შაქრის ნორმა სისხლში – რა ხდება, როცა ის ირღვევა?

15/05/2023

 

შაქრის ნორმა სისხლში ასაკის მიხედვით დიაბეტის დროს

ალბათ, ყველა ჩვენგანს გვყავს ერთი ნაცნობი მაინც, რომელსაც შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი აქვს, რადგან დაავადების შემთხვევები დღეს უფრო ხშირია, ვიდრე უწინ. ამ მზარდი ტენდენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი თანამედროვე ცხოვრების უმოძრაო წესი, კვების არასწორი რეჟიმი და არაჯანსაღი საკვებია. მეორე მხრივ, თანამედროვე მედიცინაში შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკის მეტი შესაძლებლობაა, საზოგადოებაც მეტ ინფორმაციას ფლობს დაავადების შესახებ, რაც ადამიანებს მის დროულად გამოვლენაში ეხმარება.

 

ჩვენ შევეცდებით თავი მოვუყაროთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას შაქრიან დიაბეტზე და მარტივად მოგიყვეთ მისი განვითარების მიზეზებსა და პროცესზე.

 

 

გლუკოზა – ენერგიის მთავარი წყარო

 

გლუკოზა (შაქარი) ორგანიზმში ნახშირწყლების დაშლისას წარმოიქმნება. სისხლიდან ის სხეულის სამიზნე უჯრედებში გადადის, რა დროსაც გლუკოზა ენერგიის წყაროდ გარდაიქმნება. მის გადაადგილებას ჰორმონი ინსულინი უზრუნველყოფს, რომელიც პანკრეასში, იგივე კუჭუკანა ჯირკვალში არსებული ბეტა უჯრედების მიერ წარმოიქმნება. როდესაც ეს პროცესი ირღვევა, შაქრის რაოდენობა სისხლში იზრდება, რასაც სამედიცინო ენაზე ჰიპერგლიკემია ეწოდება.

 

სისხლში შაქრის ნორმის ცხრილი

 

ცხრილში მაჩვენებლები მოცემულია ორ საერთაშორისო საზომ ერთეულში. ესენია: მილიგრამი დეცილიტრზე (მგ/დლ) და მილიმოლი ლიტრზე (მმოლ/ლ). მათი კონვერტაციისთვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა: მგ/დლ უნდა გავყოთ 18-ზე და მივიღებთ მმოლ/ლ-ს და, პირიქით, მმოლ/ლ უნდა გავამრავლოთ 18-ზე მგ/დლ-ის მისაღებად.

 

სისხლში შაქრის ნორმა ასაკის მიხედვით

 

შაქრის ნორმა ასაკის მიხედვით

როგორც ცხრილში ხედავთ, 60 წლის შემდეგ შაქრის ნორმა (ნორმალური მაჩვენებელი) სისხლში შედარებით მაღალია, რაც განსხვავებული ჰორმონალური ფონით არის განპირობებული. ამასთან ერთად, ასაკის მატებასთან ერთად ორგანოები იფიტება და მისი მუშაობის ხარისხი იკლებს, რაც სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებაზე აისახება.

 

ასაკისა და ჰორმონალური ფონის გარდა, სისხლში შაქრის დონის განსხვავებულ მაჩვენებლებზე გავლენას ახდებს თანმხლები დაავადებები, გარკვეული მედიკამენტები და სხვა ფაქტორები. ამიტომ მათი სწორად ინტერპრეტირებისთვის მნიშვნელოვანია, მიმართოთ სპეციალისტს და გაიაროთ კონსულტაცია.

 

ორსულთა დიაბეტი

 

ორსულ ქალებში სისხლში გლუკოზის ნორმად მიჩნეულია 3.3-6.6 მმოლ/ლ. იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებელი 7.8 მმოლ/ლ-ს გადააჭარბებს, ისმება ორსულთა ანუ გესტაციური დიაბეტი. ის ჰორმონალური ცვლილების შედეგად ყალიბდება, ორსულობის დასრულებისა და ჩვეული ჰორმონალური ფონის აღდგენის შემდეგ კი, უკვალოდ ქრება. თუმცა გესტაციური დიაბეტის აღმოჩენა და მართვა აუცილებელია, რადგან მან შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები ნაყოფში ანუ ფეტოპათია. გესტაციური დიაბეტის დროული დიაგნოსტიკისთვის ქალებს სპეციალური ტესტი ორსულობის 24-დან 28-ე კვირის შუალედში უტარდებათ.

 

დაავადების ძირითადი ფორმები

 

მედიცინაში განარჩევენ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად ფორმას – ტიპ 1-სა და ტიპ 2-ს. პირველს ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, მეორეს კი – ინსულინდამოუკიდებელს უწოდებენ.

