პაპ ტესტი – საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისთვის

10/12/2024

პაპ ტესტი თოდუას კლინიკაში

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქალთა ონკოლოგიური დაავადებაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში პათოლოგიის 281 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით კი, 2022 წელს მისი დიაგნოზი გლობალურად დაახლოებით 660 000 ქალს დაუსვეს. იმავე წელს დაავადებამ 350 000 ადამიანი იმსხვერპლა. 

 

 

👉 საშვილოსნოს ყელის კიბო – გაეცანით ბლოგს და გაიგეთ მეტი დაავადებაზე 

 

მიუხედავად საგანგაშო სტატისტიკისა, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები ბოლო დროს მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ეს დიდწილად პაპ ტესტისა და კოლპოსკოპიური კვლევის დამსახურებაა, რომელიც დაავადების მთავარი გამომწვევი მიზეზის –ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) აღმოჩენისა და კიბოსწინარე პროცესების გამოვლენის საშუალებას იძლევა. 

 

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი?


სანამ უფრო დეტალურად მოგიყვებით პაპ ტესტზე, მანამდე აუცილებელია კარგად ვიცოდეთ, რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი. აპვ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მსოფლიოში ინფექციის 43 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.


ადამიანის პაპილომა ვირუსი კანისა და ლორწოვანი გარსების (პირის ღრუს ან საშვილოსნოს ყელის) დაინფიცირებას იწვევს როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. ინფიცირება ხდება პირდაპირ კანიდან კანზე ან დაინფიცირებულ არესთან კონტაქტის დროს. 


პირველ რიგში, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ აპვ-ს გენოტიპები. საქმე ისაა, რომ ვირუსის 100-ზე მეტი სახეობა არსებობს, რომელთაგან განარჩევენ დაბალი რისკის, ანუ არაონკოგენურ ტიპებს და მაღალი რისკის, ონკოგენურ ტიპებს. სქესობრივი გზით დაახლოებით 30 შტამის გადაცემაა შესაძლებელია ნებისმიერი ინტიმური კავშირის დროს, იქნება ეს სქესობრივი აქტი თუ გენიტალიებზე შეხება. განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანის პაპილომა ვირუსის 13 ტიპი, მათ შორის, კი მე-16 და მე-18 შტამი. აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს კიბოს შემთხვევათა ნახევარი მე-16-ზე, 10-12% კი მე-18-ზე მოდის. 

 

📖 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები – გაეცანით ბლოგს და შეიტყვეთ მეტი მათი პრევენციის გზებზე


აპვ-ის ინფექცია უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევათა 90%-ში თვითგანკურნებით სრულდება. ინფიცირებულთა 10%-ს კი მაღალი რისკის მქონე ტიპებით დაინფიცირებისას მუდმივი პაპილომა ვირუსი უვითარდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კიბოს განვითარების რისკებს. 

 

აპვ ინფექციით გამოწვეული კიბოს განვითარების მაღალი რისკი აქვთ:


- დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს;
- მწეველებს;
- სასქესო ორგანოების ხშირი ანთებითი დაავადებების მქონე ქალებს;
- გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე პაციენტებს;
- ქალებს, რომლებმაც ადრეულ ასაკში იმშობიარეს.

 

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, საწყის ეტაპზე საშვილოსნოს ყელის კიბოს უმეტესად კლინიკური ნიშნები არ აქვს, დისპლაზიური პროცესები ჩუმად მიმდინარეობს და მხოლოდ მაღალი დაზიანების დროს ვლინდება. თუმცა პაციენტთა გარკვეულმა ჯგუფმა საწყის ეტაპზე შეიძლება შეამჩნიოს:

 

- გამონადენი საშოდან, ზოგჯერ სისხლნარევი;
- სქესობრივი კონტაქტის დროს კონტაქტური სისხლდენა;
- შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები;
- ტკივილი მცირე მენჯში;
- ზოგადი ტოქსიკური მდგომარეობა. 

 

👉 სამედიცინო შემოწმება – გაიარე სამედიცინო შემოწმება და დაიზღვიე თავი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებისგან

 

რა არის პაპ ტესტი და როგორ კეთდება ის?

 

პაპ ტესტი ანუ პაპანიკოლაუსის ტესტი მარტივი და უმტკივნეულო ციტოლოგიური გამოკვლევაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის გამოიყენება. ტესტი გულისხმობს საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის მიკროსკოპის ქვეშ შესწავლას ატიპიური ანუ შეცვლილი უჯრედების აღმოჩენის მიზნით. 

