ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ

04/01/2021

 

 

ახალი წლის დღესასწაულებს განსაკუთრებულად ველით, განსაკუთრებულად აღვნიშნავთ და შესაბამისად, სუფრაც მეტად დატვირთულია უგემრიელესი კერძებით, უამრავი არც თუ ისე სასარგებლო სასუსნავებით, რაც მომატებული კილოგრამებით „გვაჯილდოვებს“, კალორიებისგან დატვირთულ ორგანიზმს განტვირთვა ესაჭიროება.

 

მიიღეთ წყალი დიდი რაოდენობით

 

დაიწყეთ დღე წყლით, გარდა იმისა, რომ ორგანიზმს დაეხმარებით ცხიმის ადვილად წვაში, მეტაბოლიზმს ააქტიურებს და მადასაც აქვეითებს. ცომეულის დავიწყებაში დაგეხმარებათ ხილით და ბოსტნეულით მომზადებული სხვადასხვა „სმუზები“, რომელიც გარდა იმისა, რომ გემრიელია და განაყრებთ, ორგანიზმს საჭირო სითხესაც მიაწვდის.

 

ის, რაც სასარგებლოა

 

ახალი წლის დღეებში, ცხადია, რთულია თავის შეკავება, თუმცა, მომდევნო დღეებში, სასურველია აქცენტი გააკეთოთ დაბალცხიმიან, მაგრამ ამავდროულად, ცილის მაღალი შემცველობის მქონე საკვებზე, როგორიცაა: ფრინველის (კანგაცლილი), თევზის, საქონლის მოხარშული ხორცი, ნაკლებცხიმიანი ყველი. ძალიან სასარგებლა მცენარეული ცხიმების მიწოდება ორგანიზმისთვის, ჩართეთ რაციონში - ავოკადო, ზეთისხილი, ბარდა და პარკოსნები. თუ შაქრის დოზას მინიმალურად შეამცირებთ და მცენარეულ ცხიმს გაზრდით, სასურველ შედეგს მარტივად და მცირე დროში დაინახავთ.

 

სასმელი, რომელიც არ გავნებთ

 

გაზიანი, შაქრით დატვირთული სასმელი  გარდა იმისა, რომ ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს, ხშირად მოხმარების შემთხვევაში, დამოკიდებულებასაც იწვევს. თუ ახალი წლის დღესასწაულების დროს, აქტიურად იღებდით გაზიან სასმელს, პირველ რიგში გირჩევთ, ახლოს გედგათ, ან თან ატაროთ წყლით სავსე ბოთლი, როდესაც მოგწყურდებათ. თუ მხოლოდ სასმელი წყალი მოგბეზრდათ, შეგიძლიათ დაამატოთ სურვილის მიხედვით: ციტრუსი, კენკრა, კიტრის ნაჭრები. თუ გაზიანი სასმელის დალევის სურვილი ძალიან გაგიმძაფრდებათ, შეგიძლიათ მინელაური წყლით ჩაანაცვლოთ.

 

 

ფიზიკური დატვირთვა

 

ის, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია არამარტო დღესასწაულების პერიოდში!

სავარჯიშო დარბაზში სიარული სულაც არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ფორმაში ჩადგეთ. შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით გაეცნოთ სხვადასხვა სავარჯიშო პროგრამებს და მოარგოთ თქვენს რუტინას. გახსოვდეთ, რომ ვარჯიშამდე საკვები მიირთვით 1.5-2 საათით ადრე, ვარჯიშის შემდგომ კი თავი შეიკავეთ 2 საათი. ჩაჯდომები, მხრების და პრესის ვარჯიში, დილის სახალისო აერობიკა განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და სასურველ ფორმებსაც ადვილად დაიბრუნებთ.

 

გაზიარება