ბორელიოზი – ლაიმის დაავადება
ბორელიოზს, იგივე ლაიმის დაავადებას ბაქტერია Borrela Burgdorferi იწვევს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ტკიპის კბენის შედეგად ხვდება. რადგანაც ზაფხულში ბუნებაში გაცილებით მეტ დროს ვატარებთ, რაც ტკიპასთან კონტაქტის ალბათობას ზრდის, ინფიცირების შემთხვევები წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით მატულობს.
რა არის ბორელიოზი და რას იწვევს დაავადება? როგორ უნდა ამოვიცნოთ ინფექციის ნიშნები და როგორ უნდა მოვიქცეთ სხეულზე ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში? – ბლოგში ლაიმის დაავადებაზე მოგიყვებით, რათა მომზადებული შევხდეთ წელიწადის ცხელ სეზონს და ინფექციისგან ჩვენი თავებისა და გარშემომყოფების დაცვა შევძლოთ.
სარჩევი
როგორ ხდება ბაქტერიით დაინფიცირება?
ბუნებაში ტკიპის სხვადასხვა სახეობა გვხდება, ბაქტერია Borrela-ს მატარებელი კი ირმის ტკიპაა, რომელიც ყავისფერი შეფერილობით გამოირჩევა. იმისათვის, რომ პარაზიტმა ჩვენი დაინფიცირება შეძლოს, ის კანზე 24 საათზე მეტი ხნით უნდა იყოს მიმაგრებული. თუ ის უფრო ადრე აღმოვაჩინეთ და მისი მოცილება დროულად შევძელით, ბაქტერიით დაინფიცირების შანსი მინიმალურია. საქმე ისაა, რომ ბაქტერია, რომელიც ლაიმის დაავადებას იწვევს, ტკიპის საჭმლის მომნელებელ ტრაქტშია. ის სანერწყვე ჯირკვლებში მხოლოდ მას შემდეგ გადაინაცვლებს, როცა პარაზიტში თბილი სისხლი მოხვდება და ტკიპა გაჯირჯვდება. სანერწყვე ჯირკვლებში არსებული ბაქტერია კი ნერწყვის მეშვეობით ჩვენს სისხლს ერევა, რამაც შესაძლოა ბორელიოზი გამოიწვიოს.
ლაიმის დაავადების სიმპტომები
განარჩევენ ბორელიოზის სამ სტადიას, რომლებსაც განსხვავებული სიმპტომები და გართულებები ახასიათებს. ადრეული სიმპტომები ტკიპის ნაკბენიდან 3-30 დღის განმავლობაში ვითარდება. პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ვარდისფერი ან წითელი შეფერილობის ბეჭდისებური გამონაყარია, რომელიც ინფიცირებულთა 80%-ს უვითარდება. გამონაყარმა რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა ზომაში მოიმატოს, ზომაში მომატებასთან ერთად კი მისი ცენტრი ღიავდება და უბრუნდება კანის შეფერილობას, კიდეები კი მუქი რჩება. გამონაყარს, ასევე, შესაძლოა ერთოდეს წვის ან ქავილის შეგრძნება.
გაითვალისწინეთ, რომ გამონაყარი შეიძლება ტკიპის ნერწყვის კომპონენტებმაც გამოიწვიოს და ის ალერგიული რეაქცია იყოს. ასეთ გამონაყარს ზომაში მომატება არ ახასიათებს, ამიტომ მთავარია, მას დავაკვირდეთ და არ გამოგვეპაროს ცვლილებები. ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში, თუნდაც არანაირი სიმპტომი არ გამოვლინდეს, გირჩევთ, თავის დაზღვევის მიზნით მიმართოთ სპეციალისტს. ექიმი ინფექციონისტი გაგაცნობთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებსა და იმ კლინიკურ ნიშნებს, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ.
ლაიმის დაავადება პირველ სტადიაზე ხასიათდება გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებითაც, მათ შორისაა სიცხე, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, სახსრების შებოჭილობა, ლიმფური კვანძების გადიდება. თუკი ტკიპის ნაკბენის შემდეგ ამგვარი კლინიკური ნიშნები გამოგივლინდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და გაიარეთ ჩექაფი კლინიკაში.
დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, ბორელიოზი შესაძლოა მეორე სტადიაში გადაიზარდოს. ის ტკიპის ნაკბენიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ იწყება. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი სხეულის სხვადასხვა უბანზე, სახსრების ანთება ანუ ართრიტი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა, სისუსტე, თავის ტკივილი, დისკომფორტი, მოუსვენრობა, მხედველობის გაბუნდოვნება, მენინგიტი, სახის ნერვის დამბლა და ა.შ.
