კანის კიბო და მისი ფორმები – რა უნდა ვიცოდეთ დაავადებაზე?

18/12/2023

დაავადება კანის სიმსვინე

კანის კიბო ონკოლოგიურ პათოლოგიათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის კანის ქსოვილების უკონტროლო გამრავლების დროს წარმოიქმნება, რასაც პროვოცირებას სხვადასხვა ფაქტორი უწევს.

 

კანის კიბოს ფორმებს, მის სიმპტომებს, გამომწვევ მიზეზებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ბლოგში დეტალურად განვიხილავთ.

 

 

კანი კიბოს ფორმები

 

სპეციალისტები დაავადების სამ ძირითად ფორმას – ბაზალიომას, მელანომასა და ბრტყელუჯრედულ კიბოს – გამოყოფენ.

 

ბაზალიომა – კანის სიმსივნის შემთხვევათა ნახევარზე მეტი ბაზალიომაზე მოდის, თუმცა მას იშვიათად ახასიათებს მეტასტაზები და, სხვებთან შედარებით, ნაკლებად აგრესიულია. ის ხშირად ვითარდება ისეთ უბნებზე, სადაც მზე ყველაზე ხშირად ხვდება. ასეთი ადგილებია ცხვირი, შუბლი, ლოყები, ყურები, კისერი, სკალპი და ხელის მტევნის ზურგი.

 

მელანომა – ის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული კანის სიმსივნეა, რადგან ახასიათებს სწრაფი მეტასტაზირება. მელანომა კანში არსებული პიგმენტური უჯრედების – მელანოციტების უკონტროლო გამრავლების დროს ვითარდება. დაავადება უმეტესად კანზე წარმოიქმნება, თუმცა ასევე შეიძლება გაჩნდეს ლორწოვან გარსზეც – პირის ღრუში, თვალის გუგებზე, საშოს, ცხვირის მიდამოებსა და ა.შ.

 

რა არის მელანომა? – გაეცანით ბლოგს თოდუას კლინიკის ვებ-გვერდზე და შეიტყვეთ უფრო მეტი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეზე.

 

კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა – აგრესიული მიმდინარეობით ხასიათდება ზემოთ ხსენებული დაავადების ეს ფორმაც. ამასთან ერთად, არცთუ იშვიათია მისი რეციდივის შემთხვევები. ამიტომ, კიბოს ამ ფორმის ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

რა იწვევს დაავადებას?

 

სპეციალისტები კანის კიბოს განვითარების რამდენიმე რისკ-ფაქტორს გამოყოფენ, ესენია:

 

მზის ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება – ულტრაიისფერი სხივებმა შესაძლოა კანის უჯრედების უკონტროლო გამრავლების პროვოცირება გამოიწვიოს. შესაბამისად, დაავადების წარმოქმნის რისკი მაღალია იმ ადამიანებში, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მწველ მზეზე. აღსანიშნავია ისიც, რომ კანი კიბოს განვითარების რისკს 75%-მდე ზრდის სოლარიუმის მოხმარება.

 

ღია ფერის კანი – ღია ფერის კანს შედარებით სუსტი დამცველობითი ფუნქცია აქვს, შესაბამისად, შანსი იმისა, რომ ულტრაიისფერი სხივები მასზე ნეგატიურად იმოქმედებს, უფრო მაღალია. ამიტომ ღია ფერის კანის, თმისა და თვალის მქონე ადამიანებს მზეზე ყოფნისას მეტი სიფრთხილე მართებთ.

 

სუსტი იმუნიტეტი – რისკ-ჯგუფში შედიან ის ადამიანებიც, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა.

 

ხალების სიმრავლე – ხალების უმეტესობა კეთილთვისებიანი და უსაფრთხოა, თუმცა, დროთა განმავლობაში შესაძლოა გარკვეული მაპროვოცირებელი ფაქტორების მიერ მოხდეს მისი გადაგვარება.

 

გენეტიკური წინასწარგანწყობა – ოჯახურ ანამნეზში არსებული კანის სიმსივნე გარკვეულწილად ზრდის დაავადების განვითარების რისკს.

 

კანცეროგენუნივთიერებებთან ხანგრძლივი კონტაქტი – ჭვარტლთან, ნავთთან, ქვანახშირთან, მაზუთთან და სხვა მსგავსი ტიპის ნივთიერებებთან კონტაქტი შესაძლოა ამ დაავადების მაპროვოცირებელი იყოს.

 

ონკოლოგია და მკურნალობა – გაიგეთ მეტი სიმსივნურ დაავადებებსა და მათ მკურნალობაზე.

 

დაავადების ნიშნები

 

სიმპტომები დამოკიდებულია ამ დაავადების ფორმაზე, თუმცა არსებობს ზოგადი ნიშნები, რომლებიც შეიძლება დაავადებაზე მიანიშნებდეს. ესენია:

 

  • ხალი, რომელმაც შეიცვალა ზომა, ფორმა, ფერი და, ზოგადად, დროთა განმავლობაში განიცდის გარკვეული ტიპის ცვლილებებს;
  • სხეულზე ახალი წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს კარგად გამოყოფილი საზღვრები ან/და არის ასიმეტრიული;
  • ხალები, რომლებსაც არ აქვს ერთგვაროვანი ფერი და/ან დაწყლულებულია;
  • ნაწიბურის მსგავსი დაზიანება, წყლული ან მუწუკი, რომელიც სისხლმდენია, არ ხორცდება დიდი ხნის განმავლობაში ან შეხორცების შემდეგ მალევე იხსნება.

 

ამ და სხვა საეჭვო ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში, გირჩევთ, დროულად მიმართოთ სპეციალისტს. თუკი გსურთ კვალიფიციური კონსულტაციის მიღება, დაჯავშნეთ ვიზიტი თოდუას კლინიკის ერთ-ერთ წამყვან დერმატოლოგ ნათია თოდუასთან.

 

კანის კიბოს სურათები – როგორი შეიძლება იყოს დაავადების ნიშნები?

დაათვალიერეთ კანის სიმსივნის ფოტოები

კანის კიბოს დიაგნოსტირება

 

დიაგნოსტირების პროცესი, პირველი რიგში, სპეციალისტის მიერ კანის თვალით დათვალიერებით იწყება. შემდეგ კი მიმართავენ დერმატოსკოპიას, რაც შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს კანის უხილავი შრეები და სტრუქტურები. საეჭვო წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია, მასზე დაკვირვება ან ბიოფსია. კანის კიბოს დიაგნოსტირების შემდგომ, შესაძლოა, საჭირო გახდეს კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (პეტ), ასევე, მოლეკულურ-გენეტიკური კვლევები, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის კიბოსთან გვაქვს საქმე.

 

კანის კიბოს სკრინინგი

 

საბედნიეროდ, კანის კიბოს პროფილაქტიკა და მისი ადრეული დიაგნოსტირება დღეს შესაძლებელია. ამისათვის, მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდულობით კანის ზედაპირი თავადვე დავითვალიეროთ და ჩვენვე შევაფასოთ მისი მდგომარეობა. რაც მთავარია, ხელმისაწვდომია კანის სკრინინგი, რომელიც მარტივი, არაინვაზიური და ეფექტური კვლევით – დერმატოსკოპიით ხორციელდება. ის შესაძლებლობას იძლევა ადრეულ, უსიმპტომო პერიოდშივე მოხდეს კანის კიბოს დიაგნოსტიკა და დაავადების გართულების თავიდან აცილება.

 

კანის სრულფასოვანი გამოკვლევისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ თოდუას კლინიკაშიც. გაითვალისწინეთ, ნებისმიერი დაავადების დიაგნოსტიკა ჩვენთან მოწინავე და უახლესი აპარატურით ტარდება.

 

დაავადების მკურნალობა თოდუას კლინიკაში

 

კანის კიბოს მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, მის სტადიასა და დაზიანებული უბნების სიღრმეზე. საწყის ეტაპზე, ხშირად ინიშნება ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება წარმონაქმნის ამოკვეთა. ის განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც კანის სიმსივნე არ არის მეტასტაზირებული და ჩაზრდილი ღრმა შრეებში. კანის კიბოს სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში, სტადიის მიხედვით, ასევე, შეაძლებელია დაინიშნოს  იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია.

 

ჩაიტარეთ სხივური თერაპია თოდუას კლინიკაში, სადაც ხელმისაწვდომია VARIAN-ის ფირმის  უახლესი აპარატურა. ის შესაძლებლობას იძლევა დაზიანებული უბანი მეტი სიზუსტითა და ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალური დაცვით დასხივდეს.

 

კანის კიბოს პრევენცია – რჩევები ექიმებისგან

 

სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ კანის კიბოს სკრინინგის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავი ავარიდოთ დაავადების მაპროვოცირებელ ფაქტორებს. ისინი გვირჩევენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თავი ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ასევე, აუცილებელია გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები მაშინაც კი, თუ არის ღრუბლიანი ან ცივი ამინდი.

 

და მაინც, ყველაზე მთავარი ცხოვრების ჯანსაღი წესია, არა მხოლოდ კანის კიბოს პრევენციისთვის, არამედ ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების თავიდან არიდებისა და ხარისხიანი ცხოვრებისათვის.

 

 

გაზიარება