ექოსკოპია – რას გულისხმობს და რა ინფორმაციას გვაწვდის გამოკვლევა?
ექოსკოპია ანუ ულტრაბგერითი კვლევა თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთ უმთავრეს სადიაგნოსტიკო საშუალებად მიიჩნევა. ის არის სამედიცინო გამოკვლევის არაინვაზიური მეთოდი, რომელიც მაღალი სიხშირის ხმის ტალღების გამოყენებით შიდა ორგანოებისა და სტრუქტურების ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს. ექოსკოპია, როგორც წესი, პირველი რიგის კვლევაა, რომელიც უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდის ორგანოს ფორმის, ზომისა და სტრუქტურის შესახებ და პათოლოგიური კერების აღმოჩენაში გვეხმარება. ის, ასევე, გამოიყენება დამხმარე საშუალებად ისეთი პროცედურების დროს, როგორებიცაა ბიოფსია, ნემსით ასპირაცია და სხვა.
ხმის ტალღებისა და მათი ადამიანის ორგანიზმსა და ქსოვილებზე ინტერაქციის აქტიური კვლევა მეცნიერებმა მე-20 საუკუნის ადრეულ წლებში დაიწყეს. სამედიცინო დანიშნულებით კი ულტრაბგერები პირველად მე-20 საუკუნის შუა წლებში გამოიყენეს, რის შემდეგაც ის მალევე იქცა ერთ-ერთ სადიაგნოსტიკო საშუალებად. მისი განვითარების ადრეულ პერიოდში, ექოსკოპიის აპარატები მხოლოდ ერთგანზომილებიან, მოგვიანებით კი – ორგანზომილებიან გამოსახულებას ქმნიდა.
1960-იანი წლებიდან ულტრაბგერითი კვლევით სხეულის მოძრავი სტრუქტურების ვიზუალიზაცია და, შესაბამისად, სისხლის უჯრედების, სისხლის ნაკადებისა და სისხლძარღვთა სტრუქტურების შეფასებაც გახდა შესაძლებელი. მას შემდეგ ექოსკოპია მნიშვნელოვნად განვითარდა, დღეს თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატები ქმნიან 3D და 4D გამოსახულებებს, უმაღლესი ხარისხისა და გარჩევადობის სურათებს, რაც კიდევ უფრო ღრმა სტრუქტურების შესწავლის შესაძლებლობას გვაძლევს.
👉 ჩაიტარე ზუსტი ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა თოდუას კლინიკაში უახლესი თაობის აპარატურით.
დღეს კვლევის ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში – ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი რიგის კვლევაა კარდიოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, გინეკოლოგიასა თუ სხვა სამედიცინო დარგში. მას ხშირად მიმართავენ როგორც კონკრეტული დაავადების დიაგნოსტირებისთვის, ისე ადამიანთა ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასებისა და სკრინინგისათვის.
ვაგინალური ექოსკოპია
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, კონკრეტულად კი, საშვილოსნოს, საკვერცხეებისა და ფალოპის მილების ულტრაბგერით გამოკვლევას ვაგინალურ ექოსკოპიას უწოდებენ. ის ინიშნება, როგორც გინეკოლოგიური ჩივილების დროს, ისე ჯანმრთელ ქალებში, რეპროდუქციული სისტემის ზოგადი შეფასების მიზნით. ულტრაბგერითი კვლევით შესაძლებელია პრობლემური წარმონაქმნებისა თუ სტრუქტურული ცვლილებების, მათ შორის, სიმსივნეების, კვანძების, პოლიპებისა და მიომების აღმოჩენა.
გინეკოლოგიური ექოსკოპია მარტივი და უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების პროცესში. შესაბამისად, სასურველია, ის რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალმა, სხვა სკრინინგულ კვლევებთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ჩაიტარონ.
სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა
ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, თუმცა მისი სკრინინგი მარტივადაა შესაძლებელი. სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების გამოსავლენად ორ ძირითად კვლევას მიმართავენ – მამოგრაფიასა და ძუძუს ექოსკოპიას. ულტრაბგერითი გამოკვლევა შესაძლებლობას გვაძლევს რამდენიმე წუთში შეფასდეს რბილი ქსოვილების მდგომარეობა და ადრეულ ეტაპზევე აღმოვაჩინოთ საეჭვო წარმონაქმნები. შესაბამისად, სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია, მამოგრაფიასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი სკრინინგული გამოკვლევაა, რომელიც ძუძუს კიბოს ნაადრევ დიაგნოსტიკასა და დაავადების განვითარების პრევენციას უზრუნველყოფს.
ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია
ულტრაბგერითი გამოკვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ფარისებრ ჯირკვლის დაავადებების შესახებაც. მისი მეშვეობით შეგვიძლია შევაფასოთ ორგანოს ფორმა, ზომა, დავადგინოთ კვანძების არსებობა და სხვა ტიპის სტრუქტურული დარღვევები. ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიას ნიშნავენ როგორც მასთან დაკავშირებული ჩივილების დროს, ისე რუტინულად, ორგანოს მდგომარეობის შეფასების მიზნით.
👉 ფარისებრი ჯირკვალი – რა უნდა ვიცოდეთ მასზე? – გაეცანით ბლოგს და შეიტყვეთ მეტი
მუცლის ღრუს გამოკვლევა
მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით შესაძლებელია ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, პანკრეასის, თირკმელების, შარდის ბუშტისა და ელენთის როგორც ორგანული, ისე ფუნქციური დარღვევების აღმოჩენა. ამასთან ერთად, პროცედურის დროს ექოსკოპისტმა შესაძლოა ეჭვი მიიტანოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიებზეც. ამ შემთხვევაში მათ დასადასტურებლად საჭიროა დაინიშნოს დამატებითი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.
👉 გაიცანი ჩვენი ცენტრის ექიმები, დაჯავშნე ვიზიტი და მიიღე კვალიფიციური კონსულტაცია
გულის ექოსკოპია
ულტრაბგერითი კვლევის მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია გამოვლინდეს გულთან დაკავშირებული ისეთი პათოლოგიები, როგორებიცაა გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკი, მაღალი არტერიული წნევა, აორტის ანევრიზმა, გულის იშემიური დაავადებები და სხვა. თოდუას კლინიკაში ექოკარდიოგრაფია პრემიუმ კლასის ულტრაბგერით სკანერზე ტარდება, აპარატურის ახალი უნიკალური მახასიათებლების მეშვეობით კი შესაძლებელია მიოკარდის კედლის მოძრაობის შეფასებაც.
პროსტატის ექოსკოპია
წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ექოსკოპია გამოიყენება ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის, როგორებიცაა შარდვის გაძნელება, პროსტატიტისა და პროსტატის სიმსივნეები. მისი საშუალებით შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის დეტალური ვიზუალიზაცია, რაც უმცირესი ზომის სიმსივნეების გამოვლენასაც კი უზრუნველყოფს.
ექოსკოპია, PSA ტესტთან ერთად, ხშირად გამოიყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისთვისაც. პროფილაქტიკური კვლევები, სასურველია, ყოველწლიურად ჩაიტარონ 50-70 წლის მამაკაცებმა, რადგან პროსტატის კიბო კაცების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიაა.
👉 დაავადებაზე უფრო მეტს ჩვენს ბლოგში – პროსტატის კიბო, მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა – შეიტყობთ.
გამოკვლევა ორსულობის პერიოდში
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ექოსკოპია უმტკივნეულო და არაინვაზიური მეთოდია. გარდა ამისა, კვლევა სრულიად უსაფრთხოა, რადგან ის არ იყენებს მაიონიზებელ გამოსხივებას. შესაბამისად, ექოსკოპია თავისუფლად უტარდებათ ორსულ ქალებსაც, მეტიც, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება სწორედ ორსულობის მონიტორინგია. ექოსკოპიის მეშვეობით ხდება ნაყოფის ჯანმრთელობისა და განვითარების შეფასება, სქესის განსაზღვრა და ორსულობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება.
👉 რა სიხშირით და რატომ უნდა ესტუმროთ რადიოლოგს? – გაიგეთ მეტი სამეანო ექოსკოპიის შესახებ
რას გთავაზობთ თოდუას კლინიკა?
თოდუას კლინიკა აღჭურვილია Canon-ის უახლესი თაობის ულტრაბგერითი აპარატით, რომელიც უზრუნველყოფს სუფთა და მაღალი რეზოლუციის გამოსახულებას ნებისმიერ სიღრმეზე. მისი მეშვეობით შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა დაავადების სრული ჩექაფი, ამასთან, მოხდეს აღმოჩენილი პათოლოგიების დეტალური შეფასება. ინოვაციური ტექნოლოგიისა და პროგრამული უზრუნველყოფის დამსახურებით, ჩვენს სამედიცინო ცენტრში ულტრაბგერითი კონტროლით ტარდება სხვადასხვა ინტერვენციული მანიპულაციები, როგორებიცაა ბიოფსია, პუნქცია და დრენირება. რაც მთავარია, პროცედურებს უძღვებიან კვალიფიციური ექოსკოპისტები და შესაბამისი პროფილის ექიმები. ვიზიტის დასაჯავშნად გადადით მოცემულ ბმულზე.