ლაიმის დაავადების მესამე სტადია კი რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ შეიძლება განვითარდეს. მას ახასიათებს დიდი კალიბრის სახსრების ანთება, ქრონიკული ართრიტი, შესაძლოა, შეშუპდეს ხელის მტევნები და ტერფები, ამ მიდამოში არსებული კანი კი – გაფერმკრთალდეს. ამასთან, ზოგიერთ პაციენტში ვითარდება ცენტრალური ნერვულის სისტემის დარღვევები.
ბორელიოზის დიაგნოსტიკა
ლაიმის დაავადება ლაბორატორიული ანალიზით ვლინდება. ტესტის მეშვეობით IgM-სა და IgG-ს ანტისხეულებს განსაზღვრავენ. აღსანიშნავია, რომ ანტისხეულები ინფიცირებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ წარმოიქმნება, ამიტომ სიმპტომების არსებობის მიუხედავად, საწყის ეტაპზე ტესტმა, შესაძლოა, ნეგატიური მონაცემები აჩვენოს. სწორედ ამიტომ ბორელიოზის გამოსავლენი ანალიზი, ტკიპის კბენიდან 2-6 კვირაში ტარდება.
თოდუას პრემიუმ კლინიკა გთავაზობთ სრულფასოვან გამოკვლევას ბორელიოზისა და სხვა ინფექციური დაავადებების გამოსავლენად. ჩვენს სამედიცინო ცენტრში ერთ სივრცეში ტარდება როგორც ლაბორატორიული, ისე ინსტრუმენტული გამოკვლევები, რათა სიღრმისეულად შეფასდეს დაავადება და მისგან გამოწვეული გართულებები.
ლაიმის დაავადების მკურნალობა
მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში ინფექციისგან სრულად განკურნებაა შესაძლებელი. დაგვიანებულ სტადიაზე კი მისი მკურნალობაც რთულდება და მისით გამოწვეული გართულებებიც მწვავდება.
ბორელიოზის სამკურნალოდ ანტიბაქტერიული თერაპია გამოიყენება. გარკვეული ტიპის ანტიბიოტიკი შესაძლოა ექიმმა, ტკიპის მოცილებიდან 72 საათის განმავლობაში, პროფილაქტიკის მიზნითაც დანიშნოს. მედიკამენტების დოზასა და მოხმარების ხანგრძლივობას ინფექციონისტი დიაგნოსტირებისა და დაავადების მიმდინარეობის შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
👉 ექიმთან ჩაწერა – გადადით ბმულზე და დაჯავშნეთ ინფექციონისტთან ვიზიტი რამდენიმე წუთში.
ბორელიოზის პრევენცია
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, Borrela-თი ინფიცირების რისკები ზაფხულში კიდე უფრო იზრდება. დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება კი ტკიპის ნაკბენისგან თავის დაცვაა. ამიტომ წელიწადის ცხელ სეზონზე ღია ადგილებში, განსაკუთრებით კი ბუნებაში ყოფნის დროს, სასურველია, დახურული ტანისამოსი ვატაროთ, სახლში დაბრუნებულებმა კი – შევიმოწმოთ კანი და ტანისამოსი.
იმ შემთხვევაში, თუ ტკიპა მაინც აღმოჩნდა თქვენს სხეულზე, აუცილებელია, ის სწორი ტექნიკით მოიცილოთ. პირველ რიგში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ მოიძროთ ის უხეშად. კარგად გაჟღინთეთ ბამბა ან საფენი ზეთით, დაადეთ ის ტკიპას და მოიცადეთ, სანამ კანი კარგად არ გაიჟღინთება. ზეთი ტკიპას მოძრაობის უნარს უკარგავს, რაც მის მოცილებას აადვილებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ წვრილი პინცეტი. მისი მეშვეობით სიფრთხილით, თუმცა ძლიერად გამოქაჩეთ პარაზიტი კანიდან. ტკიპას მოცილების დროს, ეცადეთ არ გახეთქოთ ან დაანაწევროთ მისი სხეული. შემდეგ კი კარგად დაიბანეთ ნაკბენის ადგილი და ხელები წყლითა და საპნით. იმ შემთხვევაში, თუ ტკიპის მოცილება წარუმატებლად დასრულდა ან კანში პარაზიტის თავი დარჩა, სასწრაფოდ მიმართეს უახლოეს კლინიკას, რათა სპეციალისტმა ის სრულად ამოიღოს თქვენი კანიდან.
რაც მთავარია, იყავით ყურადღებით და არ უგულებელყოთ სიმპტომები. ინფექციონისტთან დროული ვიზიტით თავიდან აიცილებთ ერთ-ერთ ყველაზე ვერაგ ინფექციასა და მისით გამოწვეულ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს.