ვარდისფერი ოქტომბერი

27/10/2020

 

იცოდით, რომ?!

 

  • საქართველოში ყოველწლიურად კიბოს დაახლოებით 10.000 შემთხვევა რეგისტრირდება.
  • ძუძუს კიბო იკავებს 1 ადგილს ქალთა ონკოლოგიურ ავადობაში
  • კიბოს რეგისტრის მონაცემებით, ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოა ქალებში. ერთი წლის განმავლობაში საქართველოში რეგისტრირდება დაახლოებით 1700-1800 ახალი შემთხვევა.
  • მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა უმეტესად  50-70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ვლინდება, ბოლო წლებში გამოიხატა ე.წ. „გაახალგაზრდავების“ ტენდენცია და ძუძუს კიბოს გამოვლენა 25-40 წლის ასაკში არც ისე იშვიათია.

 

ძუძუს კიბოს დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში, როგორც წინა წლებში, წელსაც ჩვენს სამედიცინო ცენტრში ოქტომბრის თვის ყოველ ხუთშაბათ და პარასკევ დღეს, განურჩევლად ასაკისა, ყველა ქალბატონს შესაძლებლობა აქვს უფასო კონსულტაცია გაიარონ მამოლოგებთან და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარონ უფასო მამოგრაფია.

 

მხოლოდ შარშან ჩატარებული აქციის სტატისტიკის მიხედვით, 30 ქალბატონს აღმოაჩნდა პათოლოგია, მათგან რამდენიმეს ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა ჩვენს კლინიკაში, მათ შორის: სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ოპერაციული მკურნალობა.

 

დროული დიაგნოსტიკა, რეგულარულად მამოლოგთან ვიზიტი, თვითგასინჯვა გაძლევთ შანსს თავიდან აირიდოთ სიმსივნური წარმონაქმნები, დროული პრევენცია ფაქტობრივად სრულად გამოჯანმრთელების საფუძველია.

ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა ქალებში და საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ ვითარდება, თუმცა, ყოველწლიური სკრინინგი კიბოს განვითარების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

 

შეგიძლია თავადაც გახდეთ მნიშვნელოვანი ცვლილებების აღმომჩენები, რის საფუძველზეც სპეციალისტთან მიმართვა აუცილებელია:

 

  1. ძუძუს გარშემო კანის ნებისმიერი ცვლილება: სიწითლე, შეშუპება, დანაოჭება.
  2. დვრილის ფორმის და ფერის შეცვლა, ჩაბრუნება, გამონადენი ან შეშუპება
  3. ასიმეტრია ორ ძუძუს შორის
  4. დისკომფორტი ძუძუს არეში
  5. იღლიებში კვანძების გადიდება ან შესიება

 

თვითგასინჯვის მთავარი ნაბიჯები:

  • დადექით სარკის წინ დაშვებული და შემდეგ მაღლა აწეული ხელებით და მიაქციეთ ყურადღება, ხომ არხედავთ ჩაღრმავებულ ან ამობურცულ ადგილებს.
  • პალპაცია (ხელით გასინჯვა) უნდა მოხდეს პირველ რიგში წრიული მოძრაობით თითების ბალიშებით, შემდეგ ხაზოვანი მიმართულებით შეამოწმეთ მთელი არეალი, მესამე მეთოდი - მოძრაობა, რომლის ტრაექტორიასაც გვირილის ფორმა აქვს და ძუძუს ირგვლივ მსუბუქად დაწოლით შეამოწმებთ.

 

თვითგასინჯვა შხაპის დროს:

 

ყოველდღიური რუტინის დროს უფრო მარტივია საკუთარი სხეულს უკეთ დააკვირდეთ, თან თვითგასინჯვა ბევრად მოსახერხებელია, როდესაც კანი გლუვია.

თუ მარჯვენა ძუძუს იმოწმებთ, მარცხენა ხელი დაიდეთ კეფაზე და პირიქით. დააკვირდით ყოველდღიურად  რაიმე გამონადენი ხომ არ გაქვთ, ან დვრილის ირგვლივ ხომ არ მოხდა ფერის შეცვლა ან ჩაბრუნება.

 

 

რისკ - ფაქტორები:

  • მემკვიდრული წინასწარგანწყობა
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • ენდოკრინული დაავადებები
  • სიმსუქნე

 

მითები

 

მითი: ანტიპერსპირანტის გამოყენება ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

რეალობა - 2002 წელს კიბოს ეროვნული ინსტიტუტის ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ანტიპერსპირანტები და ანტიდეოდორანტები არ ზრდიან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

მითი: ბიუსჰალტერი მეტალის მყარი ნაწილებით ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

რეალურად არ არსებობს კვლევა, რომელმაც დაადასტურა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მეტალის მყარი ნაწილების შემცველი ბიუსჰალტერი ზრდის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს.

მითი: კოფეინი განაპირობებს ძუძუს კიბოს განვითარებას.

ძუძუს კიბოსა და კოფეინს შორის რაიმე კავშირის არსებობა არ დასტურდება კვლევებით.

 

მითი: ძუძუს კიბო ყოველთვის ვლინდება კვანძის სახით.

გამკვრივებული უბანი კვანძის სახით შესაძლოა წარმოადგენდეს ძუძუს კიბოს (ისევე როგორც სხვა არაერთი ფორმის კეთილთვისებიან ახალწარმონაქმნს), მაგრამ ის არ წარმოადგენს ძუძუს კიბოს გამოვლენის ერთადერთ ნიშანს. აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ისეთ ნიშნებს, როგორიც არის შეშუპება, კანის გაღიზიანება, კანის „ჩავარდნა“, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება სარძევე ჯირკვალში ან დვრილებში, აგრეთვე დვრილის ჩაბრუნება, ძუძუს კანის ან დვრილის სიწითლე და გასქელება და აგრეთვე გამონადენი, რომელიც განსხვავდება რძისაგან.

მთავარია, დაძლიოთ დიაგნოზის მოსმენის შიში, გადალახოთ უარყოფითი ფიქრებისგან გამოწვეული შფოთვა, გახსოვდეთ, რომ წარმატებული მკურნალობისთვის და სრულად გამოჯანმრთელებისთვის დროული დიაგნოსტიკა უპირობო გამოსავალია.

 

მოდი და გაესინჯე ჩვენთან!

 

 

 

 

 

 

გაზიარება