რა უნდა ვიცოდეთ საშვილოსნოს ყელის დაავადებების შესახებ

20/01/2023

 

იანვარი საშვილოსნოს ყელის დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა. საშვილოსნოს ყელის კიბო მეოთხე ადგილზეა ქალთა ონკოლოგიურ პათოლოგიებს შორის, დაავადების პრევენციისთვის სკრინინგის როლი შეუცვლელია, რადგან ხშირად შესაძლებელია პროცესი სრულიად უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს. 

 

საშვილოსნოს ყელის დაავადებები - სიმპტომები

 

ყველაზე ხშირი და გავრცელებული სიმპტომებია:

  • სისხლიანი გამონადენი
  • ადამიანის პაპილომა ვირუსის ზოგიერთი გენოტიპი
  • სისხლდენები და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები: ხშირი და ჭარბი გამონადენი
  • ჩირქოვანი გამონადენი

 

ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებით მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში ეფექტურია, მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს ჩამოყალიბების ალბათობას და შესაძლებელია დიაგნოზის დადგენა ადრეულ სტადიაში, როდესაც გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება.

 

 

გამომწვევი მიზეზები

 

  • ნაადრევი სქესობრივი ურთიერთობები
  • სქესობრივი პარტნიორების სიმრავლე
  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტები
  • კონტრაცეპტივების მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში
  • ხშირი აბორტები
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების უგულებელჰყოფა

 

საშვილოსნოს ყელის დაავადებების პრევენციის მეთოდები

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების პრევენციისთვის და მათი დროული დიაგნოსტირებისთვის უმნიშვნელოვანესი მეთოდებია:

 

  • PAP-ტესტი - საშვილოსნის ყელიდან ნაცხის მიკროსკოპული კვლევა
  • კოლპოსკოპია - საშვილოსნოს ყელის დათვალიერება სპეციალური ინსტრუმენტული მეთოდით,
  • საჭიროების შემთხვევაში ბიოფსია და ციტომორფოლოგიური კვლევა

 

 

პრევენციისთვის უმნიშნველოვანესი ნაბიჯი ასევე ვაქცინაციაა. პაპილომა ვირუსის აცრა 9 - 14 წლამდე ასაკის გოგონებს უტარდებათ, რადგან ავადობის 70% სწორედ ადამიანის პაპილომა ვირურის ინფექციებიდან მოდის, ვაქცინაციის როლი შეუცვლელია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის უსაფრთხოების კომიტეტი ადასტურებს ვაქცინაციის დადებით შედეგს და უსაფრთხოებას, მისი საშუალებით ადამიანი დაცულია პაპილომა ვირუსის დაინფიცირებისგან, შესაბამისად საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დაზიანებებისგან და უმეტეს შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოსგანაც.

გაზიარება