ფრიდონ თოდუა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა

 

 

კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტის დამაარსებელი (აკადემიკოს ფრიდონ თოდუას გარდაცვალების შემდეგ 2017 წელს ინსტიტუტს მიენიჭა მისი სახელი)

 

სახელგანთქმული ექიმი, მეცნიერი, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფიგურა ქართული მედიცინის ისტორიაში.საზოგადო მოღვაწე, პატრიოტი, ქველმოქმედი, 1990-იან წლებში საქართველოს რადიოლოგიური სკოლის ამღორძინებელი, ექიმთა და მეცნიერთა არაერთი თაობის  აღმზრდელი, საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი.

საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი 1997-2017 წწ

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი 2005-2015 წწ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი 2008-2012 წწ

საბჭოთა კავშირის და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების  ორდენის  ორგზის კავალერი, მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის ორდენი, წმინდა  გიორგის ოქროს ორდენი.   

 

ფრიდონ თოდუამ სამეცნიერო მოღვაწეობა 1968 წელს დაიწყო მოსკოვში ა. ვ. ვიშინევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც მან გაიარა რთული გზა რიგითი მეცნიერ თანამშრომლიდან მის მიერვე შექმნილი, ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი და  უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული განყოფილების - კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელამდე.

 

იგი ყოველთვის იყო მედიცინაში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ახალი მიღწევების, რადიოლოგიური კვლევის ახალი დიაგნოსტიკური მეთოდების დანერგვის ინიციატორი. მისი შრომები, მოხსენებები და გამოსვლები გამოირჩეოდა ფუნდამენტურობით და სიახლით, რამაც მას დიდი ავტორიტეტი მოუპოვა მთელ მსოფლიოში.

 

ფრიდონ თოდუას პირველი სამეცნიერო კვლევები ეძღვნებოდა შუასაყრის სიმსივნეებისა და კისტების რადიოლოგიური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს, რომლის შედეგები 1973 წელს  ჩამოყალიბდა მის საკანდიდატო დისერტაციაში.

 

80-იანი წლების დასაწყისში მეცნიერულ ტექნიკური პროგრესის მკვეთრი წინსვლისა და მედიცინაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ფრიდონ თოდუა მივლინებულ იქნა გერმანიასა და ავსტრიაში. მან სპეციალიზაციის სრული კურსი გაიარა კომპიუტერული ტომოგრაფიის მეთოდის ასათვისებლად ევროპის წამყვან კლინიკებში და იყო პირველი, ვინც ყოფილ საბჭოთა კავშირში კომპიუტერუოლი ტომოგრაფიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი და გამოავლინა დიდი ორგანიზატორული ნიჭი განყოფილების ჩამოყალიბებასა და კადრების მომზადებაში. დიდ ექსპერიმენტულ და კლინიკურ მასალაზე დაყრდნობით მან ერთ-ერთმა პირველმა შეიმუშავა ბრონქული სისხლის მიმოქცევის შესწავლის ახალი მეთოდები, რაც შემდგომ წარმატებით დაინერგა მსოფლიოს მრავალი კლინიკის პრაქტიკაში.

 

მიღებული შედეგები საფუძვლად დაედო ფრიდონ თოდუას სადოქტორო დისერტაციას 1984 წელს, რომელიც მიეძღვნა სისხლდენით გართულებული ფილტვის ქრონიკული არასპეციფიკური  დაავადებების დროს ბრონქული სისხლის მიმოქცევის  დარღვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

 

1988 წელს მას უკვე პროფესორის წოდება მიენიჭა. ამავე წელს პანკრეატიტების და მასი გართულებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებისა და პრაქტიკაში დანერგვისათვის იგი დაჯილდოვდა სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიით.1990 წელს კი ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციების პრაქტიკაში დანერგვისთვის ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფს ფ. თოდუას ხელმძღვანელობით მიენიჭა საკავშირო პრემია ქირურგიაში.

 

შემდგომი მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად კონცენტრიებული იყო კვლევის არაინვაზიური მეთოდების დანერგვაზე, მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა კომპიუტერული ტომოგრაფიის და ულტრაბგერითი გამოკვლევების მთელი კომპლექსი, რომელიც მიეძღვნა სხვადასხვა სისტემებისა და ორგანოების დაავადებათა დიაგნოსტიკას. პრინციპულად ახლებურად იქნა გააზრებული კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი და გამოყენების მასშტაბები თავის ტვინისა და ხერხემლის, გულმკერდის, შუასაყრის, მუცლის ღრუს, რეტროპერიტონეალური სივრცის და მცირე მენჯის ორგანოების დაავადებათა დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში.

