ჰაიმორიტი - სიმპტომები და მკურნალობა
ჰაიმორიტი ზედა ყბის, ანუ მაქსილარული სინუსის ანთებაა. ის ხშირად გაციების ან ზედა სასუნთქი გზების ინფექციის შემდეგ ვითარდება. ჰაიმორიტის დროს ხშირია ცხვირის გაჭედვა, გამონადენი, სახის მიდამოში ტკივილი ან წნევის შეგრძნება და ყნოსვის დაქვეითება. მკურნალობის მეთოდები მიზეზისა და სიმპტომების მიხედვით განისაზღვრება.
ის, რაც უნდა იცოდეთ ჰაიმორიტზე:
- ჰაიმორიტის დროს ლორწოვანი გარსი შუპდება და სინუსებიდან ლორწოს გადინება შეიძლება გაძნელდეს;
- ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ცხვირის გაჭედვა, გამონადენი, სახის მიდამოში ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება;
- ჰაიმორიტი ხშირად ვირუსული ინფექციის შემდეგ ვითარდება და ყველა შემთხვევაში ანტიბიოტიკის მიღება საჭირო არ არის;
- მსგავსი სიმპტომები სხვა დაავადებებსაც შეიძლება ახლდეს, ამიტომ მხოლოდ ჩივილებით დიაგნოზის დასმა არ შეიძლება;
- ხანგრძლივი, განმეორებადი ან გაძლიერებული სიმპტომების დროს მნიშვნელოვანია შესაბამისი კვლევები ჩაიტაროთ.
რა არის ჰაიმორიტი? (ჰაიმორის ღრუ)
ჰაიმორიტი სინუსიტის ერთ-ერთი ფორმაა. ამ დროს ანთებითი პროცესი ჰაიმორის ღრუში მიმდინარეობს. ჰაიმორის ღრუები ცხვირის ორივე მხარეს, ზედა ყბის ძვლის მიდამოში მდებარე ჰაერით სავსე სივრცეებია. ისინი ცხვირის ღრუს უკავშირდება და ნორმალურ პირობებში მათში წარმოქმნილი ლორწო თავისუფლად უნდა გამოიდევნებოდეს.
ანთებისა და შეშუპების შედეგად სინუსის სადინარი ვიწროვდება, ლორწოს გადინება ფერხდება და ჩნდება გაჭედვისა და წნევის შეგრძნება.
მწვავე რინოსინუსიტის სიმპტომები ოთხ კვირაზე ნაკლებ ხანს გრძელდება და ხშირად ვირუსულ ინფექციას უკავშირდება. ქრონიკული რინოსინუსიტის დროს შესაბამისი სიმპტომები 12 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება.
მნიშვნელოვანია, რომ ცხვირის გაჭედვა ან თავის ტკივილი თავისთავად ჰაიმორიტს არ ნიშნავს. მსგავსი ჩივილები შეიძლება სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული.
ჰაიმორიტის სიმპტომები და ნიშნები
ჰაიმორიტის სიმპტომები ყველასთან ერთნაირად არ ვლინდება. ზოგიერთი ჩივილი რამდენიმე დღე გრძელდება, ზოგი კი უფრო დიდხანს.
ყველაზე ხშირად გვხვდება:
- ცხვირის გაჭედვა;
- ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
- ცხვირიდან გამონადენი;
- ლორწოს ჩადინება ხახის უკანა კედელზე;
- ტკივილი ან წნევის შეგრძნება ლოყების, ცხვირის, თვალების ან შუბლის მიდამოში;
- თავის ტკივილი;
- ყნოსვის დაქვეითება;
- უსიამოვნო შეგრძნება ზედა კბილების მიდამოში;
- ხველა ან ყელის გაღიზიანება;
- ზოგჯერ სხეულის ტემპერატურის მატება და საერთო სისუსტე.
სახის მიდამოში დისკომფორტი ზოგჯერ უფრო მკაფიოდ იგრძნობა წინ დახრისას. თუმცა არც ეს ნიშანი არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანს მხოლოდ სიმპტომების საფუძველზე ჰაიმორიტის დიაგნოზი დაუსვან.
როგორ ამოვიცნოთ ჰაიმორიტი?
ჰაიმორიტის ნიშნები ხშირად ჩვეულებრივ გაციებას ჰგავს. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რა სიმპტომი გაქვთ, არამედ რამდენ ხანს გრძელდება და როგორ იცვლება დროთა განმავლობაში.
მაგალითად, თუ გაციების დროს ცხვირის გაჭედვა და გამონადენი თანდათან მცირდება, ეს უფრო ხშირად ინფექციის ბუნებრივ მიმდინარეობას შეესაბამება. თუმცა, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება, თავიდან უკეთ გახდომის შემდეგ ისევ მძიმდება ან მსგავსი ჩივილები ხშირად მეორდება, საჭიროა ექიმის შეფასება.
მკურნალობის თვითნებურად დაწყება არ არის რეკომენდებული. ჰაიმორიტის ყველა შემთხვევა ბაქტერიული ინფექციით არ არის გამოწვეული. მკურნალობის კურსიც გამომწვევი მიზეზის მიხედვით უნდა დაინიშნოს.
ჰაიმორიტის მიზეზები
ჰაიმორიტის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი ვირუსული ინფექციაა. მაგალითად, გაციების დროს ცხვირისა და სინუსების ლორწოვანი გარსი შუპდება. შედეგად ლორწოს ბუნებრივი გადინება ფერხდება და სინუსებში დაგროვილი მასა შეიძლება ანთების მიზეზი გახდეს.
