ართრიტი და მისი მკურნალობა
ართრიტი კრებითი სახელია, რომელიც 100-ზე მეტ დაავადებას აერთიანებს. მათ განსხვავებული გამომწვევი მიზეზები აქვს, შესაბამისად, გამოყოფენ ართრიტის სხვადასხვა ფორმას. თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელია სახსრების ანთება – ზოგიერთი ფორმების დროს ანთებითი პროცესი თავიდანვე იჩენს თავს, ზოგ შემთხვევაში კი ის დაავადების გამწვავებისას ვლინდება.
სარჩევი
ართრიტი პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც სახსრებს აზიანებს. შედეგად, იზღუდება მოძრაობა, აღინიშნება დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება სახსრების არეში. მისი სხვადასხვა ფორმა ნებისმიერი ასაკის მოსახლეობაში გვხდება, მათ შორის ბავშვებშიც. ართრიტს ხუთი დამახასიათებელი ნიშანი აქვს, რომლებიც ყველა ანთების დროს არის წარმოდგენილი, ესენია:
- ტკივილი;
- ადგილობრივად ტემპერატურის მატება;
- შეწითლება;
- შეშუპება;
- ფუნქციური უკმარისობა.
ართრიტის ფორმები
გამოყოფენ ართრიტის სხვადასხვა ჯგუფს, რომლებშიც საერთო მახასიათებლების მქონე დაავადებები ერთიანდება. ესენია:
- დეგენერაციული (არაანთებითი) ართრიტი – ასეთია, მაგალითად, ოსტეოართრიტი. მას თავდაპირველად ანთების ნიშნები შეიძლება არ ახასიათებდეს და შემდგომში ან სახსრების მაღალი ხარისხის დაზიანების დროს განვითარდეს.
- ანთებითი ართრიტი – ამ ჯგუფში შედის რევმატოიდული ართრიტი, ლუპუს ართრიტი, მაანკილოზებული სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი და სხვა.
- ინფექციური ართრიტი – ამ ტიპის ართრიტებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი ინფექციები იწვევს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება, მაგალითად, რეაქტიული ართრიტი.
- მეტაბოლური ანუ მიკროკრისტალური ართრიტი – მასში ერთიანდება პოდაგრული ართრიტი და ფსევდო პოდაგრული ართრიტები.
👉 დაავადება ფსორიაზი – გადადი ლინკზე და გაიგე უფრო მეტი პათოლოგიის შესახებ
ბლოგში უფრო დეტალურად განვიხილავთ ართრიტის ორ ყველაზე გავრცელებულ ფორმას – ოსტეოართრიტსა და რევმატოიდულ ართრიტს.
ოსტეოართრიტი
ხრტილი დრეკადი და ელასტიკური ქსოვილია, რომელიც ძვლების სასახსრე ზედაპირებს ფარავს. ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ძვლების ხახუნის გარეშე, ადვილად და დაუბრკოლებლად მოძრაობისთვის. ოსტეოართრიტი კი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც პირველ რიგში სწორედ ხრტილს აზიანებს, მისი გაცვეთისა და განლევის შემდეგ, ბუნებრივია, დროთა განმავლობაში ზიანდება სასახსრე ზედაპირები, იოგები და ძვლები. შედეგად, იზღუდება მოძრაობა, თავს იჩენს შებოჭილობა, სახსრის შეშუპება, ტკივილი, ტკაცუნისა და ჭრიალის ხმა მოძრაობისას. ამასთან, შესაძლოა ძვალზე გაჩნდეს გამონაზარდებიც, რაც უფრო მეტად უზღუდავს პაციენტს მოძრაობას. დაავადების დროს ძირითადად ზიანდება ხელის მტევანი, ხერხემალი, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრები.
ოსტეოართრიტს იმ გენის დეფექტი იწვევს, რომელიც კოლაგენის წარმოქმნას განაგებს. ის უმეტესად 60 წელს გადაცილებულ პოპულაციაშია ვლინდება.
👉 გაიარე ჩექაფი კლინიკა თოდუაში და მიიღე კვლევის პასუხები უმოკლეს დროში
რევმატოიდული ართრიტი
რევმატოიდული ართრიტიავტოიმუნური დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოწვეულია ორგანიზმის დამცველობითი სისტემის არასწორი მოქმედებით. საქმე ისაა, რომ რევმატოიდული ართრიტის დროს იმუნური სისტემა უცხოდ აღიქვამს სახსრის ამომფენ სინოვიურ მემბრანას და მის თავიდან მოშორებას ცდილობს. ამ დროს ვითარდება სახსრის ამომფენი ქსოვილის ანთება – სინოვიტი.რევმატოიდული ართრიტისისტემური დაავადებაა, ამიტომ ანთებითმა პროცესმა შეიძლება მოიცვას სხვა ორგანოებიც, როგორებიცაა გული, თვალები, ფილტვები და კანი.
როგორ ამოვიცნოთ რევმატოიდული ართრიტი?
დაავადების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანიასახსრების ანთება. მისი გამოვლენა, როგორც წესი, იწყება ტემპერატურით, სისუსტითა და კუნთების ტკივილით. შემდეგ კი თვალსაჩინო ხდება სახსრების შეშუპება და დეფორმაცია, ასევე, პაციენტს აღენიშნება მოძრაობის შეზღუდვა, დილის შებოჭილობა, უმადობა, წონის კლება, თვალებისა და პირის სიმშრალე. ხშირია რევმატოიდული კვანძების არსებობაც.
გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები
ართრიტების განვითარების ალბათობას შემდეგი ფაქტორები ზრდის:
- გენეტიკური წინასწარგანწყობა – ართრიტების ერთი და იგივე ფორმა ხშირად ფიქსირდება ოჯახურ ანამნეზში, შესაბამისად, ის შეიძლება მემკვიდრული ფაქტორით იყოს განპირობებული.
- ასაკი – სხვადასხვა ტიპის ართრიტი განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფში ვლინდება. მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი ხშირია 35-დან 50 წლის ადამიანებში, მაშინ, როდესაც ოსტეოართრიტი უფრო ხანდაზმულ პაციენტებში ვლინდება. ზოგადად კი, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ართრიტების განვითარების რისკი.
- სქესი – ართრიტების საკმაოდ დიდი ჯგუფი უმეტესად ქალებშია გავრცელებული, დანარჩენი ტიპები კი უფრო მეტად კაცებში გხვდება.
- სახსრის ტრავმა – სახსრების დაზიანებებისას ართრიტის განვითარების ალბათობა იზრდება. ამ ტიპის ტრავმები ხშირია სპორტსმენებსა და იმ ადამიანებში, რომელთა პროფესიული საქმიანობაც სახსრის მუდმივ დატვირთვას მოითხოვს.
- სიმსუქნე – ჭარბი წონა ხელს უწყობს ართრიტების განვითარებას ან უკვე არსებული დაავადების გაუარესებას.
- ინფექციები – ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციები, რომლებიც იწვევენ სახსრის ანთებას.
დაავადების დიაგნოსტიკა
ართრიტის თანმხლები ნიშნები – ტკივილი, სახსრების დეფორმაცია და მოძრაობის შეზღუდვა – ყოველდღიური საქმეების შესრულებას, სიარულსა თუ მუშაობას მნიშვნელოვნად აძნელებს. ამიტომაც ართრიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დროულად უნდა მოხდეს.
ართრიტის დიაგნოსტირებისას აუცილებელია, სპეციალისტმა შეისწავლოს ოჯახური ანამნეზი გენეტიკური წინასწარგანწყობის დასადგენად. რევმატოლოგის მიერ უნდა მოხდეს პაციენტის ფიზიკური გასინჯვაც, რის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ინსტრუმენტული კვლევები, როგორებიცაა დაზიანებული მიდამოს რენტგენოგრაფია, სახსრების ექოსკოპია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ზოგიერთი ართრიტის შემთხვევაში ტარდება ლაბორატორიული ანალიზებიც სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით.
კლინიკა თოდუა გთავაზობთ დაავადების სრულფასოვან გამოკვლევას კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. ამასთან, ჩვენს ცენტრში შეძლებთ დაჯავშნოთ ვიზიტი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რევმატოლოგ თამთა კობახიძესთან და მიიღოთ სრულფასოვანი კონსულტაცია.
ართრიტის მკურნალობა
მკურნალობის მიზანი დაავადების პროგრესირების, სახსრების დაზიანების შეჩერება და ჩივილების მინიმუმამდე შემცირებაა. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს კონსერვატიულ და ქირურგიულ მიდგომებს. კონსერვატიული მკურნალობის დროს გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული და სტეროიდული საშუალებები, რაც უზრუნველყოფს ტკივილის კუპირებასა და ანთების ჩაცხრომას. ამასთან ერთად, შესაძლოა დაინიშნოს მედიკამენტები დაავადების პროგრესირების შენელებისთვის. რევმატოიდული ართრიტის დროს მიმართავენ სპეციალურ ანტირევმატულ წამლებსაც. გახანგრძლივებული ანთების შემთხვევაში კი თითქმის ყველა ტიპის ართრიტის მკურნალობაში ერთვება კორტიკოსტეროიდები.
ქირურგიული მკურნალობა დაზიანებული სახსრის პროთეზით ჩანაცვლებას ან მის აღდგენას გულისხმობს. მას მიმართავენ დაავადების გართულებულ შემთხვევებში, როდესაც სახსარი იმდენადაა დაზიანებული, რომ პაციენტს უჭირს გადაადგილება და ყოველდღიური საქმეების დამოუკიდებლად შესრულება.
ართრიტის დროს ეფექტურია ფიზიკური თერაპიაც, რაც კუნთების გაძლიერებისთვის, მოძრაობის დიაპაზონის გაზრდისა და ტკივილის მენეჯმენტისთვის გამოიყენება. ტკივილის შესამსუბუქებლად, ასევე, მიმართავენ ულტრაბგერით და ელექტროთერაპიასაც.
ართრიტის მკურნალობის პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჭარბი წონის შემთხვევაში კი – მისი კორექცია და კონტროლი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას – პაციენტებისთვის რეკომენდებულია თევზეული, ბოსტნეული, ხილი, ზეითუნის ზეთი და, ზოგადად, ომეგა 3-ით, კალციუმით, მაგნიუმით, თუთიით, D და E ვიტამინებით მდიდარი საკვები. აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება არა მხოლოდ დაავადების მართვაში ეხმარება პაციენტს, არამედ ახდენს ართრიტის პრევენციასა და მისი განვითარების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
საუკეთესო შედეგი სწორად დანიშნული კომპლექსური სამკურნალო პროგრამით მიიღწევა. ასე, რომ ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი ცენტრის პროფესიონალებს – ვიზიტის დაჯავშნა კლინიკის ექიმთან რამდენიმე წუთში, ონლაინაცაა შესაძლებელი.