რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ნატალია ჯანყარაშვილი

 

თოდუას კლინიკის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია VARIAN-ის ფირმის ორი უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებლით TRUEBEAM-ით და რადიოქირურგიული სისტემით - EDGE, გარეგანი სხივური თერაპიისათვის. აპარატებში ინტეგრირებულია სპეციალური კომპიუტერული ტომოგრაფი 3D გამოსახულების მიღებისა და მკურნალობის ტექნოლოგიების სინქრონიზაციით, რომლის საშუალებით პაციენტს უტარდება ზუსტ გამოსახულებაზე დაფუძნებული სხივური თერაპია.

რადიაციული ონკოლოგია - უახლესი ტექნოლოგით აღჭურვილი დეპარტამენტი

 

უახლესი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს გაცილებით მეტი სიზუსტით, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების  მაქსიმალური დაცვით მოხდეს სამიზნე უბნის დასხივება. აპარატი პაციენტებს უადვილებს სამკურნალო პროცედურებს, რადგან მოცემული უახლესი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს დასხივების პროცედურის სწრაფ ჩატარებას, შესაბამისად, ისინი მკურნალობის დროს ხანგრძლივად არ არიან შეზღუდული.

 

აპარატის სისტემა მომუშავე კადრთან ერთად აკონტროლებს დასხივების პარამეტრების სიზუსტეს ყოველ 10 მილიწამში სხივური თერაპიის მთელი ციკლის განმავლობაში.

 

EDGE და TRUEBEAM - ის აპარატები მკურნალობის შანსს აძლევს ისეთ ავადმყოფებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში ვერ ჩაიტარებდნენ სხივურ თერაპიას: ექიმებს აქვთ რამდენიმე პათოლოგიური კერის ერთდროულად დასხივების შესაძლებლობა, ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალური დაცვით. სხივური თერაპია ტარდება ყველა ლოკალიზაციის შემთხვევებისათვის, რომლისთვისაც ეს მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით წარმოადგენს ჩვენებას, კერძოდ თავ-კისერი, ცენტრალური ნერვული სისტემა, ფილტვი და შუასაყარის რეგიონი, ძუძუ, აბდომინალური და მენჯის რეგიონის სიმსივნეები, ასევე სისტემური დაავადებები, მაგ: ლიმფომები.

 

 

აპარატებით შესაძლებელია ჩავატაროთ დღეს საერთაშორისო დონეზე არსებული ყველა თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობის რადიოთერაპიული მკურნალობა, მათ შორის:

 

  • 3DCRT -3D conformal radiotherapy
  • IMRT-Intensity Modulated Radiotherapy
  • RAPIDARC- Volumetric Arc Therapy
  • SRS/SBRT Stereotactic Radiosurgery/Stereotactic Body Radiotherapy
  • RPM Gating-Breathing synchronized Radiotherapy

 

RPM Gating ანუ სუნთქვასთან სინქრონიზებული სხივური თერაპია, კლინიცისტებს პაციენტის სუნთქვით ციკლთან მიმართებაში სიმსივნის  მდებარეობის კორელაციის საშუალებას აძლევს.

 

SRS/SBRT - EDGE წარმოადგენს უახლესი თაობის რადიოქირურგიულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც ონკოლოგიურ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ქვეყნიდან გაუსვლელად ჩაიტარონ რადიოქირურგიული მკურნალობა. ამ აპარატის საშუალებით ტარდება, როგორც ინტრა, ასევე ექსტრაკრანიული წარმონაქმნების მაღალდოზირებული ერთი ან რამდენიმე ფრაქციული რადიოქირურგიული მკურნალობა.

 

საქართველო არის პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის,სადაც დამონტაჟდა აღნიშნული აპარატი. აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა დამონტაჟებულია ევროპის რამდენიმე ქვეყნისა და ამერიკის მოწინავე ონკოლოგიურ კლინიკებში.

 

სხვა რადიოქირურგიული სისტემებისგან განსხვავებით EDGE გამოირჩევა სიზუსტითა და მკურნალობის სისწრაფით. ამ სისტემის მეშვეობით სიმსივნესთან მდებარე ჯანმრთელი ქსოვილების დასხივება მინიმუმამდეა დაყვანილი.

 

აღნიშნული აპარატი რადიაციულ ონკოლოგებსა და სამედიცინო ფიზიკოსებს რთული შემთხვევების დროს მკურნალობის სხვადასხვაგვარი ვარიანტების შერჩევის საშუალებას აძლევს. EDGE-ით მკურნალობა შეუძლიათ ისეთ პაციენტებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში სხივურ თერაპიას ვერ ჩაიტარებდნენ.

 

აპარატი წარმოადგენს ოქროს სტანდარტს რადიოქირურგიული პაციენტების მკურნალობაში და აქვს შესაძლებლობა აკონტროლოს დასხივების პარამეტრების სიზუსტე მკურნალობის მთელი ციკლის განმავლობაში.

 

დეპარტამენტი რადიაციული ონკოლოგია აღჭურვილია ბრაქითერაპიის აპარატით GammaMedplus iX. ,,ბრაქითერაპია“ ანუ „კონტაქტური  რადიოთერაპია“ სხივური თერაპიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც გულისხმობს რადიოაქტიური წყაროს  სიმსივნესთან მაქსიმალურად ახლოს მოთავსებას სათანადო აღჭურვილობით ე.წ. ,,აპლიკატორებით".

 

ბრაქითერაპია, როგორც მკურნალობის მაღალეფექტური მეთოდი, ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში. ამ ტექნოლოგიის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ რადიოაქტიური წყაროს უშუალოდ სამიზნე მოცულობასთან მიტანით გვეძლევა საშუალება რადიკალურად მაღალი დოზით დავასხივოთ სიმსივნური წარმონაქმნი და ამავდროულად მაქსიმალურად დავიცვათ ირგვლივ არსებული ჯანმრთელი ქსოვილები.

 

ტექნოლოგიურმა წინსვლამ განაპირობა ის, რომ დღეს უკვე ბრაქითერაპია  ფართოდ გამოიყენება კანის, ქალის სასქესო ორგანოების, წინამდებარე ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, თავ-კისრის, საყლაპავის და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ. აღნიშნული მეთოდით ასევე შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევაში პოსტოპერაციული ან პოსტტრავმული ნაწიბურის (კელოიდის) მკურნალობა. 

გაზიარება