ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა
03/10/2022
თბილისში, მიცკევიჩის ქუჩის ერთ-ერთ კედელზე დახატული გრძელ, ვარდისფერ კაბაში ჩაცმული ქალი, რომელიც გაშლილი ხელებით სამყაროს ეგებება, ყველა იმ ქალის ისტორიას გვიყვება, რომლებმაც ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში გაიმარჯვეს. ის თავისუფალია, გამარჯვებულია, მისთვის ყოველი დღე განსაკუთრებულად ძვირფასია, მთელი არსებით ამაღლებულია და მიისწრაფვის ახალი, საინტერესო და რაც მთავარია, ხანგრძლივი თავგადასავლებისკენ!
"არ არსებობს გამოწვევა, რომელთანაც შებრძოლება არ ღირს, მითუმეტეს როცა ეს სიცოცხლეს ეხება, ჩემი მიზანია ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერა და მათი სწორ გზაზე დაყენება, ყველა ეტაპის ერთად გავლა ამ რთულ ბრძოლაში და იმაში დარწმუნება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რისი ნათელი მაგალითიც თავად ვარ!" - სოფიო ჭკადუა.
მსოფლიოში ოქტომბრის თვე ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს საზოგადოებას ამჯერად ქუჩის მხატვრობითაც შევახსენოთ: „იცოდე დროულად - ეს შენი ძალაა!“ ყოველწლიური სკრინინგი კიბოს განვითარების რისკს მინიმუმამდე ამცირებს და რაც მთავარია ამართლებს სიტყვებს, რომ კიბო განაჩენი არ არის!