სამეანო ექოსკოპია - რა ვადაზე და რატომ უნდა ესტუმროთ რადიოლოგს?
თუ ორსულობის ტესტმა დადებითი პასუხი გაჩვენათ და მენსტრუალური ციკლიც გადაგიცდათ 3-5 დღის შემდეგ, შეგიძლიათ ულტრაბგერაზე პირველი ვიზიტი ჩანიშნოთ.
ორსულობა კვირების მიხედვით
ორსულობის გესტაციური ვადა ამ პერიოდში 4-5 კვირაა, ამ ვადიდან უკვე შესაძლებელია სანაყოფო პარკის ვიზუალიზაცია საშვილსნოს ღრუში, პარკების რაოდენობის და ლოკალიზაციის განსაზღვრა.
აღნიშნულ ვადაზე თუ სანაყოფო პარკი არ გამოჩნდა, საშვილოსნოს გარე ორსულობის გამორიცხვის მიზნით საჭიროა რამდენიმე დღეში განმეორებით ჩატარდეს ექოსკოპია.
მენსტრუალური ციკლის გადაცილებიდან 2 კვირის შემდეგ (გესტაციით 6 კვირის ვადაზე) ნორმალურად მიმდინარე ორსულობის შემთხვევაში უკვე შესაძლებელია სანაყოფო პარკში ემბრიონის მკაფიო ვიზუალიზაცია, რაოდენობის დადგენა და გულისცემის სიხშირის განსაზღვრა.
შემდეგი გეგმიური კვლევა ტარდება მე-11/14 კვირებზე - აღნიშნულ პერიოდში კვლევის ძირითადი მიზანია ნაყოფის ქრომოსომული ანომალიებისთვის ხშირად თანმხლები ულტრაბგერითი ნიშნების (ე.წ. “კისრის სქელი ნაოჭის” და ცხვირის ძვლის ჰიპოპლაზიის) გამორიცხვა. ამავე პერიოდში (ძირითადად 13-14 კვირებს შორის) შესაძლებელია ნაყოფის განვითარების სხვადასხვა უხეში ანომალიის დადგენაც და გამორიცხვაც.
შემდეგი ვიზიტი რუტინულად შეგიძლიათ ჩანიშნოთ ორსულობის 20-24-ე კვირაზე, ამ პერიოდში ხდება ნაყოფის ორგანოების კიდევ უფრო დეტალური დათვალიერება და განვითარების არა მხოლოდ უხეში, არამედ უმნიშვნელო ანომალიის გამორიცხვაც. ორსულობის ამ ეტაპზე დოპლეროგრაფიული კვლევით შესაძლებელია შეფასდეს საშვილოსნო-პლაცენტური და ფეტო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევის ხარისხიც.
30-32 კვირის ვადებზე ულტრაბგერითი კვლევის მიზანი კვლავ ორგანოების დეტალური დათვალიერებაა. ამავე პერიოდში ფასდება ნაყოფის ზრდის ტემპები და ფუნქციური მდგომარეობა. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დოპლეროგრაფიული კვლევა, რადგან ამ დროს უფრო მატულობს დოპლეროგრაფიული მაჩვენებლების დარღვევის სიხშირე.
36-ე კვირის ვადაზე პლაცენტა უკვე ნორმალურად არის მიმაგრებული, მაგრამ აუცილებელია განისაზღვროს პლაცენტის წინამდებარეობა, რაც საკეისრო კვეთის ჩვენებაა.
ბოლო ექსოსკოპიური კვლევა უკვე გულისხმობს მოახლოებულ მშობიარობას, თქვენ უკვე სრულყოფილი წარმოდგენა გაქვთ ნაყოფზე და მშვიდად შეძლებთ მოემზადოთ თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღისთვის.