რა არის გულის არითმია?
გულის არითმია ბევრისთვის ძალიან შემაშფოთებელი დიაგნოზია. თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არითმია ყოველთვის არ ნიშნავს მძიმე დაავადებას. ზოგჯერ ის უწყინარია და მინიმალურ ჩარევას მოითხოვს, ზოგჯერ კი - დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, რათა ავირიდოთ სერიოზული გართულებები.
სწორედ ამიტომ, გულის არითმია, მისი სიმპტომები, დიაგნოზი და თანამედროვე მკურნალობის მეთოდები უნდა გვესმოდეს ისე, რომ ვიცოდეთ, როდის არის აუცილებელი სპეციალისტთან ვიზიტი.
რა არის გულის არითმია?
ეს არის გულის რიტმის დარღვევა - ანუ მდგომარეობა, როცა გული ცემს ძალიან სწრაფად (ტაქიკარდია), ძალიან ნელა (ბრადიკარდია) ან არათანაბრად.
ჯანმრთელი გულის შემთხვევაში რიტმი რუტინულია, თანაბარი და ორგანიზმის საჭიროებებზე მორგებული. გულის არითმიის დროს ეს ჰარმონია ირღვევა: პულსი ხან ჩქარდება, ხან ნელდება, ხან “ტოვებს” ცემებს.
გულის არითმია ზოგჯერ სრულიად უწყინარია - მაგალითად, მოკლეხნიანი, ეპიზოდური გულის “ფრიალის” შეგრძნება სტრესისას. თუმცა არსებობს არითმიის ფორმებიც, რომლებიც ზრდის ინსულტის, გულის უკმარისობისა და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების რისკს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არითმიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა მოხდეს მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტის - არითმოლოგის მიერ. მხოლოდ ექიმი აფასებს, კონკრეტული პაციენტის გულის არითმია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს თუ არა და რა ტიპის ჩარევა სჭირდება.
რატომ ჩნდება არითმია?
გულის რიტმის დარღვევა ერთ კონკრეტულ მიზეზზე არ არის დამოკიდებული. არითმიის განვითარებაში შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი თამაშობდეს როლს:
- გულის კუნთის დაავადებები - მაგალითად, კორონარული არტერიული დაავადება, გულის ინფარქტის შემდეგ დარჩენილი ნაწიბუროვანი ცვლილებები, გულის ქრონიკული უკმარისობა. დაზიანებული გულის კუნთი ხშირად იწვევს დისბალანსს, რაც არითმიის საფუძველია.
- მაღალი არტერიული წნევა ან შაქრიანი დიაბეტი - ეს ქრონიკული დაავადებები დროთა განმავლობაში აზიანებს სისხლძარღვებსა და გულის სტრუქტურას, რაც ასევე ზრდის გულის რიტმის დარღვევის რისკს.
- ელექტროლიტების დისბალანსი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის კალიუმისა და მაგნიუმის დონე. მათი დეფიციტი ან ჭარბი რაოდენობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გულის ელექტრულ სისტემაზე და შეიძლება გამოიწვიოს არითმია.
- სტრესი, კოფეინი, ნიკოტინი, ალკოჰოლი - ძლიერი ემოციური სტრესი, ბევრი ყავა, ენერგეტიკული სასმელები, სიგარეტი და ალკოჰოლი ხშირად “გულის ფრიალის” ან პულსის აჩქარების მიზეზი ხდება, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც უკვე აქვთ გულის არითმიისკენ მიდრეკილება.
- მედიკამენტები და ჰორმონული ცვლილებები - ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, გარკვეული ანტიდეპრესანტები, ანტიარითმული საშუალებები, ჰორმონული პრეპარატები) და ჰორმონული ფონი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერ/ჰიპოფუნქცია) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გულის რიტმზე.
ამიტომ, როცა არითმია ვლინდება, აუცილებელია მიზეზის აღმოჩენა – მხოლოდ ასე შეიძლება მკურნალობის სწორად დაგეგმვა.
როგორ ამოვიცნოთ გულის არითმია? - სიმპტომები და მნიშვნელოვანი ნიშნები
გულის არითმიის სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც ძალიან აშკარა, ისე თითქმის შეუმჩნეველი. ყველაზე ხშირი ჩივილებია:
- არათანაბარი პულსი
- გულის „ფრიალის“ ან „შეჩერების“ შეგრძნება
- თავბრუსხვევა, სისუსტე, გულის წასვლა (სინკოპე) – განსაკუთრებით მაშინ, როცა გულის რიტმის დარღვევა იწვევს სისხლის წნევის ვარდნას და ტვინში სისხლის ნაკადის დროებით შემცირებას.
- სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდში - განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას.
