ძუძუს კიბო: სიმპტომები და მკურნალობა

08/10/2025

ქალთა ჯანმრთელობის საკითხებში იშვიათია თემა, რომელიც ისეთივე თანმიმდევრულ ყურადღებას მოითხოვს, როგორსაც ძუძუს კიბო. ამბავი ყოველთვის ერთი, მარტივი დაკვირვებით იწყება - სარკესთან, ყოველდღიურ რუტინაში, როცა უცნაურ ცვლილებას ვამჩნევთ და საკუთარ თავს ვეკითხებით: „ეს აქ აქამდე იყო?“ სწორედ ამ პირველ კითხვაზე სწრაფი რეაქციაა ხშირად შედეგის განმსაზღვრელი. 

2022 წელს ძუძუს კიბოს ახალმა შემთხვევებმა გლობალურად 2.3 მილიონს მიაღწია, გარდაცვალებამ კი 670 ათასი შეადგინა. სწორედ ესაა ნიშანი, რომ ადრეული გამოვლენა და სკრინინგი ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო იარაღია ნებისმიერი სიმსივნის დასამარცხებლად.

ამ სტატიის მიზანი მარტივია: მკითხველს ავუხსნათ, რა არის ძუძუს კიბო, როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები, რომელი რისკ-ფაქტორებია მართვადი და რამხელა სარგებელი მოაქვს ძუძუს კიბოს სკრინინგს: მათ შორის, სად და როგორ იღებენ ქალები საქართველოში სახელმწიფო დახმარებას ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამების ფარგლებში.

 

რა არის ძუძუს კიბო?

 

ბიოლოგიურად ძუძუს კიბო არის სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც სარძევე ჯირკვლის ქსოვილში იჩენს თავს - უფრო ხშირად სადინარებში (დუქტალური) ან ჯირკვლოვან წანაზარდებში (ლობულარული). სიმსივნე ორნაირია - კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი. როგორც წესი, კიბოს სახელწოდებით სწორედ ავთვისებიან წარმონაქმნს მოიხსენიებენ ხოლმე. თუმცა, ეს სახელწოდება მაინცდამაინც სიმსივნის ხასიათს არ ასახავს. 

ავთვისებიანობის არსი ისაა, რომ მუტაციური პროცესების განვითარების შემდეგ ეს უჯრედები კარგავენ ზრდის „ბუნებრივ დამამუხრუჭებლებს“, უკონტორლოდ მრავლდებიან, იჭრებიან მეზობელ ორგანოებშიც და შესაძლოა გავრცელდნენ ლიმფური/სისხლის გზით სხეულის სხვა ნაწილებშიც. კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავება სწორედ ესაა: კეთილთვისებიანი ცვლილება შეიძლება დაკვირვებით ან ნაკლებად ინვაზიური მეთოდებით იმართებოდეს, ავთვისებიანი კი კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოითხოვს. საბოლოო პასუხი ვიზიტით, გამოსაკვლევებითა და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიით დგინდება.

დაავადება ყველასთვის ერთნაირად არ ვითარდება. ზოგჯერ ის წლების განმავლობაში „ჩუმად“ ყალიბდება; ზოგჯერ, პირიქით, სწრაფად პროგრესირებს. სწორედ ამიტომაა, რომ დროული აღმოჩენა სკრინინგით ან სიმპტომის პირველივე ნიშნაზე ექიმთან მისვლით მკურნალობის შედეგებს რეალურად აუმჯობესებს. 

 

ძუძუს კიბოს სიმპტომები - რას ვაკვირდებით ყოველდღიურობაში

 

ხშირად პირველი სიგნალი არის ახალი სიმაგრე ან კვანძი ძუძუს ქსოვილში. ის შეიძლება იყოს პატარა, „ქვისმაგვარი“ ან უბრალოდ განსხვავებული შეგრძნების შეხებისას. ოქროს წესი მარტივია და გვეუბნება, რომ ნებისმიერი ახალი კვანძი საჭიროებს შეფასებას. მეორე, რასაც ქალი ამჩნევს, ფორმისა და ზომის ცვლილებაა: ერთი ძუძუს „დაბლა ჩამოშვება“, მოულოდნელად გაჩენილი შესამჩნევი ასიმეტრია, ადგილობრივი შესიება, რომელიც არ ქრება.

