სხივური თერაპია და მისი შესაძლებლობები
სხივური თერაპია მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და თანამედროვე მეთოდია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ონკოლოგიური (და არამარტო) დაავადებების მკურნალობისა და მართვის პროცესში. მეტიც, რადიაციული ონკოლოგია ბოლო წლებში განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით ვითარდება, იქმნება დახვეწილი ტექნოლოგიები, რაც კიდევ უფრო ზრდის სხივური თერაპიის შესაძლებლობებს.
სარჩევი
რას გულისხმობს სხივური თერაპია?
სხივური თერაპიის დროს გამოიყენება მაიონებელი რადიაცია, რომლის მიზანიც სიმსივნური უჯრედების განადგურებაა. მკურნალობის კურსის შედეგად, შესაძლოა, სრულად განადგურდეს უჯრედები, შემცირდეს სიმსივნე ზომაში, შეჩერდეს ან/და შენელდეს წარმონაქმნის ზომაში ზრდა. ის თუ რა შედეგს მივიღებთ, დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ ფაქტორებზე, დაავადების ბუნებაზე, თერაპიის მიზანსა და ხანგრძლივობაზე.
სხივური თერაპია შეიძლება იყოს რადიკალური, რის მიზანსაც პაციენტის განკურნება წარმოადგენს და არა უბრალოდ სიმპტომების შემსუბუქება. რადიკალურ სხივურ თერაპიას ძირითადად მიმართავენ მაშინ, როდესაც კიბო ლოკალიზებულია ერთ კონკრეტულ არეალში და არ არის გავრცელებული შორეულ ორგანოებსა ან ქსოვილებზე. ასეთ დროს დასხივების დოზები, როგორც წესი, შედარებით დიდია, მკურნალობა კი გახანგრძლივებული.
სხივური თერაპია ხშირად ინიშნება ქირურგიულ ოპერაციამდე, სიმსივნური ქსოვილის ზომის შემცირებისათვის და პოსტოპერაციულად, სიმსივნის დამატებითი ლოკალური კონტროლის მიზნით. სხივური თერაპია პალიატიური მოვლის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტიცაა, რომელიც ხშირად ჩივილების შემსუბუქებასა და პაციენტისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
სხივური თერაპია შეიძლება დაინიშნოს როგორც დამოუკიდებლად, სხვა პროცედურების გარეშე, ისე სისტემური მკურნალობის დროს. ის უმეტესად გამოიყენება ქირურგიულ მკურნალობასთან და ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში.
რა დაავადებების დროს გამოიყენება მკურნალობის ეს მეთოდი?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხივურ თერაპიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თითქმის ყველა ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის პროცესში, თუმცა ის, შესაძლოა, დაინიშნოს კეთილთვისებიანი წარმონაქმნების შემთხვევაშიც.
რადიოთერაპია განსაკუთრებით ეფექტიანად გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა თავ-კისრის, თავის ტვინის, ფილტვის, კუჭ-ნაწლავისა და შარდ-სასქესო სისტემის, ძვლისა და შემაერთებელ-ქსოვილოვანი სისტემის და ძუძუს სიმსივნეები.
როგორც წესი, სხივური თერაპიით მკურნალობა ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება. თითოეული დასხივების ხანგრძლივობა კი, საშუალოდ, 10-15 წუთია. თუმცა გაითვალისწინეთ, მკურნალობის ციკლისა და ერთი დასხივების ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის პაციენტის დიაგნოზზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, დასასხივებელი უბნებისა და წარმონაქმნების რაოდენობაზე და სხვა.
👉 შეგახსენებთ, რომ თოდუას კლინიკაში შეგიძლიათ ე.წ კატეს გადაღება.
რადიოთერაპიის გვერდითი მოვლენები
რადიოთერაპიის ადრეული გვერდითი მოვლენები მკურნალობის პროცესში ან მისი დასრულებიდან ორი თვის განმავლობაში ვლინდება. მათგან ყველაზე გავრცელებულია დასხივებული უბნის მიმდებარე ქსოვილების გაღიზიანება. ამასთან, ძუძუს/რეგიონული ლიმფური კვანძებისა და თავ-კისრის მიდამოს სხივური თერაპიის დროს, შესაძლოა განვითარდეს კანის, პირის ღრუსა და საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. თავის ტვინის დასხივება ზოგჯერ იწვევს თმის ცვენას, ანუ ალოპეციას თავის არეში. სხივური თერაპიის მენჯისა და მუცლის ღრუს მიმდებარედ ჩატარებას შეიძლება მოჰყვეს შარდის ბუშტის, წვრილი ნაწლავების და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, რაც დეფეკაციის დროს დისკომფორტით, დიარეითა ან/და გულისრევა-ღებინებით გამოიხატება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა ადრეული გვერდითი მოვლენა დროებითია და მკურნალობის დასრულების შემდეგ ნელ-ნელა უკან იხევს.