 

დიაბეტი ტიპი 1 ვითარდება მაშინ, როდესაც პანკრეასში ბეტა უჯრედების დეფიციტია და ჰორმონი ინსულინი არ გამომუშავდება. შესაბამისად, სისხლში არსებული გლუკოზის მიტანა სამიზნე უჯრედებამდე ვერ ხდება. დიაბეტის ეს ტიპი, როგორც წესი, ადრეულ, ბავშვთა ასაკში ვითარდება. ხშირად მის პროვოცირებას ვირუსული დაავადებები ახდენს, რადგან ამ დროს აქტიურდება ავტოიმუნური პროცესები, რა დროსაც, შესაძლოა, განადგურდეს ინსულინის წარმომქმნელი ბეტა უჯრედები.

 

დიაბეტი ტიპი 2 კი მოზრდილთა დაავადებად მიიჩნევა და ის, ძირითადად, ინსულინრეზისტენტობის შედეგად ვითარდება. ინსულინრეზისტენტობა არის მდგომარეობა, რა დროსაც რეცეპტორების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ დაქვეითებულია, გლუკოზის უჯრედებამდე მიტანა სრულფასოვნად ვერ ხერხდება და სისხლში შაქრის დონე იწევს.

 

გაითვალისწინეთ, რომ ინსულინრეზისტენტობას სათანადო ყურადღება სჭირდება, რადგან შანსი იმისა, რომ დროთა განმავლობაში დიაბეტი ტიპი 2 ჩამოყალიბდეს, მაღალია. ამიტომ ეჭვის შემთხვევაში, სასურველია, მიმართოთ ენდოკრინოლოგს და დროულად მოახდინოთ დაავადების განვითარების პრევენცია.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში გახშირდა ბავშვებში დიაბეტი ტიპი 2-ის, მოზრდილებში კი – დიაბეტი ტიპი 1-ს განვითარების შემთხვევები. ამიტომ სპეციალისტები დაავადების ფორმებს ასაკის მიხედვით კატეგორიულად აღარ ყოფენ.

 

დაბალი შაქარი ჭამის შემდეგ

 

ინსულინრეზისტენტობის მქონე ადამიანებში, ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონის ვარდნა არც თუ იშვიათია, რასაც მარტივი ახსნა აქვს. რეცეპტორების ინსულინზე არასათანადოდ რეაგირების დროს, ხშირად პანკრეასი პრობლემის გადაწყვეტას უფრო მეტი ჰორმონის გამომუშავებით ცდილობს. საკვების მიღებისას ორგანიზმში არსებულ ჭარბ ინსულინს გლუკოზა უჯრედებში სწრაფად შეაქვს, რაც სისხლში შაქრის დონის მკვეთრ ვარდნას იწვევს. ამ დროს პაციენტს შესაძლოა დაეწყოს კანკალი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შფოთვა და სხვა ჩივილები. ამ ნიშნების შესამსუბუქებლად, სასურველია, დროულად მივიღოთ მეტი ნახშირწყალი და გავზარდოთ სისხლში შაქრის დონე. სიმპტომების მწვავედ გამოვლენის შემთხვევაში კი, აუცილებელია, გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

 

შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები

 

შაქრიან დიაბეტი უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს – სისხლში გლუკოზის ნორმის დარღვევას პაციენტი დიდი ხნის მანძილზე ვერ გრძნობს. თუმცა სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე ნიშანს, რომლებიც შესაძლოა ჰიპერგლიკემიაზე მიანიშნებდეს. ესენია: ჭარბი წონა, არტერიული წნევის მატება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და სხვა. ამიტომ ამ პრობლემების მქონე პაციენტებს, სასურველია, ჩაუტარდეთ შესაბამისი გამოკვლევები დაავადების გამოსარიცხად ან დასადასტურებლად.

 

სისხლში შაქრის ძალიან მაღალი შემცველობის დროს, პაციენტს შესაძლოა დაეწყოს წყლის გაძლიერებული მოთხოვნილება და ხშირი შარდვა. ამ ნიშნების დროს, დიდი ალბათობით, დაავადება უკვე ჩამოყალიბებულია. როდესაც სისხლში შაქარი დიდი რაოდენობითაა, ის შარდშიც გადადის, გლუკოზა თან ორგანიზმში არსებულ სხვა სითხესაც წაიყოლებს, რაც სხეულის გამოფიტვას, წყლის მოთხოვნილებასა და ხშირ შარდვას იწვევს.

 

ამ ნიშნების დროს, აუცილებლად უნდა დაჯავშნოთ ვიზიტი ენდოკრინოლოგთან, ჩაიტაროთ სრულფასოვანი კვლევა და შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, დროულად დაიწყოთ მკურნალობა.

 

რა გართულებებს იწვევს დაავადება?

 

შაქრიანი დიაბეტი ორგანიზმში მრავალი პროცესის დარღვევას იწვევს. მაგალითად, დიაბეტის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომის, ხშირი შარდვის დროს, პაციენტი ბევრ სითხეს კარგავს, რის გამოც წვრილ სისხლძარღვებში სისხლი ბლანტი ხდება. იმ ორგანოებამდე, რომლებსაც წვრილი სისხლძარღვები კვებავს, სისხლის, ჟანგბადისა თუ საკვები ნივთიერებების მიწოდება ფერხდება და ორგანოები გამართულად ვეღარ ფუნქციონირებენ. ამ მიზეზით, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მაღალია შანსი დაზიანდეს თვალის ბადურა, გაუარესდეს მხედველობა ან დადგეს სიბრმავე, ასევე, ჩამოყალიბდეს თირკმლის უკმარისობა, განვითარდეს ინფარქტი და ინსულტი. სისხლის არასათანადო მიწოდების გამო, დროთა განმავლობაში ზიანდება ქვემო კიდურებიც და, შესაძლოა, ფეხის თითებზე განვითარდეს განგრენა და სხვა გართულებები.

 

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა

 

სისხლში გლუკოზის განსაზღვრა შესაძლებელია, როგორც ვენიდან აღებული, ისე კაპილარული სისხლით, ლაბორატორიულად ან გლუკომეტრით. გლუკომეტრს აქტიურად იყენებენ დიაბეტის მქონე ადამიანები, რათა მუდმივად აკონტროლონ სისხლში გლუკოზის დონე.

 

გლიკოზირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის განსაზღვრა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევაა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტთათვის. მისი მეშვეობით დგინდება სისხლში გლუკოზის საშუალო შემცველობა 3 თვის განმავლობაში. ამ მაჩვენებელზე დაყრდნობით ფასდება მკურნალობის ეფექტიანობა, რაც ექიმს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს ან შეცვალოს ტაქტიკა.

 

კლინიკა თოდუაში პაციენტებს უტარდებათ ინსულინრეზისტენტობის ტესტიც, რა დროსაც ხდება პანკრეასის ბეტა უჯრედების ფუნქციონირების შეფასება და ორგანიზმის ინსულინისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა.

 

დაავადების მკურნალობის მეთოდები

 

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა სწორი კვებითა და ფიზიკური აქტივობით იწყება. დაავადების ტიპისა და სიმწვავის განსაზღვრის შემდეგ კი, შესაძლოა, პაციენტს დასჭირდეს ინიექციები და მედიკამენტები. დიაბეტის ტიპებისა და თავისებურებებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზმში ინსულინის რაოდენობის გაზრდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მისი დათრგუნვა. პრეპარატები ინიშნება დიაბეტის დროს დარღვეული სხვა პროცესების დარეგულირებისთვისაც.

 

სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მკურნალობის დანიშვნა აუცილებლად ენდოკრინოლოგის მიერ უნდა მოხდეს, რადგან ტაქტიკა ინდივიდუალურად, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს.

 

შაქრიანი დიაბეტის ეფექტიანი მკურნალობისთვის დაჯავშნეთ ვიზიტი თოდუას კლინიკის ენდოკრინოლოგი მაია ტორჩინავასთან, რომელიც გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციითა და მრავალწლიანი გამოცდილებით.

კლინიკაში განყოფილება - ენდოკრინოლოგია სწორედ ამ საკითხს შეისწავლის.

 

რა არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის დროს?

 

დიაბეტის დიაგნოზის დროს, აუცილებელია შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტის ამოღება. პაციენტებმა უნდა შეზღუდონ ისეთი საკვების მიღებაც, რომელთაც მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რადგან ასეთი პროდუქტები სწრაფად გარდაიქმნება გლუკოზად, რაც სისხლში შაქრის მკვეთრ მატებას იწვევს.

 

შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები ხშირად სვამენ კითხვას, შეიძლება თუ არა ხილის მიღება. სპეციალისტები ამბობენ, რომ გარკვეული სახეობების ჭამა აუცილებელიც კია, თუმცა ზომიერად, მთლიანი ფორმით და არა წვენის სახით. არსებობს ხილის აკრძალული სახეობებიც, როგორებიცაა ყურძენი, ბანანი, ლეღვი, ხურმა, კარალიოკი და სხვა.

 

როგორც აღვნიშნეთ, შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლით ქვემო კიდურები სათანადოდ ვერ მარაგდება, რაც იწვევს მგრძნობელობის დაქვეითებას. შესაბამისად, ტერფებისა და ფეხის თითების დაზიანების რისკები მატულობს. ამიტომ სპეციალისტები პაციენტებს ურჩევენ არ იარონ ფეხშიშველმა, ატარონ კომფორტული ფეხსაცმელი, მოერიდონ ცხელ წყალს, არ დაიჭრან ფრჩხილები ღრმად და, ზოგადად, მაქსიმალურად დაიცვან ტრავმებისგან ქვემო კიდურები.

 

ბოლოს კი, გახსოვდეთ, რომ შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა დიაგნოზის მქონე პაციენტებმა ცხოვრების წესად უნდა აქციონ.

 

გაზიარება