ფსორიაზი და მისი მართვა – რა უნდა ვიცოდეთ დაავადებაზე?
ფსორიაზი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომლის მსუბუქი თუ მწვავე ფორმები მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2-3%-ს მაინც გამოუცდია. ის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის, თუმცა პაციენტებს დიდ დისკომფორტს უქმნის და მნიშვნელოვნად აუარესებს მათი ცხოვრების ხარისხს. გარდა ამისა, საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ დაავადება გადამდებია. შესაბამისად, ფსორიაზით დაავადებულთა მიმართ ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა.
არასწორი წარმოდგენების გასაქარწყლებლად თოდუას კლინიკის სამედიცინო ბლოგში გადავწყვიტეთ, დეტალურად მოგიყვეთ ფსორიაზის შესახებ და მის გამომწვევ მიზეზებზე. ქვემოთ, ასევე, გაგაცნობთ მის კლინიკურ ნიშნებს, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გზებს.
სარჩევი
რა არის ფსორიაზი?
ფსორიაზი ავტოიმუნური დაავადება, რომლის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ის ვითარდება არასწორი იმუნური პასუხის შედეგად, რის შედეგადაც კანის უჯრედების სასიცოცხლო ციკლი ირღვევა და იმუნური სისტემა მათ ჭარბად გამომუშავებას იწყებს.
ფსორიაზის დროს ხდება ეპიდერმალური კერატინოციტების ჭარბად წარმოქმნა, ეპიდერმისის და დერმის ანთებასთან ერთად, რა დროსაც კანზე ჩნდება ჰიპერემიული სხვადასხვა ზომის გამონაყარი,ზედაპირზე გამოხატული აქერცვლით.
რა იწვევს დაავადებას და როგორია მისი რისკ-ფაქტორები?
მართალია, ჩვენთვის ფსორიაზის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც მისი განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ესენია:
- გენეტიკური წინასწარგანწყობა – დაავადების მქონე პაციენტთა სამედიცინო ისტორიის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ გენეტიკა მის განვითარებაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. შემთხვევათა 60-70% სწორედ გენეტიკით არის განპირობებული.
- გარემო ფაქტორები – მისი პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ამინდისა და კლიმატური პირობების ცვლილებამ.
- სტრესი – ძლიერი სტრესი და შფოთვები შეიძლება დაავადების გამომწვევ მიზეზად იქცეს. ასევე, ადამიანები, რომელთაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები ფსორიაზის განვითარების რისკ-ჯგუფში შედიან.
- ასაკი – მცირეწლოვან ბავშვებში ის იშვიათად ვითარდება, ის უმეტესად 15-30 წლის ასაკში იჩენს ხოლმე თავს.
- ინფექციები – ბაქტერიითა თუ ვირუსით გამოწვეული ინფექციები ფსორიაზის განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია.
- კანის დაზიანება ან ტრავმა – განაკაწრმა, ჭრილობამ, დამწვრობამ ან რაიმე სახის ტრავმამ შეიძლება დაავადების პროვოცირება მოახდინოს.
- მედიკამენტები – გარკვეული პრეპარატები ფსორიაზის კიდევ ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. ეს შეიძლება იყოს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები, ბეტა-ბლოკატორები, ლითიუმისა და ანტიმალარიული პრეპარატები და სხვა.
- ალკოჰოლი და თამბაქო – მწეველობა და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება ზოგჯერ ფსორიაზის განვითარებასა და გამწვავებასთან უწყობს ხელს.
- ჰორმონალური ცვლილებები – პუბერტატის, ორსულობისა და მენოპაუზის პერიოდში, შესაძლოა, მისი პროვოცირება მოხდეს.
ფსორიაზის რისკ-ფაქტორებია, ასევე, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და სიმსუქნე.
როგორ ვლინდება ფსორიაზი?
ფსორიაზის სიმპტომები კანსა და ფრჩხილებზე იჩენს თავს. მას ახასიათებს სპეციფიკური გამონაყარი, მოვერცხლისფრო ქერქით დაფარული ბალთები, სიწითლე და ქავილი. ფრჩხილზე კი წერტილოვანი ჩანაჭდევებით ვლინდება.
