ანევრიზმა – რა უნდა ვიცოდეთ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო დაავადებაზე

19/04/2023

ანევრიზმა და მისი მკურნალობა

 

ანევრიზმა იმ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით, გეგმური კვლევების დროს ან მწვავე მდგომარეობისას ვლინდება. შესაბამისად, რთულდება პათოლოგიის დროული მკურნალობა და მისი განვითარების პრევენცია. მიუხედავად ამისა, გამომწვევი მიზეზების ცოდნითა და, შეძლებისდაგვარად, მათი თავიდან აცილებით შეგვიძლია შევამციროთ ანევრიზმის წარმოქმნის რისკები ან შევანელოთ მისი განვითარების პროცესი.

 

ჩვენ გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ანევრიზმაზე და მოგიყვებით მისი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გზებზე.

 

 

რა არის ანევრიზმა?

 

ანევრიზმა არის დაავადება, რომელიც სისხლძარღვთა სისტემაში ვითარდება. ის უმეტესად აორტისა და თავის ტვინის არტერიებში წარმოიქმნება, რომლებსაც, მდებარეობის მიხედვით, აორტის ანევრიზმასა და თავის ტვინის ანევრიზმას ვუწოდებთ. თუმცა გაითვალისწინეთ, მან, შესაძლოა, ნებისმიერ სისხლძარღვში იჩინოს თავი.

 

ის გამოიხატება სისხლძარღვების კედლების გათხელებითა და დასუსტებით. დროთა განმავლობაში დაზიანებულ უბანზე წარმოიქმნება გამობერილობა, რომელიც შეიძლება დაავადების გარკვეულ ეტაპზე გასკდეს.

 

საშიშია თუ არა ანევრიზმა?

 

ის საშიში დაავადებაა, რადგან ხშირად უსიმპტომოა და, შესაძლოა, ის სწორედ გასკდომის შემდეგ გამოვლინდეს. მისი გასკდომა კი ზოგჯერ ლეტალურად ან ინვალიდობით სრულდება. ასეთ დროს აუცილებელია მყისიერი სამედიცინო ჩარევა და მკურნალობის პროცესის ყურადღებით მართვა.

 

მეორე მხრივ, ანევრიზმა, შესაძლოა, საერთოდ არ გასკდეს და პაციენტმა დაავადებასთან ერთად, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების გარეშე იცხოვროს. მაგალითად, ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კვლევის ფარგლებში, გამოიკვლიეს ანევრიზმის დიაგნოზის მქონე 12 ათასი პაციენტი. მათგან მხოლოდ 110 პაციენტში დაფიქსირდა გასკდომის შემთხვევა, ანუ დაახლოებით 1%-ში.

თუმცა ეს სიმშვიდის საფუძველს მაინც არ გვაძლევს და მისი არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია დაავადების მონიტორინგი და სპეციალისტის მუდმივი მეთვალყურეობა.

 

დაავადების გამომწვევი მიზეზები

 

არსებობს თანდაყოლილი ანევრიზმა, თუმცა ის ძალიან იშვიათია. დაავადება ძირითადად დროთა განმავლობაში ვითარდება, სხვადასხვა გამომწვევი მიზეზის გავლენით. ანევრიზმის მაპროვოცირებელ ძირითად ფაქტორებს მიეკუთვნება:

 

  • მწეველობა, ასევე, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება – მათში შემავალი ნივთიერებები აზიანებს სისხლძარღვების კედლებს, რა დროსაც მატულობს ანევრიზმის წარმოქმნის საფრთხე;
  • მდედრობითი სქესი – დაავადება უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე კაცებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი მენოპაუზის შემდეგ ჰორმონალური ცვლილებებია;
  • გარკვეული დაავადებები – მათ მიეკუთვნება შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, აორტის შევიწროება, არტერიოვენური მალფორმაცია თავის ტვინში, თირკმლის პოლიკისტოზი და სხვა;
  • ასაკი – ანევრიზმის განვითარების ალბათობა 30 წლის ზემოთ მატულობს;
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა – თუ ანევრიზმით დაავადებულია პირველი რიგის ნათესავი, ასეთ ადამიანებში მისი განვითარების რისკი შედარებით მაღალია;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ტრავმა – ანევრიზმა ვითარდება სისხლძარღვის ტრავმული დაზიანების დროსაც.

