ინსულტის წინასწარი ნიშნები
ყველაფერი, რაც მოულოდნელად და უხმაუროდ გვატყდება თავს, ხშირად გვაბნევს და გვაშინებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. ინსულტი სწორედ ასეთი მოვლენაა — მოულოდნელი, უხილავი და ხშირად შეუქცევადი. მას არ ახასიათებს წინასწარ გაფრთხილება, ხმაური ან სხვა სახის საგანგაშო სიგნალი, რომელიც ჩვენს ყურადღებას მოითხოვს.
ცხადია, ჩნდება კითხვა - ნამდვილად ასე უეცრად გვატყდება თავს ინსულტი? ან შეგვიძლია თუ არა მისი ამოცნობა მანამ, სანამ ყველაფერი შეიცვლება?
ინსულტი არ არის მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პრობლემა. ეს გლობალური საკითხია, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ეხება და ამაზე რიცხვებიც მკაფიოდ მეტყველებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველ წელს დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს ემართება ინსულტი. მათგან დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი იღუპება, კიდევ 5 მილიონის ცხოვრება კი სამუდამოდ იცვლება სხვადასხვა უნარების მუდმივი ან დროებითი დაქვეითებით. ეს ნიშნავს, რომ ინსულტი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია არამარტო სიკვდილიანობის, არამედ ცხოვრების ხარისხზე მოქმედების კუთხითაც.
საქართველოშიც სტატისტიკა არანაკლებ შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა ვითარდება და მეტი ცოდნა გვაქვს, ინსულტი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და სახიფათო მდგომარეობად. ამის მიზეზი ხშირად არა მხოლოდ დაავადების ბუნებაა, არამედ ისიც, რომ ადამიანები ვერ ან არ ამჩნევენ მის პირველსავე ნიშნებს.
და აი, აქ ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი — ინსულტის დროული ამოცნობა. დრო ამ შემთხვევაში ყველაზე ძვირფასი რესურსია. წუთებს აქვს მნიშვნელობა. რაც უფრო მალე ამოვიცნობთ ინსულტის პირველ სიმპტომებს და მივმართავთ სამედიცინო დახმარებას, მით უფრო მაღალია გადარჩენის შანსი, და რაც მთავარია — ნაკლებია ზიანი, რომელსაც ტვინი მიიღებს.
ამიტომ, ამ ბლოგში ვეცდებით, დეტალურად გიამბოთ ყველაფერზე — რა არის ინსულტის წინასწარი ნიშნები, როგორ შეგვიძლია მისი ამოცნობა, რატომ არის ეს ასე კრიტიკული და რას უნდა ველოდოთ შემდეგ. სიტუაცია რთულია, მაგრამ რაც უფრო მეტი ვიცით, მით უფრო მომზადებულები ვართ მისთვის.
ინსულტის ტიპები და მათი განსხვავება
ინსულტი მხოლოდ ერთი სახის არ არის. ის შეიძლება სხვადასხვაგვარად განვითარდეს, ჰქონდეს განსხვავებული მიზეზები, მიმდინარეობა და შესაბამისად, შედეგებიც. უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორი ძირითადი ტიპი — ჰემორაგიული ინსულტი და იშემიური ინსულტი. მათი გარჩევა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ექიმებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ეს განსაზღვრავს სწორ დროსა და გზას, რომლითაც შეიძლება ადამიანმა დახმარება მიიღოს.
ჰემორაგიული ინსულტი მაშინ ხდება, როცა თავის ტვინში არსებული სისხლძარღვები სკდება და სისხლი პირდაპირ ტვინის ქსოვილში იღვრება. სწორედ ამ სისხლდენას შეუძლია ტვინის იმ ნაწილების დაზიანება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოძრაობაზე, მეტყველებაზე, აზროვნებაზე ან სხვა უმნიშვნელოვანეს ფუნქციებზე.
