მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დეპარტამენტი - მრტ

თოდუას კლინიკაში მრტ კვლევა(MRI) Siemens-ის 6 ტომოგრაფით ტარდება. თავის ტვინის მრტ, ხერხემლის მრტ, მთლიანი სხეულის კვლევა და სედაციის შესაძლებლობა. ესაა რეგიონში პირველი მრტ ცენტრი, რომელიც გამოცდილი რადიოლოგებითაა დაკომპლექტებული. 

 

დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ქეთევან ლაშხი

 

კლინიკაში MRI კვლევები უახლესი თაობის აპარატურით ტარდება. თუმცა, ჩვენი სერვისი მხოლოდ მაღალტექნოლოგიური პროცედურით არ შემოიფარგლება. მიღებულ მონაცემებს გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები ამუშავებენ, რომლებიც გამოსახულებას დეტალურად აანალიზებენ და პაციენტებს შედეგებს მარტივი, გასაგები ენით უხსნიან.

 

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი პაციენტზე ორიენტირებული მიდგომაა - კომფორტული გარემო, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები, ლოდინის მინიმალური დრო და კვლევის სწრაფი პასუხები.

რა შემთხვევაშია საჭირო მრტ კვლევა?

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დროს ძლიერი მაგნიტური ველი და რადიოტალღები გამოიყენება, რათა ორგანოებისა და ქსოვილების დეტალური სამ განზომილებიანი სურათი გვქონდეს. 

მრტ კვლევა ინიშნება მაშინ, როდესაც ორგანოების სტრუქტურისა და ფუნქციის შესახებ ზუსტი, დეტალური ინფორმაციაა საჭირო. ყველაზე ხშირი ჩვენებებია:

  • თავის ტვინის პათოლოგიები - ანთებითი, სისხლძარღვოვანი და ნეიროდეგენერაციული დაავადებები;
  • სიმსივნეები და კისტები - ნებისმიერ ორგანოში;
  • ძუძუს კიბოს სკრინინგი - მაღალი რისკის ჯგუფში;
  • სახსრების და ხერხემლის დაზიანებები - დისკოპათია, სტენოზი, ტრავმები;
  • გულის კუნთის შეფასება - კარდიოლოგიური MRI;
  • ღვიძლისა და მუცლის ღრუს პათოლოგიები - ღვიძლი, პანკრეასი, თირკმელები;
  • პროსტატის მულტიპარამეტრული კვლევა;
  • ენდომეტრიოზი, მიომა, უშვილობის დიაგნოსტიკა.

 

მრტ კვლევის მიმართულებები თოდუას კლინიკაში

 

თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

ეს პროცედურა მოიცავს:

  • სტრუქტურულ კვლევას სუბმილიმეტრული ჭრილებით - ნებისმიერი წვრილი კეროვანი დაზიანების გამოვლენა;
  • სისხლძარღვების ანგიოგრაფიას - თავის ტვინისა და კისრის მაგისტრალური სისხლძარღვების არაინვაზიური კვლევა, ჩვეული რენტგენოკონტრასტული გამოკვლევის ალტერნატივა;
  • ფუნქციურ კვლევებს - მეტყველების, მოძრაობის, მხედველობის, მეხსიერების ცენტრების ლოკალიზაცია. განსაკუთრებით ღირებულია პრეოპერაციული დაგეგმვისთვის;
  • პერფუზიისა და დიფუზიის კვლევას - იშემიური დაზიანების გამოვლენა უმწვავეს სტადიაში;
  • სპექტროსკოპიას - ქსოვილის მეტაბოლური მახასიათებლების შეფასება.

 

ხერხემლის მრტ კვლევა

ხერხემლის MRI (მრტ) კვლევა ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის სრულფასოვანი შეფასების საშუალებას იძლევა. ჩვენთან დიაგნოსტიკა ყველა დონეზე - კისრის, გულმკერდისა და წელის სეგმენტებში ტარდება. კვლევა მაღალი სიზუსტით ავლენს ისეთ პათოლოგიებს, როგორებიცაა დისკოპათია, სტენოზი, ნერვული ფესვის კომპრესია, ტრავმული დაზიანებები და ანთებითი პროცესები. 

 

მრტ კვლევა კონტრასტით

მრტ კვლევა კონტრასტით გულისხმობს სპეციალური პრეპარატის - გადოლინიუმის შეყვანას. მისი საშუალებით, სისხლძარღვები და პათოლოგიური კერები უკეთ ჩანს. კვლევა კონტრასტით სიმსივნეების, ანთებითი პროცესებისა და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების შესაფასებლად ინიშნება. 

