ღვიძლის კიბო – ყველაფერი, რაც დაავადებაზე უნდა იცოდეთ
მართალია, ღვიძლის კიბო ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების ჩამონათვალში არ ხვდება, თუმცა მას სწრაფი ზრდა ახასიათებს. ამიტომაც, წარმატებული მკურნალობისთვის მისი დროული დიაგნოსტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბლოგში ღვიძლის კიბოზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგაცნობთ, მათ შორის, მოგიყვებით მის მაპროვოცირებელ ფაქტორებსა და სიმპტომებზე, რაც დაავადების რისკების შემცირებასა თუ მის დროულად აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
👉 ონკოლოგია თოდუას კლინიკაში – შეიტყვეთ მეტი ჩვენს ცენტრში ხელმისაწვდომ სადიაგნოსტიკო-სამკურნალო საშუალებებზე
სარჩევი
ღვიძლის კიბოს ფორმები
სპეციალისტები ღვიძლის კიბოს ორ ძირითად ფორმას განარჩევენ – პირველადსა და მეორადს. როდესაც ავთვისებიანი სიმსივნის პირველადი კერა უშუალოდ ღვიძლში მდებარეობს, მას ღვიძლის პირველად კიბოს უწოდებენ. ღვიძლის მეორადი კიბო კი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სხვა ორგანოზე არსებული სიმსივნური უჯრედები ღვიძლზე ვრცელდება.
გარდა ამისა, გამოყოფენ ღვიძლის სიმსივნის სხვა სახეობებსაც, რომელთა შორისაა ჰეპატოცელულური კარცინომა, ანგიოსარკომა, ჰეპატობლასტომა, ჰემანგიოსარკომა, ქოლანგიოკარცინომა. მკურნალობის ტაქტიკის სწორად შერჩევისათვის, ღვიძლის კიბოს ფორმების დიფერენცირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
🩺 დროულად ჩაიტარეთ Check-up – დაიზღვიეთ თავი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებისგან
გამომწვევი მიზეზები – როდის გმართებთ ყურადღება?
დაავადების გამომწვევი კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა კარგად ვიცით ის ფაქტორები და პათოლოგიები, რაც ღვიძლის პირველადი კიბოს განვითარების რისკს ზრდის. ესენია:
- B და C ჰეპატიტი ან/და ღვიძლის სხვა დაავადებები;
- სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ღვიძლის ციროზი;
- თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება;
- სქესი – სტატისტიკურად, ღვიძლის კიბოთი მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან;
- ასაკი – დაავადების განვითარების ალბათობა 60 წლის ზემოთ კიდევ უფრო იზრდება;
- დაბინძურებული გარემო;
- გენეტიკური წინასწარგანწყობა;
- ანაბოლური სტეროიდები, რომლებსაც უმეტესად კაცი სპორტსმენები კუნთის მასის გასაზრდელად მოიხმარენ;
- თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ჭარბი წონა.
🔬 ჩაიტარეთ მრტ კვლევა უახლესი თაობის ტომოგრაფით და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენს ჯანმრთელობაზე
ღვიძლის კიბოს სიმპტომები – რამ შეიძლება მიგანიშნოთ დაავადებაზე?
ღვიძლის სიმსივნეზე ეჭვის მიტანა არც ისე მარტივია. ერთი მხრივ, მისი სიმპტომები ადრეულ ეტაპზე იშვიათად ვლინდება. მეორე მხრივ კი, კლინიკური ნიშნების უმეტესობა არასპეციფიკურია, შესაბამისად, რთულია მათი სიმსივნესთან დაკავშირება. მიუხედავად ამისა, გირჩევთ, არ უგულებელყოთ შემდეგი სიმპტომები:
- საერთო სისუსტე, მუდმივი დაღლილობა;
- თავბრუსხვევა;
- მადის უმიზეზოდ დაქვეითება;
- წონის უმიზეზოდ კლება;
- გულისრევის შეგრძნება, ღებინება;
- ძლიერი ტკივილი მუცლის არეში ფიზიკური აქტივობისას;
- მუცლის შებერილობა, რომელიც არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან;
- სწრაფად დანაყრების შეგრძნება;
- ღვიძლის ზომაში ზრდა;
- ფეხისა და წელის შეშუპება;
- თვალის თეთრი გარსის, კანისა და ლორწოვანის ყვითელი შეფერილობა;
- ციება, ტემპერატურის მატება თუ გრიპის მსგავსი სიმპტომები;
- მუქი ფერის შარდი, ღია ფერის განავალი.
💻 კომპიუტერული ტომოგრაფია („კტ-ს“ გადაღება) – რა უნდა იცოდეთ კვლევის ამ მეთოდზე?
ღვიძლის კიბოს სტადიები და მათი სიმპტომები
ღვიძლის კიბოს სხვადასხვა სტადიაზე, პაციენტს, როგორც წესი, განსხვავებული სიმპტომები უვლინდება. თითოეული მათგანის ზოგად მიმოხილვასა და მათთვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს ქვემოთ მოკლედ გაგაცნოთ.
- პირველი სტადია – საწყის ეტაპზე სიმსივნე ლოკალიზებულია მხოლოდ ღვიძლზე და არ ვრცელდება სისხლძარღვებში, სხვა ორგანოებსა თუ ლიმფურ კვანძებში. პაციენტი უჩივის საერთო სისუსტეს, ასევე, უსიამოვნო შეგრძნებებს მუცლის მარჯვენა მიდამოში. ამ დროს უკვე შეიმჩნევა ღვიძლის ზომაში ზრდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწყის სტადიაზე შესაძლებელია დაავადება სრულიად უსიმპტომო იყოს. ასეთ შემთხვევაში ღვიძლის კიბო შემთხვევით რადიოლოგიურ გამოკვლევაზე ვლინდება.
- მეორე სტადია – მოგვიანებით სიმსივნე შეიძლება შეიზარდოს სისხლძარღვებში, ამასთან, თავი იჩინოს რამდენიმე მცირე ზომის სიმსივნურმა წარმონაქმნმა. ამ ეტაპზე, როგორც წესი, ვლინდება გულისრევის შეგრძნება, ღებინება, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა და ტკივილი მუცლის არეში.
- მესამე სტადია – ამ დროს სახეზეა რამდენიმე სიმსივნური წარმონაქმნი და კიბო გავრცელებულია ღვიძლის მსხვილ ვენებში. შესაძლოა, მეტასტაზები გაჩნდეს მეზობელ ორგანოებშიც, როგორიცაა ლიმფური კვანძები. მესამე სტადიას ახასიათებს ფეხებისა და წელის შეშუპება. შეიძლება გამოვლინდეს თვალის, კანისა და ლორწოვანის სიყვითლეც.
- მეოთხე სტადია – სიმსივნე გავრცელებულია მეზობელ ორგანოებსა თუ სისხლძარღვებში. მეტასტაზებმა შეიძლება მიაღწიოს მოშორებით მდებარე ორგანოებამდე და ლიმფურ კვანძებამდეც. ცხადია, ამ დროს ღვიძლის კიბოსთვის დამახასიათებელი სიმპტომები უფრო ინტენსიური და მწვავეა.
როგორ ხდება დიაგნოსტირება?
ზოგადად, კიბოს (სიმსივნის) დიაგნოსტიკა მოიცავს როგორც ლაბორატორიულ, ისე ინსტრუმენტულ გამოკვლევებს. პირველ ეტაპზე სპეციალისტი ნიშნავს ისეთ ლაბორატორიულ კვლევებს, როგორებიცაა შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი, ალბუმინის ტესტი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, კოაგულოგრამა, სხვადასხვა ონკომარკერების, ვირუსული ჰეპატიტების ანალიზი და სხვა.
ღვიძლის კიბოს დიაგნოსტირების პროცესში მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევაც. საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც. გავრცელებული შემთხვევებში შესაძლოა, ასევე, გაკეთდეს პეტ-კტ კვლევა. სიმსივნური წარმონაქმნების მახასიათებლების დასადგენად კი ინიშნება ბიოფსია, რა დროსაც ღვიძლის დაზიანებული ქსოვილის ამოღება და მისი მიკროსკოპული გზით შესწავლა ხდება.
თოდუას კლინიკაში ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა კვლევა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებში და უახლესი თაობის აპარატურით ხორციელდება, რაც ზუსტი პასუხის მიღებაში გვეხმარება.
👉 გადადით ბმულზე და გაიგეთ მეტი ექოსკოპიის შესახებ
ღვიძლის კიბოს მკურნალობა – რა მეთოდები გამოიყენება ყველაზე ხშირად?
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სწორი მკურნალობის დასანიშნად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ღვიძლის კიბოს ფორმის განსაზღვრას. ამასთანავე, უნდა შეფასდეს სიმსივნის ზომა, მისი ლოკალიზაცია და გავრცელების არეალი. ექიმმა სამკურნალო მეთოდების შერჩევამდე, უნდა გაითვალისწინოს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობაც. ღვიძლის კიბოს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია ჰეპატოლოგის ჩართულობა, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად და ინფექციური ჰეპატიტების სამართავად.
როგორც წესი, ღვიძლის კიბოს მკურნალობისთვის რამდენიმე მეთოდის კომბინაცია გამოიყენება. ყველაზე ხშირად მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიას.
👉 სხივური თერაპიის ჩატარება თოდუას კლინიკაში – გაიგეთ მეტი მკურნალობის ამ მეთოდზე
ქირურგიული მკურნალობა მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც კიბოს ზომა მცირეა და არ არის გავრცელებული სისხლძარღვებში, სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. პროცედურის დროს შესაძლოა ღვიძლის დაზიანებული ნაწილის რეზექცია. საქმე ისაა, რომ ღვიძლს უჯრედების რეგენერაციის უნარი აქვს, ამიტომ ორგანო დროთა განმავლობაში ამოკვეთილი ნაწილის აღდგენას თავად ახერხებს. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო გახდეს მთლიანი ორგანოს ამოკვეთა, რა დროსაც აუცილებელია მისი ტრანსპლანტაცია. ქირურგიული მკურნალობის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია კიბოს უხილავი უჯრედების გასანადგურებლად ან მისი ხელახლა განვითარების რისკების თავიდან აცილების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ ქირურგიული პროცედურის ჩატარება შეუძლებელია, მკურნალობა მხოლოდ იმუნო- ან ტარგეტული თერაპიით, ქიმიოთერაპიით, სხივური თერაპიითა და სხვა დამხმარე მეთოდებით წარიმართება.
ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდებისა და მათი კომბინაციის შერჩევა დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. ამიტომაც თოდუას კლინიკაში მკურნალობას სხვადასხვა სპეციალისტით დაკომპლექტებული, მულტიდისციპლინური გუნდი უძღვება. რაც მთავარია, გუნდი მონაწილეობას იღებს არა მხოლოდ ტაქტიკის შემუშავებაში, არამედ მთლიანი პროცესის მართვასა და საბოლოო შედეგების შეფასებაში.
ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს ან დაგვირეკეთ ნომერზე 032 2 57 57 57.