ზოგიერთ შემთხვევაში ჰაიმორიტი ბაქტერიულ ინფექციასაც უკავშირდება. თუმცა მხოლოდ ცხვირიდან გამონადენის ფერი ვერ განსაზღვრავს, არის თუ არა ინფექცია ბაქტერიული.
სიმპტომების განვითარებას ან გამწვავებას შეიძლება ხელი შეუწყოს:
- ალერგიულმა რინიტმა;
- ცხვირის ხანგრძლივმა შეშუპებამ;
- ცხვირის პოლიპებმა;
- ცხვირის ძგიდის გარკვეულმა ანატომიურმა თავისებურებებმა;
- სხვა მდგომარეობებმა, რომლებიც სინუსებიდან ლორწოს ნორმალურ გადინებას აფერხებს.
თუ ჰაიმორიტი ხშირად გაწუხებთ, საჭიროა იმის გარკვევაც, რატომ ვითარდება პრობლემა განმეორებით.
ჰაიმორიტის მკურნალობა
ჰაიმორიტის მკურნალობა ყველა პაციენტის შემთხვევაში ერთნაირად არ წარიმართება. მკურნალობის მეთოდი სიმპტომების, მათი ხანგრძლივობისა და დაავადების გამომწვევი მიზეზის მიხედვით უნდა შეირჩეს.
მწვავე შემთხვევების დროს ხშირად მთავარი მიზანი სიმპტომების შემსუბუქებაა. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დასვენება, საკმარისი სითხის მიღება და ცხვირისთვის ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ადგილობრივი მედიკამენტების დანიშვნაც.
თუ ჰაიმორიტი ალერგიულ ფონზე ვითარდება, მკურნალობის ნაწილი შეიძლება ალერგიის მართვაც იყოს. თუ ექიმი ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვობს, საჭიროების შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია.
მნიშვნელოვანია, რომ ანტიბიოტიკის მიღება თვითნებურად არ დაიწყოთ. ასევე არ არის სასურველი ცხვირის შემავიწროებელი სპრეების ხანგრძლივად გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
ზოგიერთ რთულ ან ხანგრძლივ შემთხვევაში შესაძლოა მედიკამენტური მკურნალობა საკმარისი არ აღმოჩნდეს. ასეთ დროს ექიმი დამატებით ჩარევასაც განიხილავს. ეს გადაწყვეტილება ყოველთვის კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის მიხედვით მიიღება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროული მიმართვა მაშინ, როცა სიმპტომები რამდენიმე დღის განმავლობაში არ მცირდება, გაუმჯობესების შემდეგ ისევ მძიმდება ან ხშირად მეორდება.
თუ გაწუხებთ ძლიერი თავის ან სახის ტკივილი, თვალის ირგვლივ შეშუპება, მხედველობის ცვლილება, მაღალი ტემპერატურა ან ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, კლინიკაში ვიზიტი არ უნდა გადადოთ. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ჰაიმორიტი ნერვოლოგიურ პრობლემებაში ეშლებათ, ამიტომ საჭიროა მათი გამორიცხვა.
რა უნდა გაითვალისწინოთ ჰაიმორიტის დროს ყოველდღიურ ცხოვრებაში
ჰაიმორიტის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დანიშნული მკურნალობის შესრულება, არამედ იმის გათვალისწინებაც, რაც ცხვირის ლორწოვანი გარსის მდგომარეობაზე მოქმედებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხვირის გაჭედვა და დისკომფორტი რამდენიმე დღე გრძელდება.
სასურველია საკმარისი სითხის მიღება. ეს ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩუნებას და ლორწოს გათხელებას. ასევე მნიშვნელოვანია ოთახში ჰაერის ტენიანობის შენარჩუნება, განსაკუთრებით მშრალი ჰაერის პირობებში. ძალიან გამომშრალი ჰაერი ცხვირის ლორწოვან გარსს დამატებით აღიზიანებს.
ცხვირის ჰიგიენისთვის შესაძლებელია ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება. თუმცა ნებისმიერი სპრეის ან სხვა საშუალების ხანგრძლივი გამოყენება ექიმთან შეთანხმების გარეშე არ არის სასურველი.
მოწევა და თამბაქოს კვამლი ცხვირისა და სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს აღიზიანებს.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სახლის პირობებში მიღებული ზომები ექიმის მიერ შერჩეულ მკურნალობას ვერ ცვლის.
ხშირად დასმული კითხვები
ჰაიმორიტი გადამდებია?
ჰაიმორიტი თავისთავად გადამდები დაავადება არ არის. თუმცა მისი გამომწვევი ვირუსული ინფექცია, მაგალითად გაციება, შეიძლება სხვა ადამიანს გადაედოს.
ჰაიმორიტის დროს ყოველთვის საჭიროა ანტიბიოტიკი?
არა. ჰაიმორიტის ყველა შემთხვევა ბაქტერიული ინფექციით არ არის გამოწვეული. ამიტომ ანტიბიოტიკის დანიშვნის საჭიროებას ექიმი სიმპტომებისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით აფასებს.
რამდენ ხანს გრძელდება ჰაიმორიტი?
მწვავე ჰაიმორიტის დროს სიმპტომები ხშირად თანდათან მცირდება და მდგომარეობა რამდენიმე კვირის განმავლობაში უმჯობესდება.
