ჩიყვი და ფარისებრი ჯირკვალი – რა უნდა ვიცოდეთ მათზე?
ფარისებრი ჯირკვალი მცირე ზომის ორგანოა, თუმცა მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია – მის მიერ წარმოქმნილი ჰორმონები პასუხისმგებელია საჭმლის მომნელებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, რეპროდუქციული სისტემების გამართულად ფუნქციონირებასა და სხეულში მიმდინარე მრავალი პროცესის რეგულირებაზე.
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა – ფუნქციურ და სტრუქტურულ დარღვევებად. ჩვენ ბლოგში ყურადღებას ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურულ ცვლილებებზე გავამახვილებთ, თუმცა გვერდს ვერც მის ფუნქციურ დარღვევებს ავუვლით, რადგან ზოგჯერ პაციენტს ორივე მათგანი ერთდროულად აღენიშნება.
სარჩევი
როგორ ფუნქციონირებს ფარისებრი ჯირკვალი და როდის ვითარდება ჩიყვი?
ფარისებრი ჯირკვალი თავის ტვინში არსებული ჯირკვლის, ჰიპოფიზის მიერ კონტროლდება. სწორედ მის მიერ გამომუშავებული თირეოტროპული ჰორმონი (TSH) ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს, რათა მან გამოყოს ჰორმონები – თიროქსინი და ტრიიოდთირონინი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევის დროს, ორგანო საჭიროზე ნაკლებ ან მეტ ჰორმონს გამოიმუშავებს. პირველ შემთხვევაში მას ჰიპოთირეოზი ეწოდება, მეორე შემთხვევაში – ჰიპერთირეოზი. ჩიყვი კი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრ ჯირკვალში სტრუქტურული ცვლილებები აღინიშნება – ორგანო გადიდებულია ან მასში წარმოქმნილია კვანძები.
დიფუზური და კვანძოვანი ჩიყვი
დიფუზური ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდებას გულისხმობს, კვანძოვანი კი ორგანოში ერთი ან მრავალი კვანძის არსებობას. ისინი შესაძლოა ჩამოყალიბდეს როგორც ჰიპერთირეოზის ან ჰიპოთირეოზის, ისე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების დროს. არსებობს ასევე ჩიყვის შერეული ფორმაც- დიფუზურ-კვანძოვანი ჩიყვი.
ჩიყვის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზები და რისკ-ფაქტორებია:
- იოდის დეფიციტი – ნიადაგსა და წყალში ნაკლები იოდის შემცველობის გამო, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანები ჩიყვის განვითარების რისკჯგუფში შედიან;
- თირეოტოქსიკოზი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება;
- გენეტიკური წინასწარგანწყობა ფარისებრი ჯირკვლის დავადებების მიმართ;
- ფარისებრ ჯირკვალში მიმდინარე აუტოიმუნური დაავადებები;
- თავ-კისრის მიდამოში დასხივების ეპიზოდი – მათ შორის, მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება;
- ზოგიერთი მედიკამენტი ან/და ბიოდანამატი და სხვა.
რა სიმპტომებით გამოიხატება ჩიყვი?
თუ ფარისებრი ჯირკვალი ზომაში ძალიან მომატებულია, ის ზოგჯერ ვიზუალურადაც შესამჩნევია. ჩიყვზე, ასევე, შესაძლოა მიანიშნებდეს:
- დისკომფორტი ყლაპვის დროს ან ყლაპვის/სუნთქვის გაძნელება;
- ხმის ტემბრის შეცვლა;
- სუნთქვის გაძნელება;
- უცხო სხეულის ან ზეწოლის შეგრძნება ფარისებრ ჯირკვალში.
როდესაც ჩიყვს ერთვის ფუნქციური დარღვევებიც, მაშინ სიმპტომები უფრო მრავალფეროვანია. მათ შორისაა:
- საერთო სისუსტე;
- ადვილად დაღლა;
- კანის სიმშრალე;
- ფრჩხილების მტვრევა;
- თმის ცვენა;
- ხელების კანკალი;
- ჭარბი ოფლიანობა;
- მეხსიერების გაუარესება;
- ადვილად გაღიზიანება და ემოციური ლაბილობა;
- წონის მატება ან კლება;
- გულისცემის აჩქარება ან შენელება;
- ფაღარათი ან ყაბზობა;
- არტერიული წნევის მომატება ან დაბალი არტერიული წნევა და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, ჰიპოთირეოზითაა გამოწვეული ჩიყვი თუ ჰიპერთირეოზით, რადგან თუკი პირველი მეტაბოლური პროცესების შენელებას იწვევს, მეორე, პირიქით, მისი აჩქარებით ხასიათდება.
გაითვალისწინეთ, სიმპტომების გამწვავებისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად, სასურველია, დროული რეაგირება. ამიტომ, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები გეცნოთ, მიმართეთ სპეციალისტს.
👉 თუ გსურთ სრული გამოკვლევა ჩაიტაროთ ესტუმროთ ჩვენს ფილიალს: ჩექაფის სერვისი.
ჩიყვი და ორსულობა
ორსულობას მრავალი ფიზიოლოგიური ცვლილება ახლავს თან, მათ შორის, შესაძლოა პირველ ტრიმესტრში განვითარდეს ჰიპერთირეოზიც. ძირითადად, ამ ტიპის ცვლილებას მკურნალობა არ სჭირდება და ის მეორე ტრიმესტრში ჩარევის გარეშე რეგულირდება. თუმცა ჰიპერთირეოზის მიზეზების სრულფასოვანი დიაგნსოტიკა, გამოკვლევა და მისი კონტროლი მაინც მნიშვნელოვანია.
ამათან, ქალს, რომელიც ორსულობამდე იტარებდა ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მკურნალობის კურსს და იღებდა ჰორმონს, შესაძლოა, ორსულობის დროს ჩვეული დოზის გაზრდა დასჭირდეს. მშობიარობის შემდეგ ზოგჯერ ვითარდება თირეოიდიტიც ანუ ფარისებრი ჯირკვლის ანთება, რაც დასაწყისში მიმდინარეობს ჰიპერთირეოზის ფაზით, ის შეიძლება 2-3 თვეში ალაგდეს,ან ჩამოყალიბდეს ქრონიკული ჰიპოთირეოზის სახით, შესაბამისად დიფერენციალური დიაგნოზი და პროცესის კონტროლი ამ შემთხვევაშიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების დიაგნოსტიკა
ფარისებრი ჯირკვლის გამოსაკვლევად მიმართავენ როგორც ლაბორატორიულ, ისე ინსტრუმენტულ კვლევებს. პირველ რიგში, ტარდება თირეოდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) ანალიზი ორგანოს ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად. ასევე, ინიშნება ულტრაბგერითი გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურის შესასწავლად – ის იძლევა ინფორმაციას მის ფორმაზე, ზომაზე, კვანძების არსებობის ან არარსებობის შესახებ და ა.შ. ორივე დასახელებული კვლევის ჩატარება რეკომენდებულია რუტინულადაც. აღსანიშნავია, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შემთხვევათა უმეტესობა სწორედ გეგმური კვლევების დროს ვლინდება.
საჭიროების შემთხვევაში ენდოკრინოლოგის მიერ ინიშნება დამატებითი კვლევებიც, მათ შორისაა ანტისხეულების დონის, თავისუფალი თიროქსინის, თავისუფალი და საერთო ტრიიოდთირონინის განსაზღვრა, ციტოლოგიური გამოკვლევა და სხვა.
ჩიყვის მკურნალობა
ჩიყვის სამკურნალოდ მიმართავენ როგორც მედიკამენტურ თერაპიას, ისე ქირურგიულ ჩარევას, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში(დიფუზური ტოქსიური, კვანძოვანი, მრავალკვანძოვანი ჩიყვის ან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გარკვეული ტიპების დროს)- რადიოიოდთერაპიას. დიფუზური ტოქსიური ჩიყვის დროს, რაც გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებული ფუნქციით, შესაძლოა დაინიშნოს 3 სახის მკურნალობა: თირეოსტატიკებით თერაპია, ქირურგიული ჩარევა, ან რადიოაქტიური იოდით მკურნალობა. ეს უკანასკნელი ხშირად ინიშნება ფარისებრი ჯირკვლიდან ავთვისებიანი კვანძის ამოჭრის შემდეგაც, რათა სრულად მოხდეს სიმსივნური უჯრედების განადგურება და მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული მათი გავრცელება. ჰიპოთირეოზის მიზეზით გამოწვეული ჩიყვის დროს მიმართავენ ჩანაცვლებით თერაპიას ლევოთიროქსინით ან ასევე იოდის შემცველი პრეპარატებით მკურნალობას იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვის დროს.
ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა შეიძლება დადგეს მაშინ, როდესაც დარღვევების აღმოფხვრა მედიკამენტებით ვერ ხერხდება ან როცა ფარისებრი ჯირკვალი განსაკუთრებით დიდი ზომისაა და შემაწუხებელია ჩივილების მხრივ, ასევე, ავთვისებიანი კვანძის ან მრავლობითი კვანძების შემთხვევაში.
გაითვალისწინეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები მკურნალობას უმეტესად მარტივად ემორჩილება. მთავარი მისი დროულად გამოვლენა და სწორი მართვაა, რაშიც თოდუას კლინიკა და ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები დაგეხმარებიან.