სისხლძარღვების დასკდომის მიზეზი ხშირად უკავშირდება მკვეთრად ამაღლებულ არტერიულ წნევას, თავის ტრავმას, ან თანდაყოლილ სისხლძარღვოვან ანომალიებს, რომელთა შესახებ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს.
იშემიური ინსულტი გაცილებით გავრცელებულია და შემთხვევების დაახლოებით 85%-ს შეადგენს. ის მაშინ ვითარდება, როცა თავის ტვინის სისხლძარღვში წარმოიქმნება ბლოკადა — ე.წ. ქოლესტერინის ფოლაქი, თრომბი ან სხვა წვრილი ნაწილაკი, რომელიც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევას. ამ დროს ტვინის გარკვეული ნაწილი კარგავს ჟანგბადისა და აუცილებელი ნივთიერებების მიწოდებას, რის შედეგადაც უჯრედები იწყებენ კვდომას.
ჰემორაგიული და იშემიური ინსულტი ორივე ძალზე სერიოზული და სახიფათოა, თუმცა განსხვავებული მიდგომა ესაჭიროება როგორც დიაგნოსტიკას, ისე მკურნალობას. ამიტომაც, რაც უფრო კარგად გავიგებთ მათ არსს, მით უფრო მომზადებულები ვიქნებით — როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის.
ინსულტის წინა ნიშნები — როგორ ამოვიცნოთ ის დროულად?
ინსულტი არ არის მოვლენაა, რომელიც ყოველთვის ქარიშხალივით მოდის — ზოგიერთი შემთხვევა ნელა იწყება, თითქმის უხმაუროდ, თითქოს ჩრდილივით გვეფარება და მხოლოდ მაშინ ვხვდებით, რა მოხდა, როცა უკვე გვიანია. ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მისი წინასწარი ნიშნების დროული ამოცნობა — ეს არა მხოლოდ სიცოცხლეს, არამედ ხარისხიან ცხოვრებასაც გადაარჩენს.
იქნება ეს ჰემორაგიული თუ იშემიური ინსულტი - სიმპტომები ხშირად ერთმანეთს ჰგავს. ასეთ დროს ორგანიზმი ხშირად გვაგზავნის სიგნალებს და ჩვენზეა დამოკიდებული, ვუპასუხებთ თუ უგულებელვყოფთ მათ. ამ თავში მოგიყვებით, როგორია ინსულტის სიმპტომები , რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება როგორც ჰემორაგიული, ასევე იშემიური ინსულტის წინაპირობად — თუმცა მათი ინტენსივობა, ხანგრძლივობა და თანმდევი ნიშნები განსხვავდება.
გაწუხებთ თავბრუსხვევა? - ინსულტი შეიძლება ასეც ვლინდებოდეს
თავბრუსხვევა ერთი შეხედვით ისეთი გავრცელებული სიმპტომია, რომ ადვილად შეგვიძლია იგნორირება. შესაძლოა გადაღლილობას, სტრესს ან დეჰიდრატაციას დავაბრალოთ. თუმცა, როცა თავბრუსხვევა უეცრად იწყება, თან ახლავს მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, სიარულის გაძნელება ან წონასწორობის დაკარგვა — ეს უკვე სერიოზული სიგნალია.
ინსულტისას თავბრუსხვევა ხშირად გამორჩეულად ძლიერია, შესაძლოა ადამიანს შეექმნას გრძნობა, რომ ყველაფერი ბრუნავს გარშემო ან თითქოს იატაკი ფეხქვეშ ეცლება. ეს არის მომენტი, როცა აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ სამედიცინო დახმარებას, რადგან ტვინის სტრუქტურები, რომლებიც კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა ჟანგბადის ნაკლებობის გამო უკვე ზიანდებოდეს.
უეცარი სისუსტე — ხელისა და ფეხის დაბუჟება ან მოულოდნელად ძალის დაკარგვა
ინსულტის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს კიდევ ერთ სიმპტომს, რომელსაც ადამიანები თავიდან ვერ ამჩნევენ ან არ აღიქამენ სერიოზულად -ეს არის კიდურების მოულოდნელი სისუსტე ან დაბუჟება. ხშირად ეს შეგრძნება ვითარდება მხოლოდ ცალ მხარეს - მარცხენა ან მარჯვენა ხელისა და ფეხის- დაბუჟებით, რაც საკმაოდ დამახასიათებელია ინსულტისთვის.
ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს მარტივი მოძრაობების შესრულება, მაგალითად, ჭიქის დაჭერა, ფეხზე მყარად დგომა ან ნაბიჯის გადადგმა. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთით ან საათით. ხანდახან მცირეხნიანი სიმპტომიც კი საკმარისია, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ სამედიცინო დახმარებას.
მეტყველების დარღვევა
მეტყველების უნარი ერთ-ერთი პირველი ფუნქციაა, რომელიც ინსულტის დროს ზიანდება. ეს შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით — სიტყვების სწორად წარმოთქმის უუნარობა, წინადადებების არევა, ან თუნდაც სრულიად გაუგებარი საუბარი. ადამიანი შეიძლება გრძნობდეს, რომ სიტყვების თქმა უნდა, მაგრამ ვერ წარმოთქვამს; ან ისე საუბრობდეს, თითქოს მთვრალია — ენა ებმება, სიტყვებს ერთმანეთში ურევს, აზრი იკარგება.
ეს განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან მეტყველების დარღვევა ხშირად სწორედ იმ მომენტში ჩნდება, როცა გარშემომყოფებმა უკვე აუცილებლად უნდა გააცნობიერონ, რომ საქმე ინსულტთან აქვთ.
მხედველობის პრობლემები, როგორც ინსულტის წინა ნიშნები
ინსულტი მხედველობასაც აზიანებს, თუმცა ეს სიმპტომი ხშირად ჩუმად ვითარდება და ადამიანმა შეიძლება უბრალოდ "დაღლილობას" მიაწეროს. სინამდვილეში, როცა უეცრად ვეღარ ხედავთ სწორად, გამოსახულება ბუნდოვანია, მხედველობის ველი გაყოფილია ან ცალ თვალში მთლიანად ქრება სურათი — ეს უნდა განიხილოთ, როგორც საგანგაშო სიგნალი.
ხანდახან ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ მხედველობა დაუქვეითდა, სანამ გარშემომყოფი არ მიუთითებს შეცვლილ ქცევაზე — მაგალითად, ვეღარ კითხულობს ტექსტს, უჭირს ნაცნობი საგნების ამოცნობა ან ეჯახება ნივთებს.
ინსულტის ნიშნები ყველა ამ სიმპტომს ცალ-ცალკე ან ერთად შეიძლება მოიცავდეს. რაც უფრო სწრაფად ამოვიცნობთ მათ და მოვახდენთ რეაგირებას, მით უფრო მაღალია გადარჩენის და სრული გამოჯანმრთელების შანსი. არ უნდა დაველოდოთ მათ გამოსწორებას - დრო არ არის ის ფუფუნება, რაც ინსულტის შემთხვევაში გვაქვს. ეს ცოდნა ერთ დღეს შეიძლება არამხოლოდ სხვის, არამედ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის მიზეზიც გახდეს.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ ინსულტის სიმპტომები შევნიშნეთ?
როცა საქმე ინსულტს ეხება, ყველაზე ძვირფასი რესურსი დროა. თითოეული წუთი, თითოეული წამი გადამწყვეტ როლს თამაშობს — ტვინის უჯრედები ჟანგბადის გარეშე სწრაფად იღუპება და ყოველი წუთი ზიანს ზრდის. სწორედ ამიტომ, ინსულტის სიმპტომები გამოვლენისთანავე უნდა შევამჩნიოთ - ამ ნიშნების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სწრაფი და სწორი რეაგირებაა.
როგორც კი ადამიანს ინსულტის წინასწარი ნიშნები გამოუვლინდება, პირველ რიგში, დაუყოვნებლივ უნდა დავრეკოთ 112-ზე. ნუ ეცდებით თავად მიიყვანოთ ადამიანი საავადმყოფოში - ამ დროს შეიძლება გადაადგილებაც სახიფათო იყოს. სასწრაფო დახმარების გამოძახებისას მკაფიოდ აუხსენით ოპერატორს, რომ გაქვთ ეჭვი ინსულტზე და დაასახელეთ ყველა აღნიშნული სიმპტომი. ეს მათ დაეხმარებათ სწორად შეაფასონ მდგომარეობის სერიოზულობა და შესაბამისი სამედიცინო დახმარებით სწრაფად რეაგირება მოახდინონ.
ინსულტის ამოცნობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და გავრცელებული მეთოდია FAST, რომელიც მარტივი, გასაგები და დასამახსოვრებელია ყველასთვის — და რაც მთავარია, პრაქტიკულად გამოიყენება სახლის პირობებშიც კი.
- F — Face (სახე)
შეუხედეთ პირს. სთხოვეთ ადამიანს გაიღიმოს. ინსულტის დროს სახის ცალი მხარე ხდება ასიმეტრიული, ტუჩის კუთხე ვარდება ან თვალი ნახევრად იხუჭება. - A — Arms (ხელები)
სთხოვეთ ორივე ხელი ერთდროულად ასწიოს. თუ ცალ მხარში ადამიანი გრძნობს სისუსტეს ან დაბუჟებას, ხელებს ვერ ასწორებს - ეს ერთერთი სიმპტომი შეიძლება იყოს. - S — Speech (მეტყველება)
სთხოვეთ თქვას მარტივი წინადადება. რამდენად სწორედ მეტყველებს ადამიანის? წინადადებები არის ნათელი და გასაგები? თუ მეტყველება გაბნეულია, სიტყვები ებმება ან ვერ საუბრობს საერთოდ — ეს პრობლემის აშკარა ნიშანია. - T — Time (დრო)
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი შეიმჩნევა — დროა დაუყოვნებლივ დარეკოთ სასწრაფო დახმარებაში. ყოველი წუთი გადამწყვეტია.
FAST მეთოდი საშუალებას გვაძლევს სულ რაღაც წამებში შევაფასოთ სიტუაცია და ვიმოქმედოთ სწრაფად. ეს არის ცოდნა, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე, თუ სწორ დროს სწორად იმოქმედებს.
ინსულტის გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები
ინსულტის მიზეზები მრავალფეროვანია, ზოგჯერ ერთმანეთთან გადაჯაჭვული და ერთმანეთის გამაძლიერებელიც კი. რაც მთავარია, ამ ფაქტორების დიდი ნაწილი ჩვენს კონტროლს ექვემდებარება — ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ინსულტი ან, სულ მცირე, მნიშვნელოვნად შევამციროთ რისკი.
რისკის მქონე ადამიანების სიაში პირველ ადგილზე მაღალი არტერიული წნევის მქონე ხალხი დგას. წლებია დადასტურებულია, რომ არტერიული ჰიპერტენზია ინსულტის ყველაზე ხშირი მიზეზია. მუდმივად მომატებული წნევა ასუსტებს და აზიანებს ტვინის სისხლძარღვებს, რაც ზრდის როგორც იშემიური, ისე ჰემორაგიული ინსულტის განვითარების ალბათობას.
გულის დაავადებებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, გულის ფიბრილაცია — არარეგულარული გულისცემა — ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნას, რომლებიც ტვინისკენ მიემართებიან და იბლოკებიან სისხლძარღვებში.
ინსულტის გამომწვევი მიზეზები, შეიძლება, ცხოვრების არაჯანსაღი წესითაც წავახალისოთ. მაგალითად, სიგარეტი არამარტო ფილტვებს აზიანებს — ის სისხლძარღვების უმთავრესი მტერიცაა. თამბაქოს მოხმარება ასუსტებს კაპილარებს, ასქელებს სისხლს და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის (სისხლძარღვების გამკვრივების) განვითარებას.
