ეგზემა - როგორ ამოვიცნოთ ის?

01/11/2023

იხილეთ დაავადება ეგზემას ფოტოები

ეგზემა კანის ანთებითი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც საკმაოდ  გავრცელებულია. მისი სიმპტომები, განსაკუთრებით  მწვავე პერიოდში, შემაწუხებელია როგორც დღე, ისე ღამე, რაც შესაძლოა ხელს უშლიდეს პაციენტს ძილში. შესაბამისად, ეგზემა დიდ გავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრების ხარისხზე. ამასთან ერთად, სიმპტომების უგულებელყოფით ან არასათანადო მკურნალობით, დაავადების ქრონიკულში გადაზრდის დიდი ალბათობაა, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს და ართულებს მკურნალობის პროცესს.

 

გაითვალისწინეთ, ეგზემა საწყის ეტაპზე, როგორც წესი, მარტივად იკურნება. ამიტომ იმისათვის, რომ ადვილად ამოიცნოთ დაავადება და დროულად მიიღოთ შესაბამისი ზომები, გაგაცნობთ მის ძირითად ნიშნებსა და გამომწვევ მიზეზებს. ამასთან, მოგიყვებით ეგზემის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გზებზე.

 

 

როგორია დაავადების სიმპტომები?

 

ეგზემა ზოგჯერ კანის სხვა გავრცელებულ დაავადებებში – ფსორიაზსა და ჰერპესში ეშლებათ, რადგან მათი ნიშნები გარკვეულწილად მართლაც ჰგავს ერთმანეთს. თუმცა თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კანის ამ სამივე დაავადებას გააჩნია სპეციფიკური მახასიათებლები, განსხვავდებიან ლოკალიზაციით და აქვთ განსხვავებული გამომწვევი მიზეზები.

 

რაც შეეხება ეგზემას, მის ამოცნობას შემდეგი სიმპტომებით შეძლებთ:

  • სიწითლე – კანზე ჩნდება წითელი შეფერილობის ანთებითი მონაკვეთი
  • ბუშტუკები – მას ხშირად ერთვის ბუშტუკები, რომლის გასკდომის შემთხვევაშიც ჩნდება მტკივნეული ნახეთქები
  • გამონაყარი – ეგზემის ტიპიდან გამომდინარე თავს იჩენს სხვადასხვა სახის გამონაყარი
  • შესივება – პაციენტს შეიძლება შეუსივდეს დაზიანებული ადგილი
  • ქავილი და წვა – ეგზემას ახლავს ქავილისა და წვის ძლიერი შეგრძნება, რომელსაც, როგორც წესი, მუდმივი ხასიათი აქვს
  • ტემპერატურის მატება – მან შესაძლოა თავი იჩინოს ეგზემის გამწვავების დროს
  • მშრალი, დამსკდარი კანი – ანთების ჩაცხრობის შემდეგ კანი არის გამომშრალი და კარგავს ელასტიკურობას

 

ძირითადად ეგზემა ხელზე, ფეხზე და სახეზე ჩნდება, კონკრეტულად კი, ხელის მტევნის ზედაპირსა და ფეხის წვივზე. თუმცა მან შესაძლოა თავი იჩინოს სხეულის სხვა ნებისმიერ მონაკვეთზეც. არსებობს დაავადების უფრო მძიმე, მაგრამ იშვიათი ფორმა – ერითროდერმია, რომლის დროსაც ზიანდება მთელი კანი.

 

ეგზემა – ფოტოები

 

იხილეთ როგორ გამოიყურება ვიზუალურად დაავადების სიმპტომები.

 

ეგზემას მკურნალობა თოდუას კლინიკაში

 

დაავადება ეგზემას სიმპტომები და ნიშნები

 

განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ეგზემას. მწვავე ეგზემა გულისხმობს სიმპტომების მოულოდნელ, მცირეხნიან გამწვავებს, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღიდან 6 კვირამდე გაგრძელდეს. ქრონიკულია დაავადება, თუ ჩივილები 6 კვირის შემდეგაც გრძელდება. ასეთ დროს შეიძლება ეგზემა გამწვავდეს პერიოდულად, რამდენიმე თვის, წლების ან მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ დროს მიზანი ხანგრძლივი რემისიის მიღწევაა, რაც სწორი მკურნალობით სრულიად შესაძლებელია.

 

ქრონიკული ეგზემის მიზეზი ხშირად გენეტიკური წინასწარგანწყობა და იმუნური სისტემის დარღვევებია, თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ეგზემის მწვავე ფორმის ქრონიკულში გადაზრდა, შესაძლოა, დაგვიანებულმა ან არასათანადო მკურნალობამაც გამოიწვიოს. ქრონიკული ეგზემის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ატოპიური დერმატიტი, რომელიც ხშირად ვლინდება ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში.

 

რა იწვევს ეგზემას?

 

ეგზემას შესაძლოა იწვევდეს სტრესი, ალერგენები, მაგალითად, როგორიცაა გაზაფხულზე ზოგიერთი მცენარე, სხვადასხვა ტიპის გამღიზიანებლები, ქიმიური აგენტები და სხვა. მის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობაც.

 

ეგზემის განვითარების ალბათობა მაღალია იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ ქარხნებში, საწარმოებში, საწყობებში და აქვთ შეხება სხვადასხვა ხსნართან თუ ქიმიკატთან. ასეთ დროს განვითარებულ დაავადებას, პროფესიულ ეგზემას უწოდებენ. ცალკე გამოყოფენ კონტაქტურ ეგზემასაც, რომელიც ყალიბდება კანზე ალერგენის პირდაპირი კონტაქტის დროს.

 

ხშირად სვამენ კითხვას, გადამდებია თუ არა ეგზემა, რაზეც პასუხი უარყოფითია – ის ერთი ადამიანიდან მეორეზე არ ვრცელდება.

 

როგორ ისმება დიაგნოზი?

 

ეგზემის დიაგნოსტირება დერმატოლოგის მიერ კანის ვიზუალური დათვალიერებით იწყება. ექიმი სწავლობს პაციენტის სამედიცინო ისტორიასაც და არკვევს მის ოჯახურ ანამნეზს. ხშირად ტარდება სპეციალური ტესტები ალერგიულობის დასადგენად, რათა მოხდეს გამღიზიანებლების იდენტიფიცირება. იშვიათ შემთხვევებში ინიშნება კანის ბიოფსიაც, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს ეგზემის დიაგნოზი.

 

დერმატოლოგთან კონსულტაციისთვის და სასურველი გამოკვლევების ჩასატარებლად დაჯავშნეთ ვიზიტი აქ.

 

როგორია ეგზემის მკურნალობა?

 

მკურნალობა დიდწილად დამოკიდებულია ეგზემის ტიპსა და სტადიაზე, თუმცა ძირითადად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო ჰორმონალური მალამოები, ლოსიონები ან პრეპარატები. ასევე, მნიშვნელოვანია კანის მოვლის სპეციალური რუტინის შემუშავება, ჰიპოალერგიული და არომატიზატორებისგან თავისუფალი ჰიგიენური საშუალებებისა და დამატენიანებლების გამოყენება, გამომშრალი კანის გამოსაკვებად. ეგზემის გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე, პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ცხოვრების წესისა და კვების რაციონის ცვლილებაც. გარკვეულ შემთხვევაში ეგზემას მკურნალობენ ფოტოთერაპიითაც, რომლის მიზანიც კანზე დაავადებული უჯრედების ზრდის შემცირებაა.

 

გახსოვდეთ, ეგზემის ნებისმიერი ტიპის მკურნალობა თანამედროვე მეთოდებისა და პრეპარატების დახმარებით ძირითად შემთხვევაში ძალიან ეფექტურია. სწორი დანიშნულებით შესაძლებელია როგორც მწვავე ეგზემისგან განკურნება, ისე ხანგრძლივი რემისიის მიღწევა.

 

კლინიკა თოდუა მოგიწოდებთ დროულად მიმართოთ სპეციალისტს და ადრეულ ეტაპზევე დაიწყოთ მკურნალობა, რათა სწრაფად და მარტივად გათავისუფლდეთ შემაწუხებელი ჩივილებისგან. 

 

გაზიარება