გულის იშემია - რა უნდა ვიცოდეთ მასზე?
რა არის იშემია და გულის იშემიური დაავადება?
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს გლობალური სიკვდილიანობის #1 გამომწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 17 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სწორედ კარდივასკულური პათოლოგიებია. მიუხედავად არსებული სტატისტიკისა, თანამედროვე კარდიოლოგიური მიღწევების გამოყენებით შესაძლებელია ამ დაავადებების მართვა და გართულებების თავიდან არიდება; ამისთვის კი საჭიროა დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა.
სარჩევი
👉 კარდიოლოგია – გაიგეთ მეტი თოდუას კლინიკის ულტრათანამედროვე კარდიოლოგიური განყოფილების შესახებ
მსოფლიო მასშტაბით გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია გულის იშემიური დაავადება, მიზეზი კი არის გულის მკვებავი სისხლძარღვების – კორონარული არტერიების გამტარობის დარღვევა და შედეგად გულის კუნთის - მიოკარდიუმის დაზიანება.
იშემია არის დისბალანსი ქსოვილის ან ორგანოს სისხლმომარაგების საჭიროებასა და მიწოდებას შორის. გულის იშემიური დაავადების შემთხვევაში ვითარდება კორონარული იგივე გულის მკვებავი არტერიების სანათურის შევიწროვება და პერფუზიის / სისხლის მიმოქცევის დარღვევა. შევიწროვების მიზეზს წარმოადგენს არტერეიბის ამომფენ ზედაპირზე - ენდოთელიუმზე ცხიმების/ქოლესტერინის დაგროვება და ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოქმნა. შედეგად ვითარდება კორონარული არტერიების დაავადება (კად) იგივე გულის იშემიური დაავადება.
გულის იშემია - რისკ-ფაქტორები
გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკ- ფაქტორები იყოფა 2 ძირითად ჯგუფად:
არამოდიფიცირებადი რის-ფაქტორები, რომელთა მართვა და მათზე ზემოქმედება შეუძლებელია
მოდიფიცირებადი რის-ფაქტორები, რომელთა კონტროლი და მართვა შესაძლებელია.
არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები:
- ასაკი – ასაკის მატებასთან ერთად სისხლძარღვების დაზიანების შესაძლებლობა იმატებს;
- სქესი – გულის იშემიური დაავადების რისკი უფრო მაღალია კაცებში.
- გენეტიკური წინასწარგანწყობა –კორონალური არტერიების დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი პირველი რიგის ნათესავებს დიაგნოსტირებული აქვთ გულის იშემიური დაავადება.
მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები:
- მწეველობა
- სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე
- არტერიული ჰიპერტენზია
- შაქრიანი დიაბეტი
- სიმსუქნე
- ჰიპოდინამიური ცხოვრების წესი / დაბალი ფიზიკური აქტივობა
ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორების გარდა გულის იშემიური დაავადების განვითარებაში ნეგატიურ როლს თამაშობს ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, არაჯანსაღი კვება, სტრესი, არასაკმარისი ძილი.
👉 გაიცანით ჩვენი კლინიკის გამოცდილი კარდიოლოგები, თამარ ჭიხორია, ნინო ბაზღაძე, ნანო ემუხვარი, თეა თორდია და დაჯავშნეთ ვიზიტი მათთან.
როგორ ვლინდება გულის იშემია?
იმისათვის, რომ იშემია განვითარდეს, უნდა მოხდეს სისხლძარღვის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი შევიწროვება ანუ სისხლძარღვის სანათურის 50-70%-ზე მეტი სტენოზი. ზ/ა პათოლოგია შეიძლება წლობით შეუმჩნევლად / სიმპტომის გარეშე მიმდინარეობდეს და მისმა კლინიკურმა ნიშნებმა მხოლოდ დაავადების მოგვიანებით ეტაპზე იჩინოს თავი.
იშემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
გულის იშემიური დაავადების სიმპტომები შესაძლებელია იყოს ტიპიური. მაგ: ტკივილი, მოჭერა, სიმძიმე, წვა ან დისკომფორტი გულმკერდის ცენტრში/ მკერდის ძვლის უკან ან მის მარცხენა ნახევარში, გავრცელებით მარცხენა მხარსა და წინამხარში, მარცხენა ბეჭის ძვლის და ზურგის მიდამოში, ასევე კისერსა და ქვედა ყბაში;
ატიპიური სიმპტომებია: ადვილად დაღლა, სუნთქვის გაძნელება ან ჰაერის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვის დროს, ცივი ოფლი ან უეცარი გაბრუება / თავბრუსხვევა, მკვეთრი ზოგადი სისუსტე. ტკივილი კუჭის საპროექციო მიდამოში.
