ფილტვების ანთება - სიმპტომები

ფილტვების ანთება (პნევმონია) არის ფილტვის ქსოვილის ინფექციური ანთება, რომელსაც იწვევს ბაქტერია, ვირუსი, სოკო ან პარაზიტი. ფილტვების ანთების ძირითადი სიმპტომებია სიცხე, ხველა, ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა და გულმკერდის ტკივილი. დაავადება მიმდინარეობს როგორც მსუბუქად, ისე მძიმედ და დროულ მკურნალობას მოითხოვს, განსაკუთრებით ბავშვებში, ხანდაზმულებსა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.
ამ სტატიაში: ფილტვების ანთების მიზეზები, სიმპტომები, გართულებები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რისკ-ჯგუფები და პრევენცია.
სარჩევი
ფილტვების ანთების გამომწვევი მიზეზები
პნევმონიას იწვევს ფილტვში ისეთი მიკროორგანიზმების მოხვედრა, როგორებიცაა ბაქტერია, ვირუსი, სოკო, პარაზიტები…
ბაქტერიული პნევმონია ვითარდება ბაქტერია პნევმოკოკით, სტრეპტოკოკით, სტაფილოკოკით, კლებსიელათი ან ჰემოფილური ჩხირით ინფიცირებისას. ვირუსებით გამოწვეული ფილტვების ანთება, როგორც წესი, შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ის ზოგჯერ ბაქტერიული ინფექციით რთულდება. ბაქტერიული ან ვირუსული პნევმონია შესაძლოა ერთი ადამიანიდან მეორეზე ჰაერ-წვეთოვანი გზით გავრცელდეს.
პნევმონიას სოკოებისა თუ პარაზიტების გარდა, იწვევს ისეთი მიკროორგანიზმებიც, როგორებიცაა მიკოპლაზმა, ლეგიონელა და ქლამიდია.
ფილტვების ანთების სიმპტომები
ფილტვის ანთების ნიშნები:
- მაღალი ან დაბალი ტემპერატურა
- ცხელება, რომელსაც შეიძლება ახლდეს ქოშინი
- სუნთქვის უკმარისობა
- ხველა
- ტკივილი გულმკერდის არეში სუნთქვის ან ხველების დროს
- ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით
- თავისა და კუნთების ტკივილი
- დაღლილობა
- საერთო სისუსტე
- გულისრევის შეგრძნება და ღებინება
- დიარეა
- ყვითელი, მომწვანო ან სისხლიანი ნახველის გამოყოფა
უსიცხო ფილტვების ანთება – ასე უწოდებენ ხალხურად სუსტად გამოხატულ ან უსიმპტომო პნევმონიას. ასეთ დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ისეთი ზოგადი სიმპტომები, როგორებიცაა საერთო სისუსტე, წნევის დაქვეითება, გულის რიტმის დარღვევა და სხვა.
გაიარეთ ჩექაფი თოდუაში და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ
პნევმონიის გართულებები
ფილტვების ანთების ერთ-ერთი სერიოზული გართულებაა ბაქტერიემია და სეპტიკური შოკი. საქმე ისაა, რომ ბაქტერიამ ფილტვებიდან შესაძლოა სისხლძარღვებში გადაინაცვლოს, სისხლის მიმოქცევის საშუალებით სხვა ორგანოებამდეც მიაღწიოს და მათი ინფიცირება და ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს. სისხლში ბაქტერიების სწრაფად გამრავლების შემთხვევაში შეიძლება შეფერხდეს სისხლის დინებაც, რაც ასევე ორგანოთა დისფუნქციასა და ქსოვილების შეშუპებას განაპირობებს.
გარდა ამისა, ფილტვების ანთებამ შესაძლოა პლევრის ღრუში სითხის დაგროვება, ასევე, პლევრას ანთება ანუ პლევრიტი გამოიწვიოს. ზოგჯერ დაავადების დროს ფილტვის ქსოვილში ყალიბდება ჩირქოვანი კერა ანუ ფილტვის აბსცესი. პნევმონიის გართულებად მიიჩნევა მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომიც.
ჩვენი სადაზღვევო პარტნიორები – გადადით ბმულზე და გაეცანით ჩამონათვალს
პნევმონიის დიაგნოსტიკა
პნევმონიის დიაგნოსტირება ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვით იწყება. ფილტვების ანთებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, პულმონოლოგმა შეიძლება დანიშნოს როგორც ლაბორატორიული, ისე ინსტრუმენტული კვლევები. თოდუას კლინიკაში პნევმონიის სრულფასოვანი დიაგნოსტირებისთვის, ტარდება ყველა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევა. რაც მთავარია, ცენტრში ხელმისაწვდომია ულტრათანამედროვე ლაბორატორია და უახლესი თაობის აპარატურა.
ბრონქოლოგია თოდუას კლინიკაში – გაიგეთ მეტი განყოფილებაზე
ფილტვების ანთების მკურნალობა
მკურნალობის მიზანი დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის განადგურებაა.
ბაქტერიული ფილტვების ანთების სამკურნალოდ უმეტესად ანტიბიოტიკები ინიშნება. ვირუსული პნევმონიის მკურნალობა კი ანტივირუსული პრეპარატებით წარიმართება. მკურნალობის პროცესში შეიძლება სპეციალისტმა დანიშნოს სიცხის დამწევი, ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები და სხვა საშუალებები სიმპტომების შესამსუბუქებლად.
მკურნალობის დროს, სასურველია, პაციენტი მოერიდოს ფიზიკურ აქტივობას, დაისვენოს, რაც შეიძლება მეტხანს და მიიღოს ბევრი სითხე. აუცილებელია, მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა, რათა არ მოხდეს დაავადების ხელახლა გამწვავება ან გართულება.
გადადით ბმულზე და გაიცანით ჩვენი კლინიკის ექიმები
პნევმონიის განვითარების რისკ-ჯგუფები
ფილტვების ანთების განვითარებისა და მისი გამწვავების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია ასაკოვან, 65 წელს გადაცილებულ პირებში, ასევე, ჩვილებსა და 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. პნევმონიის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ), გულის პათოლოგიების, დიაბეტისა და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს. მისი განვითარების ალბათობა მატულობს იმ დაავადებების დროსაც, რომლებიც მკვეთრად აქვეითებენ იმუნიტეტს, მაგალითად, შიდსის დროს.
ამასთანავე, ფილტვების ანთების განვითარების რისკ-ჯგუფში შედიან ონკოპაციენტები, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას. აღსანიშნავია ისიც, რომ მწეველებში საგრძნობლად ქვეითდება ფილტვის ქსოვილის დამცველობითი ფუნქცია, ამიტომ თამბაქოს მომხმარებლებშიც მაღალია პნევმონიის განვითარების ალბათობა.
დროულად დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი და თავიდან აიცილეთ გართულებები
დაავადების პრევენცია
ფილტვის ანთების განვითარების რისკის შესამცირებლად, სასურველია, უარი თქვათ მავნე ჩვევებზე, განსაკუთრებით თამბაქოს მოხმარებაზე. ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება კი იმუნიტეტის გაძლიერებასა და, შესაბამისად, დაავადების განვითარების რისკების შემცირებაში დაგეხმარებათ.
ნებისმიერ რესპირატორული ინფექციის, მათ შორის, პნევმონიის პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჰიგიენის დაცვა – ხელების რეგულარული დაბანა საპნით, ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და სხვა.
დაბოლოს, ფილტვის ანთების რისკების შესამცირებლად, სასურველია გაიკეთოთ აცრა გრიპზე, ასევე, პნევმოკოკზე, რომელიც დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ბაქტერიაა. ვაქცინაცია და ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პნევმონიის განვითარების რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენ ხანს გრძელდება ფილტვების ანთება?
ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის დროულობაზე. მსუბუქი, ვირუსული ფორმა ჩვეულებრივ უფრო სწრაფად უმჯობესდება, ბაქტერიული პნევმონია კი ანტიბიოტიკებით უფრო ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა, რომ დაავადება ხელახლა არ გამწვავდეს ან არ გართულდეს. სისუსტე და ხველა ზოგჯერ გამოჯანმრთელების შემდეგაც შენარჩუნდება.
როგორ განვასხვავოთ ვირუსული და ბაქტერიული პნევმონია?
ვირუსული პნევმონია, როგორც წესი, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ზოგჯერ ბაქტერიული ინფექციით რთულდება. ბაქტერიულ ფორმას ხშირად ახლავს მაღალი სიცხე და მკვეთრი სიმპტომები და ინიშნება ანტიბიოტიკები, ვირუსულზე კი, ანტივირუსული პრეპარატები. ზუსტ განსხვავებას ექიმი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით ადგენს.
უსიცხო ფილტვების ანთება რა ნიშნებით ვიცნოთ?
უსიცხო, სუსტად გამოხატული პნევმონია მაღალი ტემპერატურის გარეშე მიმდინარეობს. მას შესაძლოა ახლდეს ზოგადი სისუსტე, წნევის დაქვეითება, გულის რიტმის დარღვევა და დაღლილობა. სწორედ სიმპტომების სისუსტის გამო ის ხშირად გვიან ვლინდება, ამიტომ ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
