სისხლის ჯგუფები – ცხრილი
ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 4-6 ლიტრი სისხლია, რომელიც შედგება გამჭვირვალე სითხისგან ანუ პლაზმისგან და სისხლის ფორმიანი ელემენტების ანუ უჯრედებისგან, ესენია: ერითროციტები (წითელი უჯრედები), ლეიკოციტები (თეთრი უჯრედები) და სისხლის ფირფიტები ანუ თრომბოციტები. ერითროციტების მთავარი ფუნქცია ორგანიზმში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებაა. ლეიკოციტები ორგანიზმს პათოგენებისგან იცავს და იმუნური სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. თრომბოციტების დანიშნულება კი სისხლის შედედების ფაქტორების ტრანსპორტირებაა, შესაბამისად, მონაწილეობს სისხლდენის შეჩერებასა და შედედებაში.
👉 გაეცანით ბლოგს სისხლის საერთო ანალიზი და გაიგეთ მეტი შემადგენელ უჯრედებზე, ანალიზის აღების პროცედურასა და მასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე.
სისხლის ჯგუფები
ის, თუ რომელი ჯგუფი აქვს კონკრეტულ ადამიანს, დამოკიდებულია მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ გენებზე. სამედიცინო პრაქტიკაში სისხლის ჯგუფების განსაზღვრისას ყველაზე ხშირად ABO სისტემას მიმართავენ.
ABO სისტემა
ABO სისტემით სისხლის ჯგუფებად დაყოფა დამოკიდებულია წითელი უჯრედების ზედაპირზე ანტიგენების, ხოლო პლაზმაში ანტისხეულების არსებობა-არარსებობაზე. ამ პრინციპის მიხედვით განასხვავებენ 4 ძირითად ჯგუფს, ესენია:
- O (I) ჯგუფი – ამ ტიპის ჯგუფის ადამიანებში ერითროციტებზე არც A და არც B ანტიგენები არ არის წარმოდგენილი, თუმცა პლაზმაში აღინიშნება ანტი-A და ანტი-B ანტისხეულები;
- A (II) ჯგუფი – ამ შემთხვევაში ერითროციტებზე ვლინდება მხოლოდ A ანტიგენი, პლაზმაში კი – ანტი-B ანტისხეულები;
- B (III) ჯგუფი – თუ ადამიანი B (III) ჯგუფს მიეკუთვნება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ერითროციტებზე გამოვლენილია B ანტიგენი, ხოლო პლაზმაში ანტი-A ანტისხეულები;
- AB (IV) ჯგუფი – ამ ჯგუფში წარმოდგენილია როგორც A, ისე B ანტიგენი, თუმცა პლაზმაში არ აღინიშნება ანტისხეულები.
👉 გაიცანით ჩვენი ექიმები და დაჯავშნეთ ვიზიტი შესაბამის სპეციალისტთან.
Rh (რეზუს) ფაქტორი
სისხლის კლასიფიკაციისას, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს რეზუს (Rh) ფაქტორიც. ის წარმოადგენს ცილას, რომელიც ზოგიერთი ადამიანის წითელი უჯრედების ზედაპირზე გვხდება. შესაბამისად, განარჩევენ Rh+ (რეზუს დადებითი) სისხლსა და Rh- (რეზუს უარყოფითი) სისხლს. რეზუს (Rh) ფაქტორის გათვალისწინებით, ჯგუფების ჩამონათვალი ამგვარია:
- O Rh დადებითი (O+) – პირველი დადებითი
- O Rh უარყოფითი (O-) – პირველი უარყოფითი
- A Rh დადებითი (A+) – მეორე დადებითი
- A Rh უარყოფითი (A-) – მეორე უარყოფითი
- B Rh დადებითი (B+) – მესამე დადებითი
- B Rh უარყოფითი (B-) – მესამე უარყოფითი
- AB Rh დადებითი (AB+) – მეოთხე დადებითი
- AB Rh უარყოფითი (AB-) – მეოთხე უარყოფითი
ყველაზე გავრცელებული ჯგუფები
ზოგად პოპულაციაში O (I) ჯგუფი ყველაზე გავრცელებულ სისხლის ჯგუფად მიიჩნევა. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის დაახლოებით 85%-ს რეზუს დადებითი სისხლი აქვს, ყველაზე გავრცელებული ჯგუფი O+ ანუ პირველი დადებითია. გავრცელების თვალსაზრისით კი მას A და B სისხლის ჯგუფები მოსდევს.
👉 გაეცანით თოდუას კლინიკის პარტნიორ კერძო სადაზღვევო კომპანიებს და გაიგეთ რომელი კომპანიის პაკეტით შეგიძლიათ ჩვენთან საგებლობა.
ვის შეიძლება დასჭირდეს სისხლის გადასხმა?
სისხლის გადასხმა აუცილებელია ზოგიერთი დაავადებისა და სიტუაციის დროს. ის შეიძლება საჭირო გახდეს:
● მძიმე ანემიით დაავადებულთათვის;
● ონკოლოგიური პაციენტთათვის;
● სხვადასხვა დაავადების მქონე პირებისთვის;
● სისხლის ჭარბად დაკარგვისა და სისხლდენის დროს;
● კომპლექსური სამედიცინო ჩარევებისა და ქირურგიული ოპერაციების დროს.
როგორც წესი, სისხლის ჩაბარებამდე დონორებსა და რეციპიენტს (მიმღები) უკეთდებათ ანალიზი ჯგუფის განსაზღვრისთვის, რათა არ მოხდეს შეუთავსებელი სისხლის გადასხმა. თუმცა კრიტიკულ სიტუაციებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულ რეაგირებას, ამიტომ მიზანშეწონილია, წინასწარ ვიცოდეთ სისხლის რომელ ჯგუფს მივეკუთვნებით. ამის დადგენა კი მარტივი ლაბორატორიული ანალიზით ხდება და მის ჩატარებამდე პაციენტის წინასწარი მომზადება საჭირო არ არის.
👉 რა არის ჩექაფი? – შეიტყვეთ მეტი პროფილაქტიკურ კვლევებსა და მათ მნიშვნელობაზე. გაიგეთ რა მოიცავს თოდუას კლინიკის უნიკალური შეთავაზება.
სისხლის გადასხმა ჯგუფების მიხედვით
შეუთავსებელი სისხლის გადასხმა წითელი უჯრედების ჰემოლიზს (დაშლას) იწვევს, რაც შესაძლოა ლეტალურადაც კი დასრულდეს. გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია გადასასხმელად თანამოსახელე ჯგუფისა და რეზუსის სისხლის გამოყენება. კრიტიკულ სიტუაციებში, პაციენტს შესაძლოა მცირე დოზით O (I) ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლიც გადაესხას, რადგან ამ ტიპის ადამიანები უნივერსალურ დონორებად მიიჩნევიან.
👉 კლინიკური კვლევები თოდუას კლინიკაში – გადადით ბმულზე და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ამ თემის გარშემო.
დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული სისხლით შეგიძლიათ სიცოცხლე გადაარჩინოთ. ამიტომ, სასურველია, წინასწარ ფლობდეთ ინფორმაციას თქვენი სისხლის ჯგუფისა და ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ.