ც ჰეპატიტი - ფაქტები და მითი

03/12/2025

 

ც ჰეპატიტი - ამ დაავადების გაგონებაზე საზოგადოებაში არსებული სტიგმებისა და გავრცელებული მითების გამო ბევრს შიშის განცდა ეუფლება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინამ დიდი ნაბიჯები გადადგა ამ ვირუსის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, საზოგადოებაში კვლავ რჩება უამრავი კითხვა, გაურკვევლობა და მითები. ყველაზე ხშირად დასმული კითხვა კი ასეთია: მაინც როგორ გადადის ც ჰეპატიტი?

 

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის ცოდნა არა მხოლოდ პირადი ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვისაც. ც ჰეპატიტი ღვიძლის ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ამავე სახელწოდების, ჰეპატიტ C ვირუსით და ძირითადად სისხლით გადადის. თუმცა, გავრცელებული წარმოდგენებისგან განსხვავებით, ეს ვირუსი არ არის ისეთი გადამდები, როგორიც, მაგალითად, გრიპი ან კორონავირუსი.

 

ც ჰეპატიტი სერიოზული დაავადებაა, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და საბოლოოდ გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი ან კიბო. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ ზუსტად, თუ ც ჰეპატიტი როგორ გადადის ადამიანიდან ადამიანზე და, შესაბამისად, რა პრევენციული ღონისძიებები არსებობს იმისთვის, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ.

 

როგორ გადადის ც ჰეპატიტი?

 

ც ჰეპატიტის გადაცემის გზების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ხშირად იწვევს სტიგმას, შიშს და ადამიანებისგან გაუცხოებას. ბევრს ჰგონია, რომ ინფიცირებულთან უბრალო შეხება, კოცნა ან ჭურჭლის გაზიარება საკმარისია ვირუსის გადასაცემად. სინამდვილეში კი, ეს წარმოდგენები საერთოდ არ შეესაბამება რეალობას.

 

როგორც უკვე ვახსენეთ, ჰეპატიტ C-ს ვირუსი სისხლით გადადის. ეს ნიშნავს, რომ ინფექციის რისკი არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის სისხლი პირდაპირ კონტაქტში მოვიდა ინფიცირებულ სისხლთან. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა სამედიცინო ნემსების გაზიარება. ეს განსაკუთრებით ხშირია იმ ადამიანებში, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს ინექციურად იღებენ.

 

გარდა ამისა, ინფექციის გადაცემა შესაძლებელია ტატუს ან პირსინგის გაკეთებისას, თუ პროცედურა არ ხდება სტერილურ გარემოში. იგივე ეხება მანიკიურს, პედიკიურს და სილამაზის სხვა  პროცედურებს, სადაც კანი შეიძლება დაზიანდეს.

 

ც ჰეპატიტი ასევე შეიძლება გადაეცეს სისხლის გადასხმისას, თუმცა ეს ძირითადად ძველ შემთხვევებს ეხება - იმ პერიოდს, როცა სისხლის სკრინინგი არ ტარდებოდა. დღეს სისხლის ბანკები მკაცრად ამოწმებენ დონორებს და ინფექციის რისკი მინიმალურია.

 

იშვიათად, ც ჰეპატიტი შეიძლება დედიდან ახალშობილზე გადავიდეს მშობიარობის დროს. თუმცა ეს შემთხვევა ძალიან იშვიათია და სპეციალისტები მუდმივად აკვირდებიან ასეთ რისკებს.

 

სქესობრივი გზით გადაცემის შესაძლებლობა, ცხადია, არსებობს, თუმცა შედარებით დაბალია. განსაკუთრებით მაშინ, როცა პარტნიორებს აქვთ ღია ჭრილობები ან სხვა ინფექციები. შესაბამისი თავდაცვის საშუალებების გამოყენება ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

 

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთავარი, რომ ყოველდღიური კონტაქტით: ხელის ჩამორთმევით, კოცნით, საერთო ჭურჭლის გაზიარებით - ც ჰეპატიტი არ გადადის.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მრავალჯერ დადასტურებულია სამედიცინო კვლევებით, საზოგადოებაში მაინც რჩება უამრავი მითი.

 

ც ჰეპატიტი გადამდებია - როგორ გავარჩიოთ მითი და რეალობა?

 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი ამბობს, რომ ც ჰეპატიტი გადამდებია ჰაერით - თითქოს ინფიცირებულთან ერთ ოთახში ყოფნა საკმარისია. სინამდვილეში, ჰეპატიტ C ვირუსი ჰაერით არ ვრცელდება.

 

კიდევ ერთი მითი არის, რომ ვირუსი გადადის კოცნით ან ხელის ჩამორთმევით. ეს წარმოდგენა სრულიად მცდარია. ც ჰეპატიტი არ გადადის არც კანის შეხებით, არც ლორწოვანი გარსის საშუალებით, თუ არ არსებობს ღია ჭრილობა და სისხლის კონტაქტი.

