ჭინჭრის ციება – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

24/04/2023

ჭინჭრის ციება დაავადება ქავილი

ბლოგ-პოსტში ვისაუბრებთ თუ რა არის ჭინჭრის ციება, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ ვუმკურნალოთ ამ დაავადებას.

 

 

რა არის ჭინჭრის ციება?

 

ჭინჭრის ციება, რომელსაც ურტიკარიის სახელითაც მოიხსენიებენ, ორგანიზმის ალერგიული რეაქციაა. მისი ნიშნები ვიზუალურად ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს, სწორედ ამ მსგავსებითაა განპირობებული სინდრომის სახელწოდება. ურტიკარიის ნიშნები მოსახლეობის დაახლოებით 15-20%-ს გამოუცდია, მისი ქრონიკული ფორმა კი პოპულაციის 2-3%-ს უვითარდება. ჭინჭრის ციება შეიძლება მრავალმა ფაქტორმა გამოიწვიოს. რაც შეეხება ასაკს, მას მნიშვნელობა არ აქვს – ის შეიძლება განვითარდეს როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულ ადამიანებში.

 

სიმპტომები და მისი ფორმები

 

ჭინჭრის ციებას კანზე ამობურცული, შეშუპებული, მოწითალო, თეთრი ან კანისფერი ბუშტუკები ახასიათებს. ამ ვიზუალურ ნიშნებთან ერთად, პაციენტს აღენიშნება ქავილიც.

თუკი ურტიკარიის ნიშნები 6 კვირამდე გრძელდება, მას მწვავეს ვუწოდებთ. ქრონიკულ ფორმასთან კი საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც მისი ხანგრძლივობა 6 კვირაზე მეტია.

თუ შესაბამისი სიმპტომები აღგენიშნებათ, გვეწვიეთ თოდუას კლინიკაში.

 

იხილეთ როგორ გამოიყურება ჭინჭრის ციება

 

ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის, ერთი ან მრავლობითი ელემენტით გამოხატული. გამონაყარი ვლინდება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. 

 

ჭინჭრის ციების ფოტოები

 

რა არის ანგიოედემა და რით ჰგავს ის ურტიკარიას?

 

ანგიოედემაც ორგანიზმის ალერგიული რეაქციაა, რომელსაც ხშირად ურტიკარიის მსგავსი მაპროვოცირებელი ფაქტორები აქვს. თუმცა ანგიოედემის დროს კანის უფრო ღრმა ფენების შეშუპება ხდება, ამასთან, მას ახასიათებს ტკივილი და სიმხურვალის შეგრძნება. შეშუპება, უმეტესად, თვალებისა და ტუჩების გარშემო ვლინდება. ურტიკარია და ანგიოედემა შეიძლება ერთმანეთის დამოუკიდებლად ან ერთდროულად განვითარდეს.

 

გამომწვევი მიზეზები

 

ჭინჭრის ციების მაპროვოცირებელ ფაქტორთა შორისაა:

  • ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციები;
  • მედიკამენტების ფართო სპექტრი, თუმცა უმეტესად ალერგიული რეაქცია ვითარდება ანტიბიოტიკების საპასუხოდ;
  • საკვები – მას განსაკუთრებით ისეთი პროდუქტები იწვევს, როგორებიცაა კვერცხი, რძე, არაქისი, თხილი, კაკალი, სოია, თაფლი, ზღვის პროდუქტები და ხორბალი;
  • დაავადებები – მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის მწვავე პათოლოგიები – ჰაშიმოტოს თირეოიდიტი და გრეივსის დაავადება; შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები – რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა და პოლიმიოზიტი. ურტიკარია ვლინდება სიმსივნური პროცესების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებისა და სხვა დაავადებების დროსაც.
  • სხვადასხვა ფაქტორები – ჭინჭრის ციების მაპროვოცირებელ მიზეზთა შორისაა მწერის ნაკბენი, სიცივე, მზეზე ყოფნა, ძლიერი ემოციური სტრესი, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და სხვა;
  • გენეტიკა – რეაქციის განვითარების მაღალი რისკი აქვთ ადამიანებს, რომელთა ანამნეზშიც არსებობს სხვა ალერგიული დაავადებები და აქვთ მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა.

აღსანიშნავია, რომ ქრონიკული ჭინჭრის ციების 70% იდიოპათიურია, ანუ მისი განვითარების მიზეზები ჩვენთვის უცნობია.

 

როდის არის აუცილებელი ალერგოლოგთან ვიზიტი?

 

ჭინჭრის ციების ნიშნები, როგორც წესი, გარკვეული დროის შემდეგ თავისით ქრება და ის ადამიანთა სიცოცხლეს არ ემუქრება. მაგრამ აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს მაშინ, როცა გამონაყარი და ქავილის შეგრძნება დღეების განმავლობაში არ ქრება, ან მის მიმდინარეობას ერთვის ენის, ტუჩების, ხახის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. ასეთ დროს პაციენტს, შესაძლოა, სასწრაფო დახმარების გამოძახებაც დასჭირდეს, რათა სპეციალური მედიკამენტებით დროულად შეიმსუბუქოს ალერგიული რეაქცია.

 

თოდუას კლინიკაში ამ მიმართულებას თამარ ბარბლიშვილი და ქეთევან ომიაძე ხელმძღვანელობენ. ალერგოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე სწორედ მათთან შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია.

 

ჭინჭრის ციების დიაგნოსტიკა

 

სადიაგნოსტიკო პროცედურები განსხვავდება ურტიკარიის ფორმების მიხედვით. მწვავე ჭინჭრის ციების შემთხვევისას, ექიმი პაციენტს სინჯავს და ხელმძღვანელობს ანამნეზური მონაცემებით. ეს ინფორმაცია, როგორც წესი, საკმარისია დიაგნოზის დასასმელად და აღარ ინიშნება დამატებითი კვლევები. ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევები ტარდება მაშინ, როდესაც ურტიკარია ქრონიკულია ან აქვს მორეციდივე ხასიათი.

 

ურტიკარიის მკურნალობა

 

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ურტიკარიის ნიშნები ხშირ შემთხვევაში თავისით მსუბუქდება და ქრება. მკურნალობა საჭირო ხდება მაშინ, როცა რეაქცია რთულდება ან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. ასეთ დროს, ექიმი მიმართავს ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათთან ერთად ნიშნავს გლუკოკორტიკოსტეროიდული მედიკამენტები და ბიოლოგიური წამლები.

 

ჭინჭრის ციების გახანგრძლივებული და შემაწუხებელი ჩივილების შემთხვევაში, დაჯავშნეთ ვიზიტი გამოცდილ და მაღალკვალიფიცურ ექიმებთან: ალერგოლოგ-იმუნოლოგ თამარ ბარბლიშვილთან და ქეთევან ომაიაძესთან.  

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 57 57 57 და ჩაიტარეთ სრული გამოკვლევა კლინიკაში. 

გაზიარება