ეს სიმპტომები უკვე სერიოზულ სიგნალად უნდა მივიღოთ. ზოგიერთ პაციენტს გულის არითმია საერთოდ არანაირ დისკომფორტს არ უქმნის და მხოლოდ პროფილაქტიკურ გამოკვლევაზე, ელექტროკარდიოგრამის გაკეთებისას ვლინდება.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
ექიმთან წასვლა აუცილებელია, როდესაც გულის რიტმის დარღვევა, “ფრიალის” ან პულსის არათანაბრობის შეგრძნება რამდენჯერმე მეორდება, ან ყოველ ჩასუნთქვას და, შესაბამისად, გულისცემას თან ერთვის თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე ან გულის წასვლის ეპიზოდები.
თუკი გაქვთ უკვე დიაგნოსტირბეული გულის დაავადება და მას დაერთო ახალი სიმპტომები, ან არ ხართ დარწმუნებული, რა იწვევს თქვენს ჩივილებს და გეშინიათ, რომ ეს შეიძლება იყოს გულის არითმია - სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია.
დროული ვიზიტი კარდიოლოგთან ან არითმოლოგთან მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების ( ინსულტის, გულის უკმარისობის, მძიმე რიტმის მოშლის) რისკს.
როგორ ისმება დიაგნოზი?
გულის არითმიის დიაგნოსტიკა ეტაპობრივია და მოიცავს როგორც მარტივ, ისე მაღალტექნოლოგიურ კვლევებს.
ძირითადი გამოკვლევები, რომლითაც ეს დაავადება დგინდება, არის:
- ელექტროკარდიოგრამა (EKG) - მარტივი, სწრაფი და უმტკივნეულო კვლევა, რომელიც აფიქსირებს გულის ელექტრულ აქტივობას. ხშირად სწორედ EKG გვაძლევს პირველ ინფორმაციას, რა ტიპის არითმიასთან გვაქვს საქმე.
- 24-საათიანი ჰოლტერ მონიტორინგი - როცა გულის არითმია ეპიზოდურია და ჩვეულებრივ EKG-ზე არ ჩნდება, პაციენტი 24 საათით ან რამდენიმე დღით ატარებს სპეციალურ აპარატს, რომელიც უწყვეტად “იწერს” გულის რიტმს ყოველდღიურ აქტივობაში.
- ექოკარდიოგრამა (გულის ულტრაბგერა) - აფასებს გულის სტრუქტურას, კუნთის შეკუმშვის უნარს, სარქველებს. ხშირად სწორედ ექოკარდიოგრამა გვიჩვენებს, აქვს თუ არა პაციენტს ისეთი ორგანული პრობლემა, რომელიც გულის არითმიის განვითარების საფუძველი შეიძლება იყოს.
- ელექტროფიზიოლოგიური კვლევა (EP Study) - უფრო სპეციალიზებული ინვაზიური კვლევაა, რომლის დროსაც კათეტერების საშუალებით ხდება გულის შიგნით ელექტრული იმპულსების დეტალური შესწავლა. ეს კვლევა განსაკუთრებით გამოიყენება რთული არითმიების იდენტიფიკაციისა და სამიზნე მკურნალობის (მაგ. აბლაციის) დაგეგმვისთვის.
გამოკვლევის კონკრეტული მეთოდები და მათი თანმიმდევრობა ინდივიდუალურად განისაზღვრება მკურნალის სპეციალისტის მიერ - ასაკის, ჩივილების, თანმხლები დაავადებებისა და რისკების გათვალისწინებით.
არითმია და მისი მკურნალობა თანამედროვე მედიცინაში
ცხადია, საინტერესოა, როგორ მოვხსნათ არითმია - გულის არითმია და მისი მკურნალობა დღეს უკვე ბევრად უფრო განვითარებული საკითხია, ვიდრე თუნდაც წლების წინ. თანამედროვე მედიცინაში არსებობს რამდენიმე ძირითადი მიდგომა.
ჩვეულებრივ, პირველ რიგში გამოიყენება მედიკამენტური მკურნალობა - ანუ სპეციალური პრეპარატების მიღება, რომლებიც არეგულირებენ გულის რიტმს ან ნორმაში მოჰყავთ გულისცემის სიხშიე.
არსებობს ანტიარითმული მედიკამენტების სხვადასხვა ჯგუფი. მათი არჩევა განსაკუთრებით სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან თითოეულს აქვს საკუთარი ჩვენებები, შეზღუდვები და შესაძლო გვერდითი მოვლენები. ამიტომ მედიკამენტები ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ, ინდივიდუალური შეფასების შემდეგ. თვითმკურნალობა აქ განსაკუთრებით სახიფათოა.
რადიოფრეკვენციული ან კრიოაბლაცია არის თანამედროვე, შედარებით არაინვაზიური პროცედურა, რომლის მიზანიც არის იმ უბნების “გამორთვა”, რომლებიც გულის არასწორ ელექტრულ იმპულსებს წარმოქმნიან.
პროცედურის დროს ვენის გზით სპეციალური კათეტერები შეჰყავთ გულში, ელექტროფიზიოლოგიური კვლევით ზუსტად ადგენენ არითმიის წყაროს და შემდეგ მას “წვავენ” (რადიოფრეკვენციული სითბოთი) ან “ყინავენ” (კრიოენერგიით).
აბლაცია განსაკუთრებით ეფექტურია ზოგიერთი ტიპის არითმიის შემთხვევაში. ის ხშირად შეიძლება გახდეს საბოლოო მკურნალობის მეთოდიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა მედიკამენტები არ მუშაობს ან მათგან მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენებია.
ზოგჯერ გულის არითმია გამოიხატება ძალიან ნელი რიტმით - გული ვერ ახერხებს ნორმალური სიხშირით ცემას და ეს იწვევს სისუსტეს, თავბრუსხვევას, გულის წასვლას. ასეთ დროს გამოსავლად შეიძლება მოგვევლინოს პეისმეიკერის, პატარა იმპლანტირებული მოწყობილობის, დამონტაჟება, რომელიც მუდმივად “აკონტროლებს” გულის მუშაობას და საჭიროების დროს აგზავნის ელექტრულ იმპულსებს, რათა ნორმალური რიტმი შენარჩუნდეს.
კიდევ ერთი კატეგორიაა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი (ICD) - სპეციალური მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სიცოცხლისთვის საშიში არითმიების (მაგ. მარცხენა პარკუჭის რთული ტაქიკარდიის) პრევენციისთვის. ის მუდმივად აკონტროლებს გულის რიტმს და საჭიროებისას ავტომატურად აძლევს ელექტროსიგნალს რითმის დასაბრუნებლად.
როგორც პეისმეიკერის, ისე დეფიბრილატორის იმპლანტაცია ტარდება მხოლოდ სპეციალიზებულ, მაღალკვალიფიციურ ცენტრში, გუნდური მიდგომით - კარდიოქირურგის, არითმოლოგისა და ანესთეზიოლოგის მონაწილეობით.
არითმია და მისი მკურნალობა დღეს უკვე მოიცავს როგორც მედიკამენტურ, ისე ინტერვენციულ და მოწყობილობებზე დაფუძნებულ მეთოდებს, რაც პაციენტს აძლევს მეტ შანსს, რომ შეძლოს კითხვა, როგორ მოვხსნათ არითმია ჩემთვის ეფექტურად და უსაფრთხოდ.
როგორ შეიძლება არითმიის პრევენცია?
პრევენცია ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე მკურნალობა. გულის არითმიის რისკის შესამცირებლად აუცილებელია რამდენიმე მცირედი, თუმცა, მნიშვნელოვანი ცვლილება ცხოვრების წესში. ესენია:
- ჯანსაღი კვება - დაბალანსებული დიეტა, ნაკლები მარილი, ტრანსცხიმები და გადამუშავებული პროდუქტები; მეტი ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული და ჯანსაღი ცხიმები.
- რეგულარული ფიზიკური აქტივობა - ზომიერი, რეგულარული მოძრაობა (სეირნობა, ცურვა, ველოსიპედი) აუმჯობესებს გულის მუშაობას და ამცირებს კორონარული დაავადებებისა და არითმიის რისკს.
- სტრესის მართვა - ქრონიკული სტრესი პირდაპირ მოქმედებს გულის რიტმზე. სასურველია დამშვიდების ტექნიკების, სუნთქვითი ვარჯიშების, მედიტაციის, ჰობების ჩართვა ყოველდღიურობაში.
- კოფეინისა და ალკოჰოლის შეზღუდვა, მოწევაზე უარი განსაკუთრებით თუ უკვე გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება ან ერთხელ მაინც აღგენიშნათ გულის არითმია.
- ქრონიკული დაავადებების კონტროლი - არტერიული წნევის, დიაბეტის, ქოლესტერინის დონეების რეგულარული მონიტორინგი და მკურნალობა.
თუმცა, ცხადია, რისკები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს. ამიტომაც პროფილაქტიკური შემოწმება კარდიოლოგთან ან არითმოლოგთან ასევე უნდა იყოს თქვენი რუტინის ნაწილი, განსაკუთრებით, თუ ოჯახში არის გულის დაავადებების ისტორია, უკვე გაქვთ გულის რიტმის დარღვევის ეპიზოდები ან სხვა რისკ-ფაქტორები.