რადიოთერაპიას შეიძლება ახლდეს მოგვიანებით გამოხატული გართულებებიც, რომელთაგანაც ყველაზე ხშირი ფიბროზული ქსოვილების განვითარებაა. ამ ტიპის გვერდითი მოვლენა, როგორც წესი, მკურნალობის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ ვლინდება და ძირითადად ვითარდება პაციენტის ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქციის გამო.
👉 თოდუას ბლოგში სხივურ თერაპიასთან ერთად კიდევ უამრავი საინტერესო თემაა განხილული ონკოლოგიის მიმართულებით: დაავადება მელანომა, მკერდის სიმსივნე, ფილტვის კიბო და ა.შ.
კვება სხივური თერაპიის დროს
აუცილებელია პაციენტებმა, რომლებსაც სხივური თერაპია ენიშნებათ, მკურნალი ექიმისგან წინასწარ მიიღონ კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რადიოთერაპიის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებაა. ამიტომ, პაციენტებმა, რომლებიც პროცედურას თავ-კისრის მიმდებარედ იტარებენ, სასურველია, უარი თქვან უხეშ, მჟავე ან ცხარე პროდუქტებზე, მიიღონ ადვილად გადასაყლაპი ან თხევადი საკვები.
სხივური თერაპიის მუცლის ღრუსა და მენჯის არეალში ჩატარების დროს, იზღუდება ისეთი საკვები, რომელიც იწვევს დისკომფორტს ნაწლავებში, შებერილობას, შეკრულობასა და ფაღარათს. ასეთია უმი ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები და სხვა.
სხივური თერაპია თოდუას კლინიკაში
თოდუას კლინიკაში ხელმისაწვდომია VARIAN-ის ფირმის უახლესი აპარატურა – ხაზოვანი ამაჩქარებელი, TRUEBEAM და რადიოქირურგიული სისტემით, EGDE. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ქვეყნებში, თოდუას კლინიკა იყო პირველი, რომელმაც რადიოქირურგიის უახლესი ამაჩქარებელი EDGE დანერგა.
VARIAN-ის აპარატურა შესაძლებლობას იძლევა დაზიანებული უბანი სწრაფად, მეტი სიზუსტით და ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების მაქსიმალური დაცვით დასხივდეს. ამასთან ერთად, ჩატარდეს რადიოქირურგიული მკურნალობა, რაც გულისხმობს მაღალი დოზით ერთჯერად ან რამოდენიმეჯერად დასხივებას.
თოდუას კლინიკაში ასევე ტარდება სუნთქვასთან სინქრონიზებული რადიოთერაპია, რაც გულისხმობს სუნთქვასთან ერთად მოძრავი წარმონაქმნების მაქსიმალურად ზუსტ დასხივებას და მიმდებარე ფილტვის ქსოვილის მაქსიმალურ დაცვას. აღნიშნული ტექნიკით ასევე შესაძლებელია სარძევე ჯირკვლის დასხივების დროს გულისა და ფილტვის მაქსიმალური დაცვა, რათა მომავალში სხივური თერაპიის შედეგად არ განვითარდეს გულისა და ფილტვის დაავადებები.
თოდუას კლინიკაში წარმატებით სრულდება ბრაქითერაპიაც, რომლის დროსაც შესაძლებელია სიმსივნური წარმონაქმნი მაქსიმალურად ახლოდან დასხივდეს ე.წ. „აპლიკატორების“ დახმარებით. რაც მთავარია, ირგვლივ არსებული ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალური დაცვით. ბრაქითერაპია კლინიკაში უახლესი აპარატით – GammaMedplus iX-ით სრულდება.
თოდუას კლინიკის სხივური თერაპიის განყოფილებაში მუშაობენ წამყვანი რადიაციული ონკოლოგები და სამედიცინო ფიზიკოსები, ასევე, რადიაციული თერაპიის ტექნიკოსები, რომელთაც გავლილი აქვთ გადამზადება ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში.
ასე, რომ გვეწვიეთ, გაიარეთ კონსულტაცია კვალიფიციურ სპეციალისტებთან და მიიღეთ სრულფასოვანი მკურნალობა თოდუას კლინიკაში.