შაკიკი - როგორ ვმართოთ ის?
შაკიკი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური პათოლოგიაა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აწუხებს. ის უბრალო თავის ტკივილი არ არის, რომელიც პერიოდულად ყველა ჩვენგანს გამოუცდია. მას ძლიერი, მფეთქავი ტკივილი ახასიათებს თავის ერთ ან ორივე მხარეს. მისი ეპიზოდები კი შესაძლოა 4-72 საათის განმავლობაში გაგრძელდეს. შესაბამისად, დაავადება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.
შაკიკის შეტევას წინ უძღვის სისხლძარღვების შევიწროება ანუ ვაზოკონსტრიქცია, რის შემდეგაც სისხლძარღვების პათოლოგიური გაფართოება ანუ ვაზოდელატაცია იწყება. სწორედ ამ დროს წარმოიქმნება თავის ძლიერი ტკივილი.
სარჩევი
შაკიკის გამომწვევი მიზეზები
მისი გამომწვევი კონკრეტული მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა ჩვენთვის ცნობილია ის ფაქტორები, რომლებიც შაკიკის პროვოცირებას იწვევს. ესენია:
- ალკოჰოლი, განსაკუთრებით კი წითელი ღვინო;
- თამბაქო;
- ზოგიერთი საკვები, როგორებიცაა თხილი, კაკაო, ჰოლანდიური ყველი;
- სტრესი;
- ძილის რეჟიმის დარღვევა – ზედმეტი ძილი ან ძილის ნაკლებობა;
- მენსტრუაციის წინა პერიოდის სინდრომი (პმს);
- ამინდის ცვალებადობა;
- დიეტური კვება, შიმშილი;
- გენეტიკა, განსაკუთრებით დედის ხაზით;
- სქესი – შაკიკი უფრო მეტად არის გავრცელებული ქალებში, ვიდრე კაცებში, რასაც ჰორმონალურ ფაქტორით ხსნიან;
- ასაკი – ის უმეტესად 30-40 წლის ასაკის ქალებში გვხდება.
🩺 გაიარეთ სამედიცინო ჩექაფი თოდუას კლინიკაში და სრულფასოვნად გამოიკვლიეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა
შაკიკი - სიმპტომები და ტიპები
სპეციალისტები გამოყოფენ შაკიკის სხვადასხვა ფორმას, რომლებსაც შესაძლოა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებდეს. ესენია:
- შაკიკი აურის გარეშე - ეს შაკიკის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მას ახასიათებს ინტენსიური, მფეთქავი ტკივილი ძირითადად თავის ერთ მხარეს. ხშირად თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მგრძნობელობა სინათლის, ხმისა და სუნის მიმართ. ამ ტიპის შაკიკის ეპიზოდი შესაძლოა გაგრძელდეს 4-72 საათის განმავლობაში.
- შაკიკი აურით - აურა ეს არის პერიოდი, რომელიც ვაზოკონსტრიქციას ანუ სისხლძარღვების შევიწროებას ემთხვევა და წინ უძღვის თავის ტკივილს. აურა თვალწინ მოციმციმე წერტილების ან შავი ლაქების გაჩენით ვლინდება. ასევე, შესაძლოა პაციენტმა იგრძნოს სახის მიდამოში და ხელებში ჩხვლეტა ან დაბუჟება. ხანდახან აურა გავლენას ახდენს ლაპარაკსა და მოძრაობაზეც. ეს სიმპტომები, როგორც წესი, 20-60 წუთი გრძელდება. მას უმეტესად, თუმცა არა ყოველთვის, თავის ტკივილი მოჰყვება.
- ქრონიკული შაკიკი - თუკი პაციენტს თავის ძლიერი ტკივილი თვეში 15 ან მეტი დღის განმავლობაში აწუხებს, მაშინ საქმე ქრონიკულ შაკიკთან გვაქვს. დაავადების ამ ფორმაში გადაზრდა შესაძლოა გამოწვეული იყოს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ჭარბი გამოყენებით. ასევე, ეპიზოდური შაკიკის არასათანადო მკურნალობით.
