გაციებაა თუ პნევმონია? - როგორ გავარჩიოთ
სიტყვა „გაციება“ ხშირად გვაბნევს: ცხელება, ხველა, სისუსტე — თითქოს ჩვეულებრივი სეზონური მდგომარეობაა, მაგრამ იმავე ნიშნების უკან შეიძლება იმალებოდეს სრულიად სხვა დიაგნოზი - პნევმონია, იგივე ფილტვების ანთება. ეს ორი მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც სიმძიმით, ისე მკურნალობის მეთოდებით.
განსხვავების ცოდნა დაგეხმარებათ, დროულად მიხვდეთ როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი. დროული დიაგნოზი კი გადამწყვეტია: რაც უფრო ადრე გამოვლინდება პნევმონია, მით უფრო მარტივია გართულების თავიდან აცილება და სწრაფი გამოჯანმრთელება.
რა არის პნევმონია?
პნევმონია არის ფილტვის ქსოვილში წარმოქმნილი ანთებითი პროცესი, რომლის დროსაც ჰაერით სავსე სივრცეები სითხითა და ანთებითი უჯრედებით ივსება. ანთება შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიებით (მაგალითად Streptococcus pneumoniae), ვირუსული პნევმონია (მაგალითად გრიპი, RSV, კორონავირუსები) ან უფრო იშვიათად - სოკოვანი ინფექციით.
გამომწვევი აგენტის მიხედვით იცვლება დაავადების მიმდინარეობა, სიმძიმე და მკურნალობის რეჟიმი; თუმცა საერთო არის ერთი - პნევმონია გავლენას ახდენს ჟანგბადის მიმოცვლაზე და ამიტომ ორგანიზმისთვის გაცილებით სერიოზული გამოწვევაა, ვიდრე უბრალო გაციება.
გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს - ეს პრობლემა მხოლოდ სასუნთქ ორგანოში წარმოიქმნება და, შესაბამისად, სხვა რომელიმე სისტემას პნევმონიური პროცესები არ ახასიათებს. ამიტომაც, ფილტვის პნევმონია ერთადერთია, რასაც შეიძლება ეს სახელი ეწოდოს.
გაციებაა თუ პნევმონია? - სიმპტომები, რითაც უნდა განვასხვავოთ ეს ორი პრობლემა
გაციებას ჩვეულებრივ აქვს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა: სურდო, ყელის ტკივილი, მსუბუქი ხველა, ზოგადი დისკომფორტი. გაციების დროს ტემპერატურა იშვიათად აჭარბებს 38°C-ს და ხშირად რამდენიმე დღეში თითქოს „თავისით გადაგივლით“.
როგორ ამოვიცნოთ პნევმონია? - სიმპტომები და ზოგადი სურათი განსხვავებულია. პნევმონიის სიმპტომები აერთიანებს რამდენიმე ნიშანს, რომლებიც სხვადასხვა პაციენტში განსხვავებული ვარიანტით შეიძლება გამოვლინდეს. ყველაზე ხშირად გვხვდება:
- მაღალი და გახანგრძლივებული ტემპერატურა, შემცივნება;
- ძლიერი, ზოგჯერ მტკივნეული ხველა, ნახველით ან ნახველში მცირე სისხლის კვალით;
- გულმკერდის ტკივილი სუნთქვის ან ხველისას;
- სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
- საერთო სისუსტე, მადას დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივილი.
- გულმკერდის ტკივილი, განსაკუთრებით ღრმად ჩასუნთქვისას ან ხველის დროს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალია, რომელიც გაციებას ნაკლებად ახასიათებს.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მდგომარეობას, როცა რამდენიმე დღე სიმპტომები „გაციებას“ ჰგავდა, მაგრამ უცებ მდგომარეობა გაუარესდა: ცხელებამ მოიმატა, ხველა ფილტვებში გადავიდა და სუნთქვა გიჭირთ. ეს სცენარი პნევმონიაზე მიანიშნებს და უკვე კერძო კონსულტაციას მოითხოვს. თუ ამ ნიშნებს უერთდება დაღლილობა მცირე დატვირთვაზეც, გულისცემის აჩქარება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს.
გარდა ამისა, განსხვავება გვაქვს პნევმონიის გამომწვევი მიზეზის მიხედვითაც. ბაქტერიული და ვირუსული პნევმონია განსხვავდება როგორც გამომწვევით, ისე მიმდინარეობითა და მკურნალობის მეთოდებით.
ვირუსული პნევმონია უმეტესად გრიპის, COVID-19-ის, პარაგრიპის ან რესპირატორული სინციტიური ვირუსის შედეგად ვითარდება. ინფექცია ძირითადად აზიანებს ფილტვების შიგნითა სტრუქტურებს და იწვევს ანთებას, რაც იშვიათად იძლევა ჩირქოვან გამონადენს. სიმპტომები ხშირად იწყება ნელ-ნელა - მაღალი ტემპერატურით, სისუსტით, მშრალი ხველით.
ბაქტერიული დაავადება კი ხშირად გამოწვეულია Streptococcus pneumoniae-თი ან სხვა ბაქტერიებით. იგი იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურით, გულმკერდის ტკივილით, სქელი ჩირქოვანი ნახველით და ძლიერი ხველით. ამ ფორმას შეიძლება თან ახლდეს სუნთქვის გაძნელება და ზოგჯერ - ტუჩების ან ფრჩხილების ციანოზი (გალურჯება).
მკურნალობაც განსხვავებულია: ვირუსული დაავადება ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს და მკურნალობა სიმპტომურია, ხოლო ბაქტერიული ფორმის დროს აუცილებელია შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია.
სწორი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რადგან მხოლოდ კლინიკური ნიშნებით გარჩევა რთულია, რა ტიპის ფილტვების ანთებასთან გვაქვს საქმე. საჭიროა რენტგენოგრაფია და ლაბორატორიული კვლევები, რათა დადგინდეს პრობლემის წარმოშობის მიზეზი.
დიაგნოსტიკა - როგორ დგინდება დაავადების რაობა?
პნევმონიის დადასტურებისას ექიმი ითვალისწინებს ჩივილებს, დაკვირვებისას და გასინჯვისას დაფიქსირებულ ცვლილებებს (მაგალითად, სუსტ ქოშინს ან ხიხინებს), ასევე - ლაბორატორიულ და გამოსახულებით კვლევებს.
დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რენტგენით ჩატარებულ გულმკერდის კვლევასაც, რომელიც ეხმარება ექიმებს, დაადასტურონ ფილტვის ანთების არსებობა, დაინახონ მისი ლოკაცია და გავრცელება. ამავდროულად, სწორედ რენტგენი აძლევს ექიმს სყრათს იმისთვის, რომ სხვა რესპირატორული დაავადებების, მაგალითად, პლევრიტის არსებობა გამორიცხოს.
საჭიროების მიხედვით ინიშნება სისხლის საერთო ანთებითი მარკერები (CRP, ლეიკოციტები), ჟანგბადის სატურაციის შეფასება, ხოლო რთულ შემთხვევებში კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და, თუ მკურნალობის ტაქტიკა მოითხოვს, ნახველის ან PCR ტესტები გამომწვევის იდენტიფიცირებისთვის.
როდის მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ? თუ ცხელება 38.5°C-ზე მეტია და 3 დღეზე მეტხანს გრძელდება; თუ სუნთქვა გიჭირთ, გული სწრაფად გიცემთ, ხველა ძლიერდება ან გულმკერდი გტკივათ; თუ ხედავთ გაღიზიანებას, დაბნეულობას, სილურჯეს ტუჩებზე; ან თუ ხართ ბავშვი/ხანდაზმული/ქრონიკული დაავადების მქონე - ეს ნიშნები საკმარისია, რომ ექიმთან დაუყოვნებლივ მიხვიდეთ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ: თვითდიაგნოსტიკა არასანდოა. პულმანოლოგის ან ოჯახის ექიმის კლინიკური შეფასება კრიტიკულია და საჭირო კვლევებიც სწორედ სპეციალისტმა უნდა დანიშნოს.