ფსორიაზი საწყის ეტაპზე შესაძლოა მსუბუქად იყოს გამოხატული და სწორი მკურნალობის დახმარებით მარტივად მოხდეს მისი ნიშნების ალაგება. ამიტომ მნიშვნელოვანია სპეციალისტის დროული ჩართულობა და მისი გამწვევების თავიდან აცილება.
გამონაყარი უმეტესად სხეულის მოძრავ უბნებზე იჩენს თავს – იდაყვებზე, მუხლებზე და თავის თმიან არეში. ზოგჯერ ნიშნები ლოკალიზებულია და მოიცავს მხოლოდ ერთ უბანს, ზოგჯერ კი გვხდება მისი უფრო მძიმე, გენერალიზებული ფორმები, რა დროსაც გამონაყარი მთელ სხეულზე ვრცელდება.
მსუბუქად მიიჩნევენ ფსორიაზს, რომელიც სხეულის 3%-ზე ნაკლებს მოიცავს, საშუალო სიმძიმის დროს კი გამონაყარი სხეულის 3-10%-ზეა გავრცელებული. დაავადება მძიმედ ფასდება, თუ გამონაყარს სხეულის 10%-ზე მეტი უკავია. მძიმე, გენერალიზებული ფორმის დროს არის ალბათობა იმისა, რომ ერითროდერმული ფსორიაზი განვითარდეს, რა დროსაც კანის 80%-ია დაზიანებული. ასეთ დროს აუცილებელია პაციენტის სტაციონირება და მკურნალობაში სპეციალისტის აქტიური ჩართულობა. არის შემთხვევებიც, როდესაც ფსორიაზი სახსრებსაც აზიანებს, რაც ასევე ექიმის მეთვალყურეობასა და სწორ მკურნალობას მოითხოვს.
იმისათვის, რომ დაავადება არ პროგრესირდეს და პაციენტი დაცული იყოს გართულებებისგან, სასურველია, მისი ნიშნების გამოვლენისთანავე ჩატარდეს სათანადო გამოკვლევა და დაინიშნოს მკურნალობა. დერმატოლოგია ჩვენთან ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა, ამიტომ თოდუას კლინიკაში შეძლებთ კანის პრობლემების სრულფასოვან გამოკვლევასა და კონსულტაციის კვალიფიციური სპეციალისტებისგან მიღებას.
ფსორიაზის ფოტოები
ასეთია კლინიკური ნიშნები, რომლებიც დაავადების დროს ვლინდება.
როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?
იმისათვის, რომ დერმატოლოგმა ფსორიაზი ამოიცნოს, ხშირად კანისა და ფრჩხილების ვიზუალური დათვალიერებაც საკმარისია. ამასთან ერთად, აუცილებელია ექიმმა დეტალურად შეისწავლოს პაციენტის სამედიცინო ისტორია და გამოიკვლიოს მისი ოჯახური ანამნეზი გენეტიკური წინასწარგანწყობის დასადგენად. დიაგნოსტირების პროცესში, სწორად უნდა შეფასდეს დაავადების სიმძიმეც, რათა მოხდეს მკურნალობის სწორი ტაქტიკის შემუშავება.
იშვიათად შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოფსიაც, რათა მცირე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გამოირიცხოს დაავადებები, რომლებსაც ფსორიაზის მსგავსი გამოვლინებები აქვს. ასეთებია, სებორეა, ეგზემა და სოკოვანი ინფექციები. ყველაზე მეტად დაავადების კლინიკური ნიშნები – სიწითლე, ქერცლი, ხაოიანი კანი, ქავილი – სებორეას სიმპტომებს წააგავს. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ სებორეა ხშირად სხეულის განსხვავებულ უბნებზე ვრცელდება, როგორებიცაა სკალპი, წარბები, ცხვირი, ყურები და მკერდის ზედა ნაწილი.
👉 აქვე შეგახსენებთ, რომ სრული გამოკვლევისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ფილიალს: ჩექაფი თოდუას კლინიკაში.
