ინსულტი - გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა
ინსულტი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით არის განპირობებული. სისხლმომარაგების შეწყვეტისას ტვინი ჟანგბადისა და აუცილებელი საკვები ნივთიერებების გარეშე რჩება, რაც უჯრედების სიკვდილს იწვევს.
ინსულტი სიკვდილიანობისა და უნარშეზღუდულობის ერთ-ერთ წამყვანი მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით ის ყოველწლიურად 15 მილიონ ადამიანს ემართება. აქედან 5 მილიონი შემთხვევა ლეტალობით სრულდება, 5 მილიონი ადამიანი კი ინსულტის შემდეგ უნარშეზღუდული რჩება.
ინსულტის დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწრაფ რეაგირებას, რადგან დიდწილად სწორედ მასზეა დამოკიდებული, რა შედეგებით დასრულდება პათოლოგია. ამიტომ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მძიმე გართულებებისგან დასაცავად, აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა ვიცოდეთ მისი სიმპტომების ამოცნობა.
👉 ნევროლოგი დალი ბერულავა – გაიცანით თოდუას კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი
სარჩევი
ინსულტის ფორმები და მათი გამომწვევი მიზეზები
განარჩევენ ინსულტის რამდენიმე ფორმას, რომელთაგან ყველაზე ხშირია იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი. ცალკე გამოყოფენ გარდამავალ იშემიურ შეტევასაც (TIA).
იშემიური ინსულტი
იშემიური ინსულტი ტვინში მიმავალი არტერიის თრომბით ან სხვა ნაწილაკებით დახშობის შედეგად ვითარდება. მას ასევე იწვევს სისხლძარღვების სტენოზი და სინუსების ან ქერქის ვენების თრომბოზი.
იშემიური ინსულტი დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა – მასზე შემთხვევათა დაახლოებით 87% მოდის.
💙 გულის იშემია – რა უნდა ვიცოდეთ მასზე?
ჰემორაგიული ინსულტი
ჰემორაგიულ ინსულტს ტვინში ან მის გარშემო სისხლჩაქცევა იწვევს. ის უმეტესად მაღალი არტერიული წნევის შედეგად ვითარდება, რადგან უმართავი ჰიპერტენზიის დროს სისხლძარღვის კედლის დაზიანებისა და მისი გაგლეჯის მაღალი რისკია. დაავადების ამ ფორმას ასევე იწვევს ანევრიზმა და არტერიოვენური მალფორმაციები (AVMs).
ჰემორაგიული ინსულტი იშემიურთან შედარებით იშვიათია, თუმცა ზოგჯერ უფრო მძიმე შედეგებს იწვევს, ვიდრე დაავადების გავრცელებული ფორმა.
გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA)
დაავადების ეს ფორმა სისხლის დროებითი შედედებით ან ნაკადის დროებითი ბლოკირებითაა გამოწვეული. გარდამავალი იშემიური შეტევა ინსულტის მსგავს სიმპტომებს იწვევს, თუმცა სხვა ფორმებისგან განსხვავებით ხანმოკლეა – ის შესაძლოა რამდენიმე წუთი ან მაქსიმუმ 24 საათი გაგრძელდეს.
მიუხედავად იმისა, რომ TIA ისეთივე სავალალო შედეგებით არ სრულდება, როგორც ინსულტის დანარჩენი ფორმები, პაციენტს მაინც დიდი ყურადღება მართებს. მისი გამოვლინება ერთგვარ გამაფრთხილებელ ნიშნად უნდა მივიღოთ და დროულად მივმართოთ სპეციალისტს.
🤕 როგორ ვმართოთ შაკიკი – გაიგეთ მეტი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ნევროლოგიურ დაავადებაზე
ხელშემწყობი ფაქტორები
ინსულტი შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორით ან ფაქტორთა ერთობლიობით იყოს განპირობებული. ესენია:
- ჰიპერტენზია – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მაღალ არტერიულ წნევას დაავადების განვითარების ერთ-ერთ წამყვან მიზეზად ასახელებს. მისი შეფასებით, ჰიპერტენზიის რეგულირების შემთხვევაში, ინსულტით გარდაცვლილი 10 ადამიანიდან 4 ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა;
- თამბაქო – ინსულტის კიდევ ერთ მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად WHO თამბაქოს მოხმარებას ასახლებს;
- ასაკი – ინსულტის განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ 60 წლის ზემოთ ადამიანებს;
- სქესი – აღსანიშნავია, რომ ინსულტის შემთხვევები უფრო ხშირია კაცებში;
- გულის დაავადებები – ინსულტის მაპროვოცირებელ პათოლოგიებს შორისაა გულის რიტმის დარღვევა, არითმიები, გულის მანკი, სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება და სხვა;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ჭარბი წონა;
- მაღალი ქოლესტერინი;
- ცხოვრების არაჯანსაღი წესი;
- ძლიერი სტრესი;
- გენეტიკური წინასწარგანწყობა.
👨⚕️ დაჯავშნეთ ვიზიტი დავით ელიაურთან და მიიღეთ სრულფასოვანი კონსულტაცია
ინსულტის ნიშნები – როგორ ამოვიცნოთ დაავადება?