- ჰემიპლეგიური - ამ დროს პაციენტს აღენიშნება სისუსტის შეგრძნება ან სხეულის ერთი მხარის პარალიზება. მას ხშირად თან ახლავს აურის ეპიზოდის მსგავსი სიმპტომები.
- ვესტიბელური - ვლინდება თავბრუსხვევით და ბალანსის დარღვევით, რასაც შესაძლოა თავის ტკივილი ახლდეს.
- რეტინული ანუ ბადურის - ამ ფორმას მხედველობის დროებით დაკარგვა ან ერთ თვალში მხედველობის დარღვევა ახასიათებს. როგორც წესი, ეპიზოდი დაახლოებით 1 საათი გრძელდება.
- მენსტრუალური შაკიკი - შაკიკის ეს ტიპი ჰორმონალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული და მენსტრუაციის წინა პერიოდში ან ციკლის დროს ვლინდება. მენსტრუალური შაკიკი ქალების დაახლოებით 60%-ს აწუხებს.
- აბდომინალური - ახასიათებს განმეორებადი მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება. უმეტესად გავრცელებულია ბავშვებში, თუმცა ვლინდება ზრდასრულ პირებშიც.
📞 დაჯავშნეთ ვიზიტი ექიმთან და გაიარეთ კვალიფიციური კონსულტაცია თოდუას კლინიკის გამოცდილ ექიმებთან
დიაგნოსტიკა სამედიცინო ისტორიის საფუძველზე
შაკიკის ლაბორატორიული ან ინსტრუმენტული გამოკვლევა არ არსებობს, ამიტომ დიაგნოზი უმეტესად სამედიცინო ისტორიის საფუძველზე ხდება. ნევროლოგმა სრულფასოვნად უნდა შეისწავლოს პაციენტის ჩივილები, მათი სიხშირე და ინტენსივობა, მისი ცხოვრების წესი შესაძლო მაპროვოცირებელი ფაქტორების განსასაზღვრად და ა.შ.
დიაგნოსტირების პროცესში ხშირად ინიშნება სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული კვლევებიც. თუ სპეციალისტს ეჭვი აქვს სხვა დაავდებასა ან თავის ტვინის დაზიანებებზე, მათ გამოსარიცხად შესაძლოა საჭირო გახდეს ისეთი რადიოლოგიური კვლევების ჩატარებაც, როგორებიცაა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.
🔗 გადადით ბმულზე და გაიგეთ მეტი ჩვენს სამედიცინო ცენტრზე
შაკიკის მკურნალობა
შაკიკი სრულად არ იკურნება, თუმცა შესაძლებელია მისი მართვა. შაკიკის ეპიზოდების დროს ტკივილის შესამსუბუქებლად და სხვა სიმპტომების მოსახსნელად ინიშნება არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო საშუალებები, გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტები და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ შაკიკის ეპიზოდები ხშირად მეორდება, ტკივილი კი 12 საათზე მეტხანს გრძელდება, შესაძლოა საჭირო გახდეს დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობაც, რასაც სპეციალისტი ინდივიდუალურად ნიშნავს.
დაბოლოს, დაარეგულირეთ ძილის რეჟიმი, იკვებეთ სწორად და ზომიერად, მოერიდეთ ალკოჰოლსა და თამბაქოს, ისწავლეთ სტრესის მართვა და, ზოგადად, მიჰყევით ცხოვრების ჯანსაღ წესს. გახსოვდეთ, მაპროვოცირებელი ფაქტორების თავიდან არიდებითა და სწორი მკურნალობით შესაძლოა შაკიკის შემოტევები საერთოდ გაქრეს ან მინიმუმამდე შემცირდეს.