ორსულობის პირველი ნიშნები – როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ფეხმძიმედ ხართ?

12/12/2023

ორსულობის პირველადი ნიშნები

ქალები, რომლებიც შვილის გაჩენას გეგმავენ, ორსულობის პირველ ნიშნებს მოუთმენლად ელიან. მართლაც, თუ საკუთარ ორგანიზმს ყურს დაუგდებთ, იმ სიმპტომების ამოკითხვა, რომლებიც ორსულობის დადგომას მოსდევს, არ გაგიჭირდებათ.

 

სანამ მათ ბლოგში უფრო დეტალურად გაგაცნობთ, გაითვალისწინეთ, რომ ორსულობის ყველაზე ადრეული ნიშნები ხშირად პრემენსტრუალურ სინდრომს ჰგავს, ამიტომ მათი არსებობა აუცილებლად ფეხმძიმობას არ ნიშნავს. ამასთან ერთად, მათი გამოვლენის დრო ინდივიდუალურია – ზოგიერთი ქალი ნიშნებს მალევე გრძნობს, ზოგიერთისთვის კი ორსულობის პირველი თვე და ზოგჯერ მეტიც სრულიად უსიმპტომოა.

 

მაშ ასე, როგორია ორსულობის პირველი ნიშნები, რომლებიც შესაძლოა ფეხმძიმობას გვამცნობდნენ და რატომ იჩენს ესა თუ ის სიმპტომი თავს ორსულობის დადგომისას?

 

დაგვიანებული მენსტრუაცია

 

ხშირად, მენსტრუაციის დაგვიანება ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანია. თუ შვილის გაჩენა უკვე დაგეგმილი გაქვთ და ციკლის დაწყებამ ერთი კვირით და მეტით დაიგვიანა, მაშინ ორსულობის ტესტის გაკეთების მიზეზი ნამდვილად გაქვთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მენსტრუალური ციკლი მანამდე რეგულარული და მოწესრიგებული იყო. საქმე ისაა, რომ კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგ, წარმოიქმნება ჰორმონი ქორიონულ გონადოტროპინი (hCG), რომელიც სხეულს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის შესახებ უგზავნის სიგნალს.

 

უმჯობესია გინეკოლოგი მოინახულოთ, რომელიც უკეთ დაადგენს დაგვიანებული მენსტრუაციის მიზეზს.

 

მკერდის შეშუპება და მომატებული მგრძნობელობა

 

შეშუპება, მგრძნობელობის გაზრდა, ტკივილი და დისკომფორტი მკერდის არეში ბევრი ქალისთვის კარგად ნაცნობი სიმპტომია, რადგან მსგავსი შეგრძნებები პრემენსტრუალური სინდრომისთვისაც ხშირად არის დამახასიათებელი. მეორე მხრივ, შეშუპებული და მგრძნობიარე მკერდი შეიძლება ორსულობის მაცნეც იყო. მას ადრეული ფეხმძიმობისას ჰორმონალური ცვლილებები და სისხლის გაძლიერებული მიმოქცევა იწვევს. შესაძლოა ამ სიმპტომს თან ახლდეს არეოლების გამუქება და დიამეტრში გაზრდაც.

 

დაღლილობა და სისუსტე

 

ამაში დამნაშავე პროგესტერონი და ორსულობის სხვა ჰორმონებია, რომლებიც სხეულზე დამამშვიდებლად მოქმედებს. მეორე მხრივ, ორსულობისას ქალის ორგანიზმი უფრო მეტი ენერგიის ხარჯვას იწყებს, რათა ნაყოფის ზრდასა და განვითარებას შეუწყოს ხელი. ეს კი, ბუნებრივია, ფიზიკურ გადაღლას იწვევს.

 

👉 აქვე შეგახსენებთ, რომ სრული გამოკვლევისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ფილიალს: ჩექაფი თოდუას კლინიკაში.

 

გულისრევის შეგრძნება და ღებინება

 

გულისრევის შეგრძნება ღებინებით ან მის გარეშე, ორსულობას ხშირად ახასიათებს. ზოგიერთ ქალს ის 6 კვირის შემდეგ ეწყება, ზოგჯერ კი მან საწყის ეტაპზევე შეიძლება იჩინოს თავი. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალების გარკვეულ ნაწილს მსგავსი სიმპტომი ფეხმძიმობისას არასდროს გამოუცდია.

 

სპეციალისტების თქმით, გულისრევასა და ღებინებას ჰორმონალური ცვლილებები იწვევს, განსაკუთრებით კი ქორიონული გონადოტროპინისა (hCG) და ესტროგენის დონის მომატება ორგანიზმში. გულისრევის შეგრძნებამ ქალი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება შეაწუხოს, თუმცა ყველაზე ხშირად ის მაინც დილაობით იჩენს თავს.