 

ანევრიზმის სიმპტომები

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანევრიზმა ხშირად უსიმპტომოა, თუმცა არსებობს ნიშნები, რომელთა გამოვლენის დროსაც ჩნდება ეჭვი, რომ საქმე სწორედ ამ დაავადებასთან გვაქვს. ეს ნიშნებია:

 

  • ქუთუთოების დაშვება;
  • თვალის გუგის გაფართოება;
  • ნახევარი სახის დაბუჟება;
  • მხედველობის სიმახვილის გაუარესება ან გაორება და სხვა.

 

ანევრიზმის გასკდომა კი შემდეგი ნიშნებით ვლინდება:

 

  • ძლიერი ტკივილი – ის ანევრიზმის გასკდომის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. პაციენტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ტკივილი არასდროს უგრძნიათ;
  • გულისრევა;
  • გაუგებარი მეტყველება;
  • გონების დაკარგვა და ა.შ.

 

დაავადების დიაგნოსტიკა

 

ანევრიზმის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება როგორც არაინვაზიური, ისე ინვაზიური მეთოდები.

 

არაინვაზიურ კვლევის მეთოდებს განეკუთვნება თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის რეჟიმში და თავის ტვინის სისხლძარღვების კომპიუტერული ანგიოგრაფია.

ინვაზიური მეთოდს კი დიგიტალური სუბსტრაქციული ანგიოგრაფია მიეკუთვნება. სწორედ ეს კვლევა მიიჩნევა მსოფლიოში თავის ტვინისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების, მათ შორის, ანევრიზმის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად. კვლევა სპეციალისტს აძლევს შესაძლებლობას დასვას ზუსტი დიაგნოზი და პაციენტზე მაქსიმალურად მორგებული, ინდივიდუალური მკურნალობის ტაქტიკა შეიმუშაოს.

 

ანევრიზმის მკურნალობა

 

დაავადების მკურნალობისთვის გამოიყენება მედიკამენტური და სისხლძარღვთა ქირურგიული მკურნალობის მეთოდები.

 

იმ შემთხვევაში, თუ ანევრიზმა არ არის გამსკდარი ან არის პატარა ზომის უპირატესობა ენიჭება მედიკამენტურ მკურნალობას. ასეთ დროს ქირურგიულმა ჩარევამ, შესაძლოა, ანევრიზმის გახეთქვა გამოიწვიოს ან გაამწვავოს პაციენტის მდგომარეობა. ამიტომ გაუხეთქავი ანევრიზმის არსებობის შემთხვევაში, სპეციალისტი ნიშნავს პრეპარატებს, რათა არ მოხდეს მისი განვითარება. პარალელურად კი, აქტიურად აწარმოებს დაავადების მონიტორინგს სხვადასხვა სადიაგნოსტიკო საშუალებების დახმარებით.

 

მკურნალობის პროცესში სისხლძარღვთა ქირურგი ანევრიზმის გახეთქვის ან გართულების შემთხვევაში ერევა. ასეთ დროს ოპერაცია აუცილებელია, მიუხედავად დაზიანებული კერის სიდიდისა თუ ადგილმდებარეობისა.

 

შესაბამისი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ ვიზიტი სპეციალისტთან.

 

დაავადების პრევენციის გზები

 

დაავადების წარმოქმნისა ან მისი განვითარების პრევენციისთვის, ცხადია, აუცილებელია ანევრიზმის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც თამბაქოს, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავებას, ჯანსაღ კვებასა და ადეკვატურ ფიზიკურ აქტივობას გულისხმობს. ამასთან ერთად, მაღალი არტერიული წნევის მატარებელ პაციენტებს მართებთ წნევის მუდმივი კონტროლი და რეგულირება. ცხადია, მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ ადამიანებმა, რომელთაც აქვთ ანევრიზმის ხელშემწყობი რომელიმე დაავადება ან/და გენეტიკური წინასწარგანწყობა.

 

იმ შემთხვევაში კი, თუ გაქვთ ეჭვი ან გაქვთ ანევრიზმის დიაგნოზი, დაჯავშნეთ ვიზიტი თოდუას კლინიკის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან და დეტალურად გამოიკვლიეთ თქვენი ჯანმრთელობა კლინიკაში არსებული უახლესი თაობის სადიაგნოსტიკო აპარატურით.

 

გაზიარება