 

გარდა ამისა, კიდევ ერთი მითი ისაა, რომ ზოგი ფიქრობს, თითქოს ინფიცირებული ადამიანი აუცილებლად ცუდად გამოიყურება და მარტივად შესამჩნევია ხალხში. სინამდვილეში, ც ჰეპატიტი შეიძლება წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ადამიანი თავს კარგად გრძნობს, არ აქვს სიცხე, სისუსტე ან სხვა აშკარა ნიშნები, მაგრამ ვირუსი მის ორგანიზმში აქტიურად მოქმედებს.

 

ასევე გავრცელებულია მოსაზრება, რომ ც ჰეპატიტი განუკურნებელია. ეს მითი განსაკუთრებით მავნეა, რადგან ადამიანებს იმედს უკარგავს. სინამდვილეში, თანამედროვე მედიკამენტები, პირდაპირ მოქმედი ანტივირუსული პრეპარატები, თითქმის 100%-ით ეფექტურია. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ვირუსი სრულად ქრება ორგანიზმიდან.

 

ამიტომ, თუ ადამიანს დაუდგინდა ც ჰეპატიტი, ეს არ ნიშნავს, რომ მისი ცხოვრება დასრულებულია. პირიქით  - დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა საშუალებას აძლევს, სრულად განიკურნოს და თავიდან აიცილოს გართულებები.

 

პრევენციის გზები

 

პრევენცია იწყება ცოდნით. თუ გვსურს, რომ თავი დავიცვათ ც ჰეპატიტისგან, აუცილებელია ვიყოთ ფრთხილად იმ სიტუაციებში, სადაც სისხლით კონტაქტი შესაძლებელია.

 

ინექციების გაკეთებისას უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ გამოყენებული სამედიცინო ხელსაწყოები სტერილურია და მხოლოდ ჩვენთვის გამოიყენება. ეს ეხება ტატუს, პირსინგს, მანიკიურს და სხვა პროცედურებს - ინსტრუმენტები უნდა იყოს სტერილური და ერთჯერადი.

 

თუ ოდესმე გადაგისხამთ სისხლი, ან გაგიკეთებიათ ტატუ არასტერილურ გარემოში, რეკომენდირებულია სკრინინგის ჩატარება. ეს მარტივი სისხლის ანალიზია, რომელიც აჩვენებს, გვაქვს თუ არა ც ჰეპატიტი.

 

სქესობრივი გზით გადაცემის პრევენციისთვის კი თავდაცვის საშუალებების გამოყენება აუცილებელია - განსაკუთრებით მაშინ, როცა პარტნიორის ინფექციური სტატუსი უცნობია. თუმცა, ცხადია, იდეალური პრაქტიკაა, სექსუალური თანაცხოვრების დაწყებამდე პარტნიორებმა სქესობრივად გადამდები დაავადებების სკრინინგი ჩაიტარონ. 

 

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მისი მნიშვნელობა პაციენტებისთვის

 

ც ჰეპატიტი როგორ გადადის - ეს კითხვა უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცნობიერების ნაწილი და, რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დაავადებით ადამიანების სტიგმატიზება არასწორია. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული. მითების დამსხვრევა ხელს უწყობს სწორედაც სტერეოტიპების შემცირებას.

 

ინფიცირებული ადამიანები ხშირად განიცდიან გარიყვას, შიშს და სირცხვილს: არა იმიტომ, რომ დაავადება გადამდებია, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ არ იცის, ც ჰეპატიტი როგორ გადადის.

 

ამიტომ, განათლება და ინფორმაციის გავრცელება არის მთავარი გზა, რომლითაც შეგვიძლია დავიცვათ ერთმანეთი. ც ჰეპატიტი არ არის სასჯელი. ეს არის ინფექცია, რომელიც შეიძლება აღმოაჩინო, იმკურნალო და სრულად განიკურნო. ამიტომ დაავადების დროული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

თუ ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია, ვირუსი შეიძლება წლების განმავლობაში აზიანებდეს ღვიძლს. საბოლოოდ კი გამოიწვიოს გაცილებით რთული მდგომარეობები. მაგრამ თუ ინფექცია დროულად გამოვლინდება, მკურნალობა ეფექტურია და შედეგი - სრული განკურნებაა.

 

დღეს, საქართველოში ხელმისაწვდომია თანამედროვე მედიკამენტები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ვირუსზე და რამდენიმე კვირის განმავლობაში შლიან მას ორგანიზმიდან. ეს ნიშნავს, რომ ც ჰეპატიტი, დაავადება, რომელიც ადრე ქრონიკულად ითვლებოდა, დღეს უკვე სრულად განკურნებადია ჩვენივე ქვეყანაში.

გაზიარება