 

მრტ მამოგრაფია (სარძევე ჯირკვლის მრტ)

სარძევე ჯირკვლის მრტ კვლევა ძუძუს სიმსივნის გამოსავლენად გამოიყენება, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფში. ის ყოველთვის კონტრასტით ტარდება. გარდა ამისა, შესაძლებელია იმპლანტების მდგომარეობის შეფასება.

სასურველია, რეპროდუქციულ ასაკში კვლევა მენსტრუალური ციკლის მე-7 - მე-14 დღეებში ჩატარდეს.

 

მთლიანი სხეულის მრტ კვლევა

მთლიანი ორგანიზმის კვლევა უკონტრასტო და კონტრასტული რეჟიმის გამოყენებით ხდება. პათოლოგიური კერის აღმოჩენის შემთხვევაში, ლოკალური უბნის დამატებითი, უფრო დეტალური კვლევა დაუყოვნებლივ ტარდება. 

 

პედიატრიული მრტ კვლევა

ჩვილებისა და ბავშვების მრტ კვლევა სპეციალური პედიატრიული პროგრამული აღჭურვილობით ტარდება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ანესთეზიოლოგიური სამსახური სედაციას უზრუნველყოფს.

 

თანამედროვე აპარატურა - SIEMENS-ის 6 ტომოგრაფი

თოდუას კლინიკის მრტ დეპარტამენტი ფირმა SIEMENS-ის 6 მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფითაა აღჭურვილი. 4 აპარატი 3 Tesla სიმძლავრით მუშაობს, ხოლო 2 აპარატი - 1.5 Tesla სიმძლავრით. ყველა სისტემა აღჭურვილია სრული პროგრამული პაკეტით - ნევროლოგიური, ანგიოლოგიური, კარდიოლოგიური, ონკოლოგიური, ორთოპედიული, მუცლისა და მენჯის, პედიატრიული.

 

Magnetom Vida (3T)

Magnetom Vida გამოირჩევა BioMatrix ტექნოლოგიით, რომელიც ავტომატურად ადაპტირდება თითოეული პაციენტის უნიკალურ ფიზიოლოგიურ მახასიათებლებთან, რაც მაღალი ხარისხის გამოსახულებას უზრუნველყოფს.

 

Magnetom Skyra (3T)

Magnetom Skyra-ს გამოარჩევს Tim 4G (Total Imaging Matrix) ტექნოლოგია, რომელიც აოპტიმიზებს გამოსახულების ხარისხს და მიღების სიჩქარეს. სისტემა ცნობილია მრავალფეროვანი კლინიკური გამოყენების შესაძლებლობებით.

 

Magnetom Skyra fit (3T)

Magnetom Skyra fit არის Skyra-ს კომპაქტური ვერსია. მას აქვს სრული 3T შესაძლებლობები. გამოსახულებას მაღალი ხარისხი და გამოსაყენებლად მოქნილია.

 

Magnetom Lumina (3T)

Magnetom Lumina ძლიერი მაგნიტით და უახლესი გამოსახულების ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ის სამუშაო პროცესს ამარტივებს. პაციენტებს მაქსიმალური კომფორტი ექმნებათ, ხოლო მრტ კვლევა ბევრად ეფექტური შედეგით სრულდება.

 

Magnetom Aera (1.5T)

Magnetom Aera მუშაობს Tim (Total Imaging Matrix) ტექნოლოგიით და მაღალი ხარისხის გამოსახულებით გამოირჩევა. ის არის 1.5 T სიმძლავრის აპარატი.

 

Magnetom Avanto Fit (1.5T)

Magnetom Avanto Fit არის კომპაქტური, სანდო და პაციენტზე ორიენტირებული აპარატი. 1.5 T სისტემით და Tim 4G ტექნოლოგიით.

ჩვენი ტომოგრაფების საერთო უპირატესობები:

  • რეგიონში ყველაზე ფართო და მოკლე გვირაბები - ამცირებს კლაუსტროფობიის შეგრძნებას;
  • Mood Light განათება - სპეციალური განათების სისტემა, რომელიც პაციენტებისთვის მშვიდ გარემოს ქმნის;
  • მძიმე წონის პაციენტების კვლევის შესაძლებლობა;
  • SyngoVia 2021 სამუშაო პლატფორმა - 4G, Dot, Tim, GO ფუნქციებით.

 

როგორ მოემზადოთ მრტ კვლევისთვის?