 

დიდ კლინიკურ მასალაზე დაყრდნობის სისტემაში იქნა მოყვანილი და დაზუსტებული სხვადასხვა დაავადებათა კომპიუტერული ტომოგრაფიული თავისებურებები და ამ მეთოდისათვის დამახასიასებელი დიაგნოსტიკური სირთულეები. მუდმივმა ძიებამ და სიახლისაკენ სწრაფვამ საშუალება მისცა ფრიდონ თოდუას ერთ-ერთ პირველს ყოფილ საბჭოთა კავშირში პრაქტიკულ მედიცინაში დაენერგა და განევითარებინა ახალი ორიგინალური მიმართულება ინტერვენციული რადიოლოგია, რაც გულისხმობდა რენტგენოდიაგნოსტიკურ და სამკურნალო ჩარევათა შერწყმას კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით. თამამად შეიძლება ითქვას იგი ამ დარგის პიონერია. მკვლევარის ტალანტისა და სიახლის მაძიებელი კლინიცისტის მონაცემების შერწყმამ უდავოდ შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო - პროფესორ ფრიდონ თოდუას მიერ ჩატარებულმა მრავალმა გამოკვლევამ დასაბამი მისცა რადიოლოგიისა და ქირურგიის ახალი, პერსპექტიული მიმართულებების განვითარებას.

 

მან პირველმა შეიმუშავა ე.წ. „უსისხლო“ მანიპულაციები სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისთვის და პირველმა დანერგა  ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები კომპიუტერული ტომოგრაფიის და ულტრაბგერითი კონტროლით, რაც შესაძლებლობას იძლევა უარი ითქვას რთულ ოპერაციულ ჩარევებზე. მის მიერ შემუშავებული მეთოდები ფართოდ დაინერგა მსოფლიოს მრავალ კლინიკაში.

 

1990 წელს კი ექიმმა, რომელიც იმ დროისთვის უკვე მრავალი საპატიო ტიტულისა და 300–ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი იყო,  გადაწყვეტილება მიიღო დაბრუნებულიყო სამშობლოში იმ დროს, როცა მის ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა. როდესაც საქართველოდან ძირითადად ხდებოდა კვალიფიციური კადრების გადინება საზღვარგარეთ, იგი ჩამოვიდა, რათა დამოუკიდებელი საქართველოს ახალი ცხოვრების დაწყებაში შეეტანა წვლილი, თავისი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი ქვეყნის წინსვლის ბერკეტად ექცია.

 

პრინციპულად ახალი ეტაპი დაიწყო ბატონი ფრიდონის მოღვაწეობაში სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სადაც მან შექმნა სრულიად ახალი ტიპის სამედიცინო დაწესებულება კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტი (აკადემიკოს ფრიდონ თოდუას გარდაცვალების შემდეგ 2017 წელს ინსტიტუტს მიენიჭა მისი სახელი). დღეს ეს დაწესებულება - თოდუას კლინიკა უნიკალურია არამხოლოდ თანამედროვე აღჭურილობითა და პერსონალის პროფესიონალიზმით, არამედ პირველ რიგში ორიგინალური კონცეფციით, რაც სამედიცინო დაწესებულების ორგანიზაციის პრინციპულად ახალ მიდგომაში გამოიხატება. უკანასკნელი წლების მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ინსტიტუტი, ის იქცა ინოვაციის კერად. აქ მუდმივად მუშავდება და კლინიკურ პრაქტიკაში ინერგება ახალი ტექნოლოგიები, კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ინოვაცია ბატონი ფრიდონის ინიციატივით პირველად სწორედ ამ ინსტიტუტში დაინერგა.

 

აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა არის 650-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 12 მონოგრაფიის ავტორი, მათ შორის, 2 მონოგრაფია გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ, მიღებული აქვს 5 საავტორო და 15 საპატენტო მოწმობა გამოგონებაზე, არის 85-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, 200-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე. მისი  შრომები სამართლიანად იმსახურებენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების – რადიოლოგების, ონკოლოგების, ქირურგების უმაღლეს შეფასებას.

 

ბატონი ფრიდონი თვლიდა, რომ დღევანდელი მედიცინა სრულიად წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე, მაგრამ მიაჩნდა, რომ  უმთავრესი არის კვალიფიციური კადრების მომზადება. ეს იყო პირველი, რასაც მოჰკიდა ხელი, საქართველოში დაბრუნებისთანავე და დღეს მისი მოწაფეები არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც, საუკეთესონი თავიანთი მოღვაწეობის სფეროში.