 

გახშირებული შარდვა

 

ფეხმძიმობისას სისხლის მოცულობა სხეულში იზრდება, ასევე, აქტიურდება მისი დინება. შესაბამისად, თირკმელიც მეტი სისხლის გაფილტვრასა და მეტი შარდის წარმოქმნას იწყებს. ეს ნიშანი, როგორც წესი, ჩასახვიდან 2-3 კვირაში ხდება შესამჩნევი.

 

მოშარდვის მომატებული მოთხოვნილება, სავარაუდოდ, ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრშიც გაგრძელდება, რადგან საშვილოსნოს ზრდასთან ერთად, ის შარდის ბუშტსაც მეტად დააწვება და სულ უფრო ნაკლებ ადგილს დატოვებს შარდისთვის.

 

გუნება-განწყობის ცვალებადობა

 

ჰორმონალურმა ცვლილებებმა შესაძლოა თქვენს ხასიათზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს, გაგხადოთ უჩვეულოდ ემოციური და გულჩვილი, ამაღლებული განწყობილება კი სწრაფადვე უგუნებობამ შეცვალოს. ეს სიმპტომი ორსულობის მეოთხე კვირისთვის იჩენს ხოლმე თავს, თუმცა ზოგიერთი ქალისთვის ის ფეხმძიმობის დადგომიდან მალევე ხდება შესამჩნევი.

 

მუცლის შებერილობა

 

განსხვავებულმა ჰორმონალურმა ფონმა შეიძლება მეტეორიზმი გამოიწვიოს. საქმე ისაა, რომ ჰორმონი პროგესტერონი, რომლის დონეც ორსულობისას მატულობს, საჭმლის მომნელებელი სისტემის შენელებას იწვევს. ამ დროს საკვებ ნივთიერებებს სისხლში გადასაადგილებლად მეტი დრო სჭირდება, რასაც მუცლის შებერილობამდე, ზოგჯერ, ყაბზობამდეც მივყავართ.

 

მცირე რაოდენობის გამონადენი

 

განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების პროცესში, ხშირია მენსტრუაციის მსგავსი სპაზმები, რაც საშოდან გამონადენს ან სისხლდენას იწვევს. ის ქალების დაახლოებით 30%-ს აღენიშნება და შეიძლება თავი იჩინოს ჩასახვიდან დაახლოებით 6-14 დღეში.  როგორც წესი, გამონადენი არის ვარდისფერი ან მოყავისფრო.

 

ყნოსვის გამძაფრება და საჭმლისადმი ზიზღი

ესტროგენმა და სხვა ჰორმონებმა ორსულობისას შესაძლოა ყნოსვის გაძლიერება გამოიწვიოს, რის გამოც მსუბუქი და თქვენთვის საყვარელი სუნი მძიმე და აუტანელი გახადოს. ასეთ დროს ხშირია, გარკვეული საკვებისადმი ზიზღის გაჩენაც. ეს შეგრძნება, ჩვეულებრივ, მეორე ტრიმესტრიდან ქრება.

 

ბაზალური ტემპერატურის მომატება

 

ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე ბაზალური ტემპერატურა დაახლოებით 1°-ით იმატებს. ის, ჩვეულებრივ, ასე რჩება ორსულობის განმავლობაშიც. ამის მიზეზიც გარკვეული ჰორმონების გააქტიურებაა.

 

თუ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ორსულობის ნიშნები გეცნოთ, მაშინ მათი გადამოწმების დროა. თავიდან ამაში ორსულობის ტესტი დაგეხმარებათ, შემდეგ კი სისხლის ანალიზი ჰორმონ ქორიონული გონადოტროპინის (hCG) დონის განსასაზღვრად.

 

თუკი გსურთ, ორსულობის დადგენის პროცესი მარტივად წარიმართოს ჩაეწერეთ ექიმთან ონლაინ და მიიღეთ სწრაფი მომსახურება თოდუას კლინიკაში. ულტრათანამედროვე აპარატურისა და ლაბორატორიის დახმარებით კი, მიიღეთ ზუსტი პასუხი ყველა საჭირო კვლევაზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ფეხმძიმობასთან ერთად, საჭიროა, განსაკუთრებით იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობასა და თქვენი პატარის ჯანსაღ განვითარებაზე. ამაშიც თოდუას კლინიკის ექიმები დაგეხმარებიან, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ოჯახის დაგეგმვისა და ორსულობის მართვის მიმართულებით.

 

მაშ ასე, მოემზადეთ უნიკალური გამოცდილებისა და ახალი თავგადასავლებისთვის, რომლებიც ორსულობასა და დედობას მოაქვს.

გაზიარება