როგორ ამოვიცნოთ დიაბეტი?

24/04/2025

იღვიძებ ერთ დილას და გრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა. თითქოს ჩვეულებრივი დღის დასაწყისია, მაგრამ შენი სხეული სხვა რამეს გეუბნება — ენერგია აღარ გაქვს ისე, როგორც ადრე, გრძნობ დაღლილობას, სისუსტეს და მუდმივი წყურვილის შეგრძნება არ გაძლევს მოსვენებას. ეს უბრალო გადაღლილობას აღარ ჰგავს. შენს სხეულს რაღაც აშკარად აწუხებს.

 

დიაბეტი ერთ-ერთი იმ დაავადებათაგანია, რომელიც თავდაპირველად ჩუმად, თითქმის შეუმჩნევლად მოდის. ის არ ჩანს და არც ხმაურიანად იჩენს თავს — არ აქვს მკვეთრი სიმპტომები, რომლებიც სასწრაფოდ გაგაფრთხილებს. მაგრამ სწორედ ეს "მდუმარე" ხასიათი ხდის მას განსაკუთრებულად საშიშს. 

 

დიაბეტი, მიუხედავად სუსტად გამოხატული სიმპტომებისა, არღვევს სისხლში შაქრის ბალანსს, ანგრევს შინაგან ორგანოებს, აზიანებს ხედვას, თირკმელებს, გულის მუშაობას და, რაც მთავარია, ხშირად გვიანდება მისი აღმოჩენა.

 

დღეს მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი ცხოვრობს დიაბეტთან ერთად. საქართველოში კი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, ყოველწლიურად ათასობით ადამიანს უდასტურდება დიაბეტის ერთი კონკრეტული ტიპი - შაქრიანი დიაბეტი მართალია, სხვა მონაცემები ამ დროისთვის ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მედიკოსები ხშირად უსვამენ ხაზს დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის ზრდას. უფრო და უფრო ხშირი ხდება შემთხვევები, როდესაც დიაბეტი მხოლოდ მაშინ ხდება შესამჩნევი, როცა ის უკვე სერიოზულ გართულებებს იწვევს.

 

და სწორედ ამიტომ არის ამ დაავადების ადრეული ამოცნობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი. რაც უფრო ადრე ამოიცნობა დიაბეტის სიმპტომები, მით მეტი შანსია, რომ ადამიანი შეძლებს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

დიაბეტი არ ნიშნავს გაჩერებას, უარის თქმას ან მუდმივ შეზღუდვებს. ეს უბრალოდ ნიშნავს სიფრთხილეს, ყურადღებას და საკუთარ სხეულზე ზრუნვას. ეს ბლოგი კი სწორედ ამას ემსახურება - გვასწავლის, როგორ ამოვიცნოთ დაავადება, როგორ ვმართოთ ის და როგორ ვიცხოვროთ სრულფასოვანი ცხოვრებით, მიუხედავად დიაბეტის არსებობისა.

 

დიაბეტის ტიპები და რისკ-ფაქტორები

 

დიაბეტი მხოლოდ ერთი სახის დაავადება არ არის — ის რამდენიმე ფორმით გვევლინება და თითოეულ მათგანს თავისი თავისებურებები, წარმოშობა და რისკები აქვს. ხშირად გვგონია, რომ დიაბეტი მხოლოდ შაქრის ჭარბ დონეს ნიშნავს, მაგრამ სინამდვილეში, ამ დიაგნოზის უკან იმალება გაცილებით რთული და მრავალშრიანი რეალობა.

 

ყველაზე გავრცელებული ფორმებია ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტი, რომლებიც ცნობილია როგორც „შაქრიანი დიაბეტი“. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტიპი სისხლში გლუკოზის დონის დისბალანსს უკავშირდება, მათი წარმოშობის მიზეზები განსხვავებულია.

 

ტიპი 1 დიაბეტი ხშირად ბავშვობაში ან მოზარდობის ასაკში ვლინდება. ეს არის აუტოიმუნური მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი საკუთარი პანკრეასის უჯრედებს ესხმის თავს და აქრობს იმ უჯრედებს, რომლებიც ინსულინის გამომუშავებაზე არიან პასუხისმგებელნი. შედეგი? ინსულინი აღარ გამომუშავდება და გლუკოზა სისხლში გროვდება. ასეთი პაციენტები მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭიროებენ ინსულინის მიღებას.

 

ტიპი 2 დიაბეტი გაცილებით უფრო გავრცელებულია და ძირითადად ზრდასრულ ასაკში ვლინდება, თუმცა ბოლო წლებში უკვე ბავშვებშიც შეიმჩნევა. ამ ტიპის დიაბეტის დროს ორგანიზმი ან ვერ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს, ან ვერ იყენებს მას ეფექტიანად — ესე იგი, არსებობს „ინსულინის რეზისტენტობა“. ტიპი 2 დიაბეტის განვითარება ხშირად დაკავშირებულია ცხოვრების წესთან — არაჯანსაღი კვება, ზედმეტი წონა, ფიზიკური უმოქმედობა და ქრონიკული სტრესი.

 

გარდა ამისა, არსებობს გესტაციური დიაბეტი — მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ ორსულობის პერიოდში ჩნდება. ამ დროს ორსულის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები იწვევს გლუკოზისადმი შემცირებულ მგრძნობელობას. ხშირად, მშობიარობის შემდეგ დიაბეტი ქრება, მაგრამ ასეთ ქალებს მომავალში ტიპი 2 დიაბეტის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ.

 

ცალკე უნდა ვახსენოთ უშაქრო დიაბეტი, რომელსაც ამ დაავადებებთან საერთო მხოლოდ სახელწოდება აქვს. რეალურად კი, დიაბეტისგან განსხვავებით, არ არის დაკავშირებული სისხლში გლუკოზის დონესთან. ის სრულიად განსხვავებული პათოლოგიაა და გამოწვეულია ანტიდიურეზული ჰორმონის დისბალანსით, რაც იწვევს ჭარბი რაოდენობით შარდის გამოყოფას და მუდმივ წყურვილს.

 

რა უწყობს ხელს დიაბეტის განვითარებას? უამრავი ფაქტორი - გენეტიკა, ასაკი, არასწორი კვება, ფიზიკური უმოქმედობა, ქრონიკული სტრესი, ჰორმონალური დისბალანსი, წონის მკვეთრი მატება - ყველაფერი, რაც არღვევს ორგანიზმის შინაგან ჰარმონიას, შეიძლება დიაბეტის წახალისებად იქცეს.

 

მაგრამ რისკ-ფაქტორების ცოდნა არ უნდა გვაშინებდეს - პირიქით, სწორედ ცოდნა გვაძლევს ძალას, რომ ვიმოქმედოთ. როდესაც ვიცით, რა იწვევს დაავადებას, ვხვდებით, როგორ ავიცილოთ თავიდან ის ან როგორი სტრატეგიით შევუმსუბუქოთ საკუთარ თავს მასთან ერთად ცხოვრება.

 

სხვადასხვა ტიპის დაავადების სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ დიაბეტი?

 

ზოგჯერ სხეული ფრთხილად გვატყობინებს, რომ რაღაც აღარ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. თუმცა დიაბეტის შემთხვევაში ეს შეტყობინებები შეიძლება იყოს იმდენად მოულოდნელი, ზოგჯერ კი თითქმის შეუმჩნეველიც კი, რომ ადვილად მოვტყუვდეთ. სწორედ ამიტომ, სიმპტომების ცოდნა ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ გადადგმული პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები ტიპების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, ტიპი 1 ხშირად იწყება მოულოდნელად და მკვეთრი სიმპტომებით. კლასიკური ნიშნებია ხშირი შარდვა, მოჭარბებული წყურვილი, მუდმივი დაღლილობა და წონის სწრაფი კლება მიუხედავად ჩვეულებრივი ან მომატებული მადისა. ბავშვებში ან მოზარდებში ამ ფორმის დიაბეტი შეიძლება მწვავე ფორმით დაიწყოს და სწრაფად განვითარდეს. ასევე ხშირად აღინიშნება გაღიზიანებადობა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებაც.

 

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი უფრო „მზაკვრულია“ — ის შეიძლება წლების განმავლობაში შეუმჩნევლად ვითარდებოდეს. სიმპტომები ნელ-ნელა ვითარდება: ხშირად შარდვა, ძლიერი წყურვილი, შრომისუნარიანობის დაქვეითება, კანის სიმშრალე და ქავილი, ჭრილობების ნელა შეხორცება, დაბინდული მხედველობა. ამ დროს ადამიანი ხშირად თვლის, რომ უბრალოდ გადაღლილია ან სეზონური სისუსტე სჭირს. თუმცა სწორედ ასეთ "უმნიშვნელო" სიმპტომებს შეუძლია დიაბეტის ამ ფორმის შესახებ გაფრთხილება.

 

გესტაციური დიაბეტი ორსულობის პერიოდში ხშირად საერთოდ არ იძლევა აშკარა სიმპტომებს. ზოგჯერ ორსული შეიძლება ამჩნევდეს გაზრდილ შარდვასა და წყურვილს, ან წონის არაკონტროლირებად მატებას, მაგრამ ეს სიმპტომებიც მარტივად შეიძლება აიხსნას ორსულობის საერთო მიმდინარეობით. სწორედ ამიტომაცაა აუცილებელი რეგულარული გამოკვლევები — გესტაციური დიაბეტი შესაძლოა მხოლოდ ლაბორატორიული ტესტებით გამოვლინდეს.

 

უშაქრო დიაბეტი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსხვავებული დავაადებაა, თუმცა მასაც აქვს თავისი გამორჩეული ნიშნები — ჭარბი შარდვა, წყურვილი, ძილიანობა ან ძილის დარღვევა, და ზოგჯერ წონის კლება. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ამ ფორმის დროს გლუკოზის დონე ნორმაშია, მაგრამ ორგანიზმი ვერ ინარჩუნებს წყლის ბალანსს.

 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს? — როცა შენიშნავთ, რომ შარდვის სიხშირე და წყურვილი ჩვეულებრივზე მეტია, როცა გრძნობთ დაღლილობას, რომელსაც ვერ ხსნით, როცა ჭრილობები ნელა ხორცდება, ან მხედველობა უცნაურად იცვლება — ეს უკვე საკმარისი მიზეზია, რომ მიმართოთ ენდოკრინოლოგს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური შემოწმება იმ შემთხვევაში, თუ დიაბეტი ოჯახში თქვენამდე ვინმეს ჰქონია.

 

რაც უნდა გასაკვირი იყოს, დიაბეტი შეიძლება განვითარდეს სრულიად ასიმპტომურადაც — განსაკუთრებით ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში. ადამიანები შეიძლება კარგა ხანს ცხოვრობდნენ დიაბეტით ისე, რომ ვერაფერს ამჩნევდნენ. ბევრისთვის პირველი სიგნალი უკვე გართულება ხდება — მაგალითად, მხედველობის პრობლემები, ნერვული სისტემის დაზიანება ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა. სწორედ ამიტომაა აუცილებელი პერიოდული სამედიცინო გამოკვლევები, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს გენეტიკური რისკი ან ცხოვრობს არაჯანსაღი ცხოვრების წესით.

 

დიაბეტის დიაგნოსტიკა და ანალიზები

 

სიმპტომების აღმოჩენა, შესაძლოა, პირველი ნაბიჯი იყოს დიაბეტის დიაგნოსტირებისკენ, მაგრამ საბოლოო პასუხს მხოლოდ ანალიზები იძლევა. დიაბეტის ანალიზი არც ისეთი რთულია, როგორც ხშირად ჰგონიათ -  საჭირო მხოლოდ ის არის, რომ სწორ დროს მივმართოთ ექიმს და ჩავიტაროთ შესაბამისი კვლევები.

 

სწორი დიაგნოზის დასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განისაზღვროს, გვაქვს თუ არა დიაბეტი და თუ კი — რომელი ტიპი. თითოეულ ტიპს აქვს თავისი მახასიათებელი ნიშნები, მაგრამ საბოლოო დამადასტურებელი სიტყვა ლაბორატორიულ კვლევებს ეკუთვნის.

 

და მაინც, რა კვლევებია საჭირო სრული დიაგნოსტირებისთვის? მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის გამოსავლენად რამდენიმე ძირითადი ანალიზი გამოიყენება:

 

  • უზმოზე შაქრის ანალიზი (Fasting Blood Glucose) – ეს არის ერთ-ერთი მთავარი ტესტი, რომელიც ადგენს სისხლში გლუკოზის დონეს 8-საათიანი შიმშილის შემდეგ.
  • გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი (OGTT) – გამოიყენება განსაკუთრებით ტიპი 2 და გესტაციური დიაბეტის დიაგნოსტირებისთვის. პაციენტი სვამს სპეციალურ ტკბილ ხსნარს და სხვადასხვა ინტერვალით (საჭიროების მიხედვით 1, 2 ან 3 საათში) მას უზომავენ გლუკოზის დონეს.