კანზე გაჩენილი ლაქები და ნიშნებიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეხებით აღმოჩენილი შესაძლო სიმპტომები: ე.წ. ფორთოხლის ქერქის მსგავსი უხეში ტექსტურა, სიწითლე, წყლულოვანი ცვლილებები ძუძუსთავზე - ყველაფერი ეს სიგნალია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. საყურადღებოა ძუძუს თავიდან გამონადენიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ერთ მხარეს, თავისით (დაწოლის გარეშე) ჩნდება და სისხლის მინარევიც აქვს. ლიმფური კვანძების გადიდება იღლიის არეში, მტკივნეული თუ უმტკივნეულო, კიდევ ერთი მიზეზია, რომ ექიმთან ვიზიტი არ გადავდოთ. სიმპტომატიკის დიდი ნაწილი კეთილთვისებიან სიმსივნეზე შეიძლება მიანიშნებდეს და, შესაბამისად, უფრო მარტივად მართვას ექვემდებარებოდეს, მაგრამ აქ მუშაობს პრინციპი „სჯობს ტყუილად მივიდე, ვიდრე გვიან“, რადგან საბოლოო განსხვავებას ექიმი ადგენს. სწორედ ამიტომ, სჯობს კონსულტაცია არ გადადოთ და თუნდაც მცირედი სიმპტომებით ვიზიტზე მიხვიდეთ.

 

როგორ ხდება ძუძუს კიბოს სკრინინგი?

 

ძუძუს სკრინინგი ნიშნავს გეგმიურ შემოწმებას სიმპტომების გარეშე იმისთვის, რომ დაავადება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ. სწორედ ამ ეტაპზეა მკურნალობა ყველაზე ეფექტიანი და ნაკლებ ჩარევას საჭიროებს. თანამედროვე გაიდლაინები თანხმდება იმ აზრზე, რომ საშუალო რისკის ქალებისთვის ძუძუს სკრინინგი უნდა დაიწყოს 40 წლიდან: ამერიკის შეერთებული შტატების პრევენციული სამედიცინო მომსახურებების სამუშაო ჯგუფი რეკომენდაციას იძლევა ორი წელიწადში ერთხელ მამოგრაფიის ჩატარებაზე 40–74 ასაკში. ეს მიდგომა თანხვედრაშია სხვა პროფესიულ საზოგადოებებთანაც და ხაზს უსვამს დამატებითი კვლევების საჭიროებას მკვრივ ქსოვილსა და სხვა სპეციფიკურ ქვეჯგუფებში. 

ძუძუს კიბოს სკრინინგი სხვადასხვა მეთოდით შეიძლება. მაგალითად: 

  • თვითდაკვირვება: თუ იცნობთ თქვენი ძუძუების ჩვეულებრივ ზომას/კონტურსა და კანის რელიეფს, ცვლილებას სწრაფად შეამჩნევთ;
  • კლინიკური შემოწმება - ექიმის მიერ ჩატარებული დათვალიერება და პალპაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა რისკი მომატებულია ან რაიმე სიმპტომი თავად შენიშნეთ;
  • მამოგრაფია - ოქროს სტანდარტი სკრინინგში;
  • ულტრაბგერა - ხშირად გამოიყენება დამატებით კვლევის მეთოდად, განსაკუთრებით მკვრივ ქსოვილში ან შედარებით ახალგაზრდა ასაკში.

ძუძუს სკრინინგი უნდა იყოს ინდივიდუალური ასაკის, ოჯახური ანამნეზისა და ქსოვილის თავისებურებების გათვალისწინებით. და რაც მთავარია, ყოველი შემდეგი ქმედება შეთანხმებული უნდა იყოს თქვენ ექიმთან, რომელიც კარგად იცნობს თქვენს ჯანმრთელობის ისტორიას.

ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმართულებით ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ცენტრია თოდუას კლინიკა, რომელიც პაციენტებს კომფორტულ გარემოსა და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მომსახურებას სთავაზობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიმსივნური წარმონაქმნების აღმოჩენა და მათი შესაბამისი მკურნალობა მოითხოვს მაღალი დონის ტექნოლოგიურ აღჭურვილობასაც, რითაც თოდუას კლინიკა საქართველოში მოწინავე პოზიციებს იკავებს. 

 

ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი - რა შესაძლებლობები გვაქვს საქართველოში?

 

ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშია ხელმისაწვდომი: 40–70 წლის ასაკის ქალებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უფასოდ უტარდებათ მამოგრაფია, მამოლოგთან კონსულტაცია და, პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში, ულტრაბგერითი კვლევა, ე.წ. ექოსკოპია.

პროგრამით სარგებლობისთვის საკმარისია, მოქალაქემ მიმართოს შესაბამის ცენტრებს. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კონტაქტებისა და მისამართების მოძებნა შესაძლებელია NCDC-ის საინფორმაციო გვერდებზე და პარტნიორ სამედიცინო ქსელების საჯარო პლატფორმებზე.

NCDC-ის ინფორმაციით, სკრინინგის პროგრამა მოქმედია ქვეყნის მასშტაბით და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მომსახურების მიღება რეგისტრირებული პროვაიდერების სიიდან; პროგრამა ეტაპობრივად ფართოვდება და განახლებადია. პრაქტიკაში ეს ნიშნავს მომსახურების მარტივად მიღებას. დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა, უახლოესი ცენტრის მოძიება და ვიზიტის დაჯავშნა - სერვისი უფასოა და მიზნობრივ ასაკობრივ ჯგუფს არ სჭირდება დამატებითი დაზღვევა ან მიმართვა. 

 

ძუძუს კიბო განკურნებადია? - ყველაფერი, რაც დაავადების მართვაზე უნდა იცოდეთ

 

პირველ რიგში, უნდა გახსოვდეთ, რომ ძუძუს კიბო განკურნებადი დაავადებაა და უამრავი ისტორია არსებობს იმისა, თუ როგორ დაამარცხეს პაციენტებმა სიმსივნე. თუმცა, ყველა ისტორია ერთნაირი არ არის და ნებისმიერ პაციენტთან მკურნალობა ყოველთვის ინდივიდუალურია: დამოკიდებულია სტადიაზე, დაავადების მიმდინარეობასა და პაციენტის ზოგად ჯანმრთელობაზე. 

ხშირად პროცესი ქირურგიული ჩარევით იწყება, ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაციით (ლუმპექტომია) ან მასტექტომიით. მნიშვნელოვანია ლიმფური სტატუსის შეფასებაც (სენტინელ-კვანძის ბიოფსია). 

ოპერაციის შემდეგ რა ხდება? ყველაზე ხშირად იდგმება წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯები, რომ რეციდივის შანსი შევამციროთ. თუ ძუძუ შენარჩუნდა ან ანალიზების პასუხმა ამის საჭიროება აჩვენა, ექიმი გირჩევთ რადიოთერაპიას.

ხოლო მთელი სხეულის დონეზე საქმეში შემოდის სისტემური მკურნალობა. თუ სიმსივნე ჰორმონებზე რეაგირებს, წამყვანი ხდება ჰორმონოთერაპია; ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიზნობრივი თერაპია (ხშირად ქიმიოთერაპიასთან ერთად); ტრადიციულად N1 მეთოდად რჩება ქიმიოთერაპია, ხოლო გარკვეულ ქვეჯგუფებში ემატება იმუნოთერაპიაც.

შეიძლება ეს ყველაფერი დაიწყოს ოპერაციამდეც, რომ კვანძი დაპატარავდეს, ან გაგრძელდეს ოპერაციის შემდეგაც.

 

რისკ-ფაქტორები - რა გვემართება და რა შეგვიძლია შევცვალოთ

 

ძუძუს კიბოს რისკი მრავალფაქტორიანია. არიან ფაქტორები, რომლებსაც ვერ ვცვლით - ასაკი (რისკი იზრდება მომატებულ ასაკში), სქესი (ქალებში გაცილებით ხშირია, თუმცა, მკერდის არეში სიმსივნური წარმონამქნები კაცებშიც გვხვდება), გენეტიკა (BRCA1/BRCA2 მუტაციები), ოჯახური ისტორია. მაგრამ არსებობს მართვადი ნაწილიც - ესაა ჩვენი ცხოვრების წესი.

რას ნიშნავს გენეტიკა და სიმსივნის ოჯახური ისტორია? BRCA1/BRCA2 მუტაციები ზრდის რისკს ცხოვრებაში; მაღალრისკიან ოჯახებში მიდგომა ინდივიდუალურია და მოიცავს გენეტიკურ საკითხებზე კონსულტაციას, ინტენსიურ ზედამხედველობასა და, ზოგჯერ, პროფილაქტიკურ გადაწყვეტილებებსაც ექიმის მხრიდან.

ჰორმონალური ფაქტორების შემთხვევაში ყურადღება ექცევა შემდეგს: ადრეული მენსტრუალური ციკლი, გვიანი მენოპაუზა, ხანგრძლივი ჰორმონული თერაპია - ეს ფაქტორები ჯამში ზრდის საერთო მოქმედებას ჰორმონ ესტროგენზე. მნიშვნელობა აქვს პაციენტის რეპროდუქციულ ისტორიასაც: გვიანდელი პირველი ორსულობა, უძილო პერიოდი ლაქტაციის გარეშე და ა.შ. გავლენას ახდენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების წესსაც. ალკოჰოლი, თამბაქო, ფიზიკური უმოქმედობა, ჭარბი წონა - ეს ოთხი კომპონენტი ყოველთვის ხაზგასმულია ყველა თანამედროვე სახელმძღვანელოში. წონის კონტროლი და რეგულარული ვარჯიში, ალკოჰოლის შეზღუდვა და მოწევაზე უარი, პრაქტიკულად, ნებისმიერ ასაკში ახდენს პოზიტიურ გავლენას. ამ ყველაფრიდან კი დასკვნა მარტივია: კონტროლს გარეთ კიბოს გამომწვევი ფაქტორები არსებობს, მაგრამ მართვადი წილი საკმარისად დიდია, რომ ყოველდღიურ ჩვევებს მეტი დაკვირვებით მოვეკიდოთ.

 

პრევენციის გზები - რა შეგვიძლია გავაკეთოთ სიმსივნის ასარიდებლად?

 

პრევენციის ორი მთავარი გზა გვაქვს: ცხოვრების წესის ცვლილება და გაჯანსაღება, და რეგულარული შემოწმება. პირველი ნიშნავს, რომ წონის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის შეზღუდვა, თამბაქოზე უარი, ძილის მოწესრიგება და სტრესის მართვა უნდა ვისწავლოთ. თანამედროვე მედიცინაში, რომელიც პრევენციულ ნაწილს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ეს ყველაფერი უკვე არა ზოგადი რჩევა, არამედ ერთ-ერთი მთავარიხაზია. 

კანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც სწორედ ამას გვეუბნება. მართალია, ე.წ. მართვადი ფაქტორები სრულად არ ანულებს კიბოს აგჩენის რისკს, მაგრამ მნიშვნელოვნად ამცირებს მას. 

პრევენციის მეორე გზა რეგულარული სკრინინგია, რომ დაავადება უფრო მეტად მართვად სტადიაზე აღმოვაჩინოთ. საწყის ეტაპზე აღმოჩენილი ნებისმიერი სიმსივნური წარმონაქმნი ყოველთვის უფრო მარტივად განკურნებადია, ვიდრე გართულებული დაავადება.

რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს - ორი მიმართულება ერთმანეთს არ ანაცვლებს დამხოლოდ ერთი, რომელიმე გზის არჩევა არ არის სწორი მიდგომა. მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და რეგულარული სკრინინგი ერთმანეთის პარალელურად არსებობდეს ჩვენს ყოველდღიურობაში.

 

გაზიარება