 

1998-2017 წწ იყო ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიის და ენდოსკოპიის კათედრის სრული პროფესორი. 1998-2017წწ იყო საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის დირექტორი, სპეციალობა „სამედიცინო რადიოლოგია და რენტგენოლოგია“.

 

კლინიკური მედიცინის ინსტიტუტში ბ-ნი ფრიდონის ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესები. მის ბაზაზე ფუნქციონირებს: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის დეპარტამენტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიის დეპარტამენტი. ხორციელდება რეზიდენტურის პროგრამა რადიოლოგიაში და ფუნქციონირებს დოქტორანტურა, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სასწავლო ცენტრი.

 

ექიმის, ადმინისტრატორის და მეცნიერის საქმიანობასთან ერთად ბატონი ფრიდონი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 2008-2012 წლებში იგი გახლდათ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და მრავალი სასიკეთო საქმე ამ რეგიონში სწორედ მისი თაოსნობით გაკეთდა.

 

აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა, როგორც საქართველოს ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე პრეზიდენტისა, მან უდიდესი როლი შეასრულა აკადემიის ინსტიტუციის შენარჩუნებაში, აკადემიური მეცნიერებების განვითარებაში საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში, რაც მხოფლიოს სხვადასხვა აკადემიის ჯილდოებით აღინიშნა: მას მიღებული აქვს აკად. ა. ა. ვიშნევსკის სახელობის პრემია, არის სსრ კავშირისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, მინიჭებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის სახელობითი პრემია და ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის დიდი ოქროს მედალი, აკად. გ. მუხაძის მედალი, ივ. ჯავახიშვილის ოქროს მედალი, აკად. ფერდინანდ თავაძის საპატიო მედალი. არჩეულია ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსად, გრაცის (ავსტრია) უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად,  რუსეთის სამედიცინო-ტექნიკური მეცნიერებების აკადემიის ნამდვილ წევრად, მიღებული აქვს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

საქართველომ დაუფასა ღვაწლი ექიმს და მეცნიერს. მისი თავდადებული შრომა არაერთი დიდი ეროვნული ჯილდოთი აღინიშნა, მათ შორს არის ორგზის ღირსების ორდენი, ვახტანგ გორგასლისა და  პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენები. ბატონი ფრიდონი თოდუა თბილისის საპატიო მოქალაქეა.

 

2014 წელს გადაეცა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი ”საქართველოში მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის”.

 

ფრიდონ თოდუას მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება უპირველეს ყოვლისა აღიარებს, როგორც მეცნიერს, რომელმაც მრავალი ინოვაცია დანერგა და სამედიცინო პრაქტიკაში პირველმა გამოიყენა სხვადასხვა დაავადების მკურნალობის პროგრესული მეთოდები.

 

აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა საერთაშორისო ასპარეზზეც აღიარებული ადამიანი იყო, 1999 წელს ფრიდონ თოდუა ჰენრი კისინჯერთან ერთად, ერთიანი ევროპის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ევროპის ღირსების ორდენოსანით დაჯილდოვდა, ამერიკის შეერთებული შტატების ბიბლიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ ფრიდონ თოდუა საზოგადოების წინაშე კეთილშობილური მიღწევებისთვის აღიარებულია 2003, 2008 და 2011 წლებში “წლის საუკეთესო ადამიანად”; “ჰუმანიზმისა და ხალხის სამსახურისთვის” საფრანგეთის მთავრობის მიერ დაჯილდოვებულია “მადლიერების ჯვრით” „დიდი ქველმოქმედებისა და საქმის ერთგულებისთვის“. მიღებული აქვს „ანდრია პირველწოდებული ორდენი“.

 

აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა იყო პიროვნება, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს დიდი ტრადიციების მქონე ქართული მედიცინის, რენტგენ-რადიოლოგიის ქართული სკოლის წინაშე. მან განვითარების სრულიად ახალ, თანამედროვე  საფეხურზე აიყვანა მეცნიერების ეს დარგი და შექმნა მნიშვნელოვანი ფუნდამენტური სამეცნიერო შრომები. მისი ხელმძღვანელობით გაიზარდა ექიმთა და მეცნიერთა არაერთი თაობა. მეცნიერისათვის ალბათ არ არსებობს მეტად საპატიო და ღირსეული ამოცანა, ვიდრე ზრუნვა საკუთარი ერის ჯანმრთელობაზე და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებაზე - ამ ურთულეს და საპასუხისმგებლო საქმეს იგი ემსახურებოდა დიდი თავდადებით!

გაზიარება