ალკოჰოლი კი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და რეგულარულად მიღებისას, იწვევს არტერიული წნევის მომატებას და ზრდის ინსულტის რისკს. ამას თან ერთვის არასწორი კვება — ცხიმებით, მარილითა და გადამუშავებული პროდუქტებით მდიდარი რაციონი, რომელიც ასევე საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
ქოლესტერინი და სტრესი ხშირად ერთმანეთთანაც არის დაკავშირებული — მუდმივ შფოთვასა და დაძაბულობაში მყოფი სხეული იწყებს ცხოველური ცხიმების შეგროვებას და ბალანსიც ირღვევა. ქოლესტერინის მაღალი დონე კი იწვევს არტერიების შევიწროებას, რაც სისხლის ნაკადს აფერხებს.
სტრესი მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე . ეს "უხილავი მტერი" ხშირად იწვევს ჰორმონალური ბალანსის დარღვევას, არტერიული წნევის მატებას და გულის მუშაობის რიტმის ცვლილებას — რაც ინსულტისთვის შესანიშნავი ნიადაგია.
გარდა ამისა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ჩვენს კონტროლს ნაკლებად ექვემდებარება. გენეტიკური მიდრეკილება ერთ-ერთ ასეთია — თუ ოჯახში ყოფილა ინსულტის შემთხვევები, ჩვენი შანსები იზრდება. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მიდრეკილნი ვიყოთ მაღალი არტერიული წნევის, ან ქოლესტერინის მაღალი დონისაკენ.
ასაკიც უდიდეს როლს თამაშობს. 55 წლის ზემოთ ინსულტის რისკი ორმაგდება ყოველი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ასაკში ჩვენ უსაფრთხოდ ვართ — ცხოვრების წესი და ჯანმრთელობის მდგომარეობა ხშირად ასაკზე მეტად არის გადამწყვეტი.
მაშ, როგორ დავიცვათ თავი? პასუხი მარტივია, თუმცა მისი შესრულება — ყოველდღიური გადაწყვეტილებების ჯაჭვია. სწორი კვება, საკმარისი ძილი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლისა თუ თამბაქოსგან თავის შეკავება არის ჯანმრთელობის საფუძველი, რომელზეც ინსულტის პრევენციაც ნელ-ნელა შენდება.
ბალანსირებული დიეტა, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, ხილით, უჯრედისითა და ომეგა-3 ცხიმებით, ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას და სისხლის წნევის სტაბილიზაციას. საბოლოოდ კი ინსულტის გამომწვევი მიზეზები მცირდება.
პრევენციაში კიდევ ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი რეგულარული სამედიცინო კონტროლია. წნევის, ქოლესტერინისა და სისხლში შაქრის დონის პერიოდული შემოწმება გვაძლევს საშუალებას, პრობლემა მანამ აღმოვაჩინოთ, სანამ ის სერიოზულ თავსატეხად იქცევა.
სტრესის მართვა და ფიზიკური აქტივობების მნიშვნელობა ინსულტის პრევენციაში უდიდესია. სტრესი სრულად ვერ გაქრება, მაგრამ შეგვიძლია მისი მართვა. სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია, ბუნებაში სეირნობა და, რაც მთავარია, რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ბალანსის შენარჩუნებას.
ფიზიკური აქტივობა ამცირებს წონას, ზრდის ენდორფინების დონეს და აძლიერებს გულს. ეს არ ნიშნავს სპორტდარბაზში საათობით ყოფნას — ყოველდღიური 30-წუთიანი სეირნობაც კი საგრძნობლად ამცირებს ინსულტის რისკს.
ინსულტი არ არის უბრალოდ უბედური შემთხვევა. ხშირად ის ხდება იმ გზის შედეგი, რომელსაც ყოველდღიურად ვირჩევთ. პრევენციაც ასევე არის არჩევანი, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.