ოფთალმოლოგიის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი – თინათინ შენგელაია

 

ოფთალმოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია Topcon-ის ბიომიკროსკოპით, ოფთალმომეტრით, უკონტაქტო კომპიუტერული ტონომეტრით, კომპიუტერული  დიოპტრიმეტრით, ეგზოფთალმომეტრით, პროექტორით, Grand Seiko-ს აუტორეფრაქტომეტრით, სათვალის მინების ნაკრებით, TOMEY-ის კომპიუტერული პერიმეტრით, ოფთალმოსკოპებით და NIDEK-ის ავტო რეფ/კერატომეტრით.

დეპარტამენტში ტარდება:

 

  • ვიზომეტრია, რეფრაქციის ანომალიათა კორექცია რეფრაქტომეტრის მონაცემების საფუძველზე. მიოპიის კორექცია Bausch Lomb-ის, Cooper Vision-ის, Ocular Sciences-ის კონტაქტური ლინზებით.
  • თვალშიდა წნევის დადგენა კომპიუტერული ტონომეტრით. ბიომიკროსკოპია, ოფთალმოსკოპია, ეგზოფთალმომეტრია, ჯამური ცრემლწარმოქმნის უნარის  განსაზღვრა შირმერის ცდით.
  • მხედველობის ველის გამოკვლევა კომპიუტერული პერიმეტრით  სხვადასხვა პათოლოგიის  დროს.
  • ოფთალმოლოგიურ პათოლოგიათა გამოვლენა და მკურნალობა ნევროლოგიურ, ენდოკრინულ, კარდიოლოგიურ  და ონკოლოგიურ დაავადებათა დროს.

 

ოფთალმოლოგია მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რადგან ის თვალებთან და ვიზუალური აღქმის სისტემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გართულებებს შეისწავლის, სვამს დიაგნოზს და მკურნალობის სტრატეგიის შედგენაში შეაქვს წვლილი. უნდა აღინიშნოს, რომ ოფთალმოლოგია მეტად რთული და დინამიკური სფეროა. ამას კი მანიპულაციების ფართო სპექტრი განაპირობებს, რომელსაც ის მოიცავს.ოფთალმოლოგია გულისხმობს როგორც მცირე რეფრაქციული დეფექტების გამოსწორებას, ისე რთული ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას. საბოლოოდ კი, ყალიბდება მედიცინის იმ მიმართულებად, რომელიც არა მხოლოდ მხედველობის აღდგენასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, არამედ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უამრავი ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და სტილზე. 


რას მოიცავს ოფთალმოლოგია?

 

ოფთალმოლოგია დაავადებების ფართო სპექტრს მოიცავს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თვალსა და მასთან დაკავშირებულ სისტემებზე. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რეფრაქციული ანომალიები  - ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი, პრესბიოპია და ა.შ. აღნიშნული გართულებების გამოსასწორებლად ოფთალმოლოგები ინდივიდუალურ მკურნალობის სტრატეგიას ადგენენ და პროცესში იყენებენ ისეთ დამხმარე საშუალებებს, როგორებიცაა: სათვალეები და კონტაქტური ლიზები. ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო. 

 

ოფთალმოლოგს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაშიც თუ კატარაქტასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ. ეს არის მდგომარეობა, რომელიც თვალის დაბინდვით ხასიათდება. იგულისხმება, რომ პაციენტებს უჭირთ ფერების გარჩევა, კითხვა ან სხვა ნებისმიერი საქმიანობა. 

 

ამასთანავე, ოფთალმოლოგია პასუხისმგებელია ისეთ დაავადებებზეც, როგორებიცაა: გლაუკომა, მაკულარული დეგენერაცია, ბადურის გამოყოფა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ თვალის ჯანმრთელობასა და მხედველობის ხარისხზე სხვადასხვა დაავადებების არსებობაც აისახება. მაგალითად, დიაბეტი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კონკრეტულად ბადურაზე, რაც პოტენციურად მხედველობის დაკარგვასთანაა დაკავშირებული. ამგვარი პრობლემების თავიდან ასაცილებლად კი კომპლექსური მკურნალობა ხდება აუცილებელი, რადგან, ერთი მხრივ, საჭიროა, რომ სათანადოდ იმართოს დიაბეტი, მეორე მხრივ კი, სპეციალისტის მიერ თვალი მუდმივად კონტროლდებოდეს. 

 

მედიცინის ეს დარგი მოიცავს თვალის ინფექციებს, ანთებებსა და სხვადასხვა ტიპის ალერგიებს. მსგავსი გართულებები, როგორც წესი, დაკავშირებულია დიდ დისკომფორტთან, მაგალითად ქავილსა და  ცრემლდენასთან, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სპეციალისტთან დროული ვიზიტი, რათა მოხდეს არსებული სიმპტომების შემსუბუქება და პოტენციური გართულებების თავიდან აცილება. 

გაზიარება