აღწერილი სიმპტომების აღმოცენების შემთხვევაში დაუყოვნებლად უნდა მიმართოთ კარდიოლოგს, რომ მოხდეს მდგომარეობის შეფასება და განისაზღვროს მოქმედების ტაქტიკა.
გასათავლისწინებელია, რომ არსებობს უსიმპტომოდ მიმდინარე იშემია ანუ მიოკარდიუმის “მუნჯი იშემია”. ის უპირატესად შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ვითარდება. ამ შემთხვევაში დაავადების პირველივე გამოვლინება შეიძლება უეცარი კარდიული სიკვდილი იყოს.
გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ანამნეზის შეკრება და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ კვლევები, როგორც არაინვაზიური, ისე ინვაზიურ მეთოდით.
გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტირების მეთოდებს განეკუთვნება ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია და ლაბორატორიული კვლევები. კარდიოლოგის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროების საკითხი როგორიც არის - დატვირთვის სტრეს-ტესტი, ჰოლტერის მონიტორირება, კორონარული არტერიების კომპიუტერული ტომოგრაფია ან/და ინვაზიური კორონაროგრაფია.
👉 თოდუას კლინიკა გთავაზობთ გულის პათოლოგიების სრულფასოვან მკურნალობას უახლესი მიდგომების დახმარებით
გულის იშემიის მკურნალობა
გულის იშემიური დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე; ქრონიკულ ფაზაში საჭიროა სრული ანტიიშემიური მედიკამენტური თერაპია და ცხოვრების ჯანსაღი წესი (რაც გულისხმობს კვებით რეკომენდაციებს - ქოლეტსერინით ღარიბი დიეტა; დოზირებული ფიზიკურ აქტივობას / 150 წუთი ზომიერი ინტენსივობის დატვირთვა კვირის განმავლობაში; ასევე ზემოქმედებას მოდიფიცირებად კად რისკ-ფაქტორებზე)
მწვავე ფაზაში აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია; პირველ ეტაპზე მედიკამენტური თერაპიის გარდა საჭიროა დამატებითი ინსტრუმენტული კვლევები. ინვაზიური კორონაროგრაფიის შედეგი განსაზღვრავს მოქმედების ტაქტიკას, გულის სისხლის მიმოქცევის აღდგენის მიზნით საჭიროა ნაკლებად ინვაზიური ჩარევა - კორონარული სტენტირება თუ ოპერაციული მკურნალობა (კარდიოქირურგიული ჩარევა) - კორონარული შუნტირება.
მცირე ინვაზიური ჩარევა გულისხმობს სტენტის იმპლანტაციას: სპეციალური კათეტერით სხივის არტერიიდან შეჰყავთ ათეროსკლეროზულად დაზიანებული სისხლძარღვის სანათურში სამედიცინო ლითონის მინიატურული ზამბარა, რომელიც საჭიროების ადგილზე მოთავსების შემდგომ, წნევის ზემოქმედებით, იხსნება და იწვევს სისხლძარღვის ლოკალურ გაფართოებას.
კარდიოქირურგიული ჩარევის შემთხვევაში ხდება “შემოვლითი გზების” შექმნა პაციენტის ათეროსკლეროზულად დაუზიანებელი არტერიების და/ან ვენების გამოყენებით, დაზიანებული არტერიების ფუნქციური ჩანაცვლების მიზნით.
👉 სადაზღვევო კომპანიები – გაეცანით ჩამონათვალს და ისარგებლეთ დაფინანსებით
გულის იშემიური დაავადების პრევენცია
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები შეიძლება წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებები.
საჭიროა უკვე დიაგნოსტირებული ქრონიკული დაავადებების ადეკვატური მართვა / მკურნალობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოდიფიცირებადი კად რისკ-ფაქტორების კორექცია.
გასათვალისწინებელია ამერიკის გულის ასოციაციის და ამერიკული კარდიოლოგიური კოლეგიის გაიდლაინი (ACC/AHA Guideline on the Primary Prevention of Cardiovascular Disease), რომლის თანახმადაც რეკომენდებულია სრულიად უსიმპტომო პოპულაციაში ( 20დან 75წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ) კად რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირების მიზნით სკრინინგული კარდიოლოგიური გამოკვლევა (Check Up).
👉 ჩაიტარეთ სამედიცინო შემოწმება ახალი თაობის ულტრათანამედროვე აპარატურით და მიიღეთ ზუსტი დიაგნოზი
და ბოლოს, არ დაივიწყოთ ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა, პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე დაჯავშნეთ ექიმთან ვიზიტი და თავიდან აირიდეთ იშემიის გართულებული ფორმები.