ინსულტის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- სახის, მკლავის ან ფეხის დაბუჟება, სისუსტე ან დამბლა, რომელიც გამოხატულია სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს;
- მეტყველების დარღვევა – ადამიანს უჭირს ლაპარაკი, სხვისი ნათქვამის გაგება და გამეორება. ზოგჯერ პაციენტი სწორად ვერ გამოთქვამს სიტყვებს;
- სიარულის გართულება, რაც კოორდინაციისა და წონასწორობის დაკარგვაში გამოიხატება;
- მგრძნობელობის დარღვევა;
- მხედველობის დაქვეითება და მხედველობის ველის შეზღუდვა ერთ ან ორივე თვალში. მისთვის დამახასიათებელია გამოსახულების გაორებაც;
- თავის უეცარი და ძლიერი ტკივილი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ღებინება, თავბრუსხვევა და ცნობიერების ცვლილება;
- ყლაპვის გაძნელება.
🩺 სამედიცინო ჩექაფი – გამოიკვლიეთ თქვენი ჯანმრთელობა
როგორ უნდა მოიქცეთ ინსულტის ნიშნების შემჩნევისას?
ინსულტი სწრაფად პროგრესირებადი დაავადებაა - პათოლოგიის დროს ყოველ 1 წუთში 2 მილიონი ნეირონი იღუპება. შესაბამისად, რაც უფრო გადადებთ რეაგირებას, მით უფრო გაიზრდება ტვინის დაზიანებისა და სიკვდილის რისკი.
თუ სხვა ადამიანზე შენიშნეთ ინსულტის ნიშნები, გადამოწმების მიზნით, სთხოვეთ მას გაიღიმოს, ასწიოს ორივე ხელი და გაიმეოროს მარტივი ფრაზა. თუკი გაღიმების დროს სახის ერთი მხარე ჩამოშვებული დარჩება, ხელების აწევისას ერთი მკლავი ჩამოუვარდება ან ვერ გაიმეორებს მარტივ ფრაზას, სასწრაფოდ გადაიყვანეთ პაციენტი კლინიკაში ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
სანამ პაციენტს სპეციალისტი აღმოუჩენს დახმარებას, მანამდე დააწვინეთ პაციენტი ჰორიზონტალურად, დაადებინეთ და გაუსწორეთ თავი ბალიშზე, გახადეთ ზედმეტი ტანსაცმელი, გაუთავისუფლეთ სივრცე, გახსენით ფანჯარა და კარი სუნთქვის გასამარტივებლად.
დიაგნოსტიკა
ინსულტის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას რადიოლოგიური კვლევები – კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია იძლევა. მათი მეშვეობით დგინდება დაზიანებული კერის ზომა, ლოკალიზაცია და დაავადების განვითარების ხანგრძლივობა. საჭიროების შემთხვევაში, ნევროლოგი ნიშნავს სხვა ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებსაც.
👩⚕️ მარინე ჭანტურია – გაიცანით თოდუას კლინიკის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი
ინსულტის მკურნალობა
იშემიური ინსულტის დროს შესაძლოა ჩატარდეს სისტემური თრომბოლიზისი და მექანიკური თრომბექტომია. პირველი ინტრავენურ ინიექციას გულისხმობს, რისი მიზანიც სპეციალური პრეპარატით თრომბის დაშლაა. დიდი ზომის თრომბის შემთხვევაში, თრომბოლიზისი შესაძლოა არაეფექტიანი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში მიმართავენ თრომბექტომიას, რაც თრომბის ქირურგიული გზით ამოღებას გულისხმობს.
ჰემორაგიული ინსულტის დროს ძირითადად ქირურგიული მკურნალობა გამოიყენება, რა დროსაც დაზიანებული სისხლძარღვების აღდგენა ხდება.
აღსანიშნავია, რომ ინსულტის მკურნალობა მულტიდისციპლინურ მიდგომას მოითხოვს – მნიშვნელოვანია პროცესში, ნევროლოგების გარდა, ჩართული იყვნენ სხვა პროფილის ექიმებიც.
👉 არ გადადოთ ვიზიტი ექიმთან – დაიწყეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა
განმეორებითი ინსულტი და მონიტორინგი
ინსულტგადატანილ პაციენტებში არც განმეორებითი ინსულტი წარმოადგენს იშვიათობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების მუდმივი მონიტორინგი. გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალური პრეპარატების მიღება თრომბის კვლავ ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად ან ჰიპერტენზიის დასარეგულირებლად.
რეაბილიტაცია ინსულტის შემდეგ
ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს სპეციალისტების დახმარება ძალებისა და მობილობის აღსადგენად, ყოველდღიურად შესასრულებელი საქმეების ხელახლა დასასწავლად, ენობრივი და ყლაპვის სიძნელეების დასაძლევად და ა.შ. საჭიროებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესში ერთვება ფიზიოთერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა პროფილის ექიმები. რეაბილიტაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინსულტის სიმძიმესა და მის მიერ წარმოქმნილ გართულებებზე.