილი დაავადებები.

გაზიარება