ნევროზი – გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

04/12/2023

თოდუას კლინიკაში ნევროზის მკურნალობა

ნევროზი ფსიქიკური და ემოციური დარღვევაა, რომელიც გამოიხატება შფოთვებით, დეპრესიული განწყობით, ადვილად გაღიზიანებით, აკვიატებული აზრებითა და სხვა მრავალფეროვანი ჩივილებით. ხშირად პაციენტი საკუთარ თავში იკეტება, ზღუდავს სოციუმთან ინტერაქციასა და კომუნიკაციას. შესაბამისად, ნევროზის დროს მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული ადამიანთა ცხოვრების ხარისხი. 

 

აღსანიშნავია, რომ „ნევროზი“ თანამედროვე ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში მოძველებულ ტერმინად მიიჩნევა და დღეს მას სპეციალისტები უმეტესად ფსიქოორგანული დაავადების სახელით იხსენიებენ. 

 

სანამ უშუალოდ დაავადების განხილვაზე გადავიდოდეთ, მანამ შეგახსენებთ, რომ კლინიკა „თოდუა“ პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაიტარონ ყველა საჭირო ნევროლოგიური კვლევა, რისთვისაც შეგიძლიათ გვესტუმროთ ცენტრებში ან დაჯავშნოთ ვიზიტი დისტანციურად.

 

 

რა არის ნევროზი და რა იწვევს მას?

 

ნევროზი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომლის დროსაც ნერვული ქსოვილის ანატომიურ აგებულებაში ცვლილებები არ შეინიშნება, თუმცა შეიძლება მოიშალოს შინაგანი ორგანოების ფუნქცია. აღსანიშნავია, რომ ფსიქიატრების ნაწილის აზრით, გარკვეული ცვლილებები შინაგანი ორგანოების გარდა, ნერვულ ქსოვილებზეც ვითარდება.

 

ნევროზის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ძლიერი ან/და ხანგრძლივად მიმდინარე სტრესია. ამასთან ერთად, სპეციალისტები გამოყოფენ მის ხელშემწყობ რამდენიმე ფაქტორს:

 

  • ფსიქოლოგიური ფაქტორი – მაგალითად, ზიგმუნდ ფროიდს სჯეროდა, რომ ნევროზი ქვეცნობიერში მიმდინარე მოუგვარებელი კონფლიქტებისგან, ჩახშული ემოციებისა და განუხორციელებელი სურვილებისგან იღებს სათავეს.
  • ადრეული ცხოვრებისეული გამოცდილებები – სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ნევროზის განვითარების რისკი მატულობს იმ ადამიანებში, რომელთაც ბავშვობაში ტრავმული გამოცდილებები ჰქონდათ.
  • პიროვნული ფაქტორები – ემოციურად არასტაბილურ და ნეგატიური დამოკიდებულებებისკენ მიდრეკილ ადამიანებს, შესაძლოა, ნევროზის განვითარების უფრო მაღალი რისკი ჰქონდეთ.
  • გარემო სტრეს ფაქტორები – სტრესულმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებებმა, ფინანსურმა გაჭირვებამ, ძალადობრივმა ურთიერთობებმა, ემოციურმა, ფსიქოლოგიურმა და ფიზიკურმა გადაღლამ და მსგავსი ტიპის სხვა პრობლემებმა, შესაძლოა, დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს.
  • გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორები – მენტალური პრობლემების, მათ შორის, ნევროზის განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკაც.

 

აღსანიშნავია, რომ ნევროზი გავრცელებულია როგორც ქალებში, ისე კაცებში, თუმცა მისი შემთხვევები უფრო მეტად მდედრობითი სქესის პირებში გვხდება. ასევე, ის უფრო ხშირად ვითარდება 24-45 წლის ადამიანებში.

 

👉 აქვე შეგახსენებთ, რომ სრული გამოკვლევისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ფილიალს: ჩექაფი თოდუას კლინიკაში.

 

დაავადების სახეები

 

სპეციალისტები ნევროზის სამ ძირითად ფორმას გამოყოფენ: ნევრასთენიას, ისტერიასა და აკვიატებების ნევროზს. ნევრასთენიის დროს პაციენტი საკუთარ თავს გადამეტებულ მოთხოვნებს უწესებს, თუმცა მის რეალიზაციას ვერ ახერხებს. ისტერიის დროს ამგვარი მოთხოვნები გარემოსკენაა მიმართული, აკვიატებული ნევროზი კი, როგორც წესი, პიროვნული გეგმებისა რეალიზაციის სირთულის დროს ყალიბდება.

 

ამასთან ერთად, დიდი ალბათობით, ერთხელ მაინც გსმენიათ ტერმინი ვეგეტატიური ნევროზი, რომლითაც დაავადების ერთ-ერთ ტიპს მოიხსენიებენ. ვეგეტატიური ნერვული სისტემა ნერვულის სისტემის ის ნაწილია, რომელიც ორგანოების მოქმედებასა და ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. ვეგეტატიური ნევროზი კი მისი ფუნქციის მოშლის შედეგად ყალიბდება. ვეგეტონევროზის სიმპტომები მოიცავს როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჩივილებს. აღსანიშნავია, რომ „ნევროზის“ მსგავსად, დღეს ეს ტერმინიც მოძველებულია და ამ პათოლოგიას დღეს სომატოფორმულ აშლილობას უწოდებენ.

