C ჰეპატიტი - დიაგნოსტიკა და მკურნალობა

21/07/2021

ც ჰეპატიტი და მისგან განკურნება

 

 

C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ინფექციური ჰეპატოტროპული ვირუსია, რომელიც აფერხებს ღვიძლის ფუნქციონირებას და მსოფლიოში ღვიძლის ქრონიკული დაავადებების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. ინფიცირებული სისხლის მეშვეობით, ვირუსი სისხლძარღვთა სისტემასა და ღვიძლში ხვდება. მას აქვს საოცრად სწრაფი ადაპტაციის უნარი, სწორედ ამიტომ მხოლოდ ინფიცირებულების 15%-ში დგება თვითგამოჯანმრთელება. ქრონიკული C ჰეპატიტის შემთხვევაში - ინფიცირებიდან 20-30 წლის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ისეთი დაზიანებები, როგორიცაა: ციროზი, ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის კიბო.

 

 

როგორ ხდება ინფიცირება?

 

ინფიცირება ხდება ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული მასალის სხვა ორგანიზმში მოხვედრით, იშვიათად სქესობრივი გზითაც (2% ნაკლებ შემთხვევაში).

 

  • არასტერილური საშუალებების გამოყენებით
  • საერთო საინექციო საშუალებების გამოყენებით
  • სისხლის გადასხმით
  • ორსულობის დროს დედისგან ნაყოფის დაინფიცირებით (იშვიათად, 0,7%-ზე იშვიათ შემთხვევებში)
  • საერთო პირადი ჰიგიენის ნივთების მოხმარების დროს (სამართებელი, კბილის ჯაგრისი, მაკრატელი და ა.შ.)

 

C ჰეპატიტი არ გადადის შეხებით, ჰაერწვეთოვანი გზით, კოცნით, ახლო კონტაქტით.

 

C ჰეპატიტს ,,ჩუმ მკვლელსაც’’ უწოდებენ, რადგან ძირითადად უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს, იშვიათად დაავადების დასაწყისში და უფრო ხშირად ბოლო სტადიაზე, ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

 

  • სიყვითლე
  • დაღლილობის შეგრძნება
  • მუცლის ტკივილი
  • ქავილი
  • წონის უეცარი კლება
  • უმადობა
  • გულისრევა
  • მუცლის შებერილობა

 

 

C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა

 

სკრინინგ ტესტი - ადგენს არის თუ არა სისხლში ანტისხეულები anti-HCV С ჰეპატიტის ვირუსის მიმართ. სკრინინგ ტესტი გულისხმობს, რომ ოდესღაც ორგანიზმს ჰქონდა ვირუსთან კონტაქტი, რომელიც მთელი ცხოვრება რჩება ორგანიზმში, თუმცა უშუალოდ ვირუსის არსებობა დგინდება მხოლოდ PCR ტესტით - C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) რნმ-ის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით. 

 

ქრონიკულად მიმდინარე C ჰეპატიტის მიმდინარეობისას, სისხლში უმეტეს შემთხვევაში, მატულობს ღვიძლის ფუნქციური ანალიზების მაჩვენებლები, ამინოტრანსფერაზების დონე შრატში (ALT, AST, GGT, ALP).

 

 

C ჰეპატიტის მკურნალობა

 

C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტივირუსულიი მკურნალობა საშუალოდ გრძელდება 3-6 თვემდე, განკურნების ალბათობა 95%-ზე მეტია!

 

საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე ანტისხეულების აღმოჩენის შემთხვევაში, გააგრძელოს გამოკვლევები და C ვირუსის დადასტურების შემთხვევაში ჩაიტაროს ანტივურუსული მკურნალობა.

 

მნიშვნელოვანია, დროულად დადგინდეს ინფიცირება და დროულად მოხდეს მკურნალობის დაწყება, რათა თავიდან ავირიდოთ სერიოზული გართულებები. პაციენტების მკურნალობა მიმდინარეობს ახალი თაობის ანტივირუსული მედიკამენტებით და ხელმისაწვდომია ყველასთვის, სრულიად უფასოდ.

 

 

 

 

 

გაზიარება