უახლესი ტექნოლოგიური სტანდარტი

18/07/2025
 
 
თოდუას კლინიკა ტრადიციულად სამედიცინო სფეროში პროგრესის წინა ხაზზე დგას და კიდევ ერთი ტექნოლოგიური განახლებისთვის ემზადება! მალე ცენტრალურ ფილიალში ფუნქციონირებას დაიწყებს ფირმა Siemens Healthineers-ის ორი უახლესი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი: MAGNETOM Sola Fit 1.5T და MAGNETOM Lumina 3.0T.
 
 
აპარატებში ინტეგრირებული, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გამოსახულების დამუშავების ავტომატური ფუნქცია აუმჯობესებს გამოსახულების სიზუსტეს, ამცირებს არტეფაქტებს და ახდენს გამოკვლევის ხარისხის სტანდარტიზაციას. შედეგად, მცირდება სკანირების დრო, იზრდება დიაგნოსტიკური სიზუსტე და პაციენტისთვის პროცესი ხდება უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტული.
 
ულტრამაღალი გარჩევადობის გამოსახულება რადიოლოგებს აძლევს საშუალებას დეტალურად შეაფასონ რთულად დიაგნოსტირებადი შემთხვევები - როგორც ანატომიური, ისე ფუნქციური თვალსაზრისით. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა და კოჭების უნიკალური სისტემა შესაძლებელს ხდის პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის კვლევას უმაღლესი სიზუსტით.
 
აღნიშნული MRI სისტემები ფართოდ გამოიყენება ნეირორადიოლოგიურ, ონკოლოგიურ, ორთოპედიულ, კარდიოლოგიურ, მუცლისა და მენჯის ღრუს გამოკვლევებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია Whole-body MRI ფუნქცია, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც პრევენციული სკრინინგისთვის, ასევე ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევაში დაავადების გავრცელების შეფასებისა და მკურნალობის შედეგების მონიტორინგისთვის.
 
აპარატების ღია დიზაინი, ხმაურის შემცირების ტექნოლოგია (Quiet Suite), სკანირების მაღალი სიჩქარე, გვირაბის LED განათება და ეფექტური ჰაერის მიწოდების სისტემა უზრუნველყოფს ნაკლებ სტრესულ და კომფორტულ გარემოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შფოთვის, კლაუსტროფობიის ან სპეციალური საჭიროებების მქონე პაციენტებისთვის.
გაზიარება