როგორ დავისვენოთ და მივიღოთ რუჯი უსაფრთხოდ

24/07/2020

თუ გსურთ დაისვენოთ სასიამოვნოდ, აირიდოთ მზის აქტიური სხივებისგან გამოწვეული დისკომფორტი, გქონდეთ სასურველი შეფერილობის რუჯი და რაც მთავარია უსაფრთხოდ გაატაროთ დასვენების დღეები, ჩვენ გირჩევთ:

 

გადაამოწმე, სანამ გაირუჯები

 

ღია შეფერილობის კანის, პიგმენტური ლაქების და ხალების სიმრავლის შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, აუცილებელია დასვენების დაგეგმვამდე ესტუმროთ დერმატოლოგს, (ონკო-დერმატოლოგს) რომელიც ვიზუალურად შეისწავლის ხალებს, დაათვალიერებს დერმატოსკოპით და საჭიროების შემთხვევაში ციტოლოგიურ კვლევასაც დანიშნავს. თუ შეატყობთ, რომ ხალმა დაიწყო ზომის, ფორმის ან ფერის ცვლა ან პიგმენტური ლაქების უბნები გაიზარდა, ასეთ შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს.

 

უსაფრთო რუჯის მიღება შესაძლებელია

 

  • პირველ რიგში, რაც უნდა გაითვალისწინოთ მზიან სანაპიროზე დასვენების დროს, არის მზის აქტიური სხივებისგან მაქსიმალურად დაცვა. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე დამცავი საშუალებების მიუხედავად, აუცილებელია მოერიდოთ გარუჯვას.
  • გარუჯვამდე 20 წუთით ადრე სახეზე და ტანზე დაიტანეთ მზისგან დამცავი ლოსიონი ან საცხი, რომელიც მინიმუმ 30 SPF-ით არის წარმოდგენილი, მიუხედავად მუქი შეფერილობის კანისა, თუ მზე ღრუბლებშია, დამცავი საცხის გამოყენება მაინც აუცილებელია, რადგან მზის გამოსხივებას ღრუბლები ვერ აფერხებს. შეგახსენებთ, რომ დამცავი ლოსიონის გამოყენება 30-40 წუთში უნდა განაახლოთ. სახლიდან სანაპიროზე გასვლის წინ არ დაივიწყოთ ქუდი, მზის სათვალე და პერიოდულად „ემეგობრეთ“ ქოლგას და ჩრდილს.
  • ეცადეთ რუჯის მიღების პირველ დღეებში მზეზე დაყოვნების დრო დაახლოებით იყოს 20-30 წუთი, ყოველ მომდევნო დღეს შეგიძლიათ ეს დრო 10-15 წუთით გაზარდოთ, რამდენიმე საათით მზეზე ყოფნა რეკომენდირებული არ არის.
  • დეჰიდრაცია – მზის სხივები სხეულის გადაღლას და გაუწყლოებას უწყობს ხელს, დღის განმავლობაში, განსაკუთრებით სანაპიროზე ყოფნის დროს მიიღეთ წყალი დიდი რაოდენობით, გარუჯული კანი კი დაიტენიანეთ ლოსიონებით, რაც რუჯის შენარჩუნებასაც შეუწყობს ხელს.

 

მზის ალერგია

 

გარუჯვის პირველივე მცდელობიდან თუ შენიშნეთ ქავილი, წვრილი გამონაყარი, წვის შეგრძნების გარეშე ე.ი. „ბრალი მიუძღვის“ მზის ალერგიას. გამომწვევი მიზეზები როგორც წესი სხვადასხვაა – მზის აქტიური სხივები, სხვადასხვა მედიკამენტები, რუჯის გასააქტიურებელი საშუალებების – ლოსიონების და ზეთების არასწორი ან დიდი დოზით გამოყენება.

პირველ რიგში, ცხადია, მზეს უნდა მოერიდოთ, აქტიურად გამოიყენოთ მზისგან დამცავი საცხები, ქუდი, სათვალე და შესაძლებლობისთანავე მიმართოთ ექიმ ალერგოლოგს და კონსულტაციის შემდეგ შეუდგეთ ალერგიის მართვას.

 

სოლარიუმი – რისკები და რეკომენდაციები

 

თუ ქრონიკულ დაავადებებს უჩივით, ხართ ალერგიული, იღებთ მედიკამენტებს, რომელიც შესაძლებელია უკუჩვენებებით გამოირჩეოდეს, თუ გაქვთ პიგმენტური ლაქები და ხალების სიმრავლე, სოლარიუმი განსაკუთრებით მავნებელია თქვენი ორგანიზმისთვის. გარდა კანის ნაადრევი დაბერებისა, ულტრაიისფერი სხივების აქტიურად მავნე გამოსხივება შესაძლებელია სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზიც გახდეს. შეუთავსებელია სოლარიუმი ლაქტაციის და ორსულობის დროს, მათ შორის მენსტრუალური ციკლის დროსაც.

გაზიარება