როგორ ვუმკურნალოთ ფილტვების ანთებას?
პნევმონიის მკურნალობა გამომწვევ მიზეზსა და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ბაქტერიულ პნევმონიას უპირატესად ანტიბიოტიკები სჭირდება, რომელთა არჩევა ხდება ექიმის მიერ ასაკის, ალერგიული ჩვენებების, თანმხლები დაავადებებისა და შესაძლო რეზისტენტობის გათვალისწინებით. თვითნებური ანტიბიოტიკოთერაპია არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ ზრდის რეზისტენტობის და გვერდითი ეფექტების რისკს.
ვირუსული პნევმონია სიმპტომურად მკურნალობას მოითხოვს: სითხის უხვი მიღება, დასვენება, სიცხის დამწევი და ხველის შემამსუბუქებელი საშუალებები, საჭიროებისამებრ ბრონქოდილატატორები. კონკრეტული ვირუსების შემთხვევაში (მაგალითად, გრიპი) ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანტივირუსული პრეპარატებიც.
ორივე შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ჟანგბადის სატურაციის მონიტორინგს (პულსოქსიმეტრით), სუნთქვით ვარჯიშებს (ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა), კვებასა და ძილის რეჟიმის დაცვას. განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობისას ინიშნება ჟანგბადის თერაპია, ინფუზიური მხარდაჭერა და ჰოსპიტალური მეთვალყურეობა.
საშუალოდ, პნევმონია კლინიკურად მიმდინარეობს 1-დან 3 კვირამდე, მაგრამ ენერგიის სრულად დაბრუნებას ზოგჯერ რამდენიმე თვეც სჭირდება. ნორმალურია განკურნების შემდეგაც კი მცირე დროით ნახველი, თუმცა, თუ ეს ხანგრძლივდება ან უარესდება, განმეორებითი კონსულტაციაა საჭიროა.
როგორ დავიცვათ თავი - პრაქტიკული რჩევები
პრევენცია იწყება ყოველდღიური ჩვევებით: რეგულარული ხელების დაბანა, სეზონური ვაქცინაცია (გრიპის, საჭიროებისას პნევმოკოკური ვაქცინა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის), თამბაქოზე უარის თქმა და ვიტამინებით სავსე, მრავალფეროვანი კვება ფილტვების ჯანმრთელობის გასაძლიერებლად.
დაავადების სეზონზე მოერიდეთ დახურულ, ხალხმრავალ სივრცეებს, ან გამოიყენეთ ნიღაბი. არასდროს უგულებელყოთ მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება - არ ჩათვალოთ, რომ პრობლემა თავისით გაივლის.
არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი
პნევმონია გაცილებით მეტია, ვიდრე „გაციებით დაწყებული ხველა“. ეს არის ფილტვის სერიოზული პრობლემა, რომელიც სპეციალისტის ჩართულობასა და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს: სწორი დიაგნოსტიკა (სადაც რენტგენი ერთ-ერთი ძირითადი კვლევაა), შესაბამისი თერაპია გამომწვევი მიზეზის მიხედვით და აღდგენის პერიოდი.
თუ იცით, როგორ განასხვავოთ გაციება და შესაძლო პნევმონიის სიმპტომები, ადრეულ ეტაპზე ამოცნობით შეძლებთ, დროულად გაიაროთ კონსულტაცია და მკურნალობაც ბევრად ეფექტური იყოს.
მთავარია გახსოვდეთ: პნევმონია მოითხოვს პროფესიულ ჩარევას და ზუსტ დიაგნოზს, ამიტომაც, არ გადადოთ კონსულტაცია, თუ სიმპტომები ძლიერდება ან არ კლებს. დროული გადაწყვეტილება ყველაზე ეფექტური გზაა, რომელიც ფილტვებს სწრაფად უბრუნებს თავისუფლებას.