ფსორიაზის მკურნალობა
იმის გათვალისწინებით, რომ კანის ეს დაავადება ქრონიკულია ხასიათისაა, მისგან სრულად განკურნება შეუძლებელია. თუმცა, ხშირია ხანგრძლივი რემისიის შემთხვევები, სწორი მკურნალობის წყალობით, პაციენტები ჩივილებისგან წლობითაც თავისუფლდებიან.
ფსორიაზის მკურნალობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დაავადების სიმძიმეზე. ზოგჯერ მცირე ჩარევაც საკმარისია, ზოგჯერ კი აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. მკურნალობის მთავარი ამოცანაა შენელდეს იმუნური სისტემის მიერ ახალი უჯრედების ჭარბად წარმოქმნა. მის სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივი და სისტემური სამკურნალო საშვალებები, ულტრა იისფერი სხივები.
მკურნალობის დროს შესაძლოა პაციენტს დაენიშნოს ადგილობრივი მკურნალობა - სხვადასხვა ადგილობრივი მოვლის საშუალებებით და კორტიკოსტეროიდებით – რათა ჩაცხრეს ანთებითი პროცესი, შემცირდეს სიწითლე და ქავილის შეგრძნება. თუმცა მკურნალობაში წამყვანი ადგილი რეტინოიდებს უჭირავს, რომლებიც დაზიანებულ უბნებზე, ადგილობრივად გამოიყენება.
როცა ფსორიაზი დიდ უბნებზეა გავრცელებულია შესაძლოა საჭირო გახდეს ფოტოთერაპიაც, კონკრეტულად კი, ულტრაიისფერი B სხივებით მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ დასხივება მხოლოდ კანის ზედა შრეებზე მოქმედებს და სრულიად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის. მძიმე შემთხვევებში შეიძლება დაინიშნოს სისტემური მედიკამენტური თერაპიაც, რა დროსაც გამოიყენება ორალური რეტინოიდები და იმუნოდეპრესანტები, გააქტიურებული იმუნური სისტემის დასაქვეითებლად. აღსანიშნავია, რომ არსებობს ახალი ბიოლოგიური პრეპარატებიც, რომლებიც დაავადების სრულ რემისიას იწვევს. თუმცა, ბიოლოგიური თერაპიის ჩატარება ჯერჯერობით საკმაოდ ძვირი ჯდება და მასზე ხელი მხოლოდ მცირე ნაწილს მიუწვდება.
ფსორიაზის მართვის პროცესში, ასევე, მნიშვნელოვანია ცხოვრების სტილის კორექცია, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორების თავიდან აცილებას გულისხმობს. ამგვარად, სასურველია, შეიზღუდოს გარკვეული ტიპის მედიკამენტების მიღება, ალკოჰოლის მოხმარება, თამბაქო. გარდა ამისა, აუცილებელია დაზიანებული უბნების რეგულარულად დატენიანება, რათა მოიხსნას კანის გაღიზიანება და ქავილი.
მათ, ვინც ფსორიაზის მძიმე ფორმას ებრძვის, ხშირად სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარებაც, რადგან კანის დიდი უბნების დაზიანების დროს, პაციენტებს უჭირთ მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავება.
ნებისმიერ შემთხვევაში, გახსოვდეთ, თანამედროვე მედიცინა დღეს მარტივად უმკლავდება ფსორიაზს და უმეტესად პაციენტები ხანგრძლივი რემისიის მიღწევას ახერხებენ. მთავარი სწორი დიაგნოსტიკა და ეფექტური მკურნალობაა, რასაც თოდუას ქართული სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ. ასე რომ, თუ გაქვთ ფსორიაზის შემაწუხებელი სიმპტომები, გირჩევთ, ისინი უყურადღებოდ არ დატოვოთ. შესაძლოა, გამოსავალი წარმოუდგენლად მარტივიც კი აღმოჩნდეს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა ჩვენთან რამდენიმე წუთში, დისტანციურადაც შეგიძლიათ.