ქიმიოთერაპია, როგორც კიბოს მკურნალობის ეფექტური მეთოდი

07/02/2024

ქიმიოთერაპიის კურსი თოდუას კლინიკაში

ქიმიოთერაპია კიბოს მედიკამენტური მკურნალობაა. ის დღეს სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია და აქტიურად გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში. ბევრ პაციენტს ქიმიოთერაპია განსაკუთრებით აშინებს, რადგან ჰგონია, რომ ის მხოლოდ უიმედო პაციენტებს ენიშნებათ. ეს კი მცდარი წარმოდგენაა – მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენება როგორც დაავადების ადრეულ სტადიაზე, ისე მისი გართულებული ფორმების მკურნალობისას.

 

მასთან დაკავშირებული შიში ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენებითაცაა განპირობებული. მკურნალობის ამ მეთოდს ხშირად მართლაც ახლავს უსიამოვნო მოვლენები, თუმცა მათი უმეტესობა დროებითია. ამასთან ერთად, თანამედროვე მედიკამენტების დახმარებით, ისინი მკვეთრადაა შემცირებული.

 

ბლოგში შევეცდებით, უკეთ გაგაცნოთ კიბოს მკურნალობის ეს მეთოდი და გავაქარწყლოთ მასთან დაკავშირებული შიშები და მცდარი წარმოდგენები.

 

 

საწყისები

 

ქიმიოთერაპია, როგორც კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი, მედიცინაში მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში დამკვიდრდა. თუმცა მანამდე მას, ხანგრძლივი სამეცნიერო კვლევა უძღოდა წინ. მეცნიერებმა გარკვეული ქიმიური ნივთიერებების ეფექტი კიბოზე მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ მათ შეეძლოთ გაენადგურებინათ სიმსივნური უჯრედები ან შეენელებინათ მათი გამრავლების ტემპი. 1940-იან წლებში მეცნიერებმა კიდევ უფრო ინტენსიურად დაიწყეს სხვადასხვა ქიმიური აგენტისა და კიბოზე მათი გავლენის შესწავლა. სწორედ ამ პერიოდიდან შეიძინა ქიმიოთერაპიამ გარკვეული ფორმები და ნელ-ნელა სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთ წამყვან მეთოდად იქცა.

 

ქიმიოთერაპია დღეს კიდევ უფრო სწრაფად ვითარდება, მეცნიერები აქტიურად იკვლევენ სხვადასხვა ნივთიერებას და ქმნიან ახალი თაობის მედიკამენტებს, რომელთა მიზანიც არა მხოლოდ მკურნალობის ეფექტურობის გაზრდა, არამედ გვერდითი მოვლენების შემცირებაა.

 

თანამედროვე მედიცინაში ქიმიოთერაპიას იყენებენ როგორც დამოუკიდებლად, ისე ქირურგიულ მკურნალობასთან და სხივურ, ტარგეტულ და ჰორმონალურ თერაპიასთან ერთად.

 

სხივური თერაპია ჩვენთან – გაიგეთ მეტი კიბოს მკურნალობის კიდევ ერთ ეფექტურ მეთოდზე.

 

როგორ მოქმედებს ქიმიოთერაპია?

 

ჩვენი სხეულის უჯრედებს სიცოცხლის გარკვეული ხანგრძლივობა აქვთ – მას შემდეგ, რაც ისინი თავიანთ როლს შეასრულებენ, კვდებიან. მათ ადგილს კი ახლად წარმოქმნილი უჯრედები იკავებენ. ნორმალურ შემთხვევაში ეს პროცესი გარკვეულ კანონზომიერებას ეფუძნება და აქვს კონტროლირებადი ფორმა. ავთვისებიანი სიმსივნე წარმოიქმნება მაშინ, როდესაც უჯრედები ჩვეულებრივზე სწრაფად იწყებენ ზრდას, გაყოფასა და გამრავლებას. ქიმიოთერაპიის მიზანიც სწორედ ამ სიმსივნური უჯრედების განადგურება ან მათი ზრდა-გამრავლების შენელებაა.

 

რა შემთხვევებში ინიშნება ქიმიოთერაპია?

 

როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, ქიმიოთერაპია ინიშნება როგორც კიბოს შორსწასული ფორმების დროს, ისე საწყის სტადიაზე, გართულების თავიდან ასაცილებლად ან დაავადების კონტროლის მიზნით. შესაბამისად, განასხვავებენ მის რამდენიმე ფორმას:

 

ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია – ინიშნება ქირურგიულ ოპერაციამდე ან სხივურ თერაპიამდე, რათა მოხდეს სიმსივნის ზომაში შემცირება.

 

ადიუვანტური ქიმიოთერაპია – ინიშნება ქირურგიული მკურნალობის შემდეგ. ის უმეტესად პროფილაქტიკური ხასიათისაა და მიმართულია თვალისთვის უხილავი მიკრომეტასტაზების განადგურებისკენ.

 

სამკურნალო ქიმიოთერაპია – გამოიყენება აქტიური სიმსივნური პროცესის წინააღმდეგ.

 

მკურნალობის ფორმები

 

ონკოპაციენტის დიაგნოზიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ონკოლოგმა შესაძლოა პრეპარატები განსხვავებული ფორმით დანიშნოს. მედიკამენტების მიღების ფორმებია:

 

ინტრავენური – ის წვეთოვან გადასხმას გულისხმობს, რა დროსაც მედიკამენტები სხეულში სისხლის ნაკადის მეშვეობით ხვდება. აღსანიშნავია, რომ ქიმიოთერაპიის ამ ფორმას ყველაზე ხშირად მიმართავენ.

 

ინტრაარტერიული – პრეპარატების შეყვანა ხდება იმ არტერიაში, რომელიც კონკრეტულ კიბოს კვებავს.

 

პერორალური – ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია, პაციენტმა მედიკამენტი აბების, კაფსულების ან სითხის ფორმით მიიღოს.

 

ინიექცია – პრეპარატების გარკვეული ჯგუფის შეყვანა კუნთში ან კანქვეშ ნემსით ხდება.

 

ინტრაპერიტონეალური – ასეთ დროს მედიკამენტი სხეულს პირდაპირ პერიტონეუმის ღრუდან მიეწოდება. ქიმიოთერაპიის სხვა ფორმებთან ერთად, ის შეიძლება დაინიშნოს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა კუჭის სიმსივნე და მიმდებარედ არსებული ორგანოების კიბო.

 

ადგილობრივი გამოყენება – შეზღუდული რაოდენობით, თუმცა არსებობს კრემის ფორმის ქიმიოპრეპარატები. ისინი დაიტანება კანზე, რათა მისი გავლით მოხვდეს დაზიანებულ ადგილზე. ასეთი კრემები უმეტესად გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ კანის სიმსივნე ზედაპირულია.

 

როგორ ინიშნება ის?

 

ქიმიოთერაპიის დანიშვნამდე და, ზოგადად, კიბოს მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებამდე უმნიშვნელოვანესია პაციენტის კომპლექსური გამოკვლევა და ზუსტი დიაგნოზის დასმა. დაავადების სტადიისა და მახასიათებლების შესწავლის გარდა, აუცილებელია სპეციალისტმა კარგად გამოიკითხოს თანმხლები დაავადებების შესახებ და შეაფასოს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ამ მიზნით შესაძლოა დაინიშნოს როგორც ლაბორატორიული, ისე ინსტრუმენტული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი, კოაგულოგრამა, ონკომარკერები, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მრტ თოდუაში Siemens-ის ფირმის 6 მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფით ტარდება, რომელიც აღჭურვილია სრული პროგრამული, მათ შორის, ონკოლოგიური უზრუნველყოფით.

 

ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ ონკოლოგი განსაზღვრავს ქიმიოთერაპიის მიზანშეწონილობას, ადგენს პრეპარატების კომბინაციასა და მათი გამოყენების ფორმას. მკურნალობის ეფექტურობის შეფასებისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სასურველია, გარკვეული კვლევები რამდენიმე კვირაში ერთხელ ჩატარდეს.

 

რას იწვევს ქიმიოთერაპია?

 

ქიმიოთერაპია ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს ან ანელებს მათი გამრავლების პროცესს. თუმცა პრეპარატებმა შესაძლოა დააზიანოს ჯანსაღი უჯრედებიც, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებაზე. სწორედ ამის გამო ქიმიოთერაპიას ხშირად გვერდითი მოვლენები ახლავს.

 

აღსანიშნავია, რომ მედიკამენტები სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის რეაქციას იწვევს, გვერდითი მოვლენების გამოვლენა დამოკიდებულია ქიმიოთერაპიის ხანგრძლივობასა და პრეპარატების დოზებზეც. ასევე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. ზოგიერთ შემთხვევაში გვერდითი მოვლენა, შესაძლოა, საერთოდ არ გამოვლინდეს.

 

ქიმიოთერაპია და თმის ცვენა

 

ქიმიოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა თმის ცვენაა. მას ყველაზე რთულ გამოვლინებადაც მიიჩნევენ, რადგან განსაკუთრებით დამთრგუნველად მოქმედებს პაციენტზე. თუმცა ქიმიოთერაპია თმის ცვენას ყოველთვის არ იწვევს, ის დამოკიდებულია პრეპარატსა და მის მიმართ პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გვერდითი მოვლენა დროებითია და მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში თმა უმეტეს შემთხვევაში ხელახლა იწყებს ამოსვლას.

 

სხვა გვერდითი მოვლენები

 

გულისრევა და ღებინება – ქიმიოთერაპიას ხშირად ახლავს ეს ორი ნიშანიც, თუმცა, როგორ წესი, ექიმი ნიშნავს შესაბამის პრეპარატებსაც, რომელიც ხსნის ან ამსუბუქებს ამ უსიამოვნო სიმპტომებს.

 

ანემია – ქიმიოპრეპარატების ზოგიერთმა ტიპმა შესაძლოა გამოიწვიოს დაავადება ანემია. ასეთ დროს პაციენტი ხშირად გრძნობს აჩქარებული გულისცემას, სუნთქვის უკმარისობას, სისუსტეს, თავბრუსხვევას ან ძლიერ დაღლილობას.

 

უმადობა – ეს გვერდითი მოვლენა შეიძლება გულისრევის ან გემოს შეგრძნების დაკარგვით იყოს განპირობებული. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, პაციენტმა იკვებოს სრულფასოვნად და მიიღოს საკმარისი კალორია ორგანიზმის გასაძლიერებლად.

 

ყაბზობა ან ფაღარათი – ქიმიოთერაპიას ზოგიერთ შემთხვევაში ახლავს ყაბზობა ან ფაღარათი, რადგან ხშირად პრეპარატები მოქმედებენ მსხვილი და წვრილი ნაწლავების უჯრედებზე.

 

იმუნიტეტის დაქვეითება – მკურნალობის პროცესში შესაძლოა შესუსტდეს იმუნური სისტემის ბრძოლისუნარიანობა. ამიტომ პაციენტებს მეტი სიფრთხილე მართებთ, რათა არ დაავადდნენ ინფექციებით.

 

ეს და სხვა გვერდითი მოვლენები უმეტეს შემთხვევაში დროებითია. ზოგიერთი მათგანი მკურნალობის დასრულებიდან მალევე ქრება, ზოგიერთს კი ამისთვის შედარებით მეტი დრო სჭირდება. მცდარია წარმოდგენა იმის შესახებაც, რომ თითქოს გვერდითი მოვლენების გამოვლენა მკურნალობის ეფექტურობაზე მიანიშნებს. რეალურად, მისი შეფასება მხოლოდ შესაბამისი კვლევებით არის შესაძლებელი.

 

როგორ მოვიქცეთ ქიმიოთერაპიის დროს?

 

ქიმიოთერაპიის დროს აუცილებელია, პაციენტმა გაითვალისწინოს ექიმის რეკომენდაციები, იკვებოს სრულფასოვნად და ორიენტირდეს მის ზოგად ჯანმრთელობაზე. მკურნალობის პროცესში, ასევე, სასურველია, პაციენტი არ ჩამოშორდეს მის ყოველდღიურ საქმიანობას და რამდენადაც მისი ფიზიკური ჯანმრთელობა შესაძლებლობას მისცემს, შეინარჩუნოს ცხოვრების აქტიური წესი.

 

ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ექიმთა გუნდიც, რომლის ამოცანაც არა მხოლოდ სწორი მკურნალობის დანიშვნა უნდა იყოს, არამედ პაციენტის მდგომარეობის შემსუბუქება და მისი მხარდაჭერა. თოდუას კლინიკის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდის ამოცანაც სწორედ ეს არის – დააკმაყოფილოს პაციენტის ყველა საჭიროება და მაქსიმალურად შეუმსუბუქოს მას მკურნალობის პროცესი.

 

დაჯავშნეთ ვიზიტი თოდუას კლინიკაში ონლაინ, მიიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები და კვალიფიციური მომსახურება ჩვენი ექიმებისგან.

გაზიარება