ატოპიური დერმატიტი

22/08/2026

ატოპიური დერმატიტი

 

ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ქავილი, სიმშრალე და გამონაყარი ახასიათებს. ის ხშირად ბავშვობაში იწყება, თუმცა შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც გამოვლინდეს. სიმპტომები პერიოდულად ძლიერდება და შემდეგ მცირდება. სწორი მოვლისა და მკურნალობის დახმარებით მათი კონტროლი შესაძლებელია.

გახსოვდეთ:

  • ატოპიური დერმატიტის მთავარი სიმპტომი ძლიერი ქავილია;
  • კანი ხშირად ძალიან შრება, წითლდება და ღიზიანდება;
  • გამონაყარის მდებარეობა ასაკის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს;
  • დაავადების გამწვავებას სხვადასხვა ფაქტორი იწვევს, მათ შორის კანის გამოშრობა და გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან კონტაქტი;
  • მკურნალობის კურსი ინდივიდუალურად ინიშნება.

რა არის ატოპიური დერმატიტი?

ატოპიური დერმატიტი ეგზემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და დაკავშირებულია კანის დამცავი ბარიერის დარღვევასა და იმუნური სისტემის თავისებურ რეაქციასთან. ასეთ დროს კანი უფრო ადვილად შრება და ღიზიანდება. შედეგად ჩნდება ქავილი, სიწითლე და გამონაყარი.

 

დაავადება შეიძლება პერიოდულად გამწვავდეს. ზოგჯერ სიმპტომები თითქმის მთლიანად ქრება, შემდეგ კი ისევ ბრუნდება. ეს არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა აუცილებლად მუდმივად გაუარესდება. სწორად შერჩეული მკურნალობის კურსი კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში გვეხმარება. 

 

ატოპიური დერმატიტის სიმპტომები და როგორ გამოიყურება კანზე?

ატოპიური დერმატიტი ყველა ადამიანში ერთნაირად არ გამოიყურება. კანი შეიძლება იყოს წითელი და შეშუპებული, ძალიან მშრალი, აქერცლილი ან წვრილი გამონაყარით დაფარული. განსაკუთრებით დამახასიათებელია ქავილი. ხშირი მოფხანის გამო კანი შეიძლება დაზიანდეს, გასქელდეს ან დაინფიცირდეს.

 

ატოპიური დერმატიტი სახეზე

ატოპიური დერმატიტი სახეზე განსაკუთრებით შესამჩნევია. სახისა და თვალების გარშემო კანი შედარებით თხელი და მგრძნობიარეა, ამიტომ ამ უბნებისთვის სამკურნალო საშუალება ექიმმა უნდა შეარჩიოს. 

 

სახის კანზე ნებისმიერი კრემის ან კოსმეტიკური საშუალების გამოყენება ყოველთვის კარგი გადაწყვეტილება არ არის. გაღიზიანებული კანი უფრო მგრძნობიარეა, ამიტომ მოვლის საშუალებები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. 

 

ატოპიური დერმატიტი თავზე

თავის კანზე ატოპიური დერმატიტი შეიძლება გამოვლინდეს სიმშრალით, ქავილითა და გაღიზიანებით. ზოგჯერ ადამიანს შეიძლება ქერტლში ან სხვა კანის პრობლემაში აერიოს. სწორედ ამიტომ მხოლოდ გარეგნული ნიშნებით დიაგნოზის დასმა არ არის სწორი.

 

ატოპიური დერმატიტი ხელებზე

ატოპიური დერმატიტი ხელებზე განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ზრდასრულებში. ხელების ხშირი დაბანა, წყალთან ხანგრძლივი შეხება, საწმენდი საშუალებები და სხვა გამაღიზიანებლები შეიძლება სიმპტომებს აძლიერებდეს. შედეგად კანი შრება და სკდება. ეს კი ტკივილს იწვევს. 

 

ატოპიური დერმატიტი ასაკის მიხედვით

დაავადება სხვადასხვა ასაკში განსხვავებულად შეიძლება გამოვლინდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ასაკის გათვალისწინება როგორც სიმპტომების შეფასებისას, ისე მკურნალობის შერჩევისას.