მრტ კვლევა, როგორც წესი, სპეციალურ წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს. გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი წესი:

  • მოიხსენით ლითონის ნივთები - სამკაულები, საათი, ქამარი, თმის სამაგრები, სათვალე;
  • ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი - ლითონის ღილებისა და სარჭების გარეშე;
  • კლაუსტროფობიის შემთხვევაში - წინასწარ გვაცნობეთ; შეგვიძლია სედაცია უზრუნველვყოთ;
  • კვლევის ხანგრძლივობა - 15-დან 60 წუთამდე. მნიშვნელოვანია გაუნძრევლად ყოფნა;
  • კვლევის განმავლობაში გექნებათ ყურსასმენები ხმაურის შესამცირებლად და სასიგნალო ღილაკი ოპერატორთან პირდაპირი კავშირისთვის.

 

მრტ კვლევის უკუჩვენებები და უსაფრთხოება

მრტ კვლევა სრულიად უსაფრთხოა. ამ დროს რადიაცია არ გამოიყენება. ამასთან, არსებობს გარემოებები, როდესაც შეიძლება კვლევა არ ჩატარდეს. ამიტომ, საჭიროა წინასწარ კონსულტაცია. 

 

უკუჩვენებები:

  • მაგნიტთან შეუთავსებელი იმპლანტები - კარდიოსტიმულატორი, კოხლეარული იმპლანტი, ზოგიერთი ანევრიზმის კლიპი;
  • ფერომაგნიტური ლითონის ფრაგმენტები სხეულში (განსაკუთრებით თვალში).

 

სიფრთხილე:

  • ორსულობა - პირველი ტრიმესტრის შემდეგ, ექიმის კონკრეტული დანიშნულებით, შესაძლებელია;
  • კონტრასტის ალერგია - გადოლინიუმი (მრტ-ს კონტრასტი) იოდს არ შეიცავს; ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია.

ნებისმიერი ოპერაციის, იმპლანტის არსებობის ან ქრონიკული დაავადების შესახებ ექიმს კვლევამდე აცნობეთ. 

 

რატომ თოდუას კლინიკა?

  • 1994 წლიდან - რეგიონში პირველი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სამსახური, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მიერ დაფუძნებული;
  • 6 SIEMENS ტომოგრაფი - ყველაზე თანამედროვე აპარატურა ერთ კლინიკაში;
  • 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატია საერთაშორისო გამოცემებში;
  • სედაციის შესაძლებლობა როგორც ზრდასრული, ისე პედიატრიული პაციენტებისთვის;
  • კვლევის დისკზე ჩაწერა იმავე დღეს.

გამოცდილი რადიოლოგების გუნდი მუდმივად მონაწილეობს და ხელმძღვანელობს სესიებს ევროპისა და ამერიკის რადიოლოგიის ასოციაციის კონგრესებზე და მაღალი პროფესიონალიზმით უდგება თითოეულ პაციენტს.



ჩაეწერეთ კვლევაზე თოდუას კლინიკაში და მიიღეთ ზუსტი პასუხები სწრაფად. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 57 57 57.



ხშირად დასმული კითხვები

 

რა ღირს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?

მრტ კვლევის ფასი დამოკიდებულია გამოსაკვლევ არეზე და იმაზე, ტარდება თუ არა კვლევა კონტრასტით. ზუსტი ფასის გასაგებად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 57 57 57.

 

რა ღირს თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?

თავის ტვინის მრტ-ს ფასი დამოკიდებულია კვლევის მოცულობასა და კონტრასტის საჭიროებაზე. ფასის დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით  ნომერზე 032 2 57 57 57.

 

რა ღირს ხერხემლის მრტ კვლევა?

ხერხემლის მრტ-ს ფასი დამოკიდებულია იმაზე, ხერხემლის რომელი სეგმენტი ან რამდენი სეგმენტი მოწმდება და საჭიროა თუ არა კონტრასტი. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 57 57 57.

 

რა განსხვავებაა მრტ კვლევა კონტრასტით და უკონტრასტოდ?

კონტრასტული კვლევისას გამოიყენება საკონტრასტო ნივთიერება — გადოლინიუმი, რომელიც აუმჯობესებს ცალკეული სტრუქტურების, განსაკუთრებით სიმსივნური და ანთებითი კერების ვიზუალიზაციას. კონტრასტის საჭიროებას ექიმი წყვეტს კლინიკური ჩვენების მიხედვით.

 

რამდენ ხანს გრძელდება მრტ კვლევა?

მრტ კვლევა ჩვეულებრივ 15-დან 60 წუთამდე გრძელდება. ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოსაკვლევ არესა და კვლევის ტიპზე.

გაზიარება