როგორია ფილტვის კიბოს სიმპტომები?

ფილტვის კიბოს სიმპტომები ხშირად ასე იწყება - ჩუმად, თითქოს ჩვეულებრივი სეზონური პრობლემაა. სხეული ცდილობს, გაგვაფრთხილოს, მაგრამ ჩვენ ხშირად არ ვიღებთ ამ სიგნალებს სერიოზულად. და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ფილტვის კიბო ერთ-ერთ ყველაზე რთულად დიაგნოსტირებად დაავადებად რჩება. ადრეულ სტადიებზე დაავადება თითქმის უხილავია - ნიშნები ისეთი უმნიშვნელოა, რომ მათ ყოველდღიურ დისკომფორტს ვაწერთ და ანგარიშს არ ვუწევთ ქრონიკულობას.
მაგრამ რაც უფრო ადრე ამოიცნობთ ამ სიმპტომებს, მით უფრო მაღალია შანსი დროულად აღმოაჩინოთ პრობლემა და დაიწყოთ ეფექტური მკურნალობა. ფილტვის კიბოს დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე პირდაპირ განსაზღვრავს მკურნალობის შედეგს - სიმსივნე როცა პატარაა და სხვა ორგანოებში არ გავრცელებულა, სრულად განკურნების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. ამ ბლოგში სწორედ იმ სიმპტომებზე ვისაუბრებთ, რითაც შეგვიძლია, ფილტვების დაზიანება საწყის ეტაპზე ამოვიცნოთ.
ხველა, რომელიც არ ქრება
პირველი და ხშირად ყველაზე უგულებელყოფილი სიმპტომი არის მუდმივი ხველა. არა უბრალოდ ხველა, რომელიც დილით ან საღამოს გაწუხებთ, არამედ ის, რომელიც გრძელდება კვირების და თვეების განმავლობაში. როდესაც ხველა სამ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება და მდგომარეობა არ უმჯობესდება, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სასუნთქ გზებში რაღაც ხდება.
ფილტვის კიბოს შემთხვევაში სიმსივნე აღიზიანებს ბრონქების შიდა ზედაპირს. წარმოიდგინეთ, რომ სასუნთქი გზები არის მილსადენები, რომლებშიც თანდათან იზრდება უცხო წარმონაქმნი. ეს წარმონაქმნი იწვევს მუდმივ გაღიზიანებას, ლორწოს მომრავლებას, ხოლო ორგანიზმი ცდილობს "გაასუფთავოს" ეს ადგილი - ასე იწყება ხველა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო ინტენსიური ხდება.
განსაკუთრებით საფრთხილოა, როდესაც ხველა იცვლება - ხდება უფრო ღრმა, ბგერითი, ღამით გაღვიძებთ ან ფიზიკური აქტივობის დროს უფრო ძლიერდება. ზოგჯერ ხველისას გულმკერდში ტკივილს გრძნობთ ან ხმა ჩახლეჩილი გგონიათ. ეს ყველაფერი არის სიგნალი, რომ დრო დადგა სერიოზულად შეამოწმოთ, რა ხდება.
სისხლი - წითელი ალამი, რომელიც არასდროს უნდა დააიგნოროთ
როცა ნახველში სისხლს ამჩნევთ, პანიკის განცდა ბუნებრივია. და ეს პანიკა გონივრულია - სისხლიანი ნახველი, სამედიცინო ტერმინოლოგიით ჰემოპტიზი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ ექიმთან დაუყოვნებლივ უნდა წახვიდეთ.
რა ხდება ფილტვებში, როცა სისხლი ჩნდება? ცხადია, ეს პირდაპირ სიმსივნეზე არ მიანიშნეს, მაგრამ, სიმპტომია, რომ სასუნთქი ორგანო სერიოზულად არის დაზიანებული და აუცილებელია საფუძლიანი გამოკვლევა. ზოგჯერ ეს არის მხოლოდ მცირე ვარდისფერი ზოლები, ზოგჯერ კი უფრო შესამჩნევი მოწითალო შერეული ფერი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის სიმპტომი, რომელიც დაუყოვნებლივ მოითხოვს სამედიცინო შემოწმებას.
როდესაც ჰაერი არ გყოფნით
სუნთქვის გაძნელება - განცდა, თითქოს ფილტვებში ძალიან მცირე რაოდენობით ჰაერი შედის და ეს საკმარისი არ არის. თავიდან ეს მხოლოდ კიბეზე, აღმართზე ასვლისას ან სწრაფად სიარულისას გაწუხებთ. მერე კი ამჩნევთ, რომ უბრალო საქმიანობაც დამღლელია.
რატომ ხდება ეს? ფილტვის კიბომ ხშირად იწვევს სუნთქვის გაძნელებაც. პირველი - სიმსივნემ შეიძლება დაბლოკოს ან შეავიწროვოს ბრონქის ერთ-ერთი დიდი ტოტი, რის გამოც ჰაერი ვეღარ მიდის ფილტვის იმ ნაწილში. მეორე - სიმსივნური პროცესი ხშირად იწვევს სითხის დაგროვებას ფილტვისა და გულმკერდის კედლის შორის, ე.წ. პლევრალურ გამონაჟონს. ეს სითხე არ აძლევს ფილტვებს სრულად გაშლის საშუალებას.
სუნთქვის გაძნელება ნელ-ნელა უარესდება და ხშირად ამას ასაკს, გაწონასუქმებას ან "ფორმიდან გამოსვლას" ვაწერთ ანგარიშს. მაგრამ როდესაც ეს სიმპტომი თან ახლავს ხველას, გულმკერდის ტკივილს ან დაღლილობას, დროა შეშფოთდეთ.
ხმაც იცვლება
ხმის ცვლილება - ე.წ. ხრინწი, ჩახლეჩა, სიძლიერის დაკარგვა - შეიძლება ჩანდეს უმნიშვნელო დეტალად, მაგრამ ხშირად ეს არის უფრო ღრმა პრობლემის ნიშანი. როცა სიმსივნე ფილტვის ზედა ნაწილში იზრდება, მან შეიძლება მოახდინოს დაწოლა ნერვზე, რომელიც მართავს ხმის იოგებს. როდესაც ის ზიანდება ან იჭიმება, ხმა იცვლება.
თუ ხმა გახდა უფრო დაბალი, ხრინწიანი, ან ძალიან სწრაფად იღლებით ლაპარაკისას, და ეს რამდენიმე კვირაზე მეტხანს გრძელდება, ეს არ უნდა იყოს უბრალოდ გაციების სიმპტომი. განსაკუთრებით, თუ სხვა სიმპტომებთან: ხველასთან, სუნთქვის გაძნელებასთან - ერთად ვლინდება.
გულმკერდის ტკივილი, რომელიც მოსვენებას გიკარგავთ
გულმკერდის ტკივილი ფილტვის კიბოს დროს შეიძლება იყოს განსხვავებული ხასიათის. ზოგჯერ ის არის მკვეთრი, ჩხვლეტითი, განსაკუთრებით ღრმა ჩასუნთქვისას ან ხველისას. ზოგჯერ კი - მუდმივი, დაჭიმული სიმძიმე, რომელიც არ გადის. ეს ხდება, როდესაც სიმსივნე ეხება პლევრას, თხელ გარსს, რომელიც ფარავს ფილტვებს და გულმკერდის შიდა კედელს.
პლევრა ძალიან მგრძნობიარეა. თუ სიმსივნემ გააღიზიანა ეს გარსი, ყოველი ამოსუნთქვა შეიძლება გახდეს მტკივნეული. ტკივილი ძლიერდება, როდესაც ახველებთ, იცინით ან მკვეთრად მოძრაობთ. ზოგჯერ ტკივილი მხრისკენ ან ზურგისკენაც ვრცელდება, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ სიმსივნე უფრო ფართო ზონას აზიანებს.
დაღლილობა, რომელსაც არაფერი შველის
ძილის შემდეგაც თითქოს დაღლილი ხართ. ყოველდღიური საქმიანობა - სადილის მომზადება, მაღაზიაში წასვლა, კოლეგებთან შეხვედრა - უკვე აუტანელი ხდება. ეს ქრონიკული დაღლილობა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფილტვის კიბოს სიმპტომი. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ის ძალიან არასპეციფიკურია, ხშირად უგულებელყოფილია.
რა ხდება ორგანიზმში? პირველ რიგში, ფილტვები ვერ აწვდიან საკმარის ჟანგბადს ქსოვილებს. მეორე - კიბოსთან ბრძოლა მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას. ამ ყველაფერმა ერთად შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი სისუსტე, ენერგიის ვარდნა და ცხოვრების ხარისხის მკვეთრი შემცირება.
წონის უმიზეზო კლება
როდესაც მადა გიქრებათ და წონა იკლებს მაშინ, როცა არ ცდილობთ და არ იწყებთ დიეტას, ეს არის სერიოზული ნიშანი. ფილტვის კიბოს დროს უმიზეზო წონის კლება ხშირია და ხშირად ერთ-ერთი პირველი სიმპტომია, რომელსაც ადამიანები ათასნაირად ხსნიან - "სტრესია", "ბევრი სამსახური", "საზაფხულო სიცხე".