 

საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება გარკვეული წესების დაცვით უნდა მოხდეს. პირველ რიგში, ბამბის ტამპონისა და პინცეტის დახმარებით საშვილოსნოს ყელის არხიდან აუცილებელია ლორწოვანი საცობის მოცილება. ასევე, მნიშვნელოვანია ნაცხში მოხვდეს უჯრედები საშვილოსნოს ყელის არხიდან (ენდოცერვიქსიდან) და  მთელი ზედაპირიდან (ექტოცერვიქსიდან). ნაცხის აღებისთანავე საჭიროა მისი ფიქსაცია სპეციალური ხსნარით. 

 

კვლევის ჩატარებამდე პაციენტს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება, თუმცა მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:


- თავის შეკავება სქესობრივი აქტისგან ტესტის ჩატარებამდე 2-3 დღით ადრე;
- მასალის აღებამდე არ უნდა მოხდეს საშოს გამორეცხვა ან რაიმე მედიკამენტის შეყვანა;
- სასქესო ორგანოების ინფექციების შემთხვევაში, მკურნალობიდან გასული უნდა იყოს 1 თვე;
- ტესტი არ კეთდება მენსტრუაციის პერიოდში. 


სასურველია, პაპ ტესტი ჩაიტაროს ყველა ქალმა სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ 1-2 წელიწადში. განმეორებითი პაპ ტესტის აღება ხდება ექიმი-გინეკოლოგის რეკომენდაციით. 

 

🩺 დაჯავშნეთ ვიზიტი ექიმთან წინასწარ

 

ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის 

 

საშვილოსნოს ყელის კიბოსა და პაპ ტესტზე საუბრის დროს, გვერდს ვერც ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ავუვლით, რომელიც დაავადების პრევენციის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. მას მინიმუმამდე დაჰყავს არა მხოლოდ აპვ-ით ინფიცირებისა და საშვილოსნოს კიბოს შემთხვევები, არამედ ეფექტურია ისეთი გინეკოლოგიური სიმსივნეების პრევენციისთვისაც, როგორებიცაა ვულვის, ვაგინისა და ანალური მიდამოს კიბო. 

 

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2006 წლიდან 75-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. ვაქცინას გავლილი აქვს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საფუძვლიანი შემოწმება. მის უსაფრთხოებას 3 მილიონზე მეტი გამოყენებული დოზაც ადასტურებს. ვაქცინა ძალიან მაღალეფექტურია – აცრილთა 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების მაღალი დამცველობითი ტიტრი. ვაქცინაში შედის პაპილომა ვირუსის ის შტამები, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული და ყველაზე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და გენიტალურ მეჭეჭებს.

 

აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება რეკომენდებულია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, თუმცა ეფექტურია მას შემდეგაც. აცრა, სასურველია, გაუკეთდეთ როგორც გოგონებს, ისე ბიჭებს 9 წლის ასაკიდან. აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია საქართველოში უფასო გახდა 10-45 წლის ქალებისა და 10-26 წლის კაცებისთვის.

 

გაითვალისწინეთ, რომ ვაქცინაციამ არ უნდა ჩაანაცვლოს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, რადგან ჯერჯერობით მას არ გააჩნია ძალა აპვ-ის ყველა ტიპისგან დაიცვას ორგანიზმი. 

 

👉 ეწვიეთ თოდუას კლინიკის ვებ-გვერდს და შეიტყვეთ მეტი ჩვენს სერვისებზე


დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ მიუხედავად საშვილოსნოს ყელის კიბოს ფართო გავრცელებისა, დროული სკრინინგითა და ვაქცინაციით დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია. ადრეული დიაგნოსტირება კი მისგან განკურნების შანსებს მკვეთრად ზრდის. ამიტომაცაა, რომ დაავადებისა და მისგან გამოწვეული ლეტალობის შემთხვევები უმეტესად დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ფიქსირდება, იქ, სადაც ხელი ნაკლებად მიუწვდებათ მის სკრინინგსა და ვაქცინაზე. საბედნიეროდ, საქართველოში ორივე მათგანი უკვე ფართოდ არის ხელმისაწვდომი. ასე რომ, გამოიყენეთ შესაძლებლობა და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას. 

გაზიარება