 

ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქციის შედეგია კარდიოფობიაც, იგივე გულის ნევროზი. ეს გულის დაავადების აკვიატებული შიშია და სხვადასხვა ჩივილით ვლინდება. გულის ნევროზის სიმპტომები მოიცავს ტკივილს გულმკერდში, გულის რიტმის მოშლას, მის აჩქარებას, თავბრუსხვევას, არტერიული წნევის მომატებას ან დაქვეითებას, ჰაერის უკმარისობას და ა.შ.

 

ნევროზის სიმპტომები

 

დაავადების ჩივილები ინდივიდუალურია და ის, შესაძლოა, სხვადასხვანაირად გამოიხატოს. კლინიკური ნიშნები, ასევე, დამოკიდებულია დაავადების ფორმებზე. ზოგადად კი, ნევროზის სიმპტომები ამგვარია:

 

  • გადაჭარბებული შფოთვა და ფორიაქი – შფოთი ხშირად ქრონიკული და გადაჭარბებულია. პაციენტი ზედმეტად დარდობს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე, სამსახურზე, ურთიერთობებზე, ჯანმრთელობაზე და სხვა.
  • შიშები – პაციენტს შეიძლება აწუხებდეს ინტენსიური და ირაციონალური შიშები ან/და ფობიები სხვადასხვა საგნის, სიტუაციის, ქმედებების მიმართ. ამ შიშებმა შეიძლება ადამიანს ბევრ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ათქმევინოს უარი.
  • გარკვეული მოქმედებების თავიდან არიდება – ზოგჯერ პაციენტს არ სურს რაიმე ქმედების განხორციელება, ცდილობს აირიდოს თავიდან გარკვეული სიტუაციები, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მის სოციალურ ინტერაქციებს.
  • ობსესიური აზრები და კომპულსიები – აკვიატებული აზრები, განმეორებადი ქცევები, რიტუალები, უსაფუძვლო მღელვარება და ა.შ. ზოგჯერ ნევროზისთვისაც არის დამახასიათებელი.
  • ფსიქოსომატური სიმპტომები – ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, კუნთების დაძაბულობა, მგრძნობელობის დაქვეითება, პირის სიმშრალე, გულისრევა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.

 

ნევროზისთვის, ასევე, დამახასიათებელია:

  • ხასიათის სწრაფი ცვლილება და ადვილად გაღიზიანება
  • საერთო სისუსტე და ადვილად დაღლა
  • შრომის უნარის დაქვეითება
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება და ხანმოკლე მეხსიერება
  • ძილის დარღვევები
  • დაბალი თვითშეფასება და ეჭვი საკუთარი შესაძლებლობების მიმართ
  • აპათია და სხვა.

 

დიაგნოსტიკა

 

ნევროლოგია თოდუას კლინიკაში ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა. განყოფილება დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ნევროლოგიური ხასიათის პრობლემების მართვასა და მკურნალობაში.

 

ნევროზის დიაგნოზის დასმა მარტივი სულაც არ არის და ამისთვის აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსური ნევროლოგიური და სომატური კვლევა. დიაგნოსტირების პროცესში ინიშნება როგორც ლაბორატორიული, ისე ინსტრუმენტული გამოკვლევები.

 

დაავადების დიაგნოსტირების პროცესში, ასევე, აუცილებელია, სპეციალისტმა დეტალური ანამნეზი შეკრიბოს და სიღრმისეულად შეისწავლოს პაციენტის სამედიცინო და ფსიქოლოგიური ისტორია.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ნევროზის დიაგნოზის დასმამდე უნდა გამოირიცხოს ყველა ის სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ხელს უწყობდეს დაავადების სიმპტომების გამოვლენას. როგორც წესი, მხოლოდ ამგვარი გამორიცხვის შემდეგ ისმება რაიმე ტიპის ფსიქიკური დარღვევის, მათ შორის, ნევროზის დიაგნოზი.

 

ნევროზის მკურნალობა თოდუას კლინიკაში

 

ექიმი ნევროლოგი მკურნალობის ტაქტიკას ზუსტი დიაგნოზისა და პაციენტის საჭიროებების დადგენის შემდეგ განსაზღვრავს. ის შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტურ თერაპიას, ცხოვრების სტილის ცვლილებას ან/და კომბინირებულ ინტერვენციას.

 

ნევროზის მკურნალობის მიზანია, შესაბამისი მეთოდების დახმარებით მოხდეს დაავადების გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრა. ამისათვის ხშირად მიმართავენ ფსიქოთერაპიას. უპირატესობა ენიჭება ე.წ. კოგნიტურ-ბიჰევიორულ მიდგომას, რომლის მიზანიცაა, პაციენტმა გააცნობიეროს პრობლემები და სპეციალისტთან ერთად მიაგნოს მისი დაძლევის გზებს. მკურნალობის დროს, ასევე, ინიშნება ისეთი მედიკამენტები, როგორებიცაა ანტიდეპრესანტები, ტრანკვილიზატორები, ნეიროლეპტიკები და ა.შ.

 

დეტალური ინფორმაციის ან კონსუტლაციისთვის გვეწვიეთ, ჩაიტარეთ სრულფასოვანი მკურნალობა და დაუბრუნდით ჩვეულ ცხოვრებას, შემაწუხებელი ჩივილების გარეშე.

 

გაზიარება