სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და დაავადებები

18/04/2024

სქესობრივად გადამდები დაავადებები და ინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) იმ ინფექციებს აერთიანებს, რომლებიც ერთი ადამიანიდან მეორეზე სქესობრივი კონტაქტით გადადის. მათით დაინფიცირება შესაძლებელია როგორც დაუცველი ვაგინალური და ანალური, ისე ორალური სქესობრივი აქტის დროს. სგგდ-ში გაერთიანებული ზოგიერთი დაავადება საზიარო ნემსითა და პირადი მოხმარების საგნებითაც ვრცელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ინფექციები შესაძლოა ორსულობის პერიოდში ან ძუძუთი კვების დროს დედიდან შვილზეც გადავიდეს. 

 

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები საწყის ეტაპზე კლინიკური ნიშნებით ყოველთვის არ გამოიხატება. ამიტომ დაავადებული პირის მიერ ჯანმრთელი ადამიანის უნებურად დაინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კარგად ვიცნობდეთ სქესობრივი გზით გადამდებ ყველაზე გავრცელებულ დაავადებებსა და მათი პრევენციის გზებს. 

 


სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული დაავადებები 

 


სქესობრივი კონტაქტით 30-ზე მეტი ბაქტერია, ვირუსი და პარაზიტი გადადის. ისინი სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტით ან ორგანიზმის სხვა სითხეებით ვრცელდება. ბაქტერიების მიერ გამოწვეული ყველაზე გავრცელებული დაავადებებია სიფილისი, გონორეა და ქლამიდია. ვირუსებით განპირობებულ სგგდ-ებს შორის ყველაზე ხშირი ადამიანის პაპილომავირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV), ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV), B და C ჰეპატიტებია. პარაზიტით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე რთული დაავადება კი ტრიქომონიაზია. ხშირია სქესობრივი აქტით მუნისა და ბოქვენის ტკიპის გავრცელებაც. 

 


👉 გაიარეთ ჩექაფი თოდუაში და გამორიცხეთ სქესობრივად გადამდები ინფექციები.

 


გონორეა

 


გონორეა გამოწვეულია ბაქტერიით, რომელსაც Neisseria Gonorroeae ეწოდება. მისი სიმპტომები, როგორც წესი, 2-8 დღეში ვლინდება. დაინფიცირებულ მამაკაცებს აღენიშნებათ ყვითელი ან გამჭვირვალე ფერის გამონადენი ასოდან, წვა და ტკივილი მოშარდვის დროს, ასევე, სათესლე ჯირკვლების ტკივილი და შესივება. ქალებში კი ის საშოდან მოყვითალო-მოთეთრო ფერის გამონადენით, სასქესო ორგანოს მიდამოს ქავილით, მოშარდვის დროს კი ტკივილისა და წვის შეგრძნებით ვლინდება. 

 


ქლამიდია 

 


ბაქტერია Chlamydia trachomatis-ით გამოწვეულ სგგდ-ს ქლამიდიას უწოდებენ. როგორც წესი, ის იწვევს საშარდე მილის ანთებას, რის გამოც ინფიცირებულ ადამიანებს აღენიშნებათ წვისა და ტკივილის შეგრძნება მოშარდვის დროს. ამასთან ერთად, ქალებში ხშირია ვაგინალური გამონადენი და სისხლდენა, ასევე, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. კაცებში კი დაავადება გამოიხატება სათესლე ჯირკვლისა და ანუსის მიდამოს ტკივილით. 

 


სიფილისი

 


სიფილისი ერთ-ერთი ყველაზე რთული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომლის სიმპტომებიც შესაძლოა 10-90 დღეში გამოვლინდეს. ინფექციას ახასიათებს სტადიები – პირველადი, მეორადი, ლატენტური და მოგვიანებითი. სტადიების შესაბამისად, პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს სხვადასხვა სახის სიმპტომები, რომელთა შორისაც საყურადღებოა: წყლულები სასქესო ორგანოსა და ენაზე, ქერცლიანი გამონაყარი ხელისა და ფეხის გულებზე, მოთეთრო-მოყვითალო წყლულები ენაზე, ყელისა და თავის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა, ცხელება, კუნთების ტკივილი, კანის ქავილი და ა.შ. 

 


აღსანიშნავია, რომ ლატენტური სიფილისი მეორადი სიფილისის სიმპტომების გაქრობის შემდეგ დგება და ის კლინიკური ნიშნებით შესაძლოა წლების განმავლობაში აღარ გამოვლინდეს. მოგვიანებითი სიფილისი კი არანამკურნალები სიფილისის შემთხვევაში ვითარდება, ზოგჯერ რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც კი. ეს საკმაოდ სახიფათო მდგომარეობაა, რაც იწვევს ორგანოებისა და სხეულის ქსოვილების სერიოზულ დაზიანებას. საბოლოოდ, ის შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს. 

 


👉 უროლოგები თბილისში – გაიცანით თოდუას კლინიკის სპეციალისტები და მიიღეთ სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა

 


ტრიქომონიაზი 

 


როგორც აღვნიშნეთ, ტრიქომონიაზს პარაზიტი იწვევს, რომელიც, პირველ რიგში, შარდ-სასქესო სისტემას აზიანებს. მისი სიმპტომები ხშირად ინფიცირებიდან 5-დან 28 დღის ინტერვალში ვლინდება. ხშირად, კაცებს აღენიშნებათ ქავილი სასქესო ასოს თავზე, დისკომფორტი და წვა მოშარდვის დროს, გამონადენი სასქესო ასოდან. ქალებში კი ინფექცია სასქესო ორგანოს წვით, ქავილითა და სიწითლით ვლინდება. ასევე, ხშირია დისკომფორტი შარდვის დროს და გამონადენი საშოდან, რომელსაც შესაძლოა თევზისთვის დამახასიათებელი სუნი ახლდეს. 

 


HPV – სქესობრივი გზით გადამდები ვირუსი, რომელიც კიბოს იწვევს 

 


ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) 150-ზე მეტი სახეობა არსებობს, რომელთა შორისაც განარჩევენ დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებს. მეორე ჯგუფში გაერთიანებულ სახეობებს შეუძლია დაინფიცირებიდან გარკვეული დროის შემდეგ გამოიწვიოს ჯერ კიბოსწინარე დაავადებები, შემდეგ კი საშვილოსნოს ყელის კიბო, ასევე, ვაგინისა და ანალური მიდამოს სიმსივნეები. თუმცა დღეს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ფართოდაა ხელმისაწვდომი პაპილომა ვირუსის სკრინინგი და არსებობს მისი საწინააღმდეგო აცრაც, რაც მისით განპირობებული სიმსივნეების შემთხვევებს მნიშვნელოვნად ამცირებს. 

 


👉 რა არის პაპილომა ვირუსი? – შეიტყვეთ მეტი ჩვენს ბლოგში

 


პაპილომა ვირუსის შემთხვევათა უმეტესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გარკვეული გენოტიპებით ინფიცირებისას, ის შესაძლოა თვითგანკურნებითაც დასრულდეს. პაპილომა ვირუსის კლინიკურ ნიშნებს მიეკუთვნება წვის, ქავილის, დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება საშოს მიდამოში. 

 


B და C ჰეპატიტი

 


ჰეპატიტები ვრცელდება როგორც სქესობრივი გზით, ისე სისხლისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების საშუალებითაც. ის ღვიძლის ინფექციაა, რომელიც იწვევს როგორც მწვავე, ისე ქრონიკულ დაავადებებს. B და C ჰეპატიტისთვის დამახასიათებელ ნიშნებში ყველაზე ხშირია კანისა და თვალების სიყვითლე, მუქი შარდი, პირღებინება, მუცლის ტკივილი, დაღლილობის ძლიერი შეგრძნება და ა.შ. 

 


B ჰეპატიტის პრევენცია ვაქცინაციითაა შესაძლებელი, C ჰეპატიტის დროული აღმოჩენა კი – მარტივი ლაბორატორიული გამოკვლევით. გაითვალისწინეთ, რომ სხვა ჰეპატიტებისგან განსხვავებით, C ჰეპატიტი სიმპტომებით იშვიათად ვლინდება ან თავს იჩენს მხოლოდ დაგვიანებულ სტადიაზე, ამიტომ მისი სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ დროული ჩარევის შემთხვევაში პაციენტები დაავადებისგან სრულად იკურნებიან. ამასთან ერთად, ქვეყანაში მოქმედს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაც, რომელიც ინფიცირებულებს უფასო მკურნალობას სთავაზობს. 

 


მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV)

 


მარტივი ჰერპესის ვირუსი სქესობრივი კონტაქტის გარდა, საზიარო ჭურჭლითაც ვრცელდება. განარჩევენ ჰერპესის ორი ტიპის ვირუსს – HSV-1-სა და HSV-2-ს. პირველი ტიპის ვირუსს ახასიათებს ბუშტუკები პირზე, სახეზე, ცხვირის ღრუში, გაციების მსგავსი ნიშნები, ცხელება და ა.შ. მეორე ტიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში კი ვლინდება შემდეგი სახის სიმპტომები: სასქესო ორგანოს ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ქავილი, წვა, ბუშტუკები სასქესო ორგანოზე. ვირუსის კლინიკური ნიშნები, როგორც წესი, პირველივე დღიდან 2 კვირამდე პერიოდში ვლინდება. 

 


ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV) 

 


HIV არის ინფექცია, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას აზიანებს და ქრონიკულ, სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებას იწვევს. მას შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს – შიდს უწოდებენ. მისი დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებია ცხელება, დიარეა, წონაში კლება, სეფსისი, მხედველობის დაქვეითება, პირის ღრუს წყლულები, კანის ქავილი და ა.შ. მისგან სრულად განკურნება დღეს ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა არსებობს პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში ვირუსული ნაწილაკების რაოდენობას იმდენად ამცირებს, რომ მისი დაფიქსირებაც კი თითქმის შეუძლებელი ხდება. ამგვარად, ფერხდება ჯანმრთელობის დაზიანების პროცესი და სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობის განვითარება. 

 


სგგდ-ს დიაგნოსტიკა და მკურნალობა 

 


სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის დიაგნოსტირებისთვის ხშირად გამოიყენება საშოდან, სასქესო ასოდან ან ანუსიდან აღებული ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა. ლაბორატორიული ანალიზების გარდა, შესაძლოა, დაინიშნოს ისეთი ინსტრუმენტული კვლევები, როგორებიცაა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ექოსკოპია. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვის პროცესში შეიძლება ჩართული იყოს როგორც გინეკოლოგი, ისე დერმატო-ვენეროლოგი. კლინიკა თოდუა გთავაზობთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებასა და დიაგნოსტირებას ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს ზუსტი დიაგნოზის დასმასა და სწორი ტაქტიკის შემუშავებაში.

 


სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობისთვის პირველ რიგში პრეპარატები გამოიყენება. უმეტესად, ინიშნება ანტიბიოტიკები. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სქესობრივი გზით გადამდები დაავადების სიმწვავეზე. რაც უფრო ადრე დაიწყებს პაციენტი მკურნალობას, შედეგი მით უფრო მარტივად და სწრაფად დადგება, ამიტომ დროული ვიზიტი ექიმთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

 


მკურნალობის პროცესში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი კონტაქტისგან, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება, ხელახალი დაინფიცირება ან მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავება. 

 


სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია

 

სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი დაავადების პრევენციისთვის დღეს ვაქცინაცია გამოიყენება. მაგალითად, B ჰეპატიტისა და პაპილომავირუსის თავიდან აცილება უსაფრთხო და ეფექტური აცრითაა შესაძლებელი. ის, როგორც წესი, ადრეულ ბავშვობაში ან მოზარდობისას კეთდება, თუმცა ვაქცინაცია მიზანშეწონილია ზრდასრულ ასაკშიც. სგგდ-ს პრევენციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა კონდომის გამოყენებაა, რომელიც არასასურველი ორსულობის გარდა, მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციების გავრცელებას. 

 

და ბოლოს, აქტიური სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ, სასურველია, გარკვეული პერიოდულობით ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები და თავი დაიზღვიოთ სგგდ-ს გართულებული ფორმებისა და პარტნიორის დაინფიცირებისგან. 

 

გაზიარება