  • ჰემოგლობინი A1c (HbA1c) – გვიჩვენებს ბოლო სამი თვის განმავლობაში საშუალო გლუკოზის დონეს. ეს დიაბეტის ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტიპი 2-ის მართვისთვის, რადგან იგი გვეხმარება დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივ შეფასებაში.
  • ინსულინისა და C-პეპტიდის დონე – გამოიყენება ინსულინის გამომუშავების შესაფასებლად, განსაკუთრებით ტიპი 1 დიაბეტის ან განსხვავებული ფორმების დასადგენად.

უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში, დიაგნოსტიკა ცოტა განსხვავებულია. აქ ყურადღება გადატანილია შარდისა და სისხლის ანალიზებზე , მათ შორის:

 

  • შარდის მოცულობა (24 საათში)

  • ნატრიუმის და მისი ოსმოლარობის დონე სისხლსა და შარდში

  • ვაზოპრესინის (ანტიდიურეზული ჰორმონი) დონე

რაც შეეხება გესტაციურ დიაბეტს - მის დასადგენად, პირველ რიგში გამოიყენება გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი, რომელიც ხშირად ტარდება ორსულობის მეორე ტრიმესტრში.

 

პაციენტები ხშირად სვამენ კითხვას, რა არის დიაბეტის ნორმა. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ დიაბეტს ნორმა არ გააჩნია. ეს დაავადება რაიმე შკალაზე არ იზომება და, შესაბამისად, არც ნორმის ფარგლებში მაჩვენებლები არსებობს მისთვის.

 

როცა დიაბეტის ნორმაზე ვსაუბრობთ, უმეტესწილად იგულისხმება გლუკოზის ნორმა სისხლში. როოგრ გაიზომოთ ეს მაჩვენებლები, როგორი უნდა იყოს ჭამის წინ, ჭამის შემდეგ და დღის სხვადასხვა მონაკვეთში - ამ ყველაფერზე ინდივიდუალურ ინფორმაციას მკურნალი ექიმი მოგაწვდით.

როგორ ავიცილოთ თავიდან დიაბეტი? 

კარგი ამბავი ის არის, რომ დიაბეტის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია — მთავარი გასაღები კი ყოველდღიურ, მარტივ არჩევანში იმალება ხოლმე. მაგალითად, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, სტრესის მართვა და სრულფასოვანი ძილი ერთად აშენებს იმ ძლიერ საყრდენს, რომელიც ორგანიზმს ინსულინისადმი მგრძნობელობის შენარჩუნებაში ეხმარება.

ამიტომაც, მედიკოსები გირჩევენ:

 

  • იკვებეთ ცილებითა და ბოჭკოვანი პროდუქტებით მდიდარი საკვებით, შეზღუდეთ შაქარი და გადამუშავებული ნახშირწყლები;

  • მოძრაობა გადააქციეთ ჩვევად — თუნდაც ყოველდღიური სეირნობაც საკმარისია;

  • კარგად გამოიძინეთ და მოერიდეთ მუდმივ სტრესს;

  • აკონტროლეთ წონა და პერიოდულად გაიკეთეთ სისხლის ანალიზი.

რაც მთავარია, გარკვეული პერიოდულობით უნდა ჩავიტაროთ გამოკვლევები და ვაკონტროლოთ მდგომარეობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ოჯახში დიაბეტის ისტორია, ან ითვლებიან პრედიაბეტის მქონე პაციენტებად.

 

დიაბეტის პრევენცია არ მოითხოვს რადიკალურ ცვლილებებს — ის იწყება გაუაზრებელი, მავნე ჩვევების შეცვლით. რაც უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ საკუთარ ჯანმრთელობას დღეს, მით უფრო დიდი შანსია, რომ დიაბეტი არ გახდეს ჩვენი ხვალინდელი დღის ნაწილი.

 

გაზიარება