რა არის მუნი? -სიმპტომები და მკურნალობა
კანის დაავადებები, განსაკუთრებით გადამდები კატეგორიიდან, ჯერ კიდევ რჩება მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევად. მათ შორისაა მუნი, მეორე სახელწოდებით ბღერი, რომელიც არც ქართული საზოგადოებისთვისაა უცხო.
გამომდინარე იქიდან, რომ მუნი საკმაოდ მარტივად გადამდებია, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ეს დაავადება, როგორ ვრცელდება და როგორ ხორციელდება დროული, ეფექტიანი მკურნალობა.
ამ სტატიაში მარტივად აგიხსნით ყველაფერს: რა არის მუნი, სიმპტომები როგორ გამოიყურება, როგორ ხდება გადაცემა ოჯახში, სასწავლო დაწესებულებებსა და კოლექტივებში, რას ნიშნავს სწორად ჩატარებული მკურნალობა და როგორ ავირიდოთ თავიდან ხელახალი ინფიცირება. სწორი ინფორმაცია და დროული ქმედება საუკეთესო გზაა პრობლემის სწრაფად მოსაგვარებლად.
რა არის მუნი და როგორ ვრცელდება?
ეს არის კანის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტკიპა Sarcoptes scabiei. პარაზიტი ძვრება კანის ზედა ფენაში და ქმნის მიკროსკოპულ “ბილიკებს”, სადაც დებს კვერცხებს. ამ პროცესს ტან სდევს გამაღიზიანებელი ქავილი და გამონაყარი. ცხადია, საინტერესოა, როგორ გამოიყურება მუნი - ყველაზე ხშირად მას ახლავს წვრილი, კანზე წითლად მოფენილი გამონაყარი და თხელი, ტოტისებრი ხაზები კანის ზედაპირზე – ეს არის ტკიპის “ბილიკების” ნაკვალევი.
როგორ ვრცელდება დაავადება? მთავარი გზა არის მჭიდრო კანის კონტაქტი: პარტნიორები, მშობელი-ბავშვი, ოჯახის წევრები, საერთო საწოლი. გავრცელება შესაძლებელია საერთო თეთრეულით, პირსახოცითა და ტანსაცმლით, განსაკუთრებით თუ ეს ნივთები გამოიყენება მოკლე ინტერვალებში. პოპულარული მითია, თითქოს მუნი მხოლოდ უსუფთაობისას ჩნდება, ან რომ მუნი ბავშვებში უფროა გავრცელებული და სხვებისთვის უვნებელია. ეს ორივე შედეხულება არასწორია. ჰიგიენა მნიშვნელოვანია, მაგრამ დაავადება შეიძლება განვითარდეს სუფთა გარემოშიც, ხოლო გადაცემა ნებისმიერ ასაკში ხდება, თუ კონტაქტი იყო საკმარისად მჭიდრო და ხანგრძლივი.
როგორ ამოვიცნოთ მუნი?
როგორ მივხვდეთ, რომ ქავილის მიზეზი, შესაძლოა, იყოს მუნი? - სიმპტომები ხშირად თითქოს ალერგიასაც კი ჰგავს, მაგრამ ორი ნიშანი განსაკუთრებით დამახასიათებელია: პირველი - ეს არის ძლიერად გამოხატული ქავილი, რომელიც ღამით კიდევ უფრო აუტანელი ხდება; და მეორე - წვრილი გამონაყარი და პატარა ბუშტუკები, ზოგჯერ ჩირქოვანიც კი.
ხშირია ასევე თხელი, დაკლაკნილი ხაზები კანზე - ეს ტკიპის მოძრაობის ნაკვალევი. ლოკალიზაციაც საკმაოდ სპეციფიკურია: თითებს შორის აპკები, მაჯები, იღლიის არე, წელის ზონა, ქვემუცელი, სასქესო არე.
როგორ ამოვიცნოთ მუნი ყოველდღიურ ცხოვრებაში? თუ ღამით გამძაფრებული ქავილი გაწუხებთ, გამონაყარი განსაკუთრებით თითებს შორის და მაჯაზეა, ხოლო ოჯახის წევრებსაც მსგავსი ნიშნები უჩნდებათ, მაღალია ალბათობა, რომ სწორედ კანის ეს დაავადება გაგიჩნდათ. ვიზუალურად, როცა კანს დააკვირდებით, თუ როგორ გამოიყურება ის, დაინახავთ მცირე, წითელი გამონაყარს, ხანდახან პატარა ბუშტუკების სახითაც კი, და მიკროხაზებს, თითქოს ნემსით დახატულ მარშრუტებს. დერმატოლოგის დიაგნოზი ნაწილობრივ ეფუძნება კლინიკურ სურათს და, საჭიროებისას, მიკროსკოპიული გამოკვლევასაც.
ხშირად ისმის კითხვა, როგორ გამოიყურება მუნი ბავშვებში. მართალია, ეს დაავადება ბავშვებში ზოგჯერ განსხვავებულად მოდის, თუმცა, სიმპტომებში რადიკალური სხვაობა არაა. ჩვილებსა და მცირე ასაკში გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს სახეზეც, ქუთუთოებზე, თავის კანსა და ხელის/ფეხის გულებზე - აქ პატარა ბუშტუკები და ქავილი უფრო თვალშისაცემია. ამიტომ, თუ მშობელმა შენიშნა ღამით ქავილის გაძლიერება, გამონაყარი სახეზე ან თავის არეში და ბავშვის მოუსვენრობა ძილის დროს, დერმატოლოგთან სწრაფი ვიზიტი აუცილებელია.
როგორ მოვიშორო მუნი?
მთავარი და N1 პრინციპი მარტივია: მუნის მკურნალობა უნდა იყოს სისტემური და ოჯახის მასშტაბით თანადროული. ხშირად ისმის კითხვა: როგორ გავთავისუფლდე ამ დაავადებისგან სწრაფად და უსაფრთხოდ? სწორი გზა, ამ და ყველა შემთხვევაშიც, ექიმის დანიშნულების დაცვა.
როგორ მარცხდება მუნი? - მკურნალობა, ძირითადად, სკაბიციდურ საშუალებებს ეფუძნება. დერმატოლოგი ნიშნავს ლოსიონებს, კრემებსა და მალამოებს, რომლებიც დაიტანება მთელ ტანზე ყელიდან ქვემოთ, ზოგჯერ - თავის კანსა და სახეზეც, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება. თითოეული მათგანის გამოყენების წესი განსხვავდება პრეპარატის მიხედვით (ხშირად – საღამოს წასმით, დილით ჩამობანვით; განმეორება 7 დღის შემდეგ). თვითნებური შერჩევა ან ერთჯერადი წასმა საკმარისი არაა - მუნის მკურნალობა არის პროტოკოლი და არა “ერთი შეზელა”.
მკურნალობასთან ერთად აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა: დღის განმავლობაში ხელების ხშირი დაბანაა საჭირო, თბილი წყლით შხაპი სიმპტომური კომფორტისთვის სჯობს. ტანსაცმელი, პიჟამა, საწოლის ქვეშაგები და პირსახოცები უნდა გაირეცხოს მაღალ ტემპერატურაზე (60°C და ზემოთ) და კარგად გამშრალდეს.
ოჯახის წევრების ერთდროული დაავადების შემთხვევაში მუნის მართვა კიდევ უფრო რთული შეიძლება იყოს. როგორ მოვიშოროთ მუნი ოჯახის პირობებში? - პირველ რიგში, შეამცირეთ კონტაქტი და საერთო ნივთების გამოყენება. პარალელურად იმკურნალეთ ყველა ახლო კონტაქტმა, თუნდაც უჩვეულო არაფერი გაწუხებდეთ. ასე ავირიდებთ დაავადების კიდევ უფრო გავრცელებას.
ქავილის კონტროლი განსაკუთრებით რთულია. მკურნალობის დაწყების შემდეგ ქავილი შეიძლება გაგრძელდეს 2-3 კვირა და ეს არ ნიშნავს, რომ მუნი კვლავაც ძლიერდება. ესაა ანთებითი რეაქციის ინერციით გაგრძელება. ექიმი რეკომენდაციას გასცემს დამამშვიდებელ ლოსიონებსა და, საჭიროებისას, ანტიალერგიულ პრეპარატებზე. თუ ქავილი მკურნალობასთან ერთად არ იკლებს, კონსულტაცია კიდევ ერთხელ უნდა გაიაროთ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: თვითმკურნალობა ხშირად უშედეგოა. ინტერნეტში წაკითხული რჩევები ან ნაცნობების “რეცეპტები” უშედეგოა და არც პრობლემისგან გვათავისუფლებს. თუ გვინდა, მოვიშოროთ მუნი, მკურნალობა პროფესიონალებს უნდა მივანდოთ.
როგორ ავიცილოთ თავიდან ხელახალი ინფიცირება?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გარემოს დეზინფექცია. რეგულარულად გამოცვალეთ საწოლის თეთრეული, პირსახოცები; მტვერსასრუტით დაამუშავეთ მატრასი, დივანი, ხალიჩები.
ცხადია, დიდი როლი აქვს პირად ჰიგიენას. არ გაუზიაროთ პირსახოცები, ტანსაცმელი, საწოლი და ინდივიდუალური ნივთები ოჯახის წევრებს. ბავშვებისთვის დამატებით რეკომენდირებულია სათამაშოები, პლედები, საყვარელი ბალიშები ხშირად გარეცხოთ ცხელი წყლით ან, თუ ვერ ირეცხება, მიმართოთ ქიმწმენდას. ასე მცირდება რისკი, რომ მუნი კიდევ ერთხელ დაბრუნდეს.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
ცხადია, ექიმს უნდა მიმართოთ პირველივე სიმტპომების გაჩენისთანავე. განსაკუთრებით, თუკი ხართ უკვე დიაგნოსტირებული პაციენტის ახლო კონტაქტი.
თუკი მკურნალობა უკვე დაწყებული გაქვთ და ქავილი არ იკლებს, მკურნალობის დაწყებიდან 2–3 კვირის შემდეგაც კი, საჭიროა კიდევ ერთხელ გაესაუბროთ სპეციალისტს. ასევე, თუ გამონაყარი ფართოვდება ან მკურნალობის სქემა თვითნებურად შეცვალეთ - აუცილებლად ეწვიეთ ექიმს.
სპეციალისტთან კონსულტაცია საჭიროა შემდეგ შემთხვევებშიც:
- თუ ოჯახის წევრებსაც განუვითარდათ მსგავსი ნიშნები;
- თუ გაჩნდა ტკივილი, ჩირქოვანი კერები ან მეორადი ბაქტერიული ინფექციის ეჭვი.
დერმატოლოგი შეაფასებს, სწორად ტარდებოდა თუ არა მუნის მკურნალობა, ხომ არ არის საჭირო სქემის განმეორება ან პრეპარატის შეცვლა და დამატებითი ანთების საწინააღმდეგო/ანტიბაქტერიული ღონისძიებები.
მუნი უსიამოვნო გამოცდილებაა, მაგრამ ამ დაავადებისგან განკურნება სრულიად შესაძლებელია. თუ ვიცით, როგორ ამოვიცნოთ მუნი, როგორია მისი სიმპტომები და როგორ გამოიყურება მისი კვალი კანზე, ადვილია დროული მოქმედება.
კონსულტაცია დერმატოლოგთან, ოჯახის წევრების იზოლაცია, გარემოს სწორად დამუშავება და პროტოკოლის დაცვა-– ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა. მოკლედ რომ ვთქვათ, მუნი მარტივად დასამარცხებელია, თუ სპეციალისტს დროულად მივმართავთ და მკურნალობის ყველა ეტაპს ბოლომდე გავივლით.