რეალობა სხვაა: ორგანიზმი, რომელიც იბრძვის სიმსივნესთან, ვერ ინარჩუნებს ენერგიის ნორმალურ ბალანსს. კიბოსთან დაკავშირებული კატაბოლური პროცესები ანგრევენ კუნთოვან მასას და ცხიმოვან რეზერვებს. დამატებით, სუნთქვის გაძნელების გამო ფიზიკური აქტივობა მცირდება და მადაც ნელ-ნელა იკარგება.
თუ რამდენიმე თვის განმავლობაში 5-10% ან მეტი წონა დაიკარგა და ამას თან ახლავს სუნთქვის ან ხველის პრობლემები, ეს არის კომბინაცია, რომელიც სერიოზულ გამოკვლევას მოითხოვს.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: როდის არის ის მომენტი, როდესაც უნდა გადადგათ ნაბიჯი და წახვიდეთ ექიმთან? პასუხი მარტივია: როდესაც რაიმე ცვლილება სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება და არ უმჯობესდება. ხველა, რომელიც არ გადადის, სუნთქვის გაძნელება, რომელიც უარესდება, ტკივილი, რომელიც მუდმივია - ეს ყველაფერი საჭიროებს შემოწმებას.
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ნახველში სისხლს ამჩნევთ. ეს არის ალამი, რომელსაც არასდროს უნდა წაუყრუოთ, რადგან მიუთითებს, რომ გვაქვს ფილტვების დაზანება.
განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვისაც მოწევის ხანგრძლივი ისტორია აქვს. თუ 50 წელს გადაცილებით ხართ და წლების განმავლობაში თამბაქოს მომხმარებელი ხართ, ექიმთან კონსულტაცია უნდა გახდეს რეგულარული ჩვევა. უკვე არსებობს დაბალი დოზის კომპიუტერული ტომოგრაფიული სკრინინგი, რომელსაც შეუძლია ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინოს ფილტვის კიბო - მაშინაც კი, როდესაც სიმპტომები ჯერ არ გაჩენილა.
არ დაელოდოთ, ვიდრე ფილტვის კიბოს სიმპტომები გაძლიერდება. დიაგნოზი მოითხოვს რამდენიმე კვლევას - გულმკერდის რენტგენს , კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ზოგჯერ ბრონქოსკოპიასა და ბიოფსიას. მხოლოდ ამ გამოკვლევების შემდეგ შეუძლია ექიმს ზუსტად თქვას, რა ხდება. თვითდიაგნოსტიკა და თვითმკურნალობა კი არასდროს არის გამოსავალი, მით უმეტეს, როდესაც სასუნთქ სისტემაზეა საუბარი.
რატომ არის დრო გადამწყვეტი?
ფილტვის კიბო არის დაავადება, რომლის მკურნალობის შედეგი პირდაპირ დამოკიდებულია დროზე. ადრეულ სტადიაზე, როდესაც სიმსივნე პატარაა და არ გავრცელებულა, მკურნალობის გზები ბევრად უფრო ფართოა. ქირურგიული ჩარევით შეიძლება სრულად ამოიღონ სიმსივნე, რადიოთერაპია და ქიმიოთერაპია კი საწყის ეტაპზე უფრო ეფექტურია. დღეს ხელმისაწვდომია მიზნობრივი თერაპია და იმუნოთერაპიაც - ინოვაციური მეთოდები, რომლებიც ზოგჯერ დრამატულად აუმჯობესებენ პროგნოზს.
მაგრამ როდესაც დიაგნოზი გვიან დგება, როდესაც სიმსივნე უკვე გავრცელებულია და მეტასტაზები სხვა ორგანოებშია გადასული, მკურნალობა გაცილებით რთულია. მაინც არ უნდა დაკარგოთ იმედი - თანამედროვე მედიცინა საშუალებას იძლევა, ფილტვის კიბო კონტროლირებად ქრონიკულ მდგომარეობად იქცეს. მაგრამ ამისთვის აუცილებელია სამედიცინო გუნდის ჩარევა - ონკოლოგებთან, პულმონოლოგებთან, რადიოლოგებთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად მუშაობა.
პრევენცია და რეგულარული შემოწმება კი არის ის, რაც გადაარჩენს სიცოცხლეს. თუ მაღალი რისკის ჯგუფში ხართ - მოწევა, მავნე ნივთიერებების ზემოქმედება, ოჯახში კიბოს ისტორია - ექიმთან ისაუბრეთ პერიოდული სკრინინგის შესახებ.