 

ატოპიური დერმატიტი ჩვილებში

ატოპიური დერმატიტი ხშირად სიცოცხლის პირველ წლებში იწყება. ჩვილებში გამონაყარი ხშირად სახესა და თავის მიდამოში ჩნდება, თუმცა სხვა უბნებზეც შეიძლება გავრცელდეს. ბავშვს შესაძლოა კანი ძლიერ ექავებოდეს, რის გამოც ის მოუსვენარი გახდეს და ძილიც დაერღვეს. 

 

ჩვილის კანის მოვლისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დატენიანება და გაღიზიანების თავიდან აცილება. მკურნალობის საშუალებები ბავშვის ასაკისა და კანის მდგომარეობის მიხედვით უნდა შეირჩეს.

 

ატოპიური დერმატიტი ბავშვებში

ბავშვებში დაავადება ხშირად იდაყვებისა და მუხლების მოხრის ადგილებში, კისერზე და სხვა უბნებზე ვლინდება. ქავილი შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს ძილზე, ყოველდღიურ აქტივობასა და ბავშვის განწყობაზე. 

 

ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვს საჭიროა კანის რეგულარული დატენიანება. ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების აღმოჩენა, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში გამწვავებას იწვევს. 

 

ატოპიური დერმატიტი ზრდასრულებში (დიდებში)

ზოგიერთ ადამიანს ატოპიური დერმატიტი ბავშვობიდან მოჰყვება, ზოგიერთთან კი პირველად ზრდასრულ ასაკში ვლინდება. ამ შემთხვევაში ხშირად ზიანდება ხელები, სახე, თვალების გარშემო კანი და სხვა უბნები. ხანგრძლივი ქავილისა და მოფხანის გამო კანი შეიძლება გასქელდეს და ფერი შეიცვალოს. 

 

ატოპიური დერმატიტის მიზეზები და პროვოცირებადი ფაქტორები

ატოპიური დერმატიტის გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ მიდრეკილებას, კანის დამცავი ბარიერის თავისებურებებსა და იმუნური სისტემის რეაქციას.

 

სიმპტომების გამწვავებას კი სხვადასხვა გარემო ფაქტორი შეიძლება იწვევდეს. მაგალითად, ძალიან მშრალი ჰაერი, სიცივე ან გადახურება, ოფლიანობა, უხეში ქსოვილი, სურნელოვანი კოსმეტიკა ან სხვა გამაღიზიანებელი საშუალებები.

 

მნიშვნელოვანია დაკვირვება და იმ მიზეზების გამოვლენა, რომლებიც მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. 

 

ატოპიური დერმატიტის მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს რეგულარულად დამატენიანებელი საშუალებების გამოყენებას და ექიმის მიერ შერჩეულ ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. საშუალო ან მძიმე მიმდინარეობისას შესაძლოა განხილული იყოს ფოტოთერაპია, ბიოლოგიური ან სხვა სისტემური მკურნალობა. კონკრეტული მეთოდი ასაკის, დაავადების სიმძიმისა და თანმხლები მდგომარეობების მიხედვით შეირჩევა.  

 

მნიშვნელოვანია ყოველდღიური კანის მოვლის რუტინაც. რეგულარული დატენიანება ამცირებს კანის გამოშრობას და ხელს უწყობს გამწვავებების კონტროლს. 

 

ექიმს დროულად მიმართეთ, თუ კანი მტკივნეული და ცხელი გახდა, გაჩნდა ჩირქი და მოყვითალო ქერქები, დაიწყო სითხის გამოყოფა ან გაქვთ სიცხე. მტკივნეული, სწრაფად გავრცელებული ბუშტუკების ან წყლულების, თვალის მიდამოს დაზიანების ან საერთო მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო შეფასება.  

 

გაქვთ მსგავსი სიმპტომები? დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 57 57 57 და დაჯავშნეთ კონსულტაცია. ჩვენ დაგეხმარებით მდგომარეობის სწორად შეფასებასა და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვაში. 

 

ატოპიური დერმატიტი და დიეტა

ატოპიური დერმატიტის დროს დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი საკითხია. საკვების ალერგიის რუტინული ტესტირება ყველა პაციენტს არ სჭირდება. ტესტები და ელიმინაციური დიეტა მხოლოდ შესაბამისი სიმპტომებისა და ექიმის შეფასების საფუძველზე უნდა დაიგეგმოს. განსაკუთრებით ბავშვებში გაუმართლებელმა შეზღუდვამ შეიძლება კვებითი დეფიციტი და ზრდის შეფერხება გამოიწვიოს. 

 

თუ კონკრეტული საკვების მიღების შემდეგ ბავშვს ან ზრდასრულს გამონაყარი უმწვავდება ან დაუყოვნებლივ უვითარდება ალერგიისთვის დამახასიათებელი რეაქცია, ექიმთან ვიზიტია საჭირო. საკვები ალერგიის არსებობის შემთხვევაში დიეტური შეზღუდვები სპეციალისტის რეკომენდაციით უნდა დაიგეგმოს. 

 

ატოპიური დერმატიტის ყოველდღიური მოვლა

ატოპიური დერმატიტის კონტროლისთვის მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა არ არის საკმარისი. ყოველდღიურ კანის მოვლასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამისთვის საჭიროა ისეთი ჩვევების ჩამოყალიბება, რომლებიც კანს გამოშრობისგან და დამატებითი გაღიზიანებისგან დაიცავს. 

 

ბანაობისას სასურველია თბილი და არა ცხელი წყლის გამოყენება. ხანგრძლივმა ბანაობამ და ძალიან ცხელმა წყალმა კანი შეიძლება კიდევ უფრო გამოაშროს. ასევე მნიშვნელოვანია ნაზი, უსუნო გამწმენდი საშუალებების შერჩევა. დაბანის შემდეგ კანის ძლიერად გახეხვა არ არის საჭირო. უმჯობესია, პირსახოცით მსუბუქად შეიმშრალოთ. 

 

დატენიანებელი საშუალების გამოყენება ყოველდღიური მოვლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის სასურველია დაბანის შემდეგ დაიტანოთ. მაშინ, როცა კანი ჯერ კიდევ ოდნავ ნოტიოა. დატენიანება ხელს უწყობს კანის დამცავი ბარიერის შენარჩუნებას და სიმშრალის შემცირებას. პროდუქტების არჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ისინი ისეთ ნივთიერებებს არ შეიცავდნენ, რომლებიც კანს აღიზიანებს.  

 

ასევე მნიშვნელოვანია ტანსაცმლის საკითხი. უხეში ქსოვილები ზოგიერთ ადამიანს ქავილს უძლიერებს. სასურველია თავისუფალი და რბილი ტანსაცმლის ტარება. თუ შეამჩნიეთ, რომ სიმპტომები რაიმე მიზეზით გიმწვავდებათ, ინფორმაცია ექიმს მიაწოდეთ. 

 

ასეთი მარტივი ნაბიჯები დაავადებას არ კურნავს, თუმცა კანის მდგომარეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.  

 

გაქვთ მსგავსი სიმპტომები? დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 57 57 57 და დაჯავშნეთ კონსულტაცია. ჩვენ დაგეხმარებით მდგომარეობის სწორად შეფასებასა და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვაში. 

 

ხშირად დასმული კითხვები   

 

ატოპიური დერმატიტი გადამდებია? 

არა. ატოპიური დერმატიტი ინფექციური დაავადება არ არის და სხვა ადამიანს კონტაქტით არ გადაედება. 

 

ატოპიური დერმატიტი შეიძლება სრულად გაქრეს?

ზოგიერთ ბავშვში სიმპტომები ასაკთან ერთად მცირდება ან ქრება. სხვებთან დაავადება უფრო დიდხანს გრძელდება და შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც განუვითარდეთ. სწორი მკურნალობა და კანის მოვლა სიმპტომების კონტროლში გვეხმარება. 

 

საჭიროა თუ არა ატოპიური დერმატიტის დროს დიეტის დანიშვნა?

არა, ყველა პაციენტს დიეტის დაინიშვნა არ სჭირდება. კონკრეტული საკვების ამოღება მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს. მკაცრი დიეტა ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის სასურველი. განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში.

გაზიარება