ვირუსული გასტროენტერიტი ბავშვებში

06/07/2022

 

 

ზაფხულის დადგომასთან ერთად მეტად აქტუალური ხდება დიარეით მიმდინარე დაავადებები ბავშვებში, მატულობს ნაწლავთა ინფექციების სიხშირე, იზრდება საკვებით ინტოქსიკაციის რისკი.

 

გასტროენტერიტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებაა, რომელიც გამოვლინდება გულისრევა/პირღებინებით, მუცლის ტკივილით, დიარეით და ცხელებით. დაავადების ძირითადი გართულებაა გაუწყლოება, რომელიც მოზრდილებისგან განსხვავებით ბავშვებში უფრო სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები.

 

 

ვირუსული გასტროენტერიტი და მისი გამომწვევი მიზეზები

 

უხშირეს შემთხვევაში ვირუსები (როტავირუსი, ნოროვირუსი, ასტროვირუსი, ადენოვირუსი) გადაეცემა დაავადებულ პირთან კონტაქტით - საბავშვო ბაღები, სკოლები, ხალხმრავალი ადგილები წარმოადგენს ინფექციის გავრცელების კერებს. ბაქტერიები (ნაწლავის ჩხირი, სალმონელა, შიგელა, კამპილობაქტერია, სტაფილოკოკები და ა.შ)

 

ბაქტერიული გასტროენტერიტის გავრცელების წყაროს წარმოადგენს დაბინძურებული საკვების შეხება ან მიღება (განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს უმი ან თერმულად არასრულად დამუშავებული საქონლის ან ფრინველის ხორცი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, არაპასტერიზებული რძე, ხილის წვენები), ცხოველებთან შეხება, რომლებიც ატარებენ გარკვეულ ბაქტერიებს, დაბინძურებული წყლის გადაყლაპვა, როგორიცაა ჭაბურღილები, ნაკადულები და საცურაო აუზები.

 

საკვები პროდუქტების შენახვის პირობების დარღვევა შესაძლებელია გახდეს კვებითი ინტოქსიკაციის მიზეზი. ბაქტერიული ტოქსინებით დაბინძურებული საკვები სწრაფად იწვევს ღებინების და დიარეის განვითარებას. 

 

პარაზიტებით გამოწვეული გასტროენტერიტი (როგორიცაა Giardia intestinalis და Cryptosporidium parvum) ჩვეულებრივ გამოწვეულია  დაბინძურებული წყლის დალევით ან ფეკალურ-ორალური გადაცემით. პარაზიტი Entamoeba histolytica არის სისხლიანი დიარეის საერთო მიზეზი იმ ადგილებში, სადაც სანიტარული პირობები არ არის დაცული. 

 

 

გასტროენტერიტის მკურნალობა

 

გასტროენტერიტი წარმოადგენს დეჰიდრატაციის რისკს, რის გამოც აუცილებელია პერორალურად დიდი რაოდენობით სითხის მიღება (სუფთა წყალი, ორალური რეჰიდრატაციის ხსნარები), ცხელების არსებობის შემთხვევაში - სიცხის დამწევი მედიკამენტების მიღება. მწვავე მიმდინარეობის შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ინტრავენური ინფუზური თერაპია და ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

 

 

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს შემდეგი სიმპტომების არსებობა:

  • მაღალი ცხელება
  • ძილიანობა, ცნობიერების შეცვლა, ჭირვეულობა ან ხშირი ტირილი
  • ღებინების ხშირი ეპიზოდები
  • ხშირი დეფეკაცია დიდი რაოდენობით სითხის შემცველი მასებით
  • მუცლის ტკივილი 
  • განავალში ლორწოს და სისხლიანი მინარევების არსებობა
  • შარდვის შემცირება

 

გართულებების თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია, მშობლის სწავლება დაავადების საშიშროებების  ნიშნების ამოცნობის შესახებ.

 

როგორ დავიცვათ თავი გასტროენტერიტის მწვავე შემთხვევებისგან:

  • აუცილებელია პირადი ჰიგიენის  დაცვა
  • ბავშვების წახალისება  ხშირად დაიბანონ ხელები საპნით
  • საკვები პროდუქტების შენახვის და მომზადების წესების დაცვა
  • საეჭვო საკვების და წყლის მიღებისგან თავის შეკავება.

 

წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით - 2